fbpx

შეხვედრა ღვინის ქარხანაში – თეონა ბაღდავაძის დღიურები


გააზიარე სტატია

ავტორი: თეონა ბაღდავაძე

 

– იცი სად შევხვდეთ? ადრე ეზოში მანქანას რომ აჩერებდი. 

– პეტრიაშვილზე, ღვინის ქარხანაში? მანდ რა არის ახლა? 

– ე, მოდი და ნახავ ..)

მიახლოვდება თავისი ჩხვარკი ფეხებით და სასაცილო სიარულით, მოკლე, მაგრამ საქმიანი ნაბიჯებით. 

ის შარვალი აცვია, ჩაის სახლის პატარა ოთახში რომ ვიყიდეთ, მაიკოსთან, თეთრი, ტანზემომდგარი როლინგი და მძიმე საყურეები, კონტური ისევ ერთნაირად გვისვია, ტუჩის ფერი და ცოტა გადაჭარბებული, ტონალურის წასმა ჯერ კარგად არ იცის, თან ჯიუტად მუქი ფერის უყიდია ისევ.

ფეხზე დავხედე, ქუსლები, რა თქმა უნდა…) 

გული ამოვარდნას მაქვს, მეც და მასაც. ერთნაირად პრინციპში. 

ვუყურებ და ვუღიმი, ალბათ ისე, როგორც არც ჩემთვის და არც მისთვის არავის გაუღიმია. 

თვითონ დაძაბულია, დაკვირვებით მათვალიერებს, მოსწონს  ზედმიწევნით გაპრანჭული რომ ვარ, ჩანთის ბრენდითაც კმაყოფილია და მძაფრი სუნამოთიც. 

ერთადერთი, გვერდებზე ამათვალიერა ცოტა ამრეზით. 

– გასუქებულხარ, ხო იცი.

– ხო, მიჭირს წონის შენარჩუნება, არადა სულ მეგონა, ასეთი ვიქნებოდი, დღეს როგორიც ხარ.

ჩამეხუტა. ჩახუტება არც მას და არც მე დიდად არ გვიყვარს, თუმცა ეს სხვა ჩახუტება იყო, უფრო ერთმანეთის მოსინჯვა,  უფრო მისი მხრიდან, ძაან ხო არ მომეფლაშა კანი და მკერდი. 

ახლად დასხმული Davidoff Cool Water ვიგრძენი და მწვანე გარნიეს შამპუნის ტოქსიკური სუნი,  სახლიდან გამოსვლის წინ იბანავა, ისევე, როგორც მე. 

თმა მოკლედ შეუჭრია, ეტყობა, რაღაცაზე ან ვიღაცაზე ინერვიულა ისევ. რა ეტყობა, ძალიან კარგად ვიცი ვინც მოუშალა ნერვები. 

– მომიყევი ყველაფერი. რას აკეთებ? ჟურნალისტი ხო ხარ, იმედია  ჩაწყობის გარეშე მოხვდი უნივერსიტეტში, გაზეთში მუშაობ თუ ტელევიზიაში. 

გამიხარდა, რომ კარიერით დაიწყო ჩემი დაკითხვა. 

– ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე, მაგრამ კარგა ხანია პიარში ვმუშაობ. 

– ეგ რა არის? 

– აი საზოგადოებასთან ურთიერთობა,  გახსოვს, “კოსმოპოლიტენში” წავიკითხეთ ადრე სტატია, მომავლის პროფესია იმიჯმეიკინგიო, დაახლოებით ეგ. 

– ვა, ანუ ვიღაცებს ტანსაცმელს ურჩევ და ეუბნები რა ილაპარაკონ? 

– კიდე კარგი არა,  ორგანიზაციებთან ვმუშაობ. მაგ ფულით  ტანსაცმელს ჩემთვის ვირჩევ. ადრე ტელევიზორში ხშირად გამოვდიოდი, მერე მომბეზრდა…)  

არ უნდოდა დაჯერება, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა. 

– კიდე რა ხდება,  „ის“ როგორ არის…))  ვითომ სხვათა შორის მკითხა, არადა დავინახე, როგორ შეიკავა სუნთქვა, სანამ პასუხს ელოდებოდა.  

– ეგ შენ უფრო იცი, გუშინ დილის 6 საათამდე არ ელაპარაკებოდი? არ მინახავს წლებია, უფრო სწორედ, ზოგჯერ ვხვდებით ერთმანეთს შემთხვევით, სავარჯიშოდ ან კაფეში. 

ყბა აუკანკალდა, ცრემლებს იკავებდა და ყბამ მაინც გასცა. 

– მოიცა ასე გაწყენინა, თუ შენ აწყენინე? 

– გრძელი ისტორიაა, შენ თვითონ ნახავ, უფრო უკეთესებიც გექნება. ჩემი რჩევაა… ვიცი არ გაითვალისწინებ, მაგრამ მაინც, გუშინ მესიჯი რო მოგწერა იმ ბიჭმა, ROGOR XAR  TEO? გაჰყევი ყავის დასალევად საქსესში.

– კაი რა,  იმ საბურთალოელმა? 

ისე ამოატრიალა თვალები, მივხვდი,  რო მაინც არ დამიჯერებდა. 

– სხვა, მომიყევი როგორ ცხოვრობ, რას აკეთებ. 

– გადასარევად, იმაზე უკეთ, ვიდრე შენ წარმოიდგენდი, თუმცა ძირითადად ონლაინ, ვირტუალურ რეალობაში. 

– ეგ რა არის, ჯემოროქუაი რო დასრიალებს კლიპში, ისეთი სახლი გაქვს? 

– ჰაჰაჰ, არა.

აი მობილურში მაქვს ინტერნეტი, კინო, წიგნი, ფოტოები, მუსიკა და ყველაფერი. სამწუხაროდ, აკრძალული მაქვს ჩვენება, თუმცა მაგ შენ შავ-თეთრი ნოკიას მერე ძალიან წინ წავიდა ცხოვრება, ხალხი საკუთარ თავს უღებს ფოტოებს, და ზაზასთან კი არ მიაქვთ, ფუჯიში, გასამჟღავნებლად, ეგრევე ატვირთავენ და ყველა ნახულობს და იწონებს. 

გაკვირვებით მისმენდა, მივხვდი, რო ანერვიულდა, მოკლე თმას დაუწყო ქაჩვა. 

– არ ინერვიულო, ჩვენს ფოტოებს ბევრი მოწონება აქვს. 

– გოგოები როგორ არიან? ისე თავდაჯერებულმა მკითხა, მივხვდი, რომ ზუსტად იცოდა, რაც  უნდა მომხდარიყო, ჩემს მეგობრებს არაფერი შეცვლიდა. 

კარგად, თეო იტალიაშია, ძაან საყვარელი შვილი ჰყავს, გვანცი იურისტია ამერიკაში,  ახლა ვიყავი, ავიკელი ქუფი სახლში, ისევ ძალიან ლამაზია და ჯიუტი☺ 

გულიანად ვიცინით ორივემ, გაგვახსენდა, გუშინ რამდენი ვეხვეწეთ ქუფის წრე დაერტყა ჭავჭავაძისთვის ჩვენთან ერთად. 

– სხვა ყველა კარგად არის, ცუდი ამბებიც მოხდა, მაგრამ მგონი, არ შეიძლება თქმა.  

– იცი რა ლამაზი და ჭკვიანი შვილი მყავს? 

– გვგაავს? იმედიანად მკითხა.

– არა საერთოდ, უფრო ლამაზი და ჭკვიანია და უფრო პრინციპული. 

– ქმარი არ გეყოლება, შენ ვინ გაგიძლებდა )) მერე მიხვდა, რო თავისთვის დიდად სასიკეთოდ არ უხუმრია და სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი. 

– მოიცა და სექსი გქონდა? ხმადაბლა მკითხა. 

– ვაიმე, შვილი მყავს მეთქი და აბა რა მექნებოდა? 

– რა ვიცი, ვიფიქრე, იქნებ ის გახდა მეთქი, ფემინისტი, კვდება სიცილით.

ლესბოსელი ჰქვია მაგას და მაგათაც აქვთ სექსი, თან როგორც ამბობენ, არც ისე ცუდი, ფემინისტს რაც შეეხება, ეგ ისედაც ხარ. 

– აუ, შევარდნაძე ცოცხალია? 

– არა, არც შევარდნაძე და არც ზურა ჟვანია, ისეთი საინტერესო პოლიტიკური ამბები იწყება, ცოტა ხანში სულ სხვანაირი ქვეყანა იქნება. ჩაწყობაო, რო ახსენე, მაგ სიტყვას კარგა ხანი ვეღარ გაიგებ, და იტალიაში წელიწადში ოთხჯერ მაინც წახვალ, თან იცი საიდან, ქუთაისიდან? 

თავი გააქნია, ხო არ მომესმაო, მერე გაახსენდა, რომ ტყუილის თქმის უფლება არ მქონდა და რაღაც გაოცების მსგავსი ნახევარჟესტი მოხაზა ჰაერში. 

მივხვდი, რომ კითხვები ამოეწურა, ახლა ერთი სული აქვს, რომ ეს 18 წელი სწრაფად გაიაროს. მე კიდევ რას არ მივცემდი, რომ მის ადგილას ვიდგე პეტრიაშვილის კუთხეში და ყველა ემოცია, ტკივილი თუ სიამოვნება თავიდან მქონდეს შესაგრძნობი. 

მიყურებს, არ უნდა ჩემი გაშვება, თან უნდა, რომ მარტო დარჩეს და იფიქროს ამაზე. 

მეც დავიღალე, მარტივი არ ყოფილა 17 წლის თეონასთან ამდენ ხანს ლაპარაკი. 

წავედი. წასვლის ინიციატივა მას დავუტოვე, ვიცი როგორ უყვარს☺ 

წადი და იცოდე, ყველაფერი კარგად არ იქნება, მაგრამ ისე იქნება, როგორც საჭიროა. 

ხო, შენც წადი და შემდეგ ნახვაზე ამ შარვალს მოგაზომებ, ერთი არ ჩაგტევია!

კიდევ უფრო მსუბუქად აირბინა პეტრიაშვილის ქუჩა, მე კიდევ საშინლად მომინდა პეტრიაშვილიდან  ჭავჭავაძემდე მანქანით წრის დარტყმა და სეზარია ევორას მოსმენა, მაგრამ გამახსენდა, რომ საშინელ საცობში უნდა მოვხვედრილიყავი და სახლისკენ გავაგრძელე გზა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.