fbpx

Female Pop Art – სტერეოტიპების, სექსიზმისა და მასკულინური სქესის დომინირების წინააღმდეგ


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანა ყიასაშვილი

 

გერმანული სიტყვა Zeitgeist (ეპოქის სული) ალბათ ყველაზე ზუსტი დახასიათებაა ნებისმიერი ხელოვნების მიმდინარეობის დანიშნულების გასაგებად, რადგან ყოველი მათგანი დროის კონკრეტულ მომენტში საზოგადოების კონკრეტული ინტერესიდან თუ მოთხოვნილებიდან გამომდინარე აღმოცენდება ხოლმე. შესაბამისად, ხელოვნების მიმდინარეობა ამა თუ იმ ეპოქის აჩრდილის ფუნქციას ასრულებს და ყველაზე შთამბეჭდავად ჰყვება ამბავს იმ კონკრეტული დროისა თუ იმ დროში მცხოვრები ადამიანების შესახებ.  

რატომ გაჩნდა და რა ამბავს გვიყვება ყველასათვის ხელმისაწვდომი პოპულარული ხელოვნება?! მეორე მსოფლიო ომით დაღლილ ადამიანს აბსტრაქტული ექსპრესიონიზმისგან განსხვავებით, სადაც ადამიანმა, როგორც ობიექტმა არსებობა შეწყვიტა, რაიმე ზედმეტად ადამიანური, ხელშესახები, ყოფითი და მარტივი ესაჭიროებოდა. ეს იყო დადაიზმით შთაგონებული, მასებზე ორიენტირებული ოპტიმისტური ხელოვნება, სადაც ხელოვნების ნიმუში ნებისმიერი ყოველდღიური მოხმარების საგანი შეიძლებოდა გამხდარიყო. 

საკუთარი არსით პოპ-არტი რევოლუციური მოვლენა იყო, რადგან ის მასშტაბური ტირაჟირებით და სიმარტივით რადიკალურად დაუპირისპირდა კლასიკურ სახვით ხელოვნებას, რომელიც გათვლილი იყო საზოგადოების ელიტური ფენისთვის და ამავდროულად, დატვირთული ღრმა ისტორიული თუ მითოლოგიური შინაარსებით. 

ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, პოპ-არტი არ იქმნებოდა რომელიმე კონკრეტული აუდიტორიისთვის და მას არ ჰქონდა ერთი კონკრეტული შინაარსი ან მიმართულება. ის იყო ღია ყველა ხელოვანისთვის და პოპ-არტით შეიძლებოდა საუბარი ყველანაირ თემაზე. სწორედ ამ იდეოლოგიურმა თავისუფლებამ მისცა ბევრ ქალს ხელოვნებით დაინტერესების საშუალება და შესაძლებელი გახადა იმ ტაბუ დადებულ თემებზე საუბარი, რომლებზეც პოპ-არტის გარეშე ხმამაღლა ვერ საუბრობდნენ. 

პარადოქსია, რომ მხოლოდ  არტისტი მამაკაცების გვარები შემორჩა ისტორიას, ხოლო იმ ქალებმა, რომლებიც ყველასათვის ხელმისაწვდომი და მარტივად აღსაქმელი ხელოვნების მეშვეობით მაგალითად, გენდერულ თანასწორობას ითხოვდნენ, სათანადო აღიარება ვერ მოიპოვეს. საკუთარი ნამუშევრებით მათ სურდათ იმ სტერეოტიპების დამსხვრევა, რომლებიც სექსიზმს, მასკულინური სქესის დომინირებასა და მის უპირატესობას უკავშირდებოდა. საინტერესოა 1960-იან წლებში დაბრუნება და იმ ქალების გაცნობა, რომლებიც პიონერები იყვნენ როგორც პოპ-არტში, ასევე ფემინიზმის იდეოლოგიის დამკვიდრებაში.

 

Evelyne Axell 

ბელგიელი არტისტი ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელიც ევროპაში პოპ-არტის ხელოვანთა რიგებს შეუერთდა. მისი ნამუშევრები ძირითადად ეროტიკული ხასიათისაა და ქალთა სექსუალურ განთავისუფლებას ეძღვნება, სადაც ქალი უფრო მეტია და უფრო საინტერესოა, ვიდრე მხოლოდ სექსუალური ლტოლვის დამაკმაყოფილებელი ობიექტი. 

მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი ეძღვნება ვალენტინა ტერეშკოვას – პირველ ქალს, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. საბავშვო ჩაფხუტი მის საქმიანობას უსვამს ხაზს, რომელიც იმ დროისთვის ცალსახად მასკულინურ პროფესიად აღიქმებოდა, ხოლო გვერდით, სიმბოლურად, ამ ქალის ფიგურაა გამოსახული, რომელსაც სკაფანდრის მიღმა შიშველი სხეული უჩანს. 

ამ ნამუშევრით ავტორს სურდა, რომ პროფესიული საქმიანობის მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გადააზრება მომხდარიყო. მისი აზრით, არასამართლიანია პროფესიების სქესის მიხედვით დიფერენცირება და არც ქალის ფემინურობაა დამოკიდებული მის მიერ არჩეულ პროფესიაზე. 

 

Sister Mary Corita Kent

ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა პოპ-არტის ისტორიაში. კენტი კათოლიკური ეკლესიის დედა, ხელოვნების მასწავლებელი და ამავდროულად, პოლიტიკური აქტივისტი იყო. მისი ნამუშევრები შედგება ბიბლიის ციტატების, ბითლზების სიმღერების ტექსტების და საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამებისგან. ერთი შეხედვით უცნაური კომბინაციაა ბიბლია და პოპ-არტი, რომლის მეშვეობითაც კენტი საკმაოდ ორიგინალურად ახერხებდა საზოგადოების ყურადღების გამახვილებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სიღარიბე, უსამართლობა, უთანასწორობა და ომი. 

ყველა მისი ნამუშევარი ფერადი, ოპტიმისტური და შინაარსობრივად დღემდე აქტუალურია. 1968 წელს მას აქტივიზმის და სახელმწიფოსგან მკვეთრად განსხვავებული შეხედულებების გამო ეკლესიის დატოვება მოუწია, თუმცა ხელოვნების მეშვეობით მშვიდობის, სიყვარულის და თანასწორობის ქადაგება არასოდეს შეუწყვეტია. 

 

Pauline Boty 

ბრიტანული პოპ-არტის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი ერთადერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი საკუთარი კოლაჟებით ცდილობდა მასობრივად გაევრცელებინა იმ დროისათვის ახლად დამკვიდრებული ფემინისტური იდეოლოგიის პრინციპები. 

ის აკრიტიკებდა საზოგადოებაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას, სადაც მამრობითი სქესის წარმომადგენლებს მეტი შესაძლებლობა და ხელშეწყობა ჰქონდათ როგორც თვითრეალიზაციის, ასევე პროფესიული ზრდის თვალსაზრისით. ამის საპირისპიროდ კი, ავტორის აზრით, იმდროინდელი ქალების მთავარი დანიშნულება მამაკაცთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და მათი გვარის გაგრძელებაზე ზრუნვა იყო. 

სწორედ ამ გენდერული უთანასწორობის კრიტიკას წარმოადგენს 1964-1965 წლებში შექმნილი ბოტის ორი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, სახელწოდებით It’s a Man’s World I და It’s a Man’s World II. 

 

 

Jann Haworth

ეს ამერიკელი ხელოვანი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც პოპ-არტში ნაჭრების საშუალებით სამგანზომილებიანი ნამუშევრების შექმნა დაიწყო. მისი ადრეული შემოქმედება ძირითადად სექსისტური განწყობების საპასუხოდ იქმნებოდა და იმ ნორმებს ეწინააღმდეგებოდა, რომელთა გავლენით ქალის სხეულის ფორმების სტანდარტიზება ხდებოდა. სწორედ ამ თემას უკავშირდება მისი სერია, სახელწოდებით „უხილავი ქალი.“ 

ხელოვანი დღემდე აგრძელებს შერეული ტექნიკის გამოყენებით შთამბეჭდავი ნამუშევრების შექმნას. მისი ერთ-ერთი უკანასკნელი კომპოზიცია 2016 წელს გამოიფინა, სახელწოდებით Work in Progress, სადაც 100 ქალის ფიგურაა გამოსახული, რომლებმაც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმით კაცობრიობის კულტურულ თუ სოციალურ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

Marta Minujin 

Argentina’s answer to Andy Warhol – ასე ახასიათებს მას არაერთი წამყვანი ონლაინ გამოცემა და ის დღემდე ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად ითვლება თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში. საკუთარი ნამუშევრებით მარტა იკვლევდა და შემდეგ ხელოვნების მეშვეობით გამოსახავდა იმ დროისათვის აქტუალურ მოვლენებს, იქნებოდა ეს სამომხმარებლო კულტურა თუ ტექნოლოგიური ინოვაციები. 

მისი შემოქმედება არ განიხილება მხოლოდ პოპ-არტის ჭრილში, რადგან ის საკმაოდ ახლოს იყო კონცეპტუალურ ხელოვნებასთანაც. ნეონის განათებები, ვიდეო, ფოტო, მუსიკა, გაზეთები, ლეიბები, საკვები პროდუქტები, ცეცხლი… ეს ყველაფერი მისი ნამუშევრების ატრიბუტებია და ყოველი მათგანი სავსეა მოულოდნელი შთაბეჭდილებებით და საინტერესო შინაარსებით. 

პოპ კულტურის ისტორიაში მარტა Minuphone-ის (ინტერაქციული სატელეფონო ჯიხურის) და ხელით მოხატული ფერადი ლეიბების ქანდაკებების მეშვეობით დარჩა, სადაც პირველი ნამუშევარი ტელეფონების მოხმარების ნეგატიურ გავლენასა და ადამიანთა იზოლაციას გამოსახავდა, ხოლო მეორე სექსუალური აქტის სიმბოლური გამოსახურება იყო, რომელიც ავტორმა რამდენიმე წლის შემდეგ The destruction პროექტის ფარგლებში დაწვა. ეს პროექტი კი, ხელოვნების ნიმუშის იდეალიზებისა და ხელოვანთა საბაზრო სისტემაზე დამოკიდებულების კრიტიკას წარმოადგენდა.

„მე გავიაზრე, რომ ხელოვნება უფრო მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, ვიდრე მუზეუმის კედლებზე ნახატების განთავსების უკვდავი ტრადიცია, რომელთა წვდომის უნარი და შესაძლებლობა მხოლოდ კონკრეტულ აუდიტორიას გააჩნია. ჩემთვის ხელოვნება ცხოვრების გააქტიურების შესაძლებლობაა, რადგან შემიძლია მნახველზე ძლიერი ზემოქმედების მოხდენა, მისი შერყევა და მოწყვეტა ცხოვრების ინერტული რიტმიდან“.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.