fbpx

რაც იზოლაციაში ხდება, იზოლაციაში რჩება – Delphica Sibyl


გააზიარე სტატია

 

ავტორი: Delphica Sibyl

გავაგრძელოთ იზოლაციიდან მჭევრმეტყველება. რაღა იზოლაციაა, სავსეა ქუჩები და სკვერები, მაგრამ მოდით და, დღეს ვეცდები არ დავწერო კარანტინზე, კორონავირუსზე და გაძლებაზე. ისედაც გაძლებაზეა ეს ცხოვრება და რაღა მე გავბურღო ტვინი? თავისითაც კარგად იბურღება. ამის წინ დავწერე “სეისბურგზე”, რომ არაფერი იქნება კარგად, ყველაფერი იმაზე უარესადაა, ვიდრე იყო და შესაბამისად, ყველაფერი რიგზეა მეთქი. ახლა დავფიქრდი და მთლად მასეც არაა საქმე. 

გიცდიათ ოდესმე მოგეგონათ ამბავი იმაზე, თუ რა ბედნიერი ხართ? აი მიდიხარ ქუჩაში, გხვდება კაი ხნის უნახავი მეგობარი და გეკითხება – როგორ ხარ? რამდენი ხანია არ ჩანხარ, შე ჩემა. და შენ კი – აუ, ბიჭო, ისეთი ბედნიერი ვარ, გადაირევი… 100-დან 97 პირს დააღებს და შესაძლოა ვერც გაიგოს ის აბდა-უბდა, რასაც გზადაგზა მოიგონებ. კარგად თუ აკინძავ და არგუმენტებით გაამყარებ ამბავს, თავადაც დაიჯერებ და მართლა იგრძნობ თავს ბედნიერად. თავის მოტყუებაა? ოღონდაცა რაა.

ჩემმა ხელისუფალმა იმ დღეს გამომიცხადა, რომ ივლისიდან მოგცემთ უფლებას ქვეყნიდან გახვიდეთ, ვინმემ თუ მოისურვა თქვენი მიღებაო. აი ეს იქნება ნაღდი გამოწვევა. როგორ მიგვიღებს უცხო ქვეყანა ამ ჟამიანობის შემდეგ. აეროპორტებში ფეხსაცმლის გახდაზე ჰო ვპრუწავდით ტუჩებს და ისე ვართ გადაფსიხებულები, საცვლების ამარა არ ვირბენდეთ ნეტაი ათა თურქის აეროპორტში. 

ყველას აქვს ის ფრენა, აეროპორტი და მოგზაურობა, რომელიც სულ ემახსოვრება. მე ვიზალიბერალიზაციის ჩართვიდან 2 დღეში რომ ვიშვირე ფეხი ევროპაში, ის მახსენდება. 

 

საზღვრის დაცვის ოფიცრის ქუთაისური კილო არის ბედნიერება. მიღიმის, ვუღიმი. ძალიანაც შეეხედება და ისე მისვამს  შეკითხვებს, თითქოს მეკითხება, დედა როგორაა, თეთრი ბლის მურაბა თუ შემოგვჩა, დროულად მომიტანეს თუ არა ამ თვის “ნეშენელ ჯეოგრაფიკი” და მიმიხარია თუ არა იქ, სადაც მივდივარ. მაგარი მოწესრიგებული მგზავრია, ნახეო, მეორე შემოსწრებულ ქუთაისურ კილოს ეუბნება და კაიოჯახიშვილური ღიმილით მიშვებს. ჩვენ რომ ცოტა მეტ ჭკუას და მონდომებას ვატანდეთ საქმეს, ჩვენი ფასი ხალხი არ იქნებოდა დედამიწაზე. მაგრამ არა, გადავიფარეთ მთავარი კალთა და გვგონია, ეგაა საშვი.

სანამ ავფრინდები, ერთსაც ვუსმენ – მწვანე ოთახის “ერთად” (ირაკლი ჩარკვიანის) – ქავერების კრუიფია.

წლებია ფეისბუქზე ვფრენდობთ მე და გულედანი, ერთმანეთს ლედ ზეპელინის სიმღერებს ვულაიქებთ ხოლმე და პირველად მხოლოდ შარშან შემხვდა რუსთაველზე (აქციაზე). ძველი ახლობლებივით მოვიკითხეთ ერთმანეთი. მუსიკამ იცის ეგრე 😊


მალპენზაში იტალიელ საზღვრის დაცვის ოფიცერს ამაყად მივაწოდე ჩემი “ოპელ ვექტრას” ფერი პასპორტი. უვიზოდ ვარ, ხელში მთელი შეკვრა საბუთები მიჭირავს, ერთი კი გადმომხედა და, ტურისტი ხარო? მეთქი – არა. მზად ვარ, ყველა მის კითხვაზე ფურცელი ავუფრიალო ცხვირწინ. იმან კიდევ ჩაარტყა ბეჭედი და თვალით მანიშნა, მიბრძანდიო. ნეტაი მაგათ რაა


იმ საღამოსვე, სადაც ბევრი ადგილობრივი დავინახე, იქ შევეკვეტე. ტევა არ იყო. აპეროლი ავიღე და ისე გავუღიმე ფორთოხლისფერ ყინულებს, ბარმენმა 32 კბილით იხარხარა. სულ ლამაზები ჰქონდა 😊  რაც გინდა, ჭამე იქითო, გამახედა… ნახევარი დახლი საჭმელი ჩავილაგე. გვერდით ორი მეგობარი მოკალათდა და ტიპმა, წეღან გიყურებდი, ფოტოებს იღებდი და პორტრეტები გევასებაო? მეთქი, ჰო. გამეცნო – ტანსაცმლის დიზაინერი ვარო. დავიდე ერქვა. გოგომ, მეცო და კიარა ვარო. ვილაპარაკეთ, ესა, ისა… და მეთქი, წავალ და, ბოუი გასული წლის ყველაზე დიდი დანაკარგი იყო ჩემთვის მეთქი, მაისურზე მივანიშნე და ისე აჩვილდა, ვიდექით ჩახუტებულები ასე ორი წუთი. ეგრე არავინ მიყვარდაო.   მოწევა გინდაო? მეთქი, ტვინის დაპატარავების მეშინია-თქო და გავიგუდეთ სიცილით. მილანი. 

ამ მოგზაურობის ყოველი წუთი მახსოვს. ჭკუა ვიხმარე და ვწერდი. აი ეგაა, რაა, არ უნდა დაიზარო. თუ გეწერინება, უნდა წერო. აი ასეთი დაბრუნება მინდა. ყველა ტრავერტინს შევავლებ ხელს და ყოველ ორ ნაბიჯში სათითეში რომ ჩაეტევა – იმდენ ესპრესოს დავლევ.

თბილისში რა ხდება? რავი, არც არაფერი. ძალიან ლამაზად ვართ გამოკეტილები სახლებში. მავანი იტყვის – დილის 6-დან ხომ შეგიძლია გახვიდე გარეთ, rise and shine და ივარჯიშეო 😑

წინა შაბათს მეთქი, გავივლი უბანში, ფეხს გავშლი. ჰოდა, ეს 35 ზომა ფეხი კი გავშალე მთაწმინდიდან საბურთალოზე. დავურეკე მეგობარს, ახლოს ვარ, ხომ არ ჩამოხვიდოდი მეთქი, ნაზად შევაპარე. წვნიანს ვხარშავ, ამოდიო. გუა ჩემი კლასტერია. ასე ჩამოვყალიბდით, რომ ვენდობით ერთმანეთს და საერთოდაც, მანახვე, ვინაა შენს კლასტერში და გეტყვი, ვინ ხარ შენ. ვინაა გუა? მუსიკალურ ფესტივალებზე თუ დადიხართ და ლამაზ, ჭრელ და ბრჭყვიალა გოგოებს უყურებთ და ფოტოებს უღებთ, აი მაგათგან ყველაზე ბრჭყვიალა გუაა. რა უნდა მოგინდეს, რომ ვერ იშოვოს, ვერ იპოვოს და ვერ მოგიტანოს. ყოველთვის ყველაზე ლამაზია. ყველაზე, ყველაზე და ყველგან. ვუდსტოკის ფესტივალზე რომ ყოფილიყო, ალბათ ყველაზე შიშველი იქნებიდა :დ   

ჰოდა ავედი, გავიხადე, დამსპირტა, ამომაცვა ერთჯერადები და გახსნა შუშხუნას ბოთლი. სადღაც მეოთხე ბოთლზე ქმარმა მომაკითხა. ვერ ჩამოვალ, ოფისს ველაპარაკები მეთქი. მართლა მერაბას და დათოს ველაპარაკებოდი. ეს ის მერაბაა, ერთხელ რომ უნდა მოგიყვეთ. ამოვიდა. გუამ ისიც დასპირტა და ჩამოუსხა წვნიანი მათლაფაში და არაყი ჭიქაში. გუას გიორგიმ კიდევ რამდენიმე ბოთლი მოასეირნა და ასე შევყევით. წასასვლელად რომ ავიკრიფეთ, ნაგავს გადავყრიო და ბოთლი ღვინით და ფუჟერებით კი გამოსულა ეს გოგო კარში :დ. დაგვაჭერინა ხელში, გზაში გაერთობითო (ტრანსპორტი რომ არ მოძრაობდა, ის დრო იყო). 

წამოვედით და ანაზდად საათს დავხედე, ჰოლი შით 9 საათს უკლია 14 წუთი. მეთქი, გავიქეცით. რა ჭკუამ მომატყუა, რომ 14 წუთში საბურთალოდან შესაძლებელი იყო მთაწმინდამდე მიღწევა? მივრბივართ და ისე ვიცინი, მთელი ბულაჩაურის ქუჩა ფანჯრებსა და აივნებზე გადმოდგა. წითური დი კაპრიოს აგურისფერ ტყავის პიჯაკში, ლურჯ ერთჯერად ბახილებში, ღვინის ბოთლით, ჭიქით და მე ასფალტზე. ანუ წავიქეცი. მუხლი, იდაყვი, მაჯა სულ სისხლში, უფალო რატომ გამიმეტე ასე? 

ყველა იცინის. მეც. ოღონდ თან ცრემლები მდის. გუა რეკავს, მოსიარულე 6000 ლარი ხართ, დროზე უკან მობრუნდითო. გავიქეცით. წითური წინ ბოთლით და ჭიქით. მე უკან სისხლებში და როჩესტერის ცოლის სიცილით. პატრულის 4 ეკიპაჟი შარტავაზე ზანტად დანარნარებს. 2 გაჩერდა. ძალიან კი იცინიან. Sure 9 საათს 2 წუთი უკლია.  გავიხედე სამშვიდობოს, სადარბაზოს კარში ფეხი აქვს ჩადგმული ამ გოგოს და ხელში ფურჟერითა და ყელში ლუჩანო პავაროტის ხმით ღრიალებს – დროზეეეეეეე.  საგანგებო რეჟიმს ბოლო წუთზე შევასწარით. 

ჩავრთეთ ჯერ ესა 

და შემდეგ ესა 

და დილით ბავშვის საწოლში გამეღვიძა. ფოკუსი მხოლოდ 13 ცარიელ ღვინის ბოთლზე გასწორდა. სადღაც გეპეისთან მივხვდი, რომ უკვე ტაქსები მოძრაობდნენ. მას მერე აღარ დამილევია.

 ამასობაში ფიონა ეფლი აღსდა. (დიახ მაინც – ს) ფრენდის, ზაზა ასათიანის სტატუსი ამოაგდო ფეისბუქმა და გამახსენდა, რომ დიახ, ალბომი გამოვიდა. ვინმეს თუ გინდათ ხარისხიანი ლინკიო და მეთქი, მე მინდა, მე. გაახარებს ღმერთი.

 გადმოვწერე, ყავის მომზადებას შევუდექი და თან წითურს გავძახე – ფიონა ეფლმა მგონი, რაღაც სასწაული ჩაწერა მეთქი. სანამ ყავა მოვამზადე, გამომძახა “კოსმონავტს” ვუსმენ – აუ, შედევრიაო. ოჯახში კონკურენცია გვაქვს. ჯანსაღი, არაჯანსაღი, რავი, მაგრამ მართლა ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვინ უკეთ მოუსმენს :დ

მეთქი, მოიცა და დავიწყე. პირველი სიმღერის მეოცე წამზევე რაც დამემართა, აი ესაა ბედნიერება.

ზოგი ჩემი მეგობარი თვლის, რომ გადამეტებული ბედნიერების შეგრძნება ჩემი თავდაცვითი რეფლექსია. არადა მართლა მაბედნიერებს ის ხერხი, რითაც მუსიკოსი ახერხებს სრულიად მოულოდნელად მოგისრიალოს სულ სხვა ჟანრიდან და განწყობიდან – სულ სხვაში. რას ელოდით ფიონასგან? She’d been a bad bad girl 😉

ფიონა ეფლი რადიოში სამუშაოდ რომ მივედი, მაშინ, კერძოდ კი, რადიო 106-ში აღმოვაჩინე. რადიოში როდისღა მოვასწარი? ქვის ხნის ვარ. დიახ, რადიოში სწორედ მაშინ ვმუშაობდი, დიჯეები ღმერთები თუ არა, ნახევარ-ღმერთები რომ მაინც გეგონათ. საიდან მოვხვდი? არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, ზოლიანი ბანანებიდან (რომელსაც ვახმოვანებდი) თუ ეროსი კიწმარიშვილისგან, რომელთანაც ოთახში რომ შევედი და პასუხზე – რაო, ლიფსიტ, რა გინდაო – ვუთხარი, რავი, მგონი, აღარ მინდა ტელევიზიაში (რაც სოფიკო, ჩემი დაქალი, მეწყვილე, თანამებაღე, თანაკლასელი, თანაკურსელი, თანაწამყვანი  ამერიკაში წავიდა) და რადიოსკენ მიმიწევს გული მეთქი. კარგიო. ვის დაურეკა და სად და ვინ ვნახე, აღარ მოვყვები, მაგრამ ძალიან მალე მოვხვდი პირველ რადიოში, იგივე 106-ში. სადაც ძალიან ბევრი ტოპ ხარისხის მუსიკა და ლამაზი ბიჭი დამხვდა. ქერის ორმო. ახლოსაც ვერ მოვიდოდა ვერც ერთი რადიო იმასთან, რასაც ის რადიო აკეთებდა და მართლა მაბედნიერებდა იმის შეგრძნება, რომ ამ “ქულნესობის” რაღაც ნაწილი მეც ვიყავი.

 

მე ჯაზსა და მის მომყოლებზე ვიყავი მიმაგრებული, მაგრამ რადიოს სულ ვუსმენდი და ეს გოგო – რაღაცნაირი მშრალი, ვნებიანი, ძალისმიერი და ცოტა აგრესიული სიმღერის მანერით ძალიან მომწონდა. არც ალანის მორისეტი იყო (ასი წელი რააა, ბევრად უკეთესი ტექსტებიც ჰქონდა, ხმაც და მუხტიც), არც ფი ჯეი ჰარვი (ოქეიიი, ვიცი, რაოდენ გიყვართ კაცებს ეს ბრუტალური გამხმარი გოგოები, მაგრამ აბა ფინალსა და მიშელ უელბეკის ცოლს შეხედეთ.  არა, არა, არ ვუარყოფ, დიდი მუსიკოსია <3 )

ამდენ გოგოობას ვეღარც ერთ ალბომში ვერ ნახავთ. თან მღერის, ხალხო, გადასარევი, ხორციანი და ვნებიანი ხმით. ალბომს – Fetch the bolt cutters აქვს ხასიათიც, მწყობრიც, სიტყვაც, იდეაც და ეგ თქვენი სულიც. დიახ, სულიანი ალბომია. ხან გოსფელი გესმის, ხან ცირკში ხარ – რაც პრინციპში ერთი და იგივეა 😉 .  ხან ბრძოლის ველზე უქუსლო აქილევსი ხარ და ხან უბრალოდ, წნევა გაქვს მაღალი და ვენიდან სისხლს უშვებ. გინდა Rack of His, გინდა newspaper ან Ladies Ladies… აი სულ ყველა… როგორც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფრენდი – Pale Blue ამბობს: ალბომი მაშინაა მაგარი, როცა არ იცი, რომელი სიმღერა გამოიტანო და დაასტატუსო. ჰოდა, არ გაგირჩევთ ალბომს, იმიტომ რომ უკვე ბევრი დრო გავიდა და ბევრი შეფასება შემომეკითხა. იმდენის მოსაზრება დაემთხვა ჩემსას, ვინმეს აზრი არ შემომეპაროს და არ შევრცხვე 🙂  ბევრი ტკივილი, დიდგორი და ბასიანია აქ. უბრალოდ, მოუსმინეთ რაა, გთხოვთ. ყველაფერს რომ თავი დაანებო ადამიანმა, იმ კუდაბზიკა შემოდგომის აზნაურმა pitchfork-მაც  კი სრული 10-იანით შეაფასა.

დასავლეთმა, კერძოდ კი, ამერიკამ და ევროკავშირმა, ასობით მილიონი ლარი გამოგვიყო დახმარების სახით. რომ იქნებ როგორმე გადავარჩინოთ ქვეყნის ეკონომიკა და თავი დავაღწიოთ იმ უკიდეგანო გაჭირვებას, რომელიც კორონავირუსმა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ჰოო, აიფონის ბოლო მოდელისთვის, ან BMW-ს საყიდლად აღებულ სესხს ჰგავს და წარმოდგენაც არ მინდა, რას უზამს ჩემი ხელისუფალი ამ ფულს. 

თვითდასაქმებულებს არ დავეხმარებით და პენსიონერებს კი 2021 წელს მოვუმატებთ 20 ლარსო. რა მომენტში ვიყო კმაყოფილი ან სად გამეღიმოს, ვერ ვხვდები. ერთი, რაც ზუსტად ვიცი – ჩვენი და ჩვენი შვილების გადასახდელია ეს ვალი და რავი აბა. ჰოდა, ეს ფული კი გამოგვიგზავნეს, მაგრამ რის ფასად? ისევ ჩაყვეს ჩვენს საქმეში ცხვირი და ბოტებისა და ტროლების მწყემსი იგი, კოკა, სოცქსელიდან გააგდეს. ეს ცხოვრება მართლა რანაირია, განა კოკა დაიკარგება (მას რა დაკარგავს? ჭეშმარიტი საპოვნელაა), მაგრამ ეს პატარა სიხარულები და მოულოდნელი ბედნიერებები რომ არა, ძალიან მოსაწყენი იქნებოდა აქ გატარებული დრო, რომელიც გამჩენმა გამოგვიყო.

ორშაბათს ქალაქიდან გაგიშვებთო, გვითხრეს, ოღონდ ავტომობილებში ისევ ცალ-ცალკე ისხედით ოჯახის წევრებიო და ისევ მოაყოლეს ეს 2-3 კვირა 😑  მეგონა, ტვ იმედის ინტერაქტივი დღეს გამოიკითხავდა, ციფრები 2-3 სპეციალურად ხომ არ გააჩინა უფალმა არითმეტიკაში და საერთოდაც, ახალ აღთქმაში რამე ხომ არაა ამაზე ნათქვამი? 

ან როგორ უყურებს ქართველი ერი ენტონი ფაუჩის სისხლიანი 9 წლის რეჟიმის დროს ორთაჭალის აბანოებში ჭყუმპალაობას, მაგრამ არაა. მგონი, ძალიან ენატრება მათი დრონის პილოტს ის დრო, რუსთაველის პროსპექტზე აქციებს რომ პლუტონიდან იღებდა, ახლა კი ბედის უკუღმართობით პულტთან ზის და პროცენტები მაქსიმალურ სიმაღლეზე უჭირავს. აი იმ დღეს აეშვა ხელი ცოტაზე და კი ვიფშვნიტეთ თვალები ერმა და ვურტყით პულტები კედლებს 😊. არა უშავს, შენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული, მისტერ გორსკი. არივედერჩი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.