fbpx

მეაბრეშუმეობა საქართველოს იდუმალი წარსულიდან – The New York Times


გააზიარე სტატია

 

ავტორი: Esi Edugyan

1. თბილისი მდინარე მტკვრის ციცაბო ნაპირებზეა გაშენებული – ქვაფენილების, დახვეული ქუჩებისა და ჟანგიანი ჭიშკრების ქალაქი. მას ძველი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის დამახასიათებელი ნგრევა ახასიათებს, ხოლო ჰაერში აქ პურის, ბოსტნეულის სუპისა და მოტორის ზეთის სუნი ტრიალებს.

თბილისში იანვარში,  ზამთრის საღამოს ჩამოვედი. შებინდებისას შენობები სველ ქუჩებში საოცრად ბრწყინავდა, სიბნელე კი მათ კიდეებს თანდათანობით ყლაპავდა. დაინტერესებული ვიყავი არა მხოლოდ ქვეყნის თანამედროვე იერსახით, არამედ საქართველოს წარსულის აღმოჩენაც მსურდა. მინდოდა, მეოთხე საუკუნეში აგებული, დიდი მართლმადიდებლური ტაძრები მენახა, რომლებიც იმდროინდელი იყო, როცა ქვეყანამ ქრისტიანობა ოფიციალურად მიიღო;

მაინტერესებდა თბილისის შუაგულში მდებარე აბრეშუმის მუზეუმი, ადგილი, რომელიც მე-19 საუკუნიდან მეაბრეშუმეობის გადასარჩენად იბრძოდა.

ბოლოს კი, ქართველებთან საუბარი მსურდა, რომლებიც აბრეშუმის დამზადების უძველესი ტრადიციების შენარჩუნებას გულმოდგინედ ცდილობდნენ და რომელთათვისაც ამ ტრადიციების დაკარგვა სიკვდილის – არა მხოლოდ ხელოვნების, არამედ ცხოვრების წესის განადგურების ტოლფასი იქნებოდა.

ისტორიები, რომლებსაც ჩვენი ერის შესახებ ვყვებით, ხშირად საეჭვო ხდება. სადავო საგნად ქვეყნის სახელის წარმოშობაც კი შეიძლება იქცეს. ეს ქვეყანა საქართველოდ (Georgia) ჩვენს ერამდე მერვე საკუნიდან იწოდებოდა, თუმცა სახელის წარმოშობის შესახებ სამი სხვადასხვა მითის არსებობა აღმოვაჩინე. პირველი წყაროს მიხედვით, საქართველოს სახელი ქვეყნის მფარველი წმინდანის, წმინდა გიორგის პატივისცემის ნიშნად დაერქვა, რომელიც რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის დროს მოკლეს. მეორე მითის მიხედვით, სახელი ძველი ბერძნული სიტყვიდან –  “georgós” წარმოიშვა, რაც მიწათმოქმედს ნიშნავს. მესამე და ყველაზე დასამახსოვრებელი ისტორია კი სპარსულ სიტყვას “gurg” უკავშირდება, რაც “მგლების ქვეყანას” ნიშნავს.

ეს ორაზროვნება, დიდწილად, საქართველოს განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის გამოა გამოწვეული. ქვეყანას საუკუნეების განმავლობაში ბიზანტიელები, სასანიდები, მონღოლები, ოსმალები და სეფევიდები ებრძოდნენ. ბოლო 200 წლის განმავლობაში კი საქართველო რუსეთის იმპერიის დაქვემდებარებაში იყო, რაც საბჭოთა ოკუპაციასაც მოიცავდა.

“თბილისი 26-ჯერ განადგურდა”, – მითხრა თამარა ნათენაძემ, Silk Road Adventures-ის გიდმა. “ყოველ ჯერზე ძველზე ნანგრევებზე ახალი ქალაქი შენდებოდა.”

თბილისის დასავლეთით შავი ზღვაა, ხოლო აღმოსავლეთით კი კავკასიონის ქედი. სწორედ კავკასიონზე მდებარეობს უმაღლესი მწვერვალი მთელ ევროპაში, 5642 -მეტრიანი იალბუზის  მთა.

ქვეყანას  ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან რუსეთი, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი, ხოლო სამხრეთიდან – სომხეთი ესაზღვრება. დასავლეთ საქართველო ცხელი და ნოტიოა, აღმოსავლეთი მშრალი, ტყეებითა და ჭაობებით დაფარული დაბლობებით. კონტრასტული სიმაღლეები და სიღრმეები – მთები, ღრმა ხეობები – მიკროკლიმატის საოცარ სპექტრს ქმნის. ზაფხულობით, თოვლით დაფარული მწვერვალები ზღვის სანაპიროებიდან მცირე მანძილითაა დაშორებული.



2. ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. VI-XV საუკუნეებში ქვეყანამ ევროპას აზიასთან დასაკავშირებლად გადამწყვეტი ალტერნატივა შესთავაზა. ბიზანტიის იმპერიასა და სასანიდთა დინასტიას შორის უსასრულო კონფლიქტმა  სპარსული მარშრუტების გამოყენებით აბრეშუმისა და სხვა საქონლის მიწოდება ხმელთაშუა ზღვისპირეთში საშიში გახადა. ქრისტეშობიდან 568 წელს ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე  II-მ  ვაჭრები ახალი მარშრუტით გააგზავნა, რომელიც კასპიის ზღვის გზით კავკასიონს უკავშირდებოდა და შავი ზღვისკენ მიემართებოდა, საიდანაც ვაჭრებს  ბიზანტიისკენ უსაფრთხოდ გამგზავრება შეეძლოთ. რელიეფის გამო მოგზაურობა რთული, მაგრამ სპარსულ მარშრუტზე ბევრად უფრო უსაფრთხო და მოგებიანი იყო.

ჩრდილოეთ კავკასიაში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ მეექვსე საუკუნის ბოლოს და მეშვიდე საუკუნის პირველ ნახევარში, ჩინური აბრეშუმი და სხვა საქონლის უმეტესობა ბიზანტიაში ქართული მარშრუტით ხვდებოდა. ეს გზა  1461 წლამდე არც ისე ხშირად, მაგრამ მაინც გამოიყენებოდა, სანამ ოსმალეთის იმპერია ტრაპიზონს (ბიზანტიის იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სახელმწიფო) დაიპყრობდა. ამით დასრულდა აბრეშუმის გზის ჩრდილოეთის გავლით მიმავალი ვაჭრობა.



3. 1300 წელს გამოქვეყნებულ “მარკო პოლოს ჩანაწერებში” საქართველო აღწერილია, როგორც ლამაზი მეომრების ქვეყანა, სადაც მშვილდოსნობაში დახელოვნებული, გაბედული მეომრები ცხოვრობენ. იგი ქვეყნის აღმოსავლეთ-დასავლეთის მისასვლელს აღწერს, როგორც ვიწროსა და საშიშს, ერთი მხრივ, ზღვით და მეორე მხრივ, უსიერი ტყეებით შემოსაზღვრულს.

“ისინი მეაბრეშუმეობას მისდევენ და ყველაზე ლამაზი ქსოვილები აქვთ, რაც აქამდე მინახავს”, – წერს მარკო პოლო ქართული მეაბრეშუმეობის შესახებ.

“კავკასიონის აღმოსავლეთით მდებარე ზღვას გელის (Ghel), ან გელანის (Ghelan) ზღვას უწოდებენ, რომელიც ასევე ბაქოს ზღვის სახელწოდებითაცაა ცნობილი. მისი პერიმეტრი 2800 მილია. ბოლო წლებში აქ გენუელმა ვაჭრებმა დაიწყეს მიმოსვლა და აბრეშუმის წყარო ცნობილია, როგორც გელანი”.

მას მხედველობაში კასპიის ზღვა ჰქონდა და იქ გენუელი ვაჭრების არსებობა კი მარკო პოლოს პერიოდში აბრეშუმით ვაჭრობის ვრცელ საზღვრებზე მეტყველებს.

მეხუთე საუკუნეში, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ქართველთა მეფე ვახტანგ გორგასალმა თავისი ქვეყანაში აბრეშუმი და აბრეშუმის ჭია შემოიტანა, ეს დაახლოებით იმავე დროს მოხდა, როდესაც მან თბილისი დედაქალაქად გამოაცხადა.

ამ დრომდე რეგიონში აბრეშუმი პრაქტიკულად უცნობი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იგი აღმოსავლეთიდან დასავლეთში სხვა სავაჭრო გზებით გადიოდა. აბრეშუმის მცირე ნაჭრები, რომლებიც პირველი საუკუნითაა დათარიღებული, არადეთის ორგორაში, მტკვრის ნაპირებთან მდებარე არქეოლოგიურ უბნებშია აღმოჩენილი. მომდევნო საუკუნეების განმავლობაში, აბრეშუმის წარმოება შუა აზიასა და კავკასიაში განვითარდა, XII საუკუნიდან კი ქართული აბრეშუმი დიდი რაოდენობით იტალიაში გადიოდა.


მრავალი მეცნიერის აზრით, მარკო პოლო თვითმხილველთა ცნობებს დაეყრდნო, რამდენიმე მათგანი კი დარწმუნებულია, რომ მან თავად შეძლო საქართველოს მონახულება.

ეჭვები ზოგიერთი დეტალის ფანტასტიკურობამ გააჩინა. მაგალითად, ის მოგვითხრობს მოციმციმე ტბაზე, რომელშიც მარხვის დროს თევზი სასწაულებრივად ჩნდება და შემდეგ ისევე სწრაფად ქრება.

მიუხედავად ამისა, მისი გაცილებით საფუძვლიანი დაკვირვებები საშუალებას გვაძლევს, წარმოვიდგინოთ წარსული, რომლის დღემდე შენარჩუნებაც ბევრმა შეძლო.



4. 1887 წელს თბილისში კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური ბუნებისმეტყველების მეცნიერმა ნიკალაი შავროვმა დააარსა. ორგანიზაციის ამოცანას მთელ კავკასიაში აბრეშუმის წარმოების განვითარება და დაცვა წარმოადგენდა.

1891 წელს წითელი ფერის აგურებით აგებულ შენობაში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობს. შენობის კოლონებიანი ვერანდა და სპარსული სტილის თაღებიანი ფანჯრები იდეალურად ითავსებს კლასიკურ, გოთურ და ისლამურ ელემენტებს. როგორც კი მუზეუმის კარი შევაღე, ცივმა ჰაერმა დამიბერა. დერეფანში  სიბნელე იყო, შენობის მაღალს ჭერს კი მკრთალი სინათლე მოჰფენოდა. ნაცრისფერ და მწვანე კედლებზე აქერცლილი საღებავიდან აგური მოჩანდა. შენობაში არაფრის სუნი იგრძნობოდა, იმ დროს, თითქოს მტვერიც კი არ იძვროდა.

როცა ფართო კიბით ძირითადი საგამოფენო დარბაზისკენ ავდიოდით, სვეტებსა და თაღებზე შევნიშნე ორნამენტები, რომლებიც აბრეშუმის ჭიის განვითარების საფეხურებს ასახავდა. ვიწრო შესასვლელიდან გრძელ ოთახში აღმოვჩნდით, სადაც  მინებგადაფარებულ სტენდებზე სხვადასხვა ნიმუში, არტეფაქტები იყო წარმოდგენილი: ჭუპრები, ბამბასავით თეთრი პარკები, კვერცხის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყუთები ქართული, რუსული, სომხური, აზერბაიჯანული, ფრანგული, ბერძნული და იტალიური წარწერებით; მცენარეებისგან დამზადებული საღებავები, ნედლი ძაფები მთელი მსოფლიოდან. იქ ასევე წარმოდგენილია თუთის ხის გრძელი ფესვთა სისტემა – აბრეშუმის ჭიის ძირითადი საკვები სწორედ თუთის ხის ფოთლებია – ეს სანახაობა ერთდროულად მშვენიერი და უცნაური იყო.

აბრეშუმის დამზადების რამდენიმე მეთოდი არსებობს, თუმცა ხარისხიანი ძაფის მისაღებად ჭუპრების დახოცვაა საჭირო. ჭიის პარკებს მდუღარე წყალში ყრიან. თუ ჭუპრი არ მოკვდება, ჩრჩილი უშვებს პროტეოლიზურ ენზიმებს, რათა პარკში ხვრელი გააკეთოს, რაც აზიანებს აბრეშუმის ბოჭკოს. ინდოეთში ინდუიზმი კრძალავდა ჭიის დახოცვას და მათ მიერ წარმოებული ძაფი ნაკლებად ხარისხიანი იყო. საქართველოში მაღალი ხარისხის აბრეშუმს ამზადებდნენ. ცნობისთვის, 1 ცალი ყელსახვევის დასამზადებლად 110 ცალი აბრეშუმის ჭიის პარკია საჭირო. 1 ზედასთვის, საშუალოდ, 630.

აბრეშუმით ვაჭრობა საქართველოში ნელ-ნელა ჩაკვდა. 1850-იან წლებში გაჩენილი ინფექციური დაავადება მსოფლიოს მასშტაბით აბრეშუმის ჭიის პოპულაციას განადგურებით დაემუქრა. 1969 წელს კი საქართველოში დაავადებამ უამრავი თუთის ხე შეიწირა და აბრეშუმის წარმოებაც დრამატულად შემცირდა. სფეროს მუშაობა საბოლოოდ შეწყდა საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, როდესაც კოოპერატიული შრომა წარსულს ჩაჰბარდა.

აღმოჩნდა, რომ ჭიების გარკვეული ნაწილი სასწაულებრივად გადარჩა, მათ ადგილობრივი უნივერსიტეტი კვებავდა და პატრონობდა, ასე აგრძელებს დღემდე და ინახავს ქართულ მემკვიდრეობას.

თუმცა მათი შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდება და ეს საქმე, ძირითადად, მოხალისეების იმედადაა დატოვებული – ისინი ხელით კრეფენ თუთის ფოთლებს და ასე კვებავენ ჭიებს.

მოგვიანებით მე ვესტუმრე ნინო ყიფშიძეს, ხელოვნების ისტორიკოსსა და ტექსტილის მცოდნეს, რომელიც ცხოვრობს ეგრეთ წოდებულ ცისფერ სასახლეში ან, გნებავთ, მაქმანებიან სახლში, რომელიც 1897 წელს არის აშენებული და მე-19 საუკუნის ტრადიციულ თბილისურ არქიტექტურას წარმოადგენს. სახლის ფასადი მშვენივრად ერწყმის ხის აივნებს. ეს სახლი იმითაც გამოირჩევა, რომ ერთ-ერთი იშვიათი ნაგებობაა, რომელიც ასეთი სიძველის მიუხედავად, იმავე ოჯახის მფლობელობაშია, ვისიც თავიდანვე იყო და დღემდე ცხოვრობენ მასში. საბჭოთა კავშირის დროს ცენტრალურმა მთავრობამ სახლის პირველი სართული ნაწილებად დაყო. ათწლეულების შემდეგ კი სახლი ძველმა პატრონებმა დაიბრუნეს.

ყიფშიძე, თავისი ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად, სხვადასხვა ტექსტილს ერთმანეთს უხამებს, იმას, რაც ხელთ მოხვდება: აბრეშუმს, ველვეტს, სატინას თუ სხვა რაიმეს. ასე ქმნის იგი თავის კომპოზიციებს, ადამიანებსა და თუ მცენარეებს. თავისი სახლის სართულიდან სართულზე ასვლისას მიყვებოდა, რომ ზოგიერთი დეტალის დასრულებას საათები სჭირდება, სხვებისას – წლები. როგორც ჩანს, მის შემოქმედებაში არაფერია ზედმეტი. ქსოვილის ზედაპირზე დაკვირვებისას ისეთი განცდა გაქვს, რომ აბრეშუმი რამდენიმე საუკუნის წინ შემოუტანიათ და დღეს შენ წინაშე ისევ განახლებული სახითაა წარმოდგენილი.

 

5. მე და თამარა ერთ მზიან დღეს კახეთში, ბოდბის მონატრისაკენ გავემგზავრეთ. გზად სახედანაოჭებულ ახლად გამოწურული წვენების გამყიდველს ჩავუარეთ. როცა ხელის აქნევით ბროწეულის წვენი შემომთავაზა, მისი მანქანის ზეთით დასვრილი ცერის ანაბეჭდი დავინახე.

იმ დროისათვის, როცა დანიშნულების ადგილას მივედით, მიწა უკვე თოვლის თხელ ფენას დაეფარა. მონასტერი მეცხრე საუკუნეში აღუმართავთ, თუმცა მისი ნანგრევები სხვადასხვა დროს აღუდგენიათ. მონასტრის ცენტრალური ნაწილი, რომელიც ქალწულ მარიამის სახელობისაა, დროსთან ერთად დარბევასაც შეურყევია. ტყვიებს მისი გამოსახულებისთვის თვალები დაუთხრია, ასევე დაუზიანებია ანგელოზები. ეს ყველაფერი საბჭოთა ძალოსნებს ჩაუდენიათ. იმ დროს რწმენის გამო ადამიანები ციმბირშიც კი ხვდებოდნენ. ქართველები, რომლებიც იქ სალოცავად მიდიან, სანთლებს პირდაპირ კედლებზე ამაგრებენ, ამას შეტრუსული ქვებითაც მიხვდებით.

სიმაღლიდან კარგად მოჩანდა ალაზნის ველი. ლურჯი ცის ფონზე ყველაფერი არაბუნებრივად ლამაზი იყო, ბუნდოვნად მოჩანდა დიდებული მთები, მოღუშული და მაღლა აზიდული. შესაძლოა არანაირი სხვაობა არ იყო იმ დროიდან მოყოლებული, როცა პირველმა აბრეშუმით დატვირთულმა ქარავნებმა ჩაუარეს გვერდით, ახალი წელთაღრიცხვით 568 წელს.



6. საბოლოოდ, ლამარა ბეჟაშვილს ვესტუმრე, რომელიც კახეთში, ქიზიყის რაიონის სოფელ ქვემო მაღაროში ცხოვრობს. იგი თავისი აბრეშუმის ჭიის ფერმითაა ცნობილი, რომელიც თავისივე ეზოში აქვს. მის მცირე ზომის მისაღებ ოთახში აბრეშუმის ჭუპრებთან დაკავშირებული ნივთების გარდა, მაგიდაზე ასევე თვალს მოჰკრავდით პურს, კომშის ჯემსა და თაფლში ჩალაგებულ მსხლებს. 

პატარა, ელფისსახიანი ქალი მიყვებოდა, რომ იგი აბრეშუმის მწარმოებელთა შთამომავალი იყო. 5 წლის ასაკში უკვე ბებიას ეხმარებოდა ამ საქმიანობაში. ლამარა მარწმუნებდა, რომ აბრეშუმის ზეთი სამკურნალოა, რომ იგი ბევრ სხვადასხვა დაავადებას შველის, როგორებიცაა: კანის დაავადებები, ყურის ტკივილი და ბევრი სხვა. თუმცა მეცნიერულად არის თუ არა ეს ყველაფერი დადასტურებული, უცნობია. აბრეშუმის ხელოვნება საიდუმლოებითაა მოცული. 

ბეჟაშვილი აბრეშუმზე ისე ლაპარაკობდა, როგორც ცოცხალ საგანზე. მან ისიც აღნიშნა, რომ აბრეშუმის ძაფს ჭრილობების გასაკერადაც იყენებდნენ, რადგან ანტისეპტიკური მოქმედება ჰქონდა. მან ტვინის სიმსივნის მქონე პაციენტზეც მიამბო, რომელიც, ლამარას მტკიცებით, სწორედ აბრეშუმის ჭიის პარკების საშუალებით განიკურნა. 

ბეჟაშვილმა ღია ნაცრისფერი აბრეშუმის ჭიის კანი მაჩვენა. მან შემომთავაზა, ერთი ცალი დამეგემოვნებინა, რაზეც ინსტინქტურად უკან დახევით ვუპასუხე. შემდეგ კი ერთი ცალი პირში ჩავიდე, მას თითქმის არ ჰქონდა გემო. უფრო მეტად ტექსტურას შეიგრძნობდით, ვიდრე გემოს. “ნაყოფიერებაში ეხმარება,” – აღნიშნა მან. 

შემდეგ გარეთ გამოვედით, ხის ფარდულთან ნაცრისფერი კნუტები ჩამომსხდარიყვნენ. ლამარამ კარი გამოაღო და ოთახიდან დაგუბებული სუნი გამოვარდა. აქ ცხოვრობდნენ აბრეშუმის ჭიები. გამოშრალ ფოთლებზე ასობით თეთრი პარკი იდო. იქაური დუმილი ხის იატაკის ჭრიალმა დაარღვია. ზამთარი იყო, შესაბამისად, აბრეშუმის ჭიის ცხოვრების ციკლი დასრულებულიყო, ხოლო ახალი ჭუპრები გაზაფხულზე იჩეკებოდნენ. ირგვლივ ისეთი სიმშვიდე იყო, თავი ტაძარში მეგონა. 

“როცა მათ გამოსაკვებად ჩვეულებრივზე გვიან შემოვალ, ისინი ხმაურზე თავებს წამოყოფენ ხოლმე. მათი ფრთები თავისებურ ხმას გამოსცემს. როდესაც თუთის ფოთოლს ჭამენ, ისეთი ხმაა, გეგონება, წვიმს”, – მიხსნის ბეჟაშვილი. 

7. გვიან საღამოს მე და თამარა სიღნაღში – თბილისის აღმოსავლეთით მდებარე მშვენიერ ქალაქში გავემგზავრეთ. სიღნაღი მე-18 საუკუნეში აგებული სიმაგრით არის შემოსაზღვრული, რომელიც ქალაქს შემოსევებისგან იცავდა. ნისლიან ქუჩებში სეირნობისას ვფიქრობდი ბეჟაშვილსა და მის აბრეშუმის ჭიებზე. ვიხსენებდი მის დაუფარავ სიყვარულს – გამბედავსა და პირდაპირს. 

“აბრეშუმის ჭიები ძალიან დემოკრატიულები არიან, – თქვა მან.  – ისინი ხელს ერთმანეთს არასდროს უშლიან და ძალიან მშვიდობიანები არიან. თითოეული მხოლოდ საკუთარ მოგზაურობაზეა ორიენტირებული.”

ყველა, ვინც აბრეშუმის კულტურის შენარჩუნებას თავი მიუძღვნა, ქალი იყო. ვფიქრობდი, თუ რა ვნება აკავშირებდა თითოეულს ამ კულტურასთან, როცა გააფთრებით იცავდნენ მას. მათთვის მეაბრეშუმეობის შესწავლა უწყვეტი პროცესი იყო, რითაც ამტკიცებდნენ, რომ ეს ხელოვნება არასოდეს მომკვდარა, და მუდმივად განვითარების პირობებში არასდროს შეწყვეტდა არსებობას. 

მათი ნამუშევრები დიდი კულტურის შესანარჩუნებელი ბრძოლის ნაწილი იყო, რაც საქართველოს მემკვიდრეობის გამორკვევასა და პატივისცემას ემსახურებოდა. ვფიქრობდი ბეჟაშვილის  მოძრაობებზე, როდესაც მას თავის პატარა ხელებით ახლად დამზადებული აბრეშუმის ნართი ეჭირა. ძაფი ისეთი მაგარი იყო, რომ მის გაწყვეტას ვერც ერთი ჩვენგანი შეძლებდა; მახსენდებოდა ყიფშიძე, რომელიც ჩუმი და სევდიანი ხმით მაჩვენებდა კაშკაშა ქსოვილიდან ამოჭრილ სახეებს. 

საქართველოდან მოხიბლული წამოვედი. როდესაც ვტოვებდი ამ ქვეყანას, მოხიბლული ვიყავი არა მხოლოდ აბრეშუმის წარმოებით, არამედ ხალხით,  სანთლებით გადაჭედილი მონასტრებით. საქართველოში ჩემი მოგზაურობა აჩრდილებთან, წარსულთან ხანგრძლივ საუბარს ჰგავდა, რაც არასდროს იქნება მხოლოდ წარსული.

თუ საქართველოში გადაწყვეტთ წასვლას,  Silk Road Adventures-ის მეგზურებს ტურების დაგეგმვა შეუძლიათ ისეთ ისტორიულ ადგილებში, როგორიცაა ცისფერი სასახლე, თანამედროვე ტექსტილის ხელოვანისა და ისტორიკოსის, ნინო ყიფშიძის სახლი; თბილისის აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი; ასევე ქალაქგარეთი, სადაც ღვინის დაგემოვნებას და კავკასიონის ფონზე მდებარე მე-17 საუკუნის მონასტრების დათვალიერებას შეძლებთ.

 

ორიგინალი: https://www.nytimes.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.