fbpx

კოლხეთი – სველი მიწა: ანა ძიაპშიპა სოსო ჩხაიძის 1967 წლის ფილმის შესახებ


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ძიაპშიპა

რამდენიმე დღის წინ სოსო ჩხაიძის 1967 წლის აღდგენილ სტუდენტურ ფილმს, “კოლხეთს” ვუყურე. სოსო ჩხაიძე ჩემთვის ბევრი მიზეზით გამორჩეული ქართველი რეჟისორია, რაღაც დროს მის მრავალსერიან ფილმ “შვიდკაცასთან” მქონდა შეხება და მივხვდი, რამდენად წინ უსწრებს დროს, თუნდაც ჟანრების შერწყმის მხრივ. 

იმედი მაქვს, ოდესმე ეს სერიაც დასრულდება და მის ნახვას ყველა შეძლებს, რადგან  ჩვენს სივრცეში ცოტა რეჟისორი მახსენდება, რომელსაც ასე ოსტატურად შეუძლია გამორჩეული ეთნოგრაფიული და ანთროპოლოგიური მიგნებების მიღმა მხატვრული სახეები და ფორმები შექმნას და ამით დაგვამახსოვროს თავი. 1967 წელს გადაღებული და მისი მეუღლის, ნანა ზურაბიშვილის მონდომებით, ეროვნულ არქივთან და პაატა გოძიაშვილთან თანამშრომლობით აღდგენილი მისი პირველი სტუდენტური ფილმი “კოლხეთიც” ამ ღირებულებების ერთობლიობაა. 

ერთი შეხედვით “კოლხეთი” სამეცნიერო-პოპულარული ფილმების კატეგორიაში გადის – ის დაბლობის ჭაობიანი მიწების ათვისებაზეა, მის დადებით მხარეზე, როგორც ამას იმდროინდელი მმართველობა მოითხოვდა და ბუნებრივია, ავტორებიც იძულებულები იყვნენ დამორჩილებოდნენ გარკვეულ სტანდარტს და ცენზურის ამ მოთხოვნას, თუმცა “კოლხეთი” ოსტატის ხელშია და ზუსტად ამით არის ეს ფილმი გამორჩეული და არასტანდარტული. 

როგორც ნანა ზურაბიშვილმა პირად საუბარში მითხრა, ჭაობის ათვისების კრიტიკა რეჟისორს დაუწუნეს და ამოაღებინეს, უთქმელი ტექსტი კი მან პაუზებით შეავსო. მაგრამ, ის, რაც არ ისმის, უფრო კარგად ჩანს და იგრძნობა, განსაკუთრებით რამდენიმე ეპიზოდში. 

ჩემთვის ჩხაიძის “კოლხეთი” ნუცა ღოღობერიძის ასევე ახლახან აღდგენილი 1934 წლის ფილმის, “უჟმურის” ისტორიული გაგრძელებაა.  რეჟისორი ქალის მიერ გადაღებული პირველი ქართული და ამავე დროს პირველი საბჭოთა მხატვრული ფილმი – “უჟმური” შარშან თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს, მისი მოქმედებაც “კოლხეთში” ხდება; “მალარიის დასამარცხებლად მთავრობა ველზე არხის გაყვანას გადაწყვეტს, არხის დასაგეგმად ველზე გასულ ქავთარსა და გვადის კულაკი ფარნა გაუვალ ჭაობში შეიტყუებს. დასაღუპად განწირულ ქავთარს კომკავშირელები გადაარჩენენ”. 

დასამახსოვრებელ მხატვრულ სახეებთან ერთად ნუცა ღოღობერიძე ამ შემთხვევაში სისტემის კრიტიკის ალეგორიულ ფორმას მიმართავს, სოსო ჩხაიძე კი იგივე თემაზე დაახლოებით 30 წლის შემდეგ აკეთებს პირველ სტუდენტურ ფილმს, სადაც ერთი შეხედვით ცენზურას ემორჩილება, თუმცა ღოღობერიძის მსგავსად, სისტემისთვის “მიუღებელ” სათქმელს მხატვრული ფორმებით აპროტესტებს. 

ყველაფერთან ერთად  სოსო ჩხაიძეს ადამიანების აღმოჩენის განსაკუთრებული უნარი აქვს, ეს  კარგად ჩანს “შვიდკაცაში”, “თუშ მეცხვარეში” და “კოლხეთშიც”. რეჟისორის თვალი აქ ანთროპოლოგივით მუშაობს, თითქმის წარმოუდგენელია მისი პერსონაჟების სახეების, მეტყველების და ამბების დავიწყება. ამ 20-წუთიან ფილმშიც ბევრი რამეა დასამახსოვრებელი, მათ შორის, რამდენიმე ეპიზოდი (მაგალითად, წყალში დაკარგული კამეჩების), რომელიც განსაკუთრებული დრამატულობით ასახავს ჩვენს შეჭრას ბუნების სტიქიურობაში, მისი “გადარჩენის” და დამორჩილების მუდმივ ცდუნებას. 

ჩემთვის საყვარელი ფილმები ყოველთვის მითმობენ სივრცეს ფიქრისთვის და განცდებისთვის, ეგოისტურად კი არ მტოვებენ მხოლოდ მათი მიგნებების ველში, არამედ პირიქით, მეხმარებიან, მაკავშირებენ სხვა ხელოვანებთან, ტექსტებთან ან გამოსახულებებთან. ამ ოცწუთიანმა სამეცნიერო-პოპულარულმა ფილმმაც ხან თემატური ხაზით მიმიყვანა სხვა ავტორებთან, ხან  საზღვრები გაარღვია და ბევრი საყვარელი ფილმი გამახსენა. ბოლო კადრმა კი ჩემს დალექილ გამოსახულებებში არსებული, ერთ-ერთი დიდი შთაგონების, კრის მარკერის “მზის გარეშეს” გამხსნელი კადრი გააცოცხლა. 

ალბათ ნამდვილი ოსტატები, ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავად, ასეთი მყარი დროისა და სივრცის მიღმა კავშირებით გამოირჩევიან. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.