fbpx

#2 მელოდრამატული ინტერვიუ გიორგი მაისურაძესთან – გურამ მაცხონაშვილი


გააზიარე სტატია

ავტორი: გურამ მაცხონაშვილი

 

გიორგი მაისურაძისგან პირველი ინტერვიუ თითქმის რვა წლის წინ ავიღე. მას შემდეგ ქვეყანაში არსებითად არაფერი შეცვლილა (თუმცა მთლად ასეც არაა – მაშინ თქვენობითი ფორმით ვესაუბრებოდი, ახლა შენობით მივმართავ). უცვლელად ვიტოვებ იმ ინტერვიუს ერთ “სამკაულს” – ეს საოცარი ვიდეო მაშინაც იყო ჩვენი საუბრის ნაწილი და ახლაც აქ იყოს, როგორც ერთგვარი პრელუდია:

 

გიორგი: ძაან თეორიული გამომივა, თუ ვიტყვი, რომ კულტურა აკრძალვებია და ეს აკრძალვები და მათთან დაპირისპირება განსაზღვრავს ჩვენს კულტურულობას?

გურამი: ვფიქრობ, არა. აქვე გკითხავ: ეს ყოვლისმომცველი ვირუსი, რომელიც თითქოს აქვეა, მაგრამ, თან, მაინც სულ სადღაც სხვაგანაა, ტელევიზორის ეკრანზე, პალატებსა და ლაბორატორიული ტესტების პასუხებში, ბუნებაა თუ კულტურა?

გიორგი: კულტურას, მაგალითად, მარკუზე, ფროიდის ინტერპრეტაციის საფუძველზე, განსაზღვრავდა, როგორც თავისუფლების ანტინომიას, ან საერთოდაც, თავისუფლების დათრგუნვის სისტემას. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საინტერესო აქ ისაა, რომ თავისუფლება თავად კულტურული კონსტრუქტია, როგორც რეაქცია კულტურის რეპრესიულობაზე. თავისუფლების სურვილს მხოლოდ მისი არქონა აჩენს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ვირუსიც კულტურაა, ბუნება გვეძლევა კულტურის სახით, კულტურის ენაზე თარგმნილი. თავად ენაც მთლიანად კულტურის პროდუქტია, შეიძლება არა პირველი, მაგრამ ერთ-ერთი პირველი, დასაბამის ხანის.

გურამი: აი, ენა ახსენე. შენი ნარკვევი წავიკითხე თანამედროვე ქართული ენისა და მისი ინგლისური “დიალექტის” შესახებ. საუბრობ, როგორ ჩაანაცვლა რუსულთან ბმა ინგლისურმა. დედა ენა: 1978 წლის 14 აპრილის ქვეყანაში, დღეს რა მნიშვნელობას ატარებს თავის თავში ეს იდეა?

გიორგი: დღეს 14 აპრილი მკვდარი, უშინაარსო თარიღია. ენის დაცვა და მისთვის ბრძოლა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ენას საფრთხე ემუქრება, თუნდაც იურიდიული სტატუსის დონეზე, როგორც ეს 1978 წელს იყო, როცა ქართულს კონსტიტუციური სტატუსი უნდა დაჰკარგოდა. იქაც ამ სტატუსზე, როგორც სიმბოლოზე იყო შფოთვა და არა, ვთქვათ, ენის სიწმინდისა თუ სიმდიდრის დაცვაზე. დამოუკიდებელ საქართველოში ენის სტატუსს არსაიდან არ ემუქრება საფრთხე, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ პერიოდში ვხედავთ ქართული ენის გაღატაკებას და ტოტალურ ბარბარიზაციას ანგლიზმებით.

გურამი: ეს სერიოზული საფრთხეა ენისთვის? თვითონ დაიძვრენს აქედან თავს თუ დახმარება სჭირდება?

გიორგი: გერმანულ ენას ჰყავს ასეთი დარაჯი – ინსტიტუცია, DUDEN-ის კომისიის სახით. ესაა სახელმწიფო ორგანო, რომელიც ენის ნორმებს ადგენს და მის სწორად გამოყენებას ზედამხედველობს. სხვა ქვეყნებში არ ვიცი როგორაა, მაგრამ თავისთავად ენა მაინც თვითრეგენერირებადი სისტემაა და ყველა საკვებს ინელებს. ანგლიზმები იმდენად ერთბაშად და იმდენად დიდი დოზებით მოაწყდა ქართულს, რომ მოუნელებელ საკვებად იქცა. 

ამის პარალელურად, თავად სალიტერატურო ქართულის „ინჟინერთა“ კლასიც ვერ გამოირჩევა განსაკუთრებული სწრაფვით ენის შესაძლებლობების გაფართოებისაკენ. ხშირ შემთხვევაში თანამედროვე სალიტერატურო ქართული ჰბაძავს უპრიმიტიულეს „ქუჩურ“ მეტყველებას, სრულიად ყალბ და მკვდარ ენობრივ მუტაციას, რომელიც იმიტაციის იმიტაციაა და რაც უფრო ხშირად გამოიყენება, მით უფრო მარტივი და პრიმიტიული ხდება. 

მეორე მხრივ, ქართულში, მათ შორის, სალიტერატურო ენაში, ბატონდება კიდევ უფრო მძიმე ვირუსი: ესაა მენეჯერულ-მარკეტინგული ენა, მთელი თავისი „ლიდერთა სკოლებით“ და „პიარ-ტექნოლოგიებით“. ესაა, თავისი არსით, სრულიად აკულტურული, კულტურისადმი მტრული ცნობიერების მეტასტაზები, რომლებიც ენის ჯანსაღ უჯრედებს აავადებენ და შემზარავ პრიმიტიულობამდე აღარიბებენ. აი ამისი ვაქცინის შექმნა ქართული ენისათვის ისეთივე გადაუდებელი საჭიროებაა, როგორც covid-19-ის ვაქცინა.

გურამი: კავშირი “მაგრამ” რომ არ გვქონდეს, რას შეცვლიდა ეს ჩვენს ცნობიერებაში? მაგალითად, გინდა და ვეღარ ამბობ: “ძალადობას არ ვამართლებ, მაგრამ…”

გიორგი: ამ კონსტრუქციაზე სრულიად ფსიქოანალიტიკური ასოციაცია მაქვს: ესაა ფროიდისეული „უარყოფა“ (Verneinung), რაც სწორედაც რომ დასტურია იმისა, რის უარყოფასაც მისი მთქმელი საჯაროდ აცხადებს და უნდა, რომ ადრესატი დააჯეროს.

გურამი: ანუ: “ჰომოფობი არ ვარ, მაგრამ” = “ჰომოფობი ვარ”.

გიორგი: რა თქმა უნდა, ეს ფაქტობრივი “ქამინგაუთია”. თუ არ ხარ, ამას წინასწარი სადაზღვევო გარანტიების გარეშეც იტყვი.

გურამი: “ქართული ხელოვნება” როდის გადაიქცა “ქართულ არტად”, “ქართველი ხელოვანი” “ქართველ არტისტად”?

გიორგი: უკვე 90-იანებშივე, დასაწყისშივე, ალბათ 1992-93 წლებიდან.

გურამი: როგორ ფიქრობ, ეს მხოლოდ ენობრივი თამაში იყო, თუ საბჭოთა მემკვიდრეობისგან გათავისუფლების მცდელობა?

გიორგი: მაინცდამაინც არ მესმის, რისგან თავისუფლდებოდა ქართული ხელოვნება, მთლიანად ქართული კულტურა, რომლის უზარმაზარი ნაწილი სწორედ საბჭოთა პერიოდში შეიქმნა. ცენზურისგან? – ცენზურის გაქრობამ, ფაქტობრივად, გაანადგურა მთელი იმდროინდელი ქართული კულტურა, მისი საუკეთესო წარმომადგენლები. მათ დაკარგეს ის ენა, უფრო სწორედ, მათ მოუკვდათ ის ენა, რომელზეც მეტყველებდნენ და საკუთარ ნაწარმოებებს ქმნიდნენ. ამ მკვდარი ენის გაცოცხლება, ანუ ახლის შექმნა, მგონია, რომ დღემდე ბოლომდე არ მოხერხებულა. „არტისტი“ უფრო „საზღვარგარეთ ნამყოფ“ ქართველს ჰგავს, იმპორტული საქონლის მომხმარებელს, საკუთარი როცა არ გაგაჩნია. ეს მთელ ქვეყანას დაემართა, ყველა მიმართულებით.

გურამი: მხატვრული ენის გვერდით ტექნიკურ ენასაც რომ შევეხოთ… ჩემი დაკვირვებით, სახელოვნებო სფეროებიდან პროფესიული ქართული ყველაზე დაბინძურებული კინოს აქვს, თავისი “ნაეზდ-ატიეზდით”, “ობში” და “კრუპნი” კადრებით (ამათ გვერდით დასახლდა სიტყვა “ლოკაცია”). თეატრში მოკრძალებულად, მხოლოდ სცენის “დამეტკვას” ვიყენებთ. როგორ გგონია, ქართულმა კინომ რატომ უერთგულა რუსულ სიტყვებს ამ დრომდე?

 

გიორგი: ქართველ კინემატოგრაფისტებს, იმ თაობებს, რომლებმაც ქართული კინო შექმნეს, რუსული განათლება ჰქონდათ მიღებული, ალბათ ამის გამოც. ისე კონსერვატორია უფრო მეტად არაა რუსულად მეტყველი?

გურამი: არ ვიცი, შეიძლება. რას იყენებენ?

გიორგი: 90-იანებში მჭიდრო ურთიერთობა მქონდა კონსერვატორიის ხალხთან და საერთოდ, ნახევრად რუსულად ლაპარაკობდნენ. იცი მაინც რა მგონია? – რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა პერიოდში გაჩნდა კულტურულ ინსტიტუციათა დიდი ნაწილი: კინოინდუსტრია, მეცნიერებათა აკადემია, კონსერვატორია, თეატრალური ინსტიტუტი და ა.შ. ამ თვალსაზრისით, რუსული კულტურის და განათლების ენა იყო. 

ქართულმა მოახერხა მთელ რიგ სფეროებში ქართული ეკვივალენტების შექმნა, მაგრამ ყველგან მაინც ვერა. სსრკ-ს დაშლიდან 30 წლის შემდეგაც რომ ისევ რუსული ჟარგონი გამოიყენება, ჩემი აზრით, იმისი ნიშანია, რომ ამ ბოლო წლებში განახლება არ მომხდარა. 

ჩვენი კულტურის ენა ამორტიზებული საბჭოთა მანქანაა. ამას საბჭოთას მიმართ ირონიით არ ვამბობ. არ მიმაჩნია, რომ დღევანდელ ქართულ კულტურას რომელიმე მიმართულებით უფლება ჰქონდეს ზემოდან შეხედოს და აგდებით ილაპარაკოს საბჭოთა პერიოდის ქართულ კულტურაზე.

გურამი: კონსერვატორიასთან და რუსულთან კი არაფერ შუაშია, მაგრამ ახლა რატომღაც მაგაზე გამახსენდა, რომ HAMATSUKI-ს მუსიკა მოგწონდა. ისევ  მოგწონს? თუ კი, მისი ერთი რომელიმე კომპოზიცია გამომიგზავნე, რა, იუთუბიდან.

გიორგი: აი, ესაა ჩემი ფავორიტი:

შეიძლება ოდესმე დავწერო Hamatsuki-ზე, იმიტომ, რომ მართლა გამორჩეულ ქართველ ხელოვანად მიმაჩნია და მის ამ გამორჩეულობას თავისი მიზეზებიც აქვს. არა მხოლოდ ის, რომ ძალიან დახვეწილი, „პითაგორელი“ ავტორია, ყველა მისი კომპოზიცია, რაც მომისმენია, გეომეტრიული სიზუსტითაა შესრულებული. ეს ერთი მხარეა. მეორე, და ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მისი მუსიკა ქართულია, ქართული მელოდიებითა და ჰანგებით იკვებება და ელექტრონული მუსიკის უნივერსალურ ენაზეა გადატანილი. ესაა ცოცხალი პროცესის გაგრძელება, საკუთარი თვითმყოფადობის არათუ შენარჩუნებით, თანაც ისე, რომ ლოკალურობასა და პროვინციალიზმში არ ჩაიძიროს, რასაც „ეროვნული“ კულტურის ყალბი კონსერვი წარმოადგენს.

გურამი: ტრამპი და ჰოლივუდი. თუ შტატებში ნათლად ჩანს, როგორ ენატრებათ ადგილობრივ ხელოვანებს “ძაან რბილი და საყვარელი” ობამა და შესაძლებლობას არ უშვებენ ტრიბუნასთან მყოფებმა ტრამპს პირდაპირ ეთერში აგინონ, ჩვენთან რატომ ტეხავს ადგილობრივი, ჩვენი ტრამპის კრიტიკა? რატომ არ არის ეს “COOL”?

გიორგი: ჩვენმა „ტრამპმა“ და ტრამპზე უარესმა ერთი ნაწილი იყიდა და ტროლების ფაბრიკებში დაასაქმა, მეორეს ეშინია, ნაცი არ მიწოდონო. 

გურამი: სხვათა შორის, ჩემ ირგვლივ ძალიან ხშირად მსმენია მსახიობებს შორის დასმული შეკითხვა: “ივანიშვილს იღებ?” – ეს შეკითხვა გულისხმობს ფონდი “ქართუს” მიერ ხელოვანებისთვის მიცემულ ერთგვარ ყოველთვიურ სახელფასო დანამატს. ამაზე რას ფიქრობ? უნდა აიღოს თუ არა ქართველმა ხელოვანმა (და აქ  დავუშვათ, რომ მას ფინანსურად საკმაოდ უჭირს) ეს ფული? შესაძლებელი ან მისაღები გგონია თუ არა, რომ ერთი ხელით ეს თანხა გამოართვა და მეორე ხელით მასვე ეჭიდაო?

გიორგი: არ ვიცი, არ მინდა მორალისტი ვიყო. როცა საქმე ავტორს ეხება, პიროვნება არ უნდა გვაინტერესებდეს, თუმცა არ ვიტყვი, რომ თავად ყოველთვის გამომდიოდეს ავტორებთან ასეთი დამოკიდებულების შენარჩუნება. ვერგილიუსის „ენეადა“ ოქტავიანე ავგუსტისისადმი მლიქვნელობად მიაჩნდათ მის თანამედროვეებს, თუმცა ვერგილიუსები არ გვყავს საქართველოში მლიქვნელობის საპირწონედ. ეს უკანასკნელი არა მხოლოდ „მამა-მარჩენლის“ დაფინანსებაზე მყოფებზე ვრცელდება.

გურამი: დასავლური ჰეგემონია და კულტურა: ჰოლივუდი ვახსენეთ ზემოთ და იმ ტენდენციაზე მინდა გკითხო, რომლითაც პერიოდულად კინოაკადემია არადასავლური ქვეყნების მიმართ წყალობას გაიღებს ხოლმე: რა ნიშნით ექცევა ამერიკელთა ფოკუსში ირანული, რუმინული, მექსიკური კინო? მხატვრული ხარისხი რომ გვერდით გადავდოთ, რა პოლიტიკური და კულტურული სარჩული ედო იგივე “პარაზიტის” ტრიუმფს? თითქოს სამოგზაურო ბუკლეტებში მოძებნილი ქვეყნებია: “აი, მოდი, წელს იყოს სამხრეთ კორეა!”

გიორგი: „პარაზიტი“ ამერიკული, „დასავლური“ პუბლიკისთვის გადაღებული ფილმი მგონია. თან, სწორედ იმ კონიუნქტურის გათვალისწინებით, რაც ამერიკულ თუ, ზოგადად, გლობალურ ბაზარზე კარგად გაიყიდება. ეს ძალიან გასაგები მოვლენაა, თუმცა სხვა სფეროში, ARTHAUS-ში „მესამე სამყაროს“ კინოს წარმატება ძალიან ობიექტური მოვლენა მგონია. ამას სხვა საფუძვლები აქვს, შეგვიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ ამ თემაზე. 

თუ მოკლედ თქმას შევეცდები, ვიტყოდი, რომ ლიბერალური დასავლეთი, თავისი კონსუმერულ-ბიურგერული იდეალებით, იმდენად მაძღარია, რომ ძალიან უჭირს ისეთი დანიშნულების ნამუშევრების შექმნა, რომლებიც არ იყიდება  და არასამომხმარებლოა.   მომხმარებლობის კრიტიკა და სამომხმარებლო ნევროზებიც იმდენად დევალვირებულია, რომ ძალიან რთული ხდება იმ შეუძლებელზე ოცნება, რაც შემოქმედებითი აღმოჩენებისა და ისეთი ფანტაზიებისკენ გიბიძგებდა, რაც დღეს კიდევ სიცოცხლის ნიშნების მატარებელი იქნებოდა. ამის საპირისპიროდ, „მესამე სამყაროში“  აუთვისებელი საბადოებია.

გურამი: ახლა გავიაზრე, რომ როცა წლების წინ შენგან ინტერვიუ ავიღე, არც ერთს თეატრთან შეხება არ გვქონდა. ახლა ორივეს გვაქვს: ქართულ სათეატრო ცხოვრებაში ჩაბმა მოგიწია იქიდან მოყოლებული, რაც პრემია “დურუჯის” ჟიურის წევრი პირველად იყავი. თუ არ ვცდები, გიგა ზედანიაც იყო შენთან ერთად ჟიურის შემადგენლობაში და იმ წელს ხშირად ისმოდა წუწუნი დაახლოებით ამ პათოსით: “ფილოსოფოსებმა ფილოსოფია განიხილონ!”; ხელოვნების მონოპოლიზების ეს დაუძლეველი ვნება საიდან მოდის?

გიორგი: მე ეგეთ კრიტიკაზე უბრალოდ მეცინება, ძნელიც კია სერიოზული პასუხის მოფიქრება :)) საერთოდ, ვიწრო-სპეციალიზაციები და ამ სპეციალისტებისა და ექსპერტების მონოპოლია მათ პროფესიულ სფეროებზე თანამედროვე ბარბაროსობის ერთ-ერთი ყველაზე შემაშინებელი სიმპტომი მგონია. „ექსპერტიზაცია“ უკვე თავისთავად გულისხმობს ადამიანის შეზღუდულობას და მის კოგნიტურ დაპატარავებას. ექსპერტები კი მსაჯულთა თანამედროვე სახეობაა, და „მათი სახელი ლეგიონია“. 

გურამი: ამ გამოცდილებით რა აღმოაჩინე ქართულ თეატრალურ სინამდვილეში? მე მაქვს ეჭვი, რომ ისევე, როგორც, ზოგადად, ქართული თანამედროვე ხელოვნება, ქართული თეატრი ძალიან კორუმპირებულია. არ ვიცი, რამდენად სწორია ასეთი სიტყვათა შეხამების გამოყენება, მაგრამ შეგვიძლია ერთგვარ “ზნეობრივ კორუფციაზე” ვილაპარაკოთ?

გიორგი: მე ვიტყოდი, რომ ცოტა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართული თეატრი თავისთვისაა და სამყარო თავისთვის. რამდენადაა ეს მხოლოდ ადმინისტრაციულ-სტრუქტურული პრობლემა, არ ვიცი და არც ვარ დარწმუნებული, თუმცა მმართველობა რომ ყოველთვის მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის, ეს ცხადია. რამდენადაც მე მაინც გარედან ვუყურებ, უფრო სხვა პერსპექტივიდან ვხედავ და იმას ვერანაირი ადმინისტრირება ვერ უშველის. თანამედროვე ქართული თეატრის მთავარ პრობლემას აცდენილობას დავარქმევდი, ყველასა და ყველაფრისგან აცდენილობას. ეს აცდენილობა თანაბრად ეხება თეატრის ყველა სეგმენტს, დაწყებული დრამატურგიდან და რეჟისორიდან, მსახიობების გავლით და მაყურებლით დამთავრებული. საქართველოში თეატრებს მაყურებელი არ ჰყავს, ისინი უფრო გულშემატკივრები არიან, რომლებმაც სპექტაკლის ბოლოს თავისიანებს აპლოდისმენტები უნდა დააყარონ. 

ჩემთვის მთავარი გამოცანა იქ იწყება, როცა ვფიქრობ, აი ამისი დაწერა რატომ მოუნდა დრამატურგს? რა ნახა აქ ისეთი, რომ მისი სხვებისთვის გაზიარება მოუნდა? მერე კიდევ რეჟისორმა რატომ მოინდომა ამისი დადგმა და მსახიობებმაც ამ ყველაფრის თამაში? თუმცა ქართული თეატრი ალბათ ყველაზე მეტადაც განასახიერებს თანამედროვე საქართველოს სინამდვილეს, – კი არ გამოსახავს, ამხელს ან აშიშვლებს, არამედ განასახიერებს, თავადვეა ისეთი, როგორიც საქართველო, განსაკუთრებით, მისი ბიურგერული ნაწილი: ყალბი, მოჩვენებითი, ზედაპირული, ლოკალური და ერთჯერადი სამომხმარებლო დანიშნულების, რომელიც კარგად „პიარდება“ ვიწრო, ლოკალურ სამომხმარებლო წრეებში. მგონი, ქართული თეატრი თავის გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს, რომლის არსებობისაც მხოლოდ თვითონ სჯერა.

გურამი: როცა საცხოვრებლად გადახვედი, შენ რეალურ დროში შეესწარი იმ ბუნებრივ პროცესებს 90-იანების ბერლინში, რომელმაც შემდეგ უკვე ჩვენში, უმეტესწილად, ხელოვნურად დაიწყო არეკვლა. მერე თბილისში დაბრუნდი და უფრო მცირე მასშტაბში, მაგრამ აქაც იგივე დაგხვდა. სულ მახსენდება “ფორბსის” 2018 წლის სათაური: “Berlin Is Out, Tbilisi Is In”. ქალაქების ორიგინალური და “პატენტი” ესთეტიკა რომ შევადაროთ და ასეთ ფენომენსაც რომ შევეხოთ – “ალტერნატიული სივრცე”. რით განსხვავდება ბერლინის და თბილისის “ალტერნატიული სივრცეები”? რა ალტერნატიულ შინაარსებს აჩენს ასეთი სივრცეები იქ და აქ?

გიორგი: განსხვავდება ავთენტურობით. 90-იანების ბერლინი ავთენტური იყო, ის დიდი პოლიტიკური და კულტურული ძვრების ფონზე გაჩნდა და ამ ალტერნატიულობის შესაძლებლობას ეკონომიკური ფაქტორიც განაპირობებდა: 90-იანების ბერლინი დაუჯერებლად იაფი ქალაქი იყო. 2010-იანების მეორე ნახევრის თბილისის „ალტერნატიული“ სცენა მნიშვნელოვანწილად მიბაძვაა, ბერლინის კოპირებაა, მხოლოდ არა 90-იანების ბერლინის, არამედ 2010-იანების, როდესაც თავად ბერლინში უკვე კვდომადი 90-იანების იმიტაცია დაიწყო, თან კომერციული, ტურისტებზე გასაყიდი იმიტაცია. აი ამ იმიტაციის იმიტაციაა თბილისის ალტერნატიულობა. თუმცა თბილისის საკლუბო სცენის სიცოცხლისუნარიანობა მნიშვნელოვანწილად თბილისში არსებული კულტურული, სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობებითაც იკვებება.

გურამი: ორი წლის წინ ვმუშაობდი ლაშა ბუღაძის პიესაზე, რომელიც მედეას თემის რეცეფციას წარმოადგენდა. მუშაობის პროცესში ყველაზე მეტად, მგონი, შენი ტექსტები დამეხმარა, სადაც მაგდა პაპიძეზე წერდი. სამართლებრივი ნაწილი რომ ჩამოვაშოროთ, რა კულტურული მოვლენა იყო მაგდა პაპიძის საქმე?

გიორგი: ძალიან მიჭირს ამისი ასე პირდაპირ თქმა, ალბათ უფრო სხვა ფორმითაა ეს ამბავი გასააზრებელი. მასში იმხელა ძაბვა გადის, რომ ხელის მიკარების მეშინია. ალბათ ესაა ამ შემთხვევის განსაკუთრებულობა: დაძაბულობა და ნიშანთა ქაოსი შემოაქვს მთელ კულტურულ სემანტიკაში.

გურამი: მამარდაშვილი: მირაჟი მგონია ხოლმე ეგ კაცი. ვერ ვიჯერებ, რომ მართლა გვყავდა, ლამის ზნეობრივი ინსტრუქციები დაგვიტოვა და არსად, არაფერში მისი ნააზრევი და გამოცდილება არ ჩანს. როგორ ფიქრობ, მისი გადაკითხვა გვეზარება თუ ისევ სამშობლოსა და ჭეშმარიტების თემაზე ვართ გაბუტულები? სიზარმაცეა, ბოღმა თუ რაღაც კიდევ სხვა?

გიორგი: შეიძლება მამარდაშვილი ზედმეტად დიდი ზომის ფეხსაცმელი აღმოჩნდა ჩვენთვის, რომ მოგვრგებოდა, თანაც იმ პრიმიტიული აფექტების კორიანტელში, რომელშიც ის ქართველ მსმენელს მიმართავდა. ის, რომ მისთვის რაღაცები ვერ უპატიებიათ, ეს შეიძლება ყველაზე კარგიცაა, რაც ფილოსოფოსს შეიძლება დამართოდა. წარმოიდგინე, მისი კანონიზაცია რომ მომხდარიყო, ეროვნული კულტურის ზომბების პანთეონში კანონიზაცია?

გურამი: ჰო, ალბათ, ყველაზე არასასურველი სცენარია.  და ბოლო შეკითხვა: წარმატება. ეს რა ფენომენია? “წარმატებას გისურვებ!” – თუ გახსოვს, აი, ეს ფრაზა ადრეც ასეთი სიხშირით გამოიყენებოდა თუ ამ ეპოქის სურვილია? რას ვუსურვებთ ერთმანეთს, როცა ვეუბნებით, ან ვწერთ, რომ წარმატებას ვუსურვებთ?

გიორგი:

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.