fbpx

ფოტოგრაფი, რომელიც “ფოტოებზე აღბეჭდავს” არაამქვეყნიურ ადგილებს Google Street View-ში – iD


გააზიარე სტატია



ავტორი: Rolien Zonneveld

ლონდონელ ხელოვანს ჯექი კენის რეალობისგან გაქცევა ნამდვილად გამოსდის – ის მსოფლიოს შორეულ კუთხეებში ისე მოგზაურობს, რომ კომფორტულ დივანს არც ტოვებს, ამას კი არა მარტო კარანტინში, არამედ აქამდეც აკეთებდა. ის 10 წელია აგორაფობიისგან იტანჯება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღია და ხალხმრავალი ადგილების ეშინია, რადგან შეიძლება კონტროლი დაკარგოს და პანიკური შეტევა დაეწყოს. ეს ფობია ცუდ დღეებში მას სახლიდან გასვლაში უშლის ხელს. მოგზაურობა, განსაკუთრებით კი მატარებლით ან თვითმფრინავით, დიდი გამოწვევაა: დახურულ სივრცეში ჩაკეტვის იდეა ისე, რომ გამოსვლა ვერ შეძლო, გაუსაძლისია.

2016 წელს მან სამყაროს დათვალიერება Google Street View-ით დაიწყო. ის კამერის უნიკალური პერსპექტივით დაინტერესდა – რომელიც მაყურებელს 360 გრადუსით სივრცის დანახვის შესაძლებლობას აძლევს – გაოცებულმა კი  იმ ადგილების მონახულება შეძლო, რომლებიც მას ყველაზე მეტად აინტერესებდა. ”არაბეთის გაერთიანებული საამიროების გზაზე აქლემის ყურებით დაწყებული, პერუში მანქანისკენ მორბენალი ძაღლით დამთავრებული, მე სამყაროს ამ ახალი გზით ვაკვირდებოდი”, – განაცხადა მან. თავდაპირველი ენთუზიაზმის დასრულების შემდეგ მან გააცნობიერა, რომ პლატფორმის გამოყენება შემოქმედებითად შეეძლო.

არც ისე დიდი ხნის შემდეგ მან საკუთარი აღმოჩენების განთავსება ინსტაგრამის გვერდზე –  @streetview.portraits-ზე დაიწყო, სადაც უკვე 125 ათასი გამომწერი ჰყავს. “მინდოდა, რომ ჩემს სურათებს იზოლირებულობის და მარტოობის გრძნობა გაეღვიძებინა, ამიტომ დიდი ქალაქები დავტოვე და პატარა ქალაქები მოვძებნე.” მან სწორედ ამ დროს საკუთარ თავში აღმოაჩინა უდაბნოსადმი სიყვარული, რაც ერთდროულად აღაფრთოვანებს და აშინებს. “აგორაფობიით დაავადებული ადამიანისთვის უდაბნო შიშის გამომწვევია, რადგან აქედან ადვილად ვერ გაიქცევი. 

მონღოლეთმა ხელი შეუწყო მისი ხედვისა და ესთეტიკის ფორმირებას და ეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც რეალურადაც იხილავდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მალე მოხდება – ყოველ შემთხვევაში მანამდე არა, სანამ მსოფლიოში კარანტინი არ გაუქმდება. 

ჯექისთვის უცნაურია, რომ ხალხი ახლა იმ შეზღუდვებს უმკლავდება, რომლებსაც ის აგორაფობიის გამო მთელი ათწლეულის განმავლობაში გარკვეულწილად ექვემდებარება. “რა თქმა უნდა, ეს მაინც განსხვავებულია. ემპათიას გამოვხატავ და მესმის იმ იმედგაცრუების, რომ სახლიდან შორს მოგზაურობა არ შეგიძლიათ და თავს სამყაროსგან განცალკევებულად გრძნობთ. ეს ძალიან რთულია”.

როგორც მისი გამოცდილებიდან გაირკვა, ვირტუალურად მოგზაურობა კარგი ალტერნატივაა. აშკარაა, რომ ფიზიკურად მოგზაურობაში სრულიად განსხვავებულ სენსორულ გამოცდილებას ვიღებთ, მაგრამ, როგორც ჯექი აღნიშნავს, ყველაზე კარგი Street View-ში ის არის, რომ დაგეგმილი მარშრუტი არ გაქვთ და სადაც გინდათ იქ წახვალთ. “ერთი ადგილის მსგავსების დანახვა მეორესთან საკმაოდ მარტივია და ამან გამაანალიზებინა, რეალურად რამდენად დაკავშირებულები ვართ ერთმანეთთან. ამან შემახსენა, თუ როგორ გრძნობენ ასტრონავტები თავს, როდესაც კოსმოსიდან დედამიწას აკვირდებიან. მათი ცნობიერება იცვლება. თითქოს უფრო დიდი სურათის დანახვის შეგრძნება გიჩნდება”.

ხელოვანი პლატფორმის გამოყენებით სხვადასხვა ადგილებს ფოტოებს უღებს და ინსტაგრამზე ათავსებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგიერთი ადამიანი ამას ფოტოგრაფიად არ აღიქვამს. მიუხედავად ამისა, ჯექის განცხადებით, ფოტოგრაფიის ტრადიციული დეფინიცია დიდად მნიშვნელოვანი არაა, რადგან კამერის გარდა უამრავი გზა არსებობს, რითაც სურათის შექმნა შეიძლება.

ორიგინალი: https://i-d.vice.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.