fbpx

“COVID-ის ფეხის თითები” – კორონავირუსის ახალი სიმპტომი?


გააზიარე სტატია


ავტორი: Zachary Keyser

 

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ყოველდღიურად პოულობენ კორონავირუსის შესახებ სიახლეებს, მათ შორის, უშუალოდ COVID-19-თან დაკავშირებულ სიმპტომებსაც, ერთ-ერთ ასეთ ახალ აღმოჩენას კი “კოვიდის ფეხის თითები” ეწოდება.

COVID toes მოწითალო მტკივნეული დაზიანებაა, რომელიც ფეხის თითებზე, ტერფებსა და კოჭებზე ჩნდება. ამ სიმპტომის შემთხვევაში ადამიანს ტერფებზე აღენიშნება შეშუპება, ანთება, გაღიზიანება და ქავილი. რეაქციის დროს დაზიანებები შეიძლება იისფერიც გახდეს.

პაციენტთა უმრავლესობა, რომელთაც კანზე ასეთი რამ  აღენიშნებოდათ, ჯანმრთელი ან ასიმპტომური იყო – უმეტესობისთვის კოვიდ-ტესტი არ ჩაუტარებიათ. ესპანეთში, იტალიასა და ბელგიაში გამოქვეყნებულ სამედიცინო ნაშრომებში ნათქვამია, რომ კორონავირუსის გავრცელების დაწყებისთანავე შეშუპებულ ფეხის თითებს ბევრი ადამიანი უჩიოდა, ამასთან, მათი უმეტესობა ბავშვები, მოზარდები და ახალგაზრდა, ჯანმრთელი ზრდასრულები იყვნენ.

“საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯია, რომ არ დაპანიკდნენ – პაციენტთა უმრავლესობა, რომელთაც ეს დაზიანება აღენიშნებათ, კარგად არიან.  – განაცხადა მასაჩუსეტსის საავადმყოფოს დერმატოლოგიის დირექტორმა ესტერ ფრიმენმა. – მათ აღენიშნებათ ის, რასაც ჩვენ კეთილთვისებიან კლინიკურ კურსს ვუწოდებთ. პაციენტები სახლში რჩებიან, ნელ-ნელა უკეთ ხდებიან და ფეხის თითების დაზიანებებიც ქრება.”

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის დერმატოლოგის, ტოლა ოიესანიას თქმით, ახალგაზრდა ჯანმრთელ პაციენტებს უფრო აქვთ მიდრეკილება ამ რეაქციის განვითარებისკენ, ვიდრე ხანდაზმულებს, სიმპტომები კი ვირუსული ციკლის გვიან სტადიებში წარმოიქმნება, მე-9 ან მე-10 დღეს. 

“ასე რომ, თუ მათ მცირე სიმპტომები აღენიშნებოდათ, სავარაუდოდ, ეს მე-9 ან მე-10 დღეს მოხდებოდა, მაშინ, როდესაც მათ ფეხის თითებზე ცვლილებები უვითარდებათ, ხოლო თუ ამ პაციენტებს კოვიდ-ტესტს ჩავუტარებთ, აღმოვაჩენთ, რომ უმეტესობის პასუხი ტესტზე ნეგატიური იქნება. ისინი ძალიან ავად არ ხდებიან”,  – განაცხადა მან.

ტოლა ოიესანიას სამედიცინო სფეროს ბევრი წარმომადგენელი ეთანხმება და ისინი თვლიან, რომ მათ, ვისაც COVID toes აღენიშნება, პანიკის საბაბი არ აქვთ – ეს შესანიშნავი ინდიკატორია იმისა, რომ პაციენტს COVID-19 უკვე ჰქონდა და მისმა ორგანიზმმა ვირუსულ ინფექციაზე რეაგირება სწრაფად მოახდინა. 

 

ორიგინალი: https://www.jpost.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.