fbpx

უფეხბურთობიდან უმაყურებლო ფეხბურთამდე


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ განვლილ შაბათ-კვირას გერმანიის ბუნდესლიგის გათამაშება განახლდა. თანდათანობით მას სხვებიც შეუერთდებიან და ფეხბურთის მოყვარულებს თამაშებით უაღრესად დატვირთული ივნისი ელით, რადგან თითოეულ განახლებულ ჩემპიონატში გუნდებს კვირაში ორ-ორი თამაშის ჩატარება მოუწევთ. ეს კი ფეხბურთს ლამის ყოველდღიურ სანახაობად აქცევს.

უჩვეულო იყო ტელეეკრანებიდან ბუნდესლიგის ცხრავე შეხვედრაში ცარიელი ტრიბუნების ხილვა, მაგრამ გულშემატკივრებს მოუწევთ ამ რეალობასთან შეგუება, ფეხბურთელებს კი გოლების მხოლოდ დისტანციურად აღნიშვნა. სიახლეების ფონზე, ბუნდესლიგის განვლილი ტური საკმაოდ საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა.

ნავსი გატეხა დორტმუნდის „ბორუსიამ“, რომელმაც რურის დერბიში უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე შინ პირველად დაამარცხა „შალკე“

„დორტმუნდმა“ ანგარიშით 4:0 გაანადგურა „შალკე“, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი შეინარჩუნა და სამი ქულით გადაუსწრო „ლაიპციგს“, რომელმაც შინ ფრედ  1:1 ითამაშა „ფრაიბურგთან“.

„ლაიპციგის“ შეფერხებით ისარგებლა „მიონხენგლადბახმა“, რომელმაც გასვლაზე „აინტრახტის“ საკმაოდ იოლად, ანგარიშით 3:1 დამარცხების შემდეგ, ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

შაბათის შეხვედრებიდან აღსანიშნავია „ჰერტას“ მიერ „ჰოფენჰაიმის“ გასვლაზე დიდი ანგარიშით  3:0 დამარცხება. ეს მატჩი სადებიუტო იყო ბერლინურ კლუბში აპრილში მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნულ, წარსულში ცნობილ ფეხბურთელ ბრუნო ლაბადიასთვის. 

აი მეორე ბერლინურმა კლუბმა „უნიონმა“ კი კვირა საღამოს ბუნდესლიგის გათამაშების ლიდერ მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩი ანგარიშით 0:2 დათმო. უმაყურებლოდ ჩატარებულმა შეხვედრამ ამხანაგური მატჩის შთაბეჭდილება დატოვა, სადაც შედეგი თითქოს თავიდანვე განსაზღვრული იყო. 

პირველი ტაიმის მიწურულს რობერტ ლევანდოვსკიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით დააწინაურა სტუმრები, მატჩის მეორე ნახევარში კი გერმანიის ჩემპიონატის ლიდერის წარმატება ბენჯამინ პავარმა განამტკიცა.

„უნიონი“ თავიდანვე შეგუებული იყო საკუთარ ბედს „რეკორდმაისტერთან“ შეხვედრაში და ქულების მოპოვებას უკვე მომდევნო ტურში, ბერლინურ დერბიში „ჰერტას“ წინააღმდეგ ეცდება. 

ბუნდესლიგისგან განსხვავებით იქ, სადაც ფეხბურთი ჯერ არ განახლებულა, პრობლემები მეტია, ვიდრე ხალისი. მაგალითად, პერუს ნაკრების და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ახლახან კორონავირუსით დაავადებულმა ფეხბურთელმა ჯეფერსონ ფარფანმა ინსტაგრამზე საზოგადოებას საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ აუწყა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერის გამო.

კრიტიკულ მდგომარეობაშია „რომა“, რომელსაც მიმდინარე ვალის ნაწილის დასაფარად და არსებობისთვის, უახლოეს დღებში 94 მილიონი ევრო ესაჭიროება. 

აქვე ცნობილი გახდა, რომ კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა მზადაა, სახელგანთქმული კლუბი საუდის არაბეთის პრინცს მიჰყიდოს.  

„რომასთან“ ერთად მძიმე მდგომარეობაშია მთელი იტალიური ფეხბურთი, რადგან ჩემპიონატის 13 ივნისს განახლების წინასწარი გადაწყვეტილების მიუხედავად, კლუბებს შორის ერთსულოვნება არ არის მიღწეული. 

სერია A-ს ცხრა კლუბი არ ეთანხმება კანონს, რომლის თანახმადაც გუნდში ერთი ფეხბურთელის კორონავირუსით დაავადების შემთხვევაშიც კი, მთელი გუნდი კარანტინში უნდა აღმოჩნდეს და ამიტომ ვარჯიშის განახლებას არ აპირებს. 

სამაგიეროდ, სკუდეტოს მაძიებელი „ლაციო“ ხელისუფლების მხრიდან აკრძალვის მიუხედავად, ვარჯიშის პროცესს უკვე შეუდგა… 

როგორც მოსალოდნელი იყო, „ინტერი“ და „ბარსელონა“ ვერ თანხმდებიან ლაუტარო მარტინესის სატრანსფერო ფასის შესახებ. კატალონიური კლუბი მზადაა არგენტინელ ფორვარდში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს, იტალიელები კი ამით არ კმაყოფილდებიან და ლაუტაროს სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს და კიდევ ერთ ფეხბურთელს ითხოვენ.

მადრიდის „რეალი“ კრიზისის მიზეზით ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელს შეიძლება დაემშვიდობოს და უპირველეს ყოვლისა ეს ხამეს როდრიგესს და გარეთ ბეილს ეხება.  

ამ უკანასკნელს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს მომავალში უელსელი ფეხბურთელი შეიძლება „ნიუკასლს“ შეუერთდეს, რომლის ახალ მფლობელებს ამბიციური გეგმები გააჩნიათ.

„ნიუკასლი“ „კრისტალ პალასის“ მარცხენა გარემარბ ვილფრიდ ზაჰას შეძენითაცაა დაინტერესებული, თუმცა მას ამ საქმეში „ჩელსი“, „არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ეცილებიან.

ჯერჯერობით უცნობია, დაეხმარება თუ არა გარეთ ბეილი „სამეფო კლუბს“ „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშების განმეორებით შეხვედრაში. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ეს მატჩი 7 აგვისტოს, სავარაუდოდ მაყურებელთა გარეშე ჩატარდება.

ეს უკანასკნელი ფაქტორი კი მადრიდის „რეალის“ წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც პირველი მატჩი ანგარიშით 1:2 აქვს წაგებული და მეოთხედფინალში გასასვლელად, სტუმრად ორბურთიანი სხვაობით მოგება შეიძლება დასჭირდეს.

„ბარსელონას“ კი „რეალისგან“ განსხვავებით, „ნაპოლისთან“ ორივე მერვედფინალური მატჩი აქვს ჩასატარებელი. კატალონიელთა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა განაცხადა, რომ მისი კლუბის მიზანი როგორც ესპანეთის ჩემპიონატის, ისე ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. 

ამ აზრის საწინააღმდეგოდ ლიონელ მესიმ აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მას ყოველწლიურად უწევს და „ბარსელონას“ დღევანდელი თამაშის ხარისხით, შეუძლებელია ამ ტურნირში წარმატების მიღწევა…

ჩემპიონთა ლიგის ტურნირი კი აუცილებლად განახლდება, რადგან უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა საჯაროდ განაცხადა, რომ ევროთასების წლევანდელი სეზონი აგვისტოში დასრულდება

თუმცა, იმავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მჭიდრო გრაფიკის გამო, შეიძლება ჩემპიონთა და ევროპის ლიგის მომავალი სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაუქმდეს, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მდიდარი კლუბების დანარჩენებისგან განცალკევებას, რომელთა შორის საქართველოს ოთხი საფეხბურთო კლუბიც მოიაზრება. 

ასეთი ვარაუდი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ევროპის მმართველი საფეხბურთო ორგანიზაციის რეალურ პოლიტიკას, რომლისთვისაც სინამდვილეში ზედმეტი ტვირთია ღარიბი კლუბები და დაბალი რანგის ჩემპიონატები… 

ერთ-ერთი ასეთი ჩემპიონატი – კვიპროსის პირველი ლიგა – საფრანგეთის, ბელგიისა და ჰოლანდიის მსგავსად, აღარ განახლდება. ადგილობრივი კლუბებიდან ყველაზე მეტად ეს ამბავი თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ განიცადა, სადაც მოთამაშე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში ასპარეზობის შესაძლებლობა მოესპოთ.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით არაფერი ისმის საქართველოს ჩემპიონატის განახლების თარიღის შესახებაც, რომელსაც პირველი ორი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით თბილისის „ლოკომოტივი“ ლიდერობს…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.