fbpx

ზურა აფხაზის არაონლაინ გამოფენა მწვანე მდელოზე – „დედიკას გალერეა ინვაინრომენთალში“


გააზიარე სტატია

ავტორი: თეონა ჯაფარიძე

ფოტო: ტასო ბეჟიტაძე

 

დღეს სოციალურად დისტანცირებული არტ-სამყარო ფარ-ხმალს არ ყრის  და პანდემიის პირობებში არსებობისათვის იბრძვის. Current exhibitions-ს “ვგუგლავ” და ვხვდები, რომ ის ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც საკმაოდ ძლიერი იმუნიტეტი აქვს:  დასავლეთში ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო მეტად არწმუნებს  ხელოვნების მომხმარებელს, რომ ხელოვნება საუკეთესო კაპიტალდაბანდებაა: სწორედ ამიტომაც ნიუ-იორკის  Philips-ის აუქციონის სახლის ონლაინ გაყიდვები “ქონთემფორარი” ნამუშევრებზე არ ფერხდება, მეტროპოლიტენის ადმინისტრაცია ბოდიშს გვიხდის, პანდემიის გამო გერჰარდ რიხტერის გამოფენის თარიღი რომ გადაიდო და სამაგიეროდ, დროებით, მის ონლაინ ტურს გვთავაზობს, ბერლინში კი, Palais Populaire-ში, 6 მაისს გახსნილ ქრისტო და ჯინი კლოდების ნამუშევრებს დოიჩე ბანკის კოლექციიდან დამთვალიერებელი პირბადეებით და ერთმანეთისაგან ზომიერად დისტანციურად ათვალიერებს.

ამ ონლაინ-კვლევის პროცესში რომ ვარ, უცებ სასწაული ხდება და ჩვენთან, თბილისთან ახლოს, წავკისში  გამოფენა იხსნება: ასე აღმოვჩნდი არაონლაინ გამოფენაზე  არაონლაინ ნამუშევრებსა და ნამდვილი ადამიანების (დამთვალიერებლების) გარემოცვაში. 

ზურა აფხაზის გამოფენა „ჩვენ, ადამიანები“ წავკისის ველზე,  „დედიკას გალერეა ინვაინრომენთალში“ გაიხსნა – პირბადეებით, დისტანციით, covid-19-ისთვის რეკომენდებული ყველა წესის დაცვითა და ელექტროსკუტერით შემოგებებული გალერისტით.

ამ მინიატიურულმა, როგორც ამბობენ, 50 ნანომეტრის დიამეტრის მქონე ვირუსმა მოახერხა და გამოფენის ექსპოზიციის სპეციფიკაც კი შეცვალა –  ნამუშევრები ინტერიერში ზურგით და ექსტერიერისკენ სახით დააკიდებინა კურატორებს,  რითაც პრაქტიკულად covid-19-ის კანონებს დავემორჩილეთ და  შიდა სივრცეში შესვლისა და იქ თავშეყრის   ნაცვლად, გამოფენა გარედან დავათვალიერეთ  პირდაპირ მწვანე მდელოზე გაშლილ სივრცეში. 

თუმცა მხოლოდ კორონავირუსის გამო კი არა, „დედიკას გალერეა ინვაინრომენთალის“ კონცეფცია ლანდშაფტისა და გარემოს ხელოვნებას უკავშირდება და ღია სივრცეზეა ორიენტირებული.  მისი იდეა ამ რამდენიმე წლის წინ გაჩნდა და მისთვის დედაქალაქის ცენტრში  კონცენტრირებული გალერეებისგან განსხვავებული, ალტერნატიული ადგილი შეირჩა თბილისთან ახლოს, წავკისის ველის ტერიტორიაზე  ექსპერიმენტული პროექტებისთვის. ის ერთდროულად რეზიდენციასა და საგამოფენო სივრცეს მოიცავს, რომელიც ოფიციალურად სწორედ ზურა აფხაზის ამ გამოფენით – „ჩვენ, ადამიანები“ გაიხსნა (კურატორები – დედიკა ბულია და ხათუნა ხაბულიანი).

ეს მინიმალისტურად შესრულებული  ცნობილი პოპ-კულტურის სახეებისა თუ უცნობი ადამიანების შავ-თეთრი სილუეტების სერიაა, რომელიც მხატვარმა ზურა აფხაზმა 20 წლის წინ შექმნა, მაგრამ ის ამ დღეს პირველად გამოიფინა სწორედ covid-19-ის კონტექსტში, როგორც ერთ რეალობაში მოხვედრილი „ცნობადი“ და რიგითი ადამიანების ერთობა, რომლებსაც უბრალოდ – „ჩვენ, ადამიანები“ წარმოვადგენთ. 

ნამუშევრები, რეზიდენციის  ექსტერიერსა და  და ეზოში განთავსებულ კიდევ ერთ ობიექტზე – „შუშის“ კუბის ვიტრინებშია მოთავსებული და ადვილად იკითხება შორ დისტანციაზეც, რეზიდენციის გარე ტერიტორიასთან შემთხვევითი გამვლელისთვის კი, განსაკუთრებით კი ღამით, სპეციალური განათების წყალობით (კუბის დიზაინი რატი ერაძეს ეკუთვნის).

შუშის კუბი „დედიკას გალერეის” კიდევ ერთი დამოუკიდებელი მოძრავი საგამოფენო სივრცეა, ასევე ექსპერიმენტული პროექტებისთვის, რომლის განთავსებაც სხვადასხვა ადგილას, თბილისის სხვადასხვა უბნებშია შესაძლებელი ინტერაქტიული ნამუშევრებისთვის. 

„დედიკას გალერეას“ მესამე სივრცე თბილისის ცენტრშია და ის ერთდროულად საგამოფენო სივრცესა და გალერეის საქმიან ოფისს წარმოადგენს. წავკისის ველის “ინვაინრომენთალს” კი,  როგორც ზემოთ ვახსენეთ, საგამოფენო სივრცესთან ერთად რეზიდენციის ფუნქციაც აქვს, სადაც ამ მომენტისთვის ახალგაზრდების ჯგუფი off/on პროდუქტიულად მუშაობს და ახალ ნამუშევრებს ქმნის.

„დედიკას გალერეის სამივე სივრცე („შუშის მოძრავი  კუბი“, წავკისის ველზე რეზიდენცია და გალერეა თბილისში) მთლიანობაში ხელოვნების „წარმოების“ უწყვეტ პროცესს უზრუნველყოფს – ნამუშევრის შექმნიდან მის მომხმარებელთან მოხვედრამდე. პარადოქსია, მაგრამ სამივე სივრცე აქტიურ ფუნქციონირებას  სწორედ covid-19-ის პერიოდში იწყებს. 

ამ ფაქტმა ბევრ რამეზე დამაფიქრა: პირველ რიგში, იმაზე, რომ კერძო გალერისტებს, არტ-დილერებსა და მომხმარებელს დღეს საკმაოდ კარგი ბერკეტები გააჩნიათ ქართული სახელოვნებო ბაზრის  შესანარჩუნებლად. მცირე მასშტაბის ქართული სახელოვნებო სცენა თავისი არტისტებით, დილერებით, კურატორებით, გალერისტებით, გალერეებით, მომხმარებლებითა და შესაბამისად, მცირე მასშტაბის ბაზრით, გლობალური არტ-სამყაროს ნაწილია და მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერჯერობით სახელმწიფო ინსტიტუციებისგან მიტოვებული, ჟანგბადის ბალიშის გარეშე დარჩა ამ საყოველთაო ბრძოლაში, გადარჩენისთვის ყველა საჭირო რეფლექსი უნდა აამუშაოს. 

ზურა აფხაზის გამოფენა წავკისში 21 მაისამდე გაგრძელდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.