fbpx

საერთო სივრცე, პანდემია და არქიტექტურის ვირტუალური ბიენალე


გააზიარე სტატია


ავტორი: ელენე ფასური

 

“მხოლოდ შენობები არ კმარა”

თბილისის არქიტექტურული ბიენალე პირველად 2018 წელს ჩატარდა. ახალგაზრდა არქიტექტორთა საინიციატივო ჯგუფმა  შემოქმედებითი, პრაქტიკოსი და მეცნიერი პროფესიონალები პირველად გააერთიანა და მოსახლეობას  თანამშრომლობა შესთავაზა.  ბიენალეს პროგრამამ გლდანის ტერიტორია მასშტაბურად მოიცვა და ინოვაციები  სხვადასხვა გამოფენებით, ლექციებითა და საზოგადოებრივი აქტივობებით წარმოადგინა.  საბჭოთა მაღალსართულიანი საცხოვრებელი  კორპუსებისა და ინდივიდუალური მიშენებების კონტრასტულ გარემოში  ბიენალე –  მთავარი თემით – „შენობები არ კმარა“ – გლდანის განსაკუთრებულ გეგმარებასა და პოსტსაბჭოთა გარდაქმნის ესთეტიკურ და პოლიტიკურ ასპექტებზე მსჯელობდა. 

 

ბიენალეს მეორე,  2020 წლის გამოშვება ცოტა ხნის წინ დაანონსდა სლოგანით: „რა გვაქვს საერთო?“ 

 

უფლება ქალაქზე

„საბჭოთა კავშირის დრამატული დაშლის შემდეგ მსოფლიო რუკას რამდენიმე ნაწილობრივ აუღიარებელი ქვეყანა დაემატა. „კოლექტივად“ ჩამოყალიბებული საზოგადოება სულ უფრო და უფრო ინდივიდუალისტური, მისი დაგეგმილი ურბანული სივრცეები კი უფრო ფრაგმენტული და დანაწევრებული გახდნენ. გარდაქმნის პროცესმა საერთო სივრცეებისა და მათი კოლექტიურობის გრძნობა თითქოს დაივიწყა“,  – ვკითხულობთ მეორე ბიენალეს მანიფესტში. 

შესაბამისად, ახალი პროგრამა ყველა იმ მატერიალურ თუ არამატერიალურ რესურსზე იმსჯელებს, რომელიც საერთო საკუთრებაა,  მაგალითად, საჯარო პარკები თუ სკვერები, გამოუყენებელი კერძო შენობები, შესასვლელები, საცხოვრებელი სახლების წინ არსებული ეზოები, კიბის უჯრედები და საერთო სახურავები… მართული ღია სივრცეები, საფიხვნოები (ბირჟები) და კულტურულ წიაღებში აღმოცენებული სხვა შეკრების წერტილები: პენსიონერთა შეხვედრის ადგილები, საბავშვო სათამაშო მოედნები და ა.შ. არქიტექტურის, ქალაქგეგმარებისა და სივრცის დიზაინი  სწორედ მათ  ფუნქციურ გამართვაზე, სტრატეგიულ დაგეგმარებასა და გამდიდრებაზე “დაფიქრდება”. ეს იქნება ანალიზი იმ არსებულ საბაზრო ეკონომიკის წესრიგში, რამაც ამ დისციპლინებს, უმთავრესად, კერძო კაპიტალის, ბიზნესის, პირადი საკუთრების, მომსახურების ფუნქცია მიანიჭა.

 

დისტანცია – როგორც საერთო 

„კითხვაზე – “რა გვაქვს საერთო”, პასუხი უფრო ადრე ვიპოვეთ, ვიდრე ველოდით“. ერთი მხრივ, ნათელი გახდა, რომ საერთო გაცილებით მეტი გვაქვს, ვიდრე ვხედავთ, მეორე მხრივ კი – პანდემიამ მსოფლიოში არსებული უთანასწორობა უფრო მკაფიოდ გამოავლინა და გააძლიერა“. Covid 19-ის კრიზისმა ბიენალეს პროგრამას გადააზრებისკენ უბიძგა და ახალი მნიშვნელობები შესძინა. მსოფლიო მოვლენამ ფიზიკური დისტანციის და თავისუფალი ურთიერთობის საკითხები დღის წესრიგში მთავარ ადგილას დააყენა. 

მოგზაურობის, თავშეყრებისა და ადამიანური ურთიერთობების თვისობრივმა გარდაქმნამ თითქოს მეტაფორული ტოლობა დასვა ვირუსსა და სივრცით აზროვნებას შორის; ნაგებობებმა, შენობებმა და ზოგადად, ფიზიკურმა სტრუქტურებმა კი ბევრად უფრო  კრიტიკული ელფერი შეიძინა. სწორედ ამის გამო ონლაინ სივრცე ადეკვატური  გამოდგა მსგავს საკითხებზე დასაფიქრებლად. 

ვირტუალური სივრცე თბილისის მეორე არქიტექტურული ბიენალეს მთავარ „ლოკაციად“ დასახელდა. პროგრამის ძირითადი ნაწილი ციფრულ ფორმატში განხორციელდება, ღონისძიება უფრო „საერთო“ და საერთაშორისო იქნება, მისი  სააქტივო სივრცე კი ბიენალეს ვებგვერდი გახდება. თბილისის არქიტექტურის მეორე ბიენალე 2020 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში  ჩატარდება. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.