fbpx

დიეტა და ჯანსაღი კვება – ექიმ-ნუტრიციოლოგ ნატა გაგუას რჩევები


გააზიარე სტატია


თვითიზოლაციის პირობებში, მზისა და ჰაერის გარეშე სახლში დარჩენილ ადამიანებს შესაძლოა სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ, იქნება ეს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი თუ წონაში მატება.

ამ პრობლემების დაძლევის საშუალებებსა და დიეტისა და იმუნიტეტისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე, ჩვენ ექიმ-ნუტრიციოლოგ ნატა გაგუას, გავესაუბრეთ. 

მინერალური წყალი გასტრონომიულ კულტურაში, რა ადგილი უკავია მას?

როგორც სახელი ცხადყოფს, მინერალური წყალი მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს. მტკნარი წყლისაგან ის ქიმიური შემადგენლობით, ფიზიკური თვისებებით, ტემპერატურით, გემოთი, ფიზიოლოგიური მოქმედებითა და სამკურნალო ეფექტით განსხვავდება. ამიტომ ხშირად გამოიყენება გასტროენტეროლოგიასა და ნუტრიციოლოგიაში.  მაგალითად, ბორჯომის მინერალურ წყალს გააჩნია სამკურნალო-პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო ჩვენებების ფართო სპექტრი.  გაზირებული „ბორჯომის“ წყლის მოქმედება უფრო ძლიერია, ვიდრე არაგაზირებულის. დადებით გავლენას ახდენს ქრონიკულ გასტრიტზე (სხვადასხვა დისპეფსიური მოშლილობებით), თბილი, დეგაზირებული „ბორჯომის“ წყალი ავლენს ანთების საწინააღმდეგო და ანალგეტიკურ (ტკივილგამაყუჩებელ) მოქმედებას კუჭის ანთებით პროცესში მყოფ ლორწოვან გარსზე. 

მნიშვნელოვანია, რომ „ბორჯომის“ ტიპის ნატრიუმის ჰიდროკარბონატის შემცველი მინერალური წყლები დადებითად მოქმედებენ ზოგადად ნივთიერებათა ცვლაზე. როცა ნივთიერებათა ცვლა წესრიგშია, იმუნიტეტიც მოწოდების სიმაღლეზეა. 

„ბორჯომის“ წყალს ასევე უპირატესობა ენიჭება ზოგადი სიმსუქნის მკურნალობისას. რაც უფრო მეტი ცხიმოვანი ქსოვილია ჩვენს ორგანიზმში, მით უფრო მეტი პრობლემა ექმნება ჩვენივე ჯანმრთელობას. ამიტომ საჭიროა ორგანიზმი გავატუტიანოთ, რომ PH სიმჟავისკენ არ გადაიხაროს. ჯანმრთელობის გაუმჯობესების და შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი წყლის სწორად მიღებაა. ბორჯომში შემავალი ვულკანური წარმოშობის მინერალები ყველაზე მსუყე კერძის შემდეგაც დაგვეხმარება ვიგრძნოთ სიმსუბუქე.


რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ექიმ-ნუტრიციოლოგს ვეწვევით?

შევეცდები გაგაცნოთ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ექიმ-ნუტრიციოლოგთან ვიზიტს დაგეგმავთ და დიეტის რთულ და ფაქიზ პროცესს შეუდგებით. ნუტრიციოლოგს სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებლად სჭირდება პაციენტის მზაობა და მისი პოზიტიური განწყობა. 

დიეტა – ეს თქვენს ცხოვრებაში დადებითი მნიშვნელოვანი ცვლილების პროცესია, რომელსაც ექიმ-ნუტრიციოლოგთან ერთად გადიხართ. 

ამ პროცესიდან წარმატებამდე კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ: 

მზაობა: ნუტრიციოლოგის მიერ შერჩეული კვების მოდელი თქვენი ცხოვრების წესს შეცვლის, ყოველდღიურ რეჟიმს გადააწყობს, დაგჭირდებათ ახალი მიდგომები კვებასთან დაკავშირებით. საამისოდ კი ფსიქოლოგიურად აუცილებლად მომზადებული უნდა იყოთ.

ნდობა: დიეტა, ნუტრიციოლოგი და თქვენ – თუ ამ სამ კომპონენტს შორის დარღვეულია ჰარმონია, არაფერი გამოვა. სპეციალისტს, რომელსაც დასახმარებლად მიმართავთ, აუცილებლად უნდა ენდობოდეთ; უნდა გჯეროდეთ, რომ მის მიერ შერჩეული კვების რაციონი ეფექტურია. წინააღმდეგ შემთხვევაში უშედეგოდ დაკარგავთ დროს და ენერგიას. 

გახსნილობა: დიეტოთერაპიის პროცესში უამრავი შეკითხვა შეიძლება გაგიჩნდეთ. არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ ისინი თქვენთვის. ნუ მოგერიდებათ, ნუტრიციოლოგი თქვენი თანამგზავრია ამ პროცესში. ამიტომ მან უმნიშვნელო დეტალებიც კი უნდა იცოდეს. თამამად დაუსვით მას ყველა შეკითხვა, ესაუბრეთ თქვენს შეგრძნებებზე. 

ჩართულობა: დიეტა არ არის თქვენი წარმატების მზა რეცეპტი. ის პროცესია, რომელშიც ბოლომდე უნდა იყოთ ჩართული. აუცილებელია იცოდეთ, რას და რატომ აკეთებთ. რა ეტაპების გავლა მოგიწევთ მთელი ამ პროცესის განმავლობაში. მაგალითად, დიეტოთერაპიის დაწყებამდე, პრობლემის სრულყოფილად დასანახად, საჭიროა კონკრეტული ლაბორატორიული კვლევები ჩაიტაროთ. კვლევის შედეგები კი ნუტრიციოლოგთან ერთად დეტალურად განიხილოთ. 

თანმიმდევრულობა: ჩათვალეთ, რომ ახალ მნიშვნელოვან პროექტს იწყებთ, სახელად – „ჩემი კვების მოდელი“. ნებისმიერ პროექტს კი დაგეგმვა, ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელება და მართვა სჭირდება. როგორც უკვე ვთქვით, ეს თქვენს ყოველდღიურობას შეცვლის. ამიტომ აუცილებელია, საკუთარი დღის განრიგი ისე დაგეგმოთ, რომ პროცესს ხელი არაფერმა შეუშალოს. 

ჩვევების გამომუშავება: შედეგი, რომელსაც დიეტოთერაპია მოგვცემს, შენარჩუნება სჭირდება. საამისოდ კი სპეციალისტთან დაუსრულებელი ვიზიტები საჭირო სრულებითაც არ არის. მთავარია, გამოიმუშაოთ სწორი დამოკიდებულება კვების მიმართ; დაკავდეთ სპორტის რომელიმე, თქვენთვის სასურველი სახეობით. უნდა გახსოვდეთ, რომ ზოგადად სიმსუქნისკენ მიდრეკილებას ვერ აღმოფხვრი, თუმცა თუკი ჯანსაღი ცხოვრების წესს აირჩევთ და საჭირო ჩვევებს გამოიმუშავებთ, წონის და მადის მართვა იოლად და ძალდაუტანებლად შეიძლება. 

წონა + ჯანმრთელობა: და ბოლოს, ნუ დაივიწყებთ, რომ კილოგრამები კი არ არის მთავარი, არამედ ის, თუ როგორ გამოიყურები. ისე არ უნდა გაგვიტაცოს ჭარბ წონასთან ბრძოლამ, რომ ჯანმრთელობა დავიზიანოთ. წონის დაკლება იმიტომ გვსურს, რომ ჯანსაღად და ლამაზად გამოვიყურებოდეთ. ამიტომ აუცილებელია, გავუფრთხილდეთ ჩვენს ორგანიზმს, კანს, კბილებს, თმას, ფრჩხილებს, კუნთოვან ქსოვილებს, რომლებიც არასწორი კვების გამო შეიძლება საგრძნობლად დაზიანდეს. 

 

სად გადის ზღვარი “დეტოქსსა” და საზიანო დიეტას შორის?

მარტივ ენაზე, ორგანიზმის წიდებისგან „გაწმენდას” დეტოქსი ჰქვია. ჭარბი წონა ხომ პირველ რიგში ჩვენი ცხოვრების წესის, ჩვენი ჩვევების შედეგია, თუ ორგანიზმს დიეტის მეშვეობით კრიტიკულ პირობებში ჩავაყენებთ, ორგანიზმი „დაიმახსოვრებს“ განსაცდელს, რომელშიც ჩვენ მას ვაგდებთ, და როგორც კი ჩვეულებრივ კვებაზე გადავალთ, წონა სწრაფად და გაორმაგებული ძალით ბრუნდება. სწორედ ამიტომ, არც მოკლევადიან დიეტებსა და არც შიმშილობებს სარგებლობა არ მოაქვთ. ამ მანკიერ წრეზე სიარული უსასრულოდ გრძელდება, სანამ არ მოვა იმის შეგნება რომ აუცილებელია სწორი გზის პოვნა და პროფესიონალის კონსულტაცია.


რას ნიშნავს სწორად კვება?

ჯანსაღი კვების პირველი კანონია სწორი თანაფარდობა მიღებულ კალორიებსა და ორგანიზმის მიერ დახარჯულ ენერგიას შორის. ცხოველმყოფელობისთვის აუცილებელია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების, ასევე ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების გარკვეული თანაფარდობა, რომელსაც ექიმი-ნუტრიციოლოგი ინდივიდუალურად შეურჩევს პაციენტს. არ არსებობს პროდუქტი, რომელიც შეიცავს ადამიანისთვის აუცილებელ ყველა კომპონენტს (გარდა დედის რძისა, რომელიც მხოლოდ ახალშობილებისთვისაა განკუთვნილი), ორგანიზმი ყველა აუცილებელ ნივთიერებას სხვადასხვა პროდუქტის კომბინაციით იღებს. ამიტომაც არის საჭირო მრავალფეროვანი კვება. 

რაციონალური კვება რეჟიმის დაცვით უნდა ხდებოდეს. რეჟიმის დარღვევა ხშირად იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და სხვადასხვა დაავადებებს. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობა 60%-ით ცხოვრების წესსა და კვების სისტემაზეა დამოკიდებული, 15%-ით – მემკვიდრეობით ფაქტორებზე, 15%-ით – გარემოზე და მხოლოდ 10%-ით – ჯანდაცვაზე.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი მითითება რომელიც დიეტაზე მყოფმა ადამიანმა უნდა დაიცვას.

დიეტამ შედეგი რომ გამოიღოს, პირველ რიგში, კვების კულტურა უნდა გამოვიმუშავოთ, რაც უმთავრესად ნატურალური, რაციონალური საკვების მიღებას, კვების რეჟიმის დაცვასა და ზომიერებას გულისხმობს.

  1. საკვები უნდა მიიღოთ დღეში არა უმცირეს 3-ჯერ, უმჯობესია – 3 ძირითადი კვება და 1 ხემსი.
  2. არ იშიმშილოთ.
  3. კალორიებით ყველაზე მდიდარი ულუფა დღის პირველ ნახევარში უნდა მიიღოთ.
  4. არ ჭამოთ მთლიანი ულუფა, თუ არ გშიათ.
  5. ყურადღება მიაქციეთ საკვებში ცხიმისა და კალორიების შემცველობას, მარილის რაოდენობას.
  6. არ დაგავიწყდეთ დღის განმავლობაში წყლის მიღება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.