fbpx

მარტივად: რისგან შედგება ფასი და რას ნიშნავს მოგების, აქციზის და დღგ-ს გადასახადი


გააზიარე სტატია

ავტორი: ზურა გამთენაძე


აქციზი

დილით მაღაზიაში შეირბინე და აღმოაჩინე, რომ შენი სიგარეტი უკვე 6₾ ღირს, არადა გუშინ დილით ხომ 5.5₾  გადაიხადე? რა შეიცვალა ერთ დღეში? ლარის კურსიც არ შეცვლილა, ასე რომ გაძვირებულიყო და არც სხვა ფაქტორები  გახსენდება. რა თქმა უნდა, არც ის გაგხსენებია, რომ თამბაქოზე აქციზის გადასახადი მოქმედებს, რომელიც ეტაპობრივად იზრდება და ერთ თვეში შეიძლება 6 ლარზე მეტის გადახდაც მოგიწიოს.

რა საჭიროა აქციზის გადასახადი და პროდუქციის კიდევ უფრო გაძვირება? დღეს აქციზის გადასახადს  პოლიტიკურ-სოციალური დატვირთვა ენიჭება და საზოგადოებისთვის „ზედმეტი საფრთხის“ შემცველი საქონლის – თამბაქოს, ალკოჰოლის, ნავთობპროდუქტებისა და აზარტული თამაშების მოხმარების შემცირებისკენ არის მიმართული. სააქციზო პოლიტიკა ეკონომიკის საბაზისო პრინციპს ეფუძნება – რაც უფრო მაღალია პროდუქტის ფასი, მით უფრო ნაკლებია მოხმარება და, შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობაც უმჯობესდება. სააქციზო პოლიტიკა ეტაპობრივად ხორციელდება და ზემოთხსენებულ პროდუქციებზე, აქციზის გადასახადის ზრდის გამო, ფასიც ნელ-ნელა იმატებს  (რასაკვირველია, ინფლაციაც მოქმედებს).

ერთი კოლოფი თამბაქოს წარმოება კომპანიისთვის შესაძლოა 2 ლარი ღირდეს, თუმცა, სახელმწიფოს მიერ დაწესებული სხვადასხვა გადასახადის, მათ შორის აქციზის გადასახადის გამო, სიგარეტის ფასი 6 ლარი გახდა. გათვლა კი ისაა, რომ ფასის ზრდასთან ერთად, სიგარეტისა და ალკოჰოლის მყიდველთა რაოდენობა ან ყიდვის სიხშირე კლებულობს. ნუთუ იყიდი სიგარეტს, რომლის ფასიც ადრე 5₾ იყო და ახლა 10 გახდა? შესაძლოა, იყიდო კიდეც, თუმცა, უფრო ეკონომიურად მოწევ. ზემოთხსენებულ პროდუქტებზე მოხმარების დაბალანსებული შემცირებაც, სწორედ საზოგადოებრივ ჯანმრთელობას უწყობს ხელს. დაბალანსებული ნიშნავს, რომ პროდუქცია არ გაქრება, თუმცა, ნაკლები მომხმარებელი ეყოლება.

მოგების გადასახადი

აქციზის გადასახადისგან განსხვავებით, მოგებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადები თითქმის ყველა პროდუქციასა თუ საქონელზე მოქმედებს.

თუ კომპანიას სურს, რომ 50 თეთრიანი მოგება ნახოს იმ სიგარეტიდან, რომლის თვითღირებულებაც 2 ლარს შეადგენს, მას მოგების გადასახადის გამო, ფასის კიდევ რამდენიმე თეთრით გაზრდა მოუწევს.

ამ თვითღირებულების 2 ლარს, კომპანიის მოგების 50 თეთრს და კიდევ მოგების გადასახადის რამდენიმე თეთრსაც შენ გადაიხდი.

თუმცა მოგების გადასახადი იმაზე უფრო დეტალურია, ვიდრე უბრალოდ მოგების დაბეგვრა. როგორც საქართველოს საგადასახადო კოდექსი განმარტავს, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი არის:

“ორგანიზაციის, რომელიც ეკონომიკური საქმიანობას ეწევა, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: – გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც არ არის დაკავშირებული  ეკონომიკურ საქმიანობასთან ან/და არ გამომდინარეობს ამ ორგანიზაციის საქმიანობის მიზნიდან (მათ შორის, არ არის დაკავშირებული საქველმოქმედო საქმიანობასთან ან არ გამომდინარეობს გრანტის ხელშეკრულების მიზნიდან); – უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა, თუ ეს არ გამომდინარეობს ამ ორგანიზაციის საქმიანობის მიზნიდან; – წარმომადგენლობითი ხარჯი, რომელიც აღემატება წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის/გაწეული ხარჯის (თუ გაწეული ხარჯი აღემატება მიღებულ შემოსავალს) 1 %-ს.”

მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის 15%-იანი განაკვეთის გადასახადი, რომელიც საკმაოდ ბევრ პროდუქციასა თუ მომსახურებას ბეგრავს, მათ შორის ამავე პროდუქცია-მომსახურების შექმნისთვის აუცილებელ წარმოების საშუალებებს. მოგების გადასახადის გარეშე შენი 6-ლარიანი სიგარეტის კოლოფი დაახლოებით ლარნახევრით ნაკლები ეღირებოდა. მოგების გადასახადს საკმაოდ დიდი წილი აქვს, როგორც საქართველოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ბიუჯეტებში. გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების დაახლოებით მეათედი სწორედ მოგების გადასახადზე მოდის.

დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ)

კიდევ ერთი გადასახადი, რომელსაც ერთი შეხედვით კომპანიები, თუმცა რეალურად მომხმარებლები იხდიან, დამატენითი ღირებულების გადასახადია. მსგავსად სხვა გადასახადებისა, ისიც  შედის იმ პროდუქციის თუ მომსახურების ფასში, რაშიც ფულს ვიხდით. დღგ საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმდენად მნიშვნელოვანიც კი, რომ მისი არსებობა ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნისთვის აუცილებელი მოთხოვნაა. საქართველოს ბიუჯეტში დამატებითი ღირებულების გადასახადისგან შესული თანხა გადასახადებისგან მიღებული შემოსავლების დაახლოებით ნახევარია. საგადასახადო კოდექსის თანახმად:

„დღგ (დამატებული ღირებულების გადასახადი) არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც წარმოადგენს მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატს  და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას), თუმცა ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც იწოდება დღგ-ის გადამხდელად.“

საგადასახადო კოდექსის თანახმადვე, აქციზურ საქონელზე, ანუ ჩვენს მაგალით თამბაქოზე, დამატებითი ღირებულების გადასახადიც მოქმედებს და ის დაახლოებით 18%-ს შეადგენს. გამოდის, შენი სიგარეტის ფასი, რომელიც გადასახადების გარეშე დაახლოებით 2,5₾ უნდა ყოფილიყო, აქციზის, მოგების გადასახადისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით დაახლოებით 6 ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული გადასახადებიდან აქციზი არის ერთადერთი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი, რომლის განაკვეთის ზრდა მთავრობას რეფერენდუმის გარეშე, უპირობოდ შეუძლია. სწორედ თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდამ განაპირობა თამბაქოს გაძვირება, რომელიც კანონით დაწესებულ ფარგლებში კიდევ გაიზრდება.

ნებისმიერი გადასახადი, რომელიც თითქოსდა კომპანიებზე არის დაკისრებული და მათ უწევთ გადახდა, რეალურად მომხმარებლების გადასახდელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბსურდი იქნებოდა ბიზნესის დაწყების იდეაც და სურვილიც, თუ დაკისრებული გადასახადების გადასხვა კომპანიას მოუწევდა. წარმოიდგინე, 2,5 ლარიან სიგარეტზე ზემოდან დამატებული გადასახადები, რომლებმაც 6 ლარამდე გაზარდეს კოლოფის ღირებულება, კომპანია საკუთარი შემოსავლებიდან რომ იხდიდეს, კომპანია ზარალში წავიდოდა და ამ ბიზნესის არსებობაც აბსურდი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, ყველა ეს გადასახადი შესულია იმ ფასში, რომელსაც შენ იხდი და გიკვირს, რატომ მოიმატა ერთი კოლოფის ღირებულებამ ერთ დღეში. ერთ დღეში არცერთი გადასახადი არ იმატებს – ყველა გადასახადის განაკვეთი დადგენილია და მათი შეცვლა საკმაოდ რთულ პროცედურას მოიცავს, გარდა აქციზისა. გადასახადის განაკვეთის განსაზღვრაც ერთიანი საგადახადო ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის ნაწილია.

პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე გადასახადების ცვლილება კი, პირველ რიგში, მომხმარებლებზე აისახება, ზოგჯერ დადებითად, ზოგჯერ კი უარყოფითად, ზოგჯერ იმდენად უარყოფითადაც კი, რომ ახალი გადასახადების ან არსებულის გაზრდის გამო, რევოლუციები მომხდარა. დიდი ბრიტანეთის ამერიკულ კოლონიებში „ბოსტონის ჩაის სმის“ მოვლენა ჩაიზე გადასახადების ზრდამ გამოიწვია, ხოლო „მარილის მარში“-ის მიზეზი ინდურ კოლონიებში მარილზე გაზრდილი ფასი იყო.

გადასახადებს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ამას ყოველთვიურად თითოეული ჩვენგანი გრძნობს, როდესაც გაძვირებული პროდუქციის ყიდვა უწევს ან საშემოსავლო და საპენსიო გადასახადებს იხდის. მოწევა კი არამხოლოდ კანისა და ფილტვების, არამედ თქვენი საფულის დიდი მტერიცაა.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.