fbpx

“ტომიკოს ვნებანი” – მოკლე კომიქსები გონებამახვილი ტომიკოს შესახებ


გააზიარე სტატია

 

რამდენიმე დღის წინ “ფეისბუკში” კომიქსების ხაზები – კომიქსტრიპები გამოჩნდა, რომლის მთავარი გმირიც პატარა ტომიკოა. ისევე როგორც ბევრი პატარა, ტომიკოც თავის ოჯახის წევრებს მხოლოდ ბავშვებისთვის დამახასიათებელი გენიალური საქციელითა და გამონათქვამებით აოცებს. ამ ყველაფრის კომიქსის სახით დოკუმენტირება კი თავის თავზე მისმა დედიკომ – ადრეული განათლების სპეციალისტმა ანა ჯანელიძემ აიღო, რომელმაც ტომიკოს თავგადასავლები შესანიშნავი კომიქსებით გადმოგვცა, სახელად “ტომიკოს ვნებანი”.

“ტომიკოს ვნებანის” შესახებ AT.ge ამ კომიქსტრიპის შემქმნელს, ანა ჯანელიძეს ესაუბრა:

 

როგორ გაჩნდა ეს კომიქსი – რამ გადაგაწყვეტინა, რომ დამჯდარიყავი და დაგეხატა ტომიკოს მოკლე კომიქსის სტრიპი?

ერთ მშვენიერ დღეს, როცა ვინ მოთვლის მერამდენედ ვაწარმოებდი ხანგრძლივ და დამღლელ მოლაპარაკებას ჩვენს 2 წლის შვილთან, რათა დამეყოლიებინა ხელის დაბანაზე, ვიფიქრე, რომ ეს უკვე მეტისმეტია, ძალიან დავიღალე. მაგრამ რას ვიზამ? მივხვდი, რომ ჩემი გადარჩენის ერთადერთი გზა იუმორშია და როგორც კი ამ თავნება ყმაწვილს და მის ქცევას უცხო თვალით შევხედე, ძალიან სასაცილო მომეჩვენა. თუ ტომიკო მეჩხუბება, რომ პალმა, რომელიც დავუხატე, სინამდვილეში ტაფაა და საერთოდ არ ჰგავს პალმას, იმ მომენტში ჩვენთვის ეს დიდი დრამაა, რომელთან მშვიდად გამკლავებაშიც ჩემში ახალდაბადებული კომიქს-მხატვარი მეხმარება. 

 

ჯერ ერთი გააკეთე და ამას მოჰყვა დანარჩენები თუ დაგიგროვდა რამდენიმე ისტორია და ერთბაშად დახატე?

ასეთ ისტორიებს არ სჭირდება დაგროვება, რადგან დღეში ხდება უამრავი. ზოგიერთს სჭირდება მორგება კომიქსის ფორმატზე, მაგრამ თითქმის არაფერს ვიგონებ. 

 

მხატვრობასთან ან ილუსტრირებასთან რამე შეხება თუ გქონია პროფესიულად? 

მართალია, ადრეული განათლების სპეციალისტი ვარ, მაგრამ ბოლო სამი წელია მე და ალექსა (ალექს ჩიღვინაძე, ტომიკოს მამა – რედ.) ერთად ვაკეთებთ საბავშვო სურათებიან წიგნებს (ალექსა წერს, მე ვხატავ). უკვე  სამი წიგნი გამოიცა:  “ჩიტები თბილისში”, “ჰიპა ირჩევს პროფესიას” და ორენოვანი “იცეკვე, ალუბალა, იცეკვე!” (ქართულ-აზერბაიჯანულად). სამივე წიგნი გამოსცა გამომცემლობამ “ზოლიანი კატა”. 

 

მთავარმა გმირმა თუ ნახა და როგორი რეაქცია ჰქონდა – იცის რა არის კომიქსი?  

მართალია, მთავარი გმირი აცხადებს, რომ დიდი ბიჭია და გუშინ უკვე უნიტაზზე “იჯდა”, მაგრამ მას ჯერ შავ-თეთრი ნახატები არ აინტერესებს (სიმართლე გითხრათ, ვუმალავ კიდეც ჩემს ნახატებს, რადგან თუ რამე მოსწონს, ეგრევე გამოჭრას მთხოვს).


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.