fbpx

გაგოშას გამოძერწილი სიმართლე და თბილისის მივიწყებული პერსონაჟები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ელენე მარგალიტაშვილი

 

გიორგი გაგოშიძე, იგივე გაგოშა, ყველასათვის კარგად ნაცნობი ხელოვანია, რომელიც უკვე წლებია თბილისის ქუჩებს საინტერესო წარწერებითა და ნახატებით ანებივრებს. როგორც წესი, მისი სათქმელი სოციალური შინაარსისაა და იმ პრობლემებსა და თემებს ეხება, რომლებსაც ხმამაღლა განვიხილავთ ან გულში ვფიქრობთ. მისი გამოხატვის ფორმები მუდმივად იცვლება, ახლდება და იხვეწება. ამჯერად ხელოვანმა კარანტინიც შთაგონების წყაროდ გადააქცია და არსებულ სიტუაციას, სიტყვების გარდა, მინიატიურული ფიგურებიც მიუძღვნა.

მე რომ კედელზე წარწერების გაკეთება შემეძლოს, აუცილებლად დავწერდი, რომ „გაგოშა არის სახელი, რომელიც ყველა თბილისელის საუკეთესო მეგობარია“. 

მაშინაც კი, როცა ქუჩაში მარტო მივაბიჯებთ, ნაცრისფერი ქალაქის სევდას ვეჩვევით და ვეღარ ვამჩნევთ, როგორ გავუცხოვდით ერთმანეთისგან, გაგოშა რომელიღაც კედლიდან დიდი ხნის მონატრებული ახლობელივით გვეგებება და რაღაც ისეთს გვეუბნება, რისი მოსმენა ან თქმა დიდი ხნის წინ გვინდოდა. წარწერები თითქოს მარტივი, მაგრამ იმდენად გულწრფელი და პირდაპირია, რომ კედლებიდან – ზოგჯერ მეხსიერებიდან კი – არასოდეს იშლება. 

გაგოშა „სევდიანი კლოუნია, რომელიც ჩვენი დანახვისას ყურებამდე იკრიჭება“, დიდი ფრთები აქვს და ზემოდან გვემანჭება ხოლმე, მაგრამ ჩვენ, როგორც წესი, მაღლა არასოდეს ვიხედებით. არადა, „გაგოშას უნდა, ისეთი ხმამაღალი ტექსტები წეროს, რომ მათი ხმა მთელ ქალაქში ისმოდეს“. სწორედ ამიტომ, „კედლებზე ისეთ ვაი-ვუის წერს, რომ პატრული სულ ვიუ-ვაუთი დასდევს“, თუმცა ვერ ეწევა და ავიწყდება, რომ მას მხოლოდ „ბრუსლი“ ან სევდა თუ მოერევა. ადამიანები ზოგჯერ იმასაც ივიწყებენ, რომ „გაგოშა წითელ წიგნშია შესაყვანი, რადგან ქალაქს დათვურ სამსახურს უწევს“. თუმცა, არ სწყინს. პირიქით – თბილისს ყოველდღე უანგაროდ აფერადებს და გაგოშას ფილოსოფიას ახალ-ახალი ფორმებით გამოხატავს.

ამჯერად მის სათქმელს მინიატიურული ფიგურები ამბობენ. ბებია, რომელიც ლიმონს ყიდის, ბიჭი, რომელიც შეყვარებულ წყვილებს წითელ ვარდებს სთავაზობს და მოხუცი ქალი ჭრელი შარფით – ეს ის პერსონაჟები არიან, რომლებსაც ქუჩაში ყოველდღე ვხვდებით, ვხედავთ, მაგრამ ვერ ვამჩნევთ. მათი შეხება, დაზიანება, გადაკეთება თუ შინ წაღება ყველას შეუძლია, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ „გაგოშას ხელდაუბანელებიც ვუყვარვართ“ და ასე თუ გააგრძელებს, ის „ამ ქალაქში ყველაფერს შეცვლის“. 

მოდი, იმ ფრაზებით დავიწყოთ, რომლითაც ჩვენმა მკითხველმა გაგიცნო: რამ შთაგაგონა პირველი წარწერა და რა იყო ის, რაც კედელზე პირველად გადაიტანე?

თავიდან გრაფიტით დავიწყე. ბევრს ვვარჯიშობდი. არ მახსოვს, პირველი რა იყო, მაგრამ მახსოვს, რომ ტექსტების იდეა უფრო გვიან მომივიდა. მივხვდი, რომ არის რაღაც საკითხები, რომლის ტექსტური ფორმით გამოხატვა უფრო მისაღებია. მოგვიანებით იმასაც მივხვდი, რომ პირველ პირში მიმართვა გაცილებით უფრო საინტერესო იქნებოდა. თავიდან ვიფიქრე, ცალკე პერსონაჟს შევქმნი-მეთქი, მაგრამ მერე გადავწყვიტე, ეს პერსონაჟი გაგოშა ყოფილიყო. თუმცა, ის არ ვარ მე – გაგოშა განზოგადებული პერსონაჟია, ყველა ადამიანია, ვინც ტექსტის შინაარსს იზიარებს.

გაგოშა ყოველთვის იმას გვეუბნება, რაც გულში გვაქვს ან ძალიან გვინდა, რომ გვითხრან. როგორ არჩევ სათქმელს?

არ ვიცი, რაიმე განსაკუთრებული მეთოდი არ მაქვს. მგონი, ეს ყველას შეუძლია, თუ საკმარის დროს დაუთმობენ. თუმცა, ხანდახან იდეა მაშინაც იბადება, როცა საერთოდ არ ელოდები – მაგალითად, მოსაწყენ შეხვედრაზე, ქუჩაზე გადასვლისას, ან რაიმე ყოფით პრობლემაზე ფიქრისას. ასეთი მომენტები ძალიან სასიხარულოა – ხვდები, რომ მოსაწყენი დღე ამ ერთ პატარა ფეიერვერკად ღირდა.

თვითიზოლაციის პერიოდმა ახალი იდეა შთაგაგონა და შენი სათქმელი კედლებიდან მინიატიურულ ფიგურებში გადაიტანე. ამ ფორმით, ერთგვარად, „ძეგლი დაუდგი“ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილები არიან და რომლებსაც ხშირად ვერც ვამჩნევთ ხოლმე. რომელი იყო პირველი ფიგურა, რომელიც გარეთ გაიტანე?

ფიგურების კეთება კარანტინამდე დავიწყე. გეგმაში კერამიკის ფიგურები მქონდა, მაგრამ ამ პირობებში გამოწვა შეუძლებელი იყო და პლასტელინს დავჯერდი. თუმცა, იდეა იგივეა – ქუჩაში დატოვებული თანამოქალაქეები, რომლებსაც ვერ ვამჩნევთ, ზოგს ზომის გამო, ზოგს კი…

რა ბედი ეწია იმ ფიგურებს, რომლებიც ქუჩაში დატოვე? 

ზოგი – რამდენიმე საათში, ზოგი კი რამდენიმე წუთში გაქრა. თუმცა, ეს ამ მიმდინარეობის შემადგენელი ნაწილია. ფიგურებს განზრახ არ ვამაგრებ და არ ვდებ ისეთ ადგილას, სადაც მიწვდომა გაუჭირდებათ. პირიქით, ვცდილობ გამოსაჩენ ადგილზე დავდო, რომ მებაღეებმა გახვეტონ ან ბავშვმა გაჭყლიტოს, ან ვინმემ სახლში წაიღოს. ეს უკვე კონკრეტული ფიგურის ისტორიაა, რომელიც ავტორისგან დამოუკიდებლად ვითარდება.

რას ელის გაგოშა იმ ადამიანებისგან, რომლებიც მის ნამუშევრებს ამჩნევენ?

არაფერს. არ მინდა, რომ როცა ვინმე ჩემს ნამუშევარს ხედავს, მე მამჩნევდეს. ჩემთვის საკმარისია, ნახატის დანახვისას ნამუშევარზე იფიქრონ. რეაქციას მნიშვნელობა არ აქვს. 

ხომ არ გახსენდება ისტორია, რომელიც შენმა წარწერამ ან ფიგურამ შეცვალა?

ერთხელ ქუთაისში გავაკეთე წარწერა: „პარლამენტარებო, გაგოშა ყველას დაგღეჭავთ და როცა გემო გაგივათ, ყურის ძირში მიგიკრავთ“. პატარა სახლი იყო, დანგრევის პირას. ორი წლის მერე გავიარე და გარემონტებული დამხვდა. მეპატრონემ მიცნო. ასე მითხრა, მთავრობამ გამირემონტაო და მთხოვა – ჩემს ძმას აქვე სახლი აქვს, რომელიც ამაზე უარეს მდგომარეობაშია და პარლამენტარებზე კიდევ ხომ არ გაქვს რამე დასაწერიო? 

ეს ხუმრობით. ისე კი, თუ შეცვლაზეა საუბარი, ის უფრო გამიხარდება, ჩემი ნამუშევრები რომელიმე ადამიანის შეცვლას თუ შეძლებს, თუნდაც სულ მცირედით. ეს არის ჩემი ძირითადი ინსპირაცია.

 

რაზე ოცნებობდა პატარა გაგოშა და რა რჩევას მისცემდი, მასთან დაბრუნება რომ შეგეძლოს?

ამ მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა – ისევ ბავშვი ვარ და ისევ ყველაფერი მაინტერესებს. 

რას ეტყოდი თბილისელ ფეხით მოსიარულეებს? 

ფეხით მოსიარულეებს – არაფერს, სწორად იქცევიან. აი, ავტომობილებით მოსიარულეებს კი ვეტყოდი, რომ უფრო მეტი იარონ ფეხით და უფრო მეტად მიაქციონ ყურადღება ქუჩის სიახლეებსა და იმ დეტალებს, რომლებსაც მანქანებიდან ვერ ამჩნევენ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.