fbpx

პარანოია და კარანტინი 2014 წლიდან – ქართველი ვიდეოარტისტი ნატუტა ბაგრატიონი


გააზიარე სტატია

 

მე ვარ ნატუტა ბაგრატიონი, ვიდეოარტისტი. ლოს-ანჯელესში 2013 წელს ჩამოვედი და ამის შემდეგ წინ და უკან დავდივარ. აქ ჩამოსვლამ დიდი ცვლილებები მომიტანა. პირველ რიგში, ჩემს ქმართან და შვილთან ერთად დამოუკიდებლად დავიწყე ცხოვრება და თან შევძელი მესწავლა და უფრო მარტივად შევხებოდი ბევრ ისეთ დარგს, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა, თუმცა იმ დროს საქართველოში ჩემთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. 

აქ დავამთავრე კინოკოლეჯი, პარალელურად ვსწავლობდი კულტურულ ანთროპოლოგიას, რამაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თბილისში ყოფნისას მარტო არასდროს არ ვარ. მიყვარს მეგობრებთან, ხალხთან ურთიერთობა, თბილისში ყოფნის ძირითადად დროს სწორედ ამ ურთიერთობებს ვუთმობ. 

აქ კი პირიქით, მარტო ყოფნა ვისწავლე, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესი აღმოჩნდა. ის, რომ შემიძლია ორივე სამყაროში ვიყო, ძალიან მაცოცხლებს და ჩემთვის ერთგვარი ფუფუნებაა. ჩემს ვიდეოებშიც ვცდილობ გამოვხატო მარტოობის განცდა და დაკვირვება სხვადასხვა შეგრძნებებზე. ასევე ხშირად მეორდება გაორება, თუნდაც როგორც ვიდეოეფექტი. ალბათ ეს გაორება ჩემივე ხასიათშია, რაც ზოგჯერ ხელს მიშლის ან პირიქით, საგნების სხვადასხვა კუთხით დანახვაში მეხმარება… 

 

In Quaranteen since 2014 – ეს ვიდეო 2014 წელსაა გადაღებული და “სახურავის თამაშების” სერიიდანაა. ერთი პერიოდი ყოველდღიურ რიტუალად ვაქციე სახურავზე ასვლა და იქაური მარტივი მოცემულობით რაღაცების კეთება. ამ ვიდეოში მომინდა ამესახა პატარა დიალოგი, რომელიც ჩვენს თავთან შეიძლება გვქონდეს, ზედაპირულად. ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც ჩვენივე სიღმეებს ვუახლოვდებით, მაგრამ დღევანდელი გარემო, ტელეფონი და ტელეფონის გარშემო შფოთვა, ეგრევე გვიფანტავს გონებას. 

 

მეორე ვიდეო Paranoiac იმავე პერიოდიდანაა. მინდა მარტივად გამოვხატო, თუ როგორ არ უნდა დავუჯეროთ ყველაფერს, რასაც ვხედავთ, გვგონია, რომ გვესმის, რასაც ვუყურებთ. ხშირად საკუთარი გონება შეიძლება მაცდური იყოს. 

დიალოგი  საკუთარ თავთან, სხვადასხვა პერსონაჟებთან, საინტერესო პროცესია და რაც უფრო დიდ დროს ვუთმობთ ამ პროცესს, მით უფრო ჰარმონიაში ვართ გარემოსთან.

ახლა კარანტინში ყოფნისას ამის დიდი შანსი მოგვეცა, ამიტომაც მომინდა ამ ვიდეოების ზუსტად ამ დროს დასრულება, თითქოს ამ მომენტს ველოდებოდი 🙂


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.