fbpx

კომპანიები ოფისების სწრაფად გახსნას ცდილობენ, მაგრამ ცდებიან. რატომ?


გააზიარე სტატია


ავტორები: ელიზაბეტ ფელონი და ქეით დევისი

 

კორონავირუსის პანდემიამ ბევრ ჩვენგანს სახლიდან მუშაობა აიძულა და დიდი სიურპრიზი ისაა, რომ სამუშაო რეალურად შესრულდა. თანამშრომლები კვლავ პროდუქტიულები არიან და მოსწონთ დისტანციური მუშაობის თავისუფლება. ბევრი ორგანიზაცია ცდილობს, რომ რაც შეიძლება მალე გახსნან თავიანთი ოფისები, მაგრამ რეალობა ისაა, რომ მათი სტრატეგიები რეაქციული და გრძელვადიან პერსპექტივაში არარელევანტურია. მომავლის ოფისის შესაქმნელად კომპანიებმა უნდა აღიარონ სამი ჭეშმარიტება თანამედროვე სამუშაო ადგილის შესახებ, რომელიც COVID-19-მდეც არსებობდა:

  • ისინი ხშირად ფულის დაზოგვას უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე თანამშრომელთა კეთილდღეობას. ეს ახლა არ მუშაობს და არც აქამდე მუშაობდა.
  • იმისთვის, რომ ოფისი ეფექტური იყოს, თანამშრომლებს თავად უნდა სურდეთ აქ მუშაობა.
  • “ნორმალურობას” ვერ დავუბრუნდებით – ამ ეტაპზე მაინც.

ჩვენ გზაჯვარედინზე ვართ. შეგვიძლია პანიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ, ან პირიქით, მოქნილად ვიმუშაოთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.

 

როდესაც საქმე სამუშაო ადგილის დაგეგმვას ეხება, აქციეთ კეთილდღეობა მთავარ პრიორიტეტად 

ღია ოფისებმა კომპანიებისთვის პატარა სივრცეში ბევრი თანამშრომლის თავმოყრა უფრო მარტივი გახადა, ამით კი უძრავი ქონების გადასახადს ზოგავენ. დასაქმებულები ამ დიზაინს წლების განმავლობაში უჩივიან – ხმაურია, ყურადღება იფანტება და პირადი სივრცეც არ არის დაცული, ახლა კი ეს უკვე ჯანმრთელობისთვისაც საშიშია. ნიჭიერი ადამიანები მრავალი ორგანიზაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია – ეს ბიზნესისთვის უმსხვილეს ფინანსურ ინვესტიციას შეადგენს. ლოგიკურია, რომ სამუშაო ადგილის დიზაინის შექმნისას პრიორიტეტი თანამშრომლების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას უნდა მიენიჭოს. ზოგიერთ საავადმყოფოს გამოუყენებელ ადგილებში სენსორული კაბინები აქვთ დამონტაჟებული, სადაც თანამშრომლებს მოდუნება შეუძლიათ. ასევე იატაკსაც სპეციალური მასალით აგებენ, რომელიც უფრო ძვირი ღირს, მაგრამ ხმაურს ამცირებს და შესაბამისად – სტრესსაც.

 

ჩადეთ ინვესტიცია სამუშაო ადგილის კვლევაში და მიღებული შედეგები განვითარებისთვის გამოიყენეთ

ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს შეფასებით, აშშ-ს ყველა სამუშაოს 37%-ის შესრულება სახლიდანაა შესაძლებელი, რაც მთლიანი ხელფასების 46%-ს წარმოადგენს. COVID-19-მდე სამუშაოს მხოლოდ 5% ხორციელდებოდა დისტანციურად, ასე რომ, მთავარი კითხვაა: მას შემდეგ, რაც თავს საკმარისად უსაფრთხოდ ვიგრძნობთ, რას ავირჩევთ  – ოფისში ვიმუშავებთ თუ დისტანციურად?

მონაცემები  არაკომფორტულ ჭეშმარიტებას ავლენს: ვისაც ოფისში დაბრუნება ეჩქარება, ავიწყდება, რომ სამსახურში წასვლის მიზეზი შეიცვალა. დისტანციურ მუშაობას მრავალი უპირატესობა აქვს და ისინი არსად გაქრება. ერთ-ერთი დიდი არქიტექტურული ფირმის შიდა კვლევაში გამოვლინდა: თანამშრომლები თვლიან, რომ სახლიდან მუშაობამ მათ ხელი შეუწყო უფრო ჭკვიანურ, სწრაფ და პროდუქტიულ მუშაობაში. მსგავსი აღმოჩენები სამუშაო ადგილის ხელახლა დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ.

ჩამოაყალიბეთ მოქნილი სამუშაო პოლიტიკა და შექმენით ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც ხელს უწყობს მის განხორციელებას

ის უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ვასრულებთ კონკრეტულ სამუშაოს, ვიდრე ის, თუ სად ვასრულებთ. მოქნილი სამუშაო პოლიტიკა ნიჭსა და პროდუქტიულობას აყენებს პირველ ადგილზე. 

მას შემდეგ, რაც გააცნობიერებთ, თუ როგორ მუშაობს თქვენი გუნდი – და რეალურად როგორ უნდათ მათ მუშაობა – უნდა დაიწყოთ იმაზე ფიქრი, თუ რა მიზანს ემსახურება ფიზიკური ოფისი. COVID-19-მდე ერთ-ერთი კომპანიის ჩიკაგოს ოფისში თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ბუნებასთან სიახლოვე უნდოდათ, ხელმძღვანელობამ კი მცენარეების პროგრამა განახორციელა, ლონდონის ოფისში დასაქმებულებს საზოგადოებასთან სიახლოვე სურდათ, შესაბამისად, გამოიყო სპეციალური სივრცე, სადაც ხელოვნების ბაზრობებს, პანელებსა და დიზაინის ღონისძიებებს უმასპინძლეს.

ახლა, როცა პანდემიის აგონიაში ვიმყოფებით, მსგავსი პრიორიტეტები აუცილებლად შეიცვლება. მთავარია ბიზნესებმა შეიმუშავონ პროცესი, რომელიც თანამედროვე ოფისს ადაპტირების საშუალებას მისცემს. როგორ შეიძლება მოქნილობის შენარჩუნება და ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მუშაობას სასიამოვნოს, აზრიანსა და ფასეულს ხდის? უნდა ვაღიაროთ ის, რაზეც ხშირად თვალს ვხუჭავდით და შევქმნათ სამუშაო გარემო, რომელიც ადამიანებს პირველ ადგილზე დააყენებს.

ორიგინალი:   https://www.fastcompany.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.