fbpx

ასტრიდის ლიტერატურული კარანტინი – მაკა ცხვედიანი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მაკა ცხვედიანი

იცოდით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ლიტერატურული თავგადასავალი სწორედ იძულებითი თვითიზოლაციით დაიწყო? 1944 წელს ორი შვილის დედამ და იმ დროისთვის სრულიად უცნობმა ასტრიდ ლინდგრენმა ფეხი მოიტეხა და გარკვეული დროის ლოგინში გატარება მოუხდა. მაშინ გადაწყვიტა, ეს დრო წერისთვის გამოეყენებინა, მით უმეტეს, რომ საწერი ამბები დაუგროვდა.  

საქმე ისაა, რომ სანამ ასტრიდი გაყინულ ასფალტზე ასრიალდებოდა, ცოტა ხნით ადრე მის ქალიშვილს, კარენს, ფილტვების ანთება დაემართა. ლოგინში მწოლიარე გოგონამ დედას სთხოვა, პეპი გრძელიწინდას ზღაპარი მოეყოლა მისთვის და ასტრიდმაც უყოყმანოდ დაიწყო თხრობა. პეპის ამბები გროვდებოდა და გროვდებოდა, სანამ ამ ამბების ავტორმა ზამთრის სუსხიან დღეებში მათ დასაწერად არ მოიცალა. 

იმ წელს ასტრიდმა კარენს 10 წლის იუბილეზე  “პეპი გრძელიწინდას” პირველი ნაბეჭდი ვერსია აჩუქა, ერთი ეგზემპლარი კი საგამომცემლო სახლში გააგზავნა, თუმცა რედაქტორმა პეპის თავგადასავალი დაიწუნა და მის დაბეჭდვაზე ავტორს უარი უთხრა. ასტრიდს წარმატების დიდი იმედი არ ჰქონია, თუმცა ,,პეპის’’ რედაქტირება გაუკეთა და სხვა, უფრო გავლენიან, საგამომცემლო სახლებს გაუგზავნა. წიგნი მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, 1945 წელს გამოიცა. იმ დროიდანვე დაიწყო ასტრიდის მსოფლიო აღიარება და აქტიური სოციალური ცხოვრებაც. მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში, მონაწილეობდა სატელევიზიო შოუებში, იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის, გამოდიოდა სელაპებზე ნადირობის, მაღალი კომუნალური გადასახადების, რასიზმის, ბიბლიოთეკების ნაკლებობისა და ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ. 

მისი ლიტერატურული სამყარო კი, ფაქტობრივად, შვედეთის სოფელში გატარებულ ლაღ და უზრუნველ ბავშვობაზე დაშენდა. ეს ნათელი სამყარო მრავალი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი აქტიურობის პარალელურად იქმნებოდა. განმარტოებით, დახურულ კარს მიღმა, კუბოკრულფარდებიან ოთახში, აჩემებულ მაგიდასთან. 

გგონიათ ვინმე ადასტურებს ამ დეტალების სიზუსტეს? არა, უბრალოდ, ასე მინდა ვხედავდე ქალს, რომელსაც ბავშვობაში მამასთან ფერმაში მუშაობა ახალისებდა, კითხვა უყვარდა, ცეკვა, ჯაზი და თავგადასავლები. 

ახლა იმას ვფიქრობ, ასტრიდი რომ ცოცხალი იყოს, როგორ გამოეხმაურებოდა კორონავირუსის პანდემიას. იქნებოდა თუ არა აქტიური სოციალურ ქსელში, რანაირ სტატუსებს დაწერდა, ახალ წიგნს ხომ არ დაამთავრებდა იზოლაციაში?

ანდა, რას იზამდა პეპი, მოულოდნელად სოციალური დისტანცირება რომ მოეთხოვათ მისთვის. მოიწყენდა ტომისა და ანიკას გარეშე? ან დაემორჩილებოდა აკრძალვებს? გაართობდა კულინარია და იატაკზე ხშირ-ხშირად გააბრტყელებდა ხოლმე კვერების ცომს? 

ან კარლსონი და ბიჭუნა როგორ გაძლებდნენ ერთმანეთის გარეშე? ვითომ კარლსონი უჩვეულო სამოქალაქო თვითშეგნებას გამოიჩენდა და კაი ხნით განმარტოვდებოდა? თუ დიდხანს ვერ გაძლებდა, „დიდი საქმე, ეგაც რამეაო,“ იტყოდა და დანაღვლიანებულ ბიჭუნას  საპასუხო მონატრების მაუწყებელი ზუზუნი შემოესმებოდა ფანჯარასთან?

აბა, თუ კარლსონის მეგობრობა გერგო და სტოკჰოლმს თავზე ერთხელ მაინც გადაუფრინე, როგორ შეიძლება ტირილამდე არ მოგენატროს სახურავზე დაშენებული პატარა არეული სახლი, ძველებური ბუხრის თავზე დახვავებული ძირგახვრეტილი ქოთნები, დაფლეთილი წიგნები, გატეხილი მაღვიძარა საათი, ალუბლის კურკები და სხვა ათასგვარი ხარახურა. ბუხარში მხიარულად მოტკაცუნე ცეცხლი, ქუჩებში მოციმციმე ღამის ნათურები, მოპირდაპირე კორპუსების ფანჯრებში აქა-იქ გამკრთალი ლანდები და ფიქრი, რომ ამ ფანჯრების მიღმა ცხოვრობენ და თავიანთ ოცნებებს შეჰხარიან. 

ძალიან, ძალიან მოგენატრება სიხარულის განცდა და პარმაღზე გაზაფხულის ღამით ტკბობა, როცა ასე ახლოსაა სახლზე გუმბათივით გადმოხურული ცის თაღი, ზედ მოციმციმე ვარსკვლავებით. თითქოს ხელს გაიწვდენ და შეეხები. 

და სალტკროკა? ტესტი გულის დაბერებაზე. ოდესმე თუ ისე გავიზარდე, რომ ზაფხულის მელკერსონებთან ერთად გატარებაზე ოცნებას მოვეშვი, თვითონვე მივხვდები, რომ, ესე იგი, რაღაც ძალიან მაგარი დამთავრდა ჩემში. 

„დავსხდებით მზით გაჩახჩახებულ მდელოზე და მივირთმევთ მალინის გამზადებულ გემრიელ ბუტერბროდებს“, – ოცნებობდნენ მელკერსონები, ივნისის თბილ დილას თეთრი მომცრო გემით ზაფხულის გასატარებლად პირველად  რომ მიემგზავრებოდნენ კუნძულ სალტკროკაზე.

ჩემი საყვარელი მელკერსონები! 

მელკერი – ბავშვივით მიამიტი და მხიარული მწერალი, წამდაუწუმ რომ ეცვლებოდა გუნება-განწყობილება, და მისი შვილები: მალინი, იუხანი, ნიკლასი, პელე. 

გულღია, კეთილგანწყობილი მელკერსონები, კუნძულზე ჩასვლიდან ერთ კვირაში რომ დაიმეგობრეს მთელი სალტკროკა.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ როგორი იქნებოდა მელკერსონების ზაფხული, კარანტინს რომ შუა არდადეგებზე მოესწრო მათთვის სალტროკაზე და დურგლისეულ კარ-მიდამოში მეზობლებისგან იზოლაცია გარდაუვალი გამხდარიყო?

მტკიცედ მჯერა, არ მოიწყენდნენ. ბევრნი იყვნენ და სულ გამოინახებოდა თავგადასავალი. 

იჩხუბებდნენ? ალბათ, არა. ყველაზე ბევრი, პელე აბუნტებულიყო, ისპანახს ნუ მაჭმევთ, ნამდვილი ნეხვიაო და, ჰა, ჰა, იუხანსა და ნიკლასს აეკენწლათ მალინის მორიგი კავალერი. 

მელკერსონების ოჯახურ ცხოვრებასა და ურთიერთობაში ყველაფერი დიდი ხნის წინ გადაწყდა, აი, მაშინ, დედა რომ პელეზე მშობიარობას გადაჰყვა და მალინმა იტვირთა ბიჭების დედობა. 

როცა თვალებს ვხუჭავ და პანდემიით აფორიაქებულ სალტკროკას წარმოვიდგენ, ყველაზე მკაფიოდ მალინს ვხედავ, ჩემს უსაყვარლეს ლიტერატურულ გმირს. მთელი ბავშვობა მინდოდა მალინივით მწვანე თვალები მქონოდა, ასტრიდ ლინდგრენს ჩემი აღწერისას უპირობოდ გამოეყენებინა სიტყვა „სანდომიანი,“ პოლოსხალათიან ბიჭს ვყვარებოდი და, რაც მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ გამერკვია, რა ოხრობა იყო ეს პოლოს ხალათი. 

წლებთან ერთად მალინის მიმართ აღტაცებას გაუთანაბრდა მისდამი თანაგრძნობაც იმის გამო, რომ მას 12 წლის ასაკში მოუწია ესწავლა ფუნთუშების ცხობა, რეცხვა, ჩხუბი, უმცროსი ძმებისთვის ცხვირის მოხოცვა და უამრავი დანარჩენი. 

ამ ყოფით ვალდებულებებში ჩაფლული მალინი იმიტომ მიყვარს, რომ არ ნებდება და ოცნებას არ იშლის. დღის ბოლოს დღიურთან განმარტოვდება ხოლმე და მას საკუთარ პოეტურ ფიქრებს ანდობს. ის, მამასავით, გიჟდება წერაზე, ოღონდ ჩუმ-ჩუმად წერს დღიურში და მერე იმ დღიურს, ასევე ჩუმ-ჩუმად, უმცროსი ძმები – იუხანი და ნიკლასი ჩაუსხდებიან ხოლმე. კითხულობენ და სიცილით იგუდებიან, როცა მათი და სულიერივით ეალერსება დურგლისეულ კარ-მიდამოს, ზაფხულის მცხუნვარე დილას, ძველისძველ ნავსაბმელს, კაჭკაჭების კონცხს, იანსონის ყურეს, მარჩხობებსა და ბუტბუტა კუნძულს.

მაგრამ, სინამდვილეში, როცა დის მეოცნებე ბუნებაზე იცინიან, იუხანიც და ნიკლასიც კარგად აცნობიერებენ, რომ ამ ძველისძველმა კარ-მიდამომ მიიღო და შეიყვარა კეთილი მოაგარაკეები… და ამ ფაქტის გულისამაჩუყებლობას თითოეული მელკერსონი გრძნობს, ოღონდ ერთმანეთისგან უჩუმრად.

თუ ერთი წუთით დავუშვებთ, რომ პანდემიამ ლიტერატურაშიც შეაღწია და ადამიანები იქაც დააშინა, მე ვხედავ ჩემს უსაყვარლეს მალინს საკუთარი დღიურით ხელში. ვხედავ ქოთქოთა მელკერს, ცხოველებზე გადარეულ პელეს, სიცოცხლით სავსე იუხანსა და ნიკლასს, მეზობელ გოგონებთან ერთად შხერების დალაშქვრა რომ მოენატრათ.

და, საერთოდ, არ მჯერა, რომ მელკერსონები მხოლოდ ლიტერატურული პერსონაჟები არიან და უბრალოდ გამოიგონეს. 

არც იმის მჯერა, რომ სალტკროკაც ასტრიდის ფანტაზიის ნაყოფია, ამიტომ თუ სადმე მინდა ზაფხულის გატარება, ისევ ამ კუნძულზე, მელკერის აღმოჩენილ აგარაკზე. 

თქვენც დახუჭეთ თვალები და დაინახავთ, როგორ ააბრჭყვიალებს მყუდრო ფიორდს განთიადი; როგორ ალაპლაპდება ნავმისადგომთან მეთევზეთა ფარდულები; როგორ დაჰყივლებენ კუნძულს ქათქათა, ავი თოლიები და როგორ ინათებს მელკერსონების კარ-მიდამოში, მთლად ზღვის კიდეზე.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.