„მხოლოდ თბილისი არ კმარა“ – გასაუბრება წნორის “ცოდნის კაფეს” დამფუძნებელ ნანა ბაგალიშვილთან
ავტორი: ნიკა ნადირაშვილი
თბილისი… ქალაქი, სადაც სიახლის შექმნა გამოწვევაა… სიახლის, რომელიც საზოგადოების ცნობიერებას განავითარებს; შესაბამისად, კულტურის პროექტების ავტორებს ალბათ, არაერთხელ გვიფიქრია, შესაძლოა გადამეტებული სკეპტიციზმითაც კი, რომ, თითქოს, „მხოლოდ თბილისი არ კმარა“ (გადაძახილი, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს 2018 წლის გამოშვების მოტოსთან – „მხოლოდ შენობები არ კმარა“).
რამდენად შესაძლებელია, რომ ჩვენი აქტივობები რეგიონული მასშტაბით განვახორციელოთ და როგორ შეგვიძლია წნორში მდებარე „ცოდნის კაფეს“ წარმატებული გამოცდილება გავიზიაროთ, რომელიც, ერთი შეხედვით, ლასე ჰალსტიომის 2000 წლის მხატვრულ ფილმს – „შოკოლადს“ მოგვაგონებს, თავისი ვიენ როშეს და სამწუხაროდ, გრაჶ დე რეინოს პერსონაჟებით..?!
ნანა ბაგალიშვილისგან, რომელიც მეგობრებთან ერთად „ცოდნის კაფეს“ სულისჩამდგმელია, ჯერ წნორის შესახებ მოვისმინე, რომ მისთვის ეს ქალაქი ევროპული და ამერიკული სინთეზური კულტურის მქონეა:
„აქვს ჯიუტი და ცოტა თავზეხელაღებული ხასიათი; გასაოცარია ის, რომ 90-იანი წლების შემდეგ ეს ქალაქი მაინც გადარჩა და დღემდე დინამიკურად ვითარდება. წნორი არის კონტრასტების პატარა ქალაქი: არის თან აზიური: დაუვარცხნელი, გაუპრანჭავი და თან თავისი ხასიათით ცოტა ამერიკული, რადგან ის ბიზნესმა გადაარჩინა და სწორედ ბიზნესი ავითარებს მას დღემდე. მნიშვნელოვანი ცვლილებები თუ ხდება აქ, ხდება ბიზნესის დახმარებით. ამიტომაც, მგონია, რომ ერთ დღესაც წნორი იქნება ჩიკაგოსავით კარგი“.
აქვე, აღსანიშნავია წნორის ქუჩის ხელოვნება, რომელიც საქართველოს სხვა ქალაქებში გავრცელებული ტრენდის საპირწონედ, მხატვართა მიერ თვითინიცირებულია და არც ვანდალურ მოპყრობას ექვემდებარება, საზოგადოების რადიკალური ჯგუფების მხრიდან.
დღეისთვის „ცოდნის კაფე“ მულტიფუნქციური სამკითხველო დარბაზის, წიგნის მაღაზიის, კაფეს და საგანმანათლებლო ცენტრის პორტჶოლიო 8 პროექტს და 517 აქტივობას მოიცავს, 5205 სტუმრითა და 1419 „მაშენებლით“.
ნანას გუნდმა სამი ტიპის კრიტიკულ გამოწვევას უპასუხა: პირველი, შექმნა სოციალური მეწარმეობის წარმატებული პრეცედენტი, და ეს იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო სოციალური მეწარმეობის კუთხით ეროვნულ დონეზე და რის შედეგადაც, ასეთი ტიპის ორგანიზაციებს ეზღუდებათ არსებითად სამეწარმეო საქმიანობა და რიგი უპირატესობებით სარგებლობა;
მეორე, განავითარა ფონდების მოძიების და, აქ, განსაკუთრებით აღსანიშნავია სახალხო დაფინანსების (ე.წ. ქრაუდფანდინგის) ეფექტიანი კამპანია და აქაც, არსებული კანონმდებლობით სახალხო დაფინანსების ორი ტიპი – სააქციო და სესხზე დაფუძნებული ქრაუდფანდინგი – საქართველოში არალეგიტიმურ პრაქტიკად რჩება;
და მესამე, შემოქმედებითი სივრცის განვითარებით გააჩინა სოციალური მიზიდულობის ახალი ცენტრი აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც მეწარმეობის ბანაკების, შემოქმედებითი ვორქშოფების, ლიტერატურული და კინოკლუბის, ონლაინ აგროსკოლის პროგრამის, მოქალაქეობის, ეკოლოგიის, ლიტერატურის, ბიზნესის სოციალური პასუხიმგებლობის შესახებ საჯარო დისკუსიების და მოხსენებების; ასევე ხანდაზმულების ინტერესთა კლუბების საშუალებით წნორის და მიმდებარე დასახლებების ახალგაზრდა და „ძველგაზრდა“ (როგორც მათ ნანა ეძახის) მცხოვრებლებს აქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინონ შესაბამისი პრაქტიკული უნარები და აიმაღლონ ცოდნა ზოგადად, თანამედროვე სამყაროს მიგნებების შესახებ.
როგორც აღვნიშნე, ნანას გუნდის ყოჩაღობა შემოქმედებითი სივრცის საარსებო საშუალებების მოპოვებაშიც გამოიხატება. მათ თავიდანვე სურდათ, რომ კონკრეტულად ერთ რომელიმე ბიზნესთან თუ ფონდთან არ ყოფილიყვნენ ასოცირებულები და დღემდე არ ღალატობენ აღნიშნულ პოლიტიკას. ამიტომაც, მას შემდეგ, რაც დადგნენ სივრცის და პროგრამების გაფართოების საჭიროების წინაშე, წამოიწყეს კამპანია „დადე შენი აგური“, რომლის ფარგლებშიც, შემომწირველის სახელი იმ აგურზე აღინიშნება, რომლითაც საინიციატივო ჯგუფის მიერ შეძენილ მიწაზე ახალი, კიდევ უფრო ძლიერი „ცოდნის კაფე“ აშენდება.
კამპანიის ფარგლებში უკვე შეგროვდა 39380.00 ლარი მიწის შესაძენად და კიდევ 158 692.00 ლარია საჭირო შავი კარკასის ასაშენებლად. იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადგომა ნაკლებეფექტური აღმოჩნდა, რომლის ერთ-ერთ მიზეზიც ადგილობრივი მთავრობის მხრიდან „დამოუკიდებელი ახალგაზრდული ჯგუფის არსებობის შიშია“, აგურის აგურზე დადების პროცესში წვლილი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ბიზნესისა და ფართო საზოგადოების პარალელურად, ადგილობრივ ბენეფიციარებსაც შეაქვთ. მაგალითად, „ცოდნის კაფეს“ ხანდაზმულთა კლუბის თანამონაწილეობით, რომლის მიზანიც ხანდაზმულთა რესოციალიზაციაა, თბილისის მცხოვრებლებს კაფე „ეზოში“ ქიზიყური სამზარეულოს დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ; მიღებული შემოსავალი, კვლავინდებურად, სოციალური საწარმოს შენებას მოხმარდა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მთავრობა 2000 წლიდან მოყოლებული, სამოქალაქო სექტორის მრავალწლოვანი მოთხოვნის მიუხედავად, არ ნერგავს ფილანთროპიული საქმიანობის წამახალისებელ მექანიზმებს, დონორი ორგანიზაციების საგრანტო პროგრამებიდან მიღებული შემოსავლების გარდა, ქრაუდფანდინგი ერთადერთ ინსტრუმენტად რჩება.
ნანას ვთხოვე მოეცა რჩევა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს დიდ ქალაქებში ვცხოვრობთ და გვეფიქრება რეგიონული ინიციატივების განვითარებაზე:
როგორ ფიქრობ, რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ მაგ., თბილისის მკვიდრმა შეძლოს რეგიონში წარმატებული სოციალური საწარმოს, შემოქმედებით-საგანმანათლებლო სივრცის შექმნა-ამუშავება?
– მთავარია გულწრფელი სურვილი და გააზრებული მისია, თუ რატომ რეგიონი? ასევე, ვინც ამას დააპირებს, რეგიონში უნდა გადავიდეს საცხოვრებლად, რომ მკვიდრებს მოუსმინოს, წინარე გამოცდილებებს და ინიციატივებს გაეცნოს და შედეგად, ადგილობრივი/რეგიონის გამოწვევები საგანმანათლებლო კუთხით ორგანულად შეიგრძნოს… გახდეს „ჩვენებური“ და აღარ იყოს „უცხო“, რომელიც „დროებითი მოვლენად“ აღიქმება ადგილობრივების მიერ. თუ რეგიონში საცხოვრებლად ვერ გადავა ადამიანი, მაგრამ რეგიონში არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო გარემოზე გული და გონება შესტკივა, ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია მისი სამიზნე სოფელსა თუ რეგიონში იპოვოს, ის, ვინც სოციალურ საწარმოს სათავეში ჩაუდგება და გუნდს შემოიკრებს. თბილისის მკვიდრი კი ინიციატივას ცენტრიდან დაეხმარება საკუთარი გონებრივი, ფინანსური თუ სხვა ტიპის რესურსებით.
რა არის ის მთავარი უნარები, რომელიც აუცილებელია რეგიონული ინიციატივის განვითარებაში და მისი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში?
– სიჯიუტე, რომ ყველა დაბრკოლება გადალახოს; თანმიმდევრული შრომის უნარი, რომ პროგრამები/პროექტები უწყვეტად აქციოს და ადგილობრივებს ჰქონდეთ შეგრძება, რომ რაღაც სტაბილურის და მუდმივის ნაწილები არიან; ადგილობრივებში ნიჭის პოვნის უნარი, რომ ინიციატივაში მეტი ადამიანი შემოიკრიბოს მრავალფეროვანი ნიჭით/უნარით/გამოცდილებით; მთავრობასთან დისტანცირების და ობიექტურობის შენარჩუნების მუდმივი მცდელობა; მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მსგავსი ინიციატივების მუდმივი ძიება და მათთან დაკავშირება; საერთაშორისო პროგრამების დაგეგმვა, სადაც ადგილობრივები მიიღებენ მონაწილეობას და დაინახავენ, რომ გლობალური პროცესის ნაწილები არიან; თანასწორობის პრინციპის დაცვა თანაბრად ყველასთან – ბავშვთან, ახალგაზრდასთან, ხანდაზმულთან, მხარდამჭერებთან, პარტნიორებთან; ინიციატივის გეოგრაფიულ არეალში არსებულ გამოწვევებზე მუდმივი პასუხი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომპონენტია ინიციატივის სიცოცხლისუნარიანობისა და წარმატებისთვის.
რომელია ის შესაძლო (საერთაშორისო) დონორი ორგანიზაციები და კერძო ბიზნესები, რომელთაც, ქრაუდფანდინგის პარალელურად, შეუძლიათ მხარი დაუჭირონ მსგავსი ტიპის ინიციატივებს?
– ჩვენი არსებული გამოცდილებით საქართველოში ახალნაბადი ინიციატივების მხარდაჭერას ყველაზე დროულად ახერხებს – ფონდი „ღია საზოგადეობა საქართველო“ და USAID-ს პროგრამა ACCESS. ეს ორი ფონდი საზოგადოების მრავალფეროვან მყისიერ საჭიროებებს მოქნილად პასუხობს და მთელი ხიბლიც და ძლიერებაც ორივე ფონდის/პროგრამის ეს სპეციფიკაა. ჩვენი გამოცდილებით, ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ყველაზე ხშირად ახერხებენ სხვადასხვა ინიციატივის მხარდაჭერას, არიან – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია – „კრისტალი“; საქართველოს ბანკი; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; რესტორანი – „შავი ლომი“; კავკასიის უნივერსიტეტი; „სარაჯიშვილი“; „ფრეგო“; „ბიო ოილი“; რესტორანი „ეზო“; „წერტი“.
რა ტიპის მხარდაჭერას არ უნდა დათანხმდეს არასდროს რეგიონული სოციალური საწარმოს / შემოქმედებით-საგანმანათლებლო სივრცის მენეჯერი?
- ბიზნეს ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რომლებიც თავისი საქმიანობით ანადგურებენ ადამიანების კეთლდღეობას – მაგალითად, სათამაშო ბიზნესი, თამბაქოს ბიზნესი და სხვა. ასევე, იმ ბიზნესკომპანიებთან ურთიერთობას, რომლებსაც რეგიონულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ბუნდოვანი მიზნები აქვთ ან თანამშრომლობის მიზანს მხოლოდ კომპანიის PR და პოპულარიზაცია წარმოადგენს.
- საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რომელთა ფინანსები არის გაუმჭვირვალე ან რუსული წარმომავლობის, არის სახიფათო ყველა ინიციატივისთვის/ორგანიზაციისთვის. ასევე, თუკი საერთაშორისო ან ადგილობრივი ფონდები/ორგანიზაციები არ იცავენ თანასწორობის პრიციპს, აჯობებს, ასეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაწყვეტა.
- ადგილობივ თვითმმართველობისგან დაფინანსების მიღება საზოგადოებრივი მიზნების მისაღწევად ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის/ინიციატივისთვის არის ძალიან ცივილური ფორმა, თუმცა თანამშრომლობა და დაფინანსების მოპოვება ადგილობრივი თვითმმართველობისგან თუ ცენტრალური ხელისუფლებისგან, პირდაპირ, ან ირიბად არ უნდა შეიცავდეს შეთანხმებას/მინიშნებას, რომ რეგიონული ორგანიზაცია იქნება სამთავრობო, კიდევ უფრო კი პარტიული ინტერესების გამტარი.
შეგიძლია დაასახელო ის რეგიონები/დასახლებები, სადაც გაჩნდა „ცოდნის კაფეს“ მსგავსი ინიციატივის განვითარების სურვილი? და როგორია მათი დღევანდელი მდგომარეობა?
– ძალიან სასიხარულოა, რომ „ცოდნის კაფეში“ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან იყო სხვადასხვა არაფორმალური ჯგუფი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთაც სურდათ „ცოდნის კაფეს“ მსგავსი სივრცეების გახსნა.
მოხარულები ვართ, რომ კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გახსნეს „ცოდნის ოთახი“; ხევსურეთში შექმნეს ახალგაზრდული სივრცე, რომლის მდგრადობაც, სამწუხაროდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა ინიციატივა გაჩნდა და დაფინანსებაც მოიპოვა. ამ ეტაპზე სვანი ახალგაზრდები ცდილობენ „ცოდნის კაფეს“ მსგავსი სივრცის შექმნას და დიდად ვგულშემატკივრობთ.
წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება ერთგვარი გაიდლაინები, რომლითაც შეეძლებათ იხელმძღვანელონ ორგანიზაციებმა, რომლებსაც თავის რეგიონებში უნდათ „ცოდნის კაფეს“ გახსნა.
„ცოდნის კაფეს“ შენების განვლილ გზას რომ გადახედო, რა იყო ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი? იყო/არის შეცდომები, რომლებიც თქვენმა გუნდმა დაუშვა?
– უამრავი – რომლით დავიწყო?! ქრაუდფანდინგის კულტურა ჩვენს ქვეყანაში ახლა ყალიბდება – 14 ასეულ მოქალაქესთან ანაგარიშვალდებულება და 5-ზე მეტ ბიზნესჯგუფთან უკუკავშირები, თუ როგორ პროცესშია მშენებლობის პროცესი, მოითხოვს დიდ ენერგიას და დროს, ამიტომ, კამპანიას უნდა ჰყოლოდა სრულ განაკვეთზე მომუშავე გუნდი, სულ მცირე 3 წევრის შემადგენლობით, რადგან ჩვენს გუნდს ქრაუდფანდინგის პარალელურად უწევს „ცოდნის კაფეს“ არსებული/დროებითი ნაქირავები სივრცის ქირის, კომუნალურების და საწარმოში დასაქმებული პირების ხელფასებისთვის შესაბამისი რესურსების მოძიება და ასევე, „ცოდნის კაფეს“ ძალიან მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამების მართვა.
სწორედ ამიტომ, ჯერ „ცოდნის კაფეს“ მიწის შესყიდვის და შემდეგ მისი მშენებლობის დაწყების ზუსტი თარიღების დაუსახელებლობამ გამოიწვია პროცესის გაწელვა. ფაქტობრივად, დაახლოებთ 83 000.00 ლარი შევაგროვეთ 3 წელიწადში ქრაუდფანდინგის გზით, რაც შეგვეძლო ნახევარ დროში გაგვეკეთებინა, თუკი უფრო მკაფიო დროის ცხრილი გვექნებოდა გასაჯაროებული არსებული და პოტენციური შემომწირველებისთვის.
თუმცა, ყველა სირთულეს, რომელსაც ქრაუდფანდინგის კამპანიაში ვხვდებით, ვცდილობთ მშვიდად დავუდგეთ, რადგან გარდა იმისა, რომ „ცოდნის კაფეს“ ვაშენებთ, ჩვენ ვაშენებთ ქმედით სამოქალაქო საზოგადოებას და საფუძველს ვუყრით ქრაუდფანდინგის კულტურას საქართველოში, რაშიც, როგორც პიონერები, შეცდომებსაც ვუშვებთ და წინააღმდეგობებიც გვხვდება, მაგრამ ძირითად მიზანთან, რომ „ცოდნის კაფე“ იყოს მდგრადი საგანმანათლებლო და კულტურის ოაზისი რეგიონში, მთელი გუნდი უკომპრომისოდ მიბმულები/მიწეპებულები ვართ.
აღსანიშნავია ნანას გუნდის სოციალურ ინიციატივათა სერია, რომელიც Covid-19-ის საპასუხოდ შეიქმნა და რომლის ფარგლებშიც, 1 თვეში 557-მა მოქალაქემ 16 520.00 ლარი გაიღო, რათა 152 ხანდაზმული შიმშილისგან ეხსნათ.
ნანამ, სტატიის რედაქტორთან გაგზავნამდე, დამაწია ახალი ინფორმაცია, რომ პანდემიის პირობებში და მის საპასუხოდ, 57 ხანდაზმულისთვის ტელეფონის, 11 ხანდაზმულისთვის ტელევიზორის და 21 მოსწავლისთვის პლანშეტის შეძენა მოახერხეს, რათა ონლაინ გაკვეთილებში ჩართვის საშუალება ჰქონოდათ.
აღნიშნული პოსტი მომზადდა ევროკავშირის/იუნესკოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარების“ ფარგლებში. პროექტის მიმდინარეობისას შემოგთავაზებთ თემის ირგვლივ ანალიტიკურ სტატიებს, რომლებიც შეეხება საქართველოში შემოქმედებითი სივრცეების განვითარება-მხარდაჭერას და ზოგადად, სექტორში არსებულ გამოწვევებს.