კორონავირუსის სიმბოლიკით ნივთების ბრენდირება და დიზაინერების ეთიკური გამოწვევები
ავტორი: Sara Radin
პანდემიის პირობებში ჩვენ ვხვდებით კორონავირუსის თემატიკაზე შექმნილ ნივთებს, როგორიცაა მაისურები, ქუდები და საიუველირო ნაწარმი, რომლებიც ვირუსის გავრცელების მსგავსად, სისწრაფით გამოირჩევა და საზოგადოებაში პოპულარული ხდება. გაიცანით ბრენდები: Weekday, Talentless და Chinatown Market, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხალხს ხელების დაბანას, სოციალურ დისტანციაზე ვარჯიშისა და კორონავირუსით შთაგონებულ ნივთებთან ერთად სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.
ანალოგიურად, ახალგაზრდა დამოუკიდებელი დიზაინერების ჯგუფს შესაძლებლობა მიეცა ამ რთული დროის ამსახველი საგნები შეექმნა – ხშირად ამ გზით ავადმყოფების დამხმარე ორგანიზაციებისთვის თანხა გროვდება. მაშინ, როცა ზოგიერთ ადამიანს შეუძლია მხარი დაუჭიროს და დააფასოს ამ პროდუქტების მისია, სხვებს შესაძლოა ეს ყველაფერი გულგრილობად და საზიზღრობადაც კი მოეჩვენოთ. i-D რამდენიმე დიზაინერს ესაუბრა, რათა გაიგოთ, თუ რა სტიმული დგას ამ ნივთების უკან.
ჯონმა მაისურზე Purell-ის განახლებულ ლოგოსთან ერთად დაიტანა წარწერა “disinfect the fucking world”. იგი განმარტავს, რომ ეს იყო პასუხი ადამიანების ქმედებაზე, რომლებიც პანდემიის დაწყებისას დიდი რაოდენობით სადეზინფექციო ხსნარებს ყიდულობდნენ. ”გარკვეულ მომენტში მივხვდი, რამდენად ჰგავს “Purell” “pure hell-ს” (სუფთა ჯოჯოხეთს) და რამდენად აუტანელია კორონავირუსის მდგომარეობა ბევრისთვის.”
ნიუ-იორკში მცხოვრებმა დიზაინერმა მაისური კორონავირუსთან ბრძოლის ფონდებისთვის ფულის შესაწირად დაამზადა. ამავდროულად, მისი კამპანია ემსახურებოდა ეპიდემიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მოწოდებას სხვა ბრენდებისა და ადამიანებისთვის, რომ მათაც გაეკეთებინათ იგივე. ეს ყველაფერი უპირისპირდებოდა ზოგიერთი ბრენდისა და ადამიანის მცდელობას, რომლებიც კორონავირუსის თემატიკაზე შექმნილი ტანსაცმლისა ან ნივთების გაყიდვით პირადი სარგებლობის მიღებას ცდილობდნენ. ”ამაზე ძალიან გავბრაზდი, იმის გათვალისწინებით, რომ უამრავ ბრენდს აქვს შესაძლებლობა დაეხმარონ გაჭირვებულებს ან ჩაერთონ პანდემიის შესახებ საინფორმაციო კამპანიაში. უმოკლეს დროში გაყიდვებიდან შემოსული სარგებელი გადაირიცხა COVID-19-ით დაზარალებულთა ფონდსა და ნიუ-იორკის სასურსათო ბანკში.
”მე შთაგონებული ვიყავი, შემექმნა მაისური ისეთი ფრაზით, რასაც ხალხი გრძნობს, მაგრამ გამოხატვის ეშინია”, – ამბობს ჰერმან ლითლი, რომელმაც შექმნა თეთრი მაისური, წარწერით ”Fuck Corona”. 19 წლის ბიჭმა გადაწყვიტა გამოეყენებინა ეს კონკრეტული მესიჯი, რათა წარმოეჩინა, თუ რას გრძნობდა და რას ფიქრობდა ამ მდგომარეობის შესახებ. ”მიუხედავად იმისა, რომ ყველანი სახლში ვართ გამოკეტილები, მოდა კვლავ რჩება გამოხატვის საშუალებად”, – ამბობს ის. ამავე დროს ჰერმანს სურდა, როცა უკან მოიხედავდა, ამ ვითარების სამახსოვროდ რაღაც დარჩენოდა. ნამუშევარმა ინტერნეტში გამოქვეყნების შემდეგ დიდი მოწონება დაიმსახურა, რის გამოც იგი იმედოვნებს, რომ გაიყიდება კიდეც. “ხალხს ძალიან მოსწონს მაისური და მათ ეს ორიგინალურად ეჩვენებათ.”
Mindblown კიდევ ერთი მცირე კომპანიაა, რომელმაც კორონავირუსის პანდემიას პასუხი ტანსაცმლის საშუალებით გასცა. ბრენდის „თვითიზოლაციის“ მაისური ტიპოგრაფიის საშუალებით სასიამოვნო განწყობის მოტანას გულისხმობდა. მაისური ანიმატორ რობერტ კრამპის შთაგონებით იყო შექმნილი. დიზაინერები – მილი დანსტანი და ბენ ლუკას ჯონსი მიიჩნევენ, რომ ფრაზის, “თვითიზოლაცია” – გამოყენებამ ხელი შეუწყო სოციალური დისტანციის დაცვაში პერსონალური პასუხისმგებლობისთვის ხაზის გასმას. ”საუბარია იმაზე, თუ რას აკეთებს თითოეული ჩვენგანი მდგომარეობის შესამსუბუქებლად. თუ ჩვენ ყველანი იზოლირებულნი ვიქნებით, ვიმუშავებთ როგორც ერთი გუნდი, რომელიც პანდემიის შესანელებლად იბრძვის.
Virus Collective მოდის ინდუსტრიის ჯგუფებმა დააარსეს, რომლებიც თავს ვალდებულად მიიჩნევენ თავიანთი დრო და ნიჭი გლობალურ პანდემიაზე დადებითი გავლენის მოხდენას მოახმარონ. დამფუძნებლებს სურთ, რომ ყურადღება გამახვილდეს ქველმოქმედებაზე და არა ეგოზე, ამიტომ მათ ანონიმურად დარჩენა გადაწყვიტეს. მათ მაისურებზე ასეთი წარწერებია: ”არ ვარ ანტისოციალური, სოციალურად დისტანცირებული ვარ”; “ტუალეტის ქაღალდის კოლექციონერი” და ასე შემდეგ.
“ჩვენ ვისწრაფვით, რომ ამ სერიოზულ სიტუაციაში ხალისი შემოვიტანოთ”, – ამბობს ბრენდის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ბრენდის შემოსავლის 25% Covid-19-ით დაზარალებულთა ფონდში ირიცხება. ”მოდა, როგორც ყველა სხვა ინდუსტრია, არაბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფება და ჩვენ ყველა ვცდილობთ ამ სიტუაციიდან მშვიდობიანად გავიკვლიოთ გზა. თუ ცოტათი მაინც შეგვიძლია ჩვენი ნიჭის გამოყენებით ამ ვითარებაში მცირედი წვლილი შევიტანოთ, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ”.
საინტერესოა, რატომ ჰქვია კომპანიას Virus Collective? დამფუძნებლების თქმით, მათ სურდათ სახელი მარტივი და პირდაპირი ყოფილიყო, მაგრამ, ამავდროულად, მასში შემავალი ერთობლივი ძალისხმევაც ასახულიყო. ”ჩვენი ბრენდის მიზანია ვიპოვოთ გზა ოდნავი სიმსუბუქის შემოსატანად წარმოუდგენლად სერიოზულ სიტუაციაში”. გარდა ამისა, მათ ასევე სურდათ შეექმნათ საგნები, რომლებიც ისტორიაში ამ დროის აღსანიშნავად დარჩებოდა. მათ სჯერათ, რომ ნებისმიერი პროტესტი მათი მისამართით, უბრალოდ გაუგებრობაა და ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ბრენდის ჭეშმარიტი მისია არ ესმით.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი მხარს უჭერს და აფასებს ამ პროდუქტების მისიას, სხვები შესაძლოა მიიჩნევდნენ, რომ ყველაფერი უშინაარსო და გულგრილობის გამომხატველია. სახიფათოა ის გზა, რომელიც დიდმა ბრენდებმა ასეთ დროს პროდუქციის გასაყიდად უნდა გაიარონ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც ზოგიერთი მეცნიერი ირწმუნება, რომ COVID-19-ის მსგავსმა მომაკვდინებელმა ვირუსებმა შესაძლოა ექსპლუატაციას შეუწყოს ხელი. ეს ყველაფერი კი მოდის ინდუსტრიის ამგვარი სისტემების პრობლემის ნაწილია.
მიუხედავად ამისა, ეს მაისური გამოხატავს ადამიანების სურვილს, რომ პროდუქცია არსებითი ვითარების საპასუხოდ შექმნან, ამით დაუკავშირდნენ სხვებს და ამავე დროს მათი ტანსაცმელი არტეფაქტები გახდეს. მაშ, სად გადის ზღვარი შემოქმედებითობასა და კაპიტალიზმს შორის? Xyst Ugli-ის დამაარსებელი Tazia Cira ხელნაკეთ ტანსაცმელს ქმნის და მიიჩნევს, რომ როდესაც თეთრკანიანი, ჯანმრთელი ხალხი COVID-19-ის თემატიკაზე შექმნილი ნივთებით ვაჭრობს და შემოსული თანხით არ ეხმარება საჭიროებების მქონე პირებს, ეს ყველაფერი იმ ციკლის გამეორებაა, რომელშიც მხოლოდ პრივილეგირებული ხალხი იღებს სარგებელს და ავადმყოფების პრობლემებს უგულებელყოფს. ”ეს საზიანოა, მაგრამ არ არის გასაოცარი”, – ამბობენ ისინი.
“ეს არის დიდი კრიზისი და ზოგიერთი ბრენდი ამ კრიზისის კაპიტალიზაციას ეწევა”, – ამბობს ტრენდის კონსულტანტი სემ ტროტმენი, რომელსაც ჯერ კიდევ არ უნახავს ბევრი ადამიანი, რომელთაც ეს მაისურები აცვიათ. ბოლოს და ბოლოს, ისინი შეიძლება უბრალოდ კარადაში დაკიდო, ისევე, როგორც ჩვენ ვართ ახლა გამოკეტილები. მხოლოდ დრო გვაჩვენებს, იქნება თუ არა ეს ტენდენცია პოპულარული, მიიღებს უარყოფით საზოგადოებრივ რეაქციას თუ გახდება სასურველი.
ორიგინალი: https://i-d.vice.com/