კოკა-კოლა და კარლსბერგი ორგანულ ბოთლებში გამოვა, რომლებიც ერთ წელიწადში ბუნებრივად დაიშლება
Megan Cooper
აშშ-ის ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად, ყოველწლიურად ოკეანეებში რვა მილიონი ტონა პლასტმასა გროვდება, რაც დაახლოებით 90 თვითმფრინავის წონაა. ქაღალდის ბოთლების კომპანიას, Paboco-ს სურს, რომ მწარმოებლებს და დისტრიბუტორებს ერთჯერადი პლასტიკური ნარჩენების შემცირებაში დაეხმაროს და ბოთლები ადვილად გადასამუშავებელი მასალისგან დაამზადოს. ეს ინიციატივა პირველად, 2013 წელს, ქაღალდის შეფუთვის დეველოპერმა (BillerudKorsnäs) წამოიწყო და შემდეგ მას სხვადასხვა კვლევითი კომპანიები და ინდუსტრიის ლიდერები შეუერთდნენ. 2019 წლის ოქტომბერში პროექტში Coca-Cola, L’Oreal და Absolut ჩაერთნენ.
ისტორიულმა ლუდსახარშმა კარლსბერგმა პრესრელიზში განმარტა: ”ჩვენ ვმუშაობთ მსოფლიოში ლუდისთვის პირველი ”ქაღალდის” ბოთლის დამზადებაზე, რაც 100%-ით ბუნებრივი და სრულად გადამუშავებადი იქნება”. ცოტა ხნის შემდეგ ლუდსახარშმა კომპანიამ თავისი პირველი ქაღალდის ბოთლი პილსნერისთვის წარმოადგინა. მცენარეული პოლიმერისგან (PEF) დამზადებული ბოთლები, განსხვავებით მათი პლასტსმასის “კოლეგებისგან”, ერთ წელიწადში სრულიად იშლება. მდგრადი განვითარების კომპანია, რომელიც ამ ბოთლებს აწარმოებს, იმედოვნებს, რომ 2023 წლისთვის ბოთლები სამომხმარებლო გამოყენებისთვის მზად იქნება.
Paboco-ს ტექნიკური დირექტორი კრისტინა კარლსენი ამბობს: ”ახალი ტექნოლოგიის გამოგონება და შიშველი ხელებით ქაღალდის ბოთლისთვის პირველი აპარატის შექმნა არის შანსი, რომ სამყაროში რაღაც მნიშვნელოვანი შევცვალოთ. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არ არის უბრალოდ ახალი ბოთლი, ეს არის ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება მომავალი თაობებისთვის”.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანასა და მსხვილ კორპორაციაში აქტიურად მიმდინარეობს პლასტიკური ნაწარმის გამოყენების შემცირების პოლიტიკა. ქვეყნები ცდილობენ მაქსიმალურად ჩაერთონ მდგრადი განვითარების ინიციატივებში, მსგავსად ჩინეთისა, რომელიც 2020 წლის ბოლოსთვის პოლიეთილენის პარკების აკრძალვას ყველა დიდ ქალაქში გეგმავს. ამ პროექტებით ჩანს, რომ მსოფლიოს საზოგადოება პასუხისმგებლობას იღებს ეკოლოგიურ პრობლემებზე და დედამიწის მოსავლელად ინოვაციებსა და ადამიანის გამჭრიახობას იყენებს.
ორიგინალი: https://mymodernmet.com/the-paper-bottle-project/