fbpx

ლონდონის მუზეუმმა თვითიზოლაციის ამსახველი პირადი ფოტოების შეგროვება დაიწყო


გააზიარე სტატია


ავტორი: Natasha Levy


ლონდონში მდებარე Museum of the Home-მა ბრიტანეთის მასშტაბით პროექტი Stay Home დაიწყო, რომელიც საზოგადოების წევრებს მოუწოდებს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში მათი ცხოვრებისეული გამოცდილების ამსახველი ფოტოები წარადგინონ. ადამიანებს შეუძლიათ ხუთამდე ფოტო გაგზავნონ, რომელშიც მათი საცხოვრებელი ადგილი იქნება აღბეჭდილი, გარდა ამისა, უნდა უპასუხონ 7 კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა კრიზისმა მათი ფსიქიკური, ფიზიკური და ემოციური დამოკიდებულება სახლის მიმართ.

წარდგენილი სურათები კარანტინის პირობებში ყოველდღიურ რუტინას ასახავს, მათ შორის, ადამიანებსაც, რომლებიც ვიდეოზარის მეშვეობით დისტანციურად მიირთმევენ საჭმელს საყვარელ ადამიანებთან ერთად, ბავშვებს, რომლებიც  NHS (ჯანდაცვის ეროვნული სერვისის) პატივსაცემად  ცისარტყელის პოსტერებს ხატავენ, გარდა  ამისა, აღბეჭდილია არეული საძინებელი ოთახები და სამზარეულოს მაგიდები, რომლებიც სახლიდან მუშაობის პირობებში სამუშაო მაგიდებად გადაკეთდა.

ზოგიერთი ფოტო უფრო სახალისოა, მაგალითად, როგორ აჭმევს პატარა გოგონა ქათამს, ზოგიერთიც კი დამთრგუნველი – ერთ-ერთ მათგანში ასახულია დაფაზე ხელით დაწერილი “არ შეხვიდეთ” –  სავარაუდოდ, ამ ოჯახში ერთ-ერთი წევრი ინფიცირებული იყო.

პროექტი თავდაპირველად Museum of the Home-ს პერსონალმა დატესტა – ისინი აღნიშნავენ, რომ ეს პროცესი კათარზისულია – შემდგომ კი BBC-ს კულტურის საკარანტინო პლატფორმაზე აიტვირთა.

“მიუხედავად იმისა, რომ  ფოტო გამოსახულებასთან ერთად ისედაც ათასობით სიტყვას იტევს, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ მნიშვნელოვანი იყო ამ ფოტოების გვერდით წერილობითი და აუდიომასალაც გვქონოდა, რათა გულწრფელი სურათი წარმოგვედგინა იმის შესახებ, თუ როგორია სახლში ყოფნა დიდ ბრიტანეთში კარანტინის პირობებში”, – განაცხადა მუზეუმის კრეატიული პროგრამებისა და კოლექციების დირექტორმა ტემსინ ეისიმ. “ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანები ძალიან გახსნილნი არიან თავიანთი გამოცდილების გაზიარებისთვის და ასევე აღფრთოვანებულებიც, რადგან მათ აქვთ შანსი ამ ისტორიული ჩანაწერის ნაწილები გახდნენ, რასაც თვითიზოლაციისა და სოციალური დისტანციის პირობებში  შინ  ცხოვრება ჰქვია”.

საზოგადოების ყველა წევრი წახალისებულია  ამ პროექტში ჩასართავად  – ქალაქის მკვიდრნი,  ქალაქგარეთ მცხოვრებნი,   დასაქმებულები, მარტო მცხოვრები ადამიანები, მშობლები, რომლებიც ბავშვის მოვლასა და მუშაობის რთულ ბალანსს იცავენ და ა.შ.

წარდგენილი სურათები მუზეუმის სახლების კოლექციის  მუდმივი ნაწილი გახდება, რომელიც დოკუმენტურ ქრონიკებს ინახავს იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი დიდ ბრიტანეთში ბოლო 100 წლის განმავლობაში.

“The Museum of the Home 1990 წლიდან აგროვებს პირად ჩანაწერებს დიდი ბრიტანეთის საზოგადოების ცხოვრებიდან, მაგრამ Stay Home პირველი პროექტია, რომლის ფარგლებშიც  ფოტოები და ჩანაწერები ძალიან სწრაფად შეგროვდა, – განაცხადა ტემსინ ეისიმ. – ჩვენ ვიგრძენით, რომ მნიშვნელოვანი იყო ამ უჩვეულო დროის ასახვა, როცა თითოეულმა ჩვენგანმა დრამატული ცვლილებები გამოვიარეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში”.

თავად ეს მუზეუმი კი ერთ-ერთი მათგანია იმ კულტურულ ინსტიტუტებს შორის, რომლებზეც კორონავირუსმა გავლენა მოახდინა. თავდაპირველად მას Geffrye Museum ეწოდებოდა, შემდგომ მისი განახლება £18.1 მილიონი დაჯდა და გახსნაც ამ ზაფხულს იგეგმებოდა. მუზეუმში ახალი გალერეები და საარქივო საგამოფენო საგნების ბიბლიოთეკა დაემატა, რომელიც  სავარაუდოდ, 2020 წლის ბოლოსთვის გაიხსნება, მაგრამ მუზეუმის გუნდი მიიჩნევს, რომ სახლის კონცეფცია “არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი”.

“მჯერა, რომ სახლს უფრო მეტად დავაფასებთ, რადგან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ის ადაპტირდა და ერთგვარ ოფისად იქცა სახლიდან მუშაობისთვის, ასევე სავარჯიშო დარბაზად, რესტორნად, სკოლად – ამან კი გვიჩვენა, როგორი მრავალმხრივი შეიძლება იყოს როგორც ეს სივრცე, ასევე ჩვენც,  – განაცხადა ეისიმ. – სახლი აღარ არის მხოლოდ მოსასვენებელი  და გასართობი ადგილი , ის ახლა უკვე შეიძლება მრავალმხრივ გამოიყენო”.

ორიგინალი: https://www.dezeen.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.