fbpx

ის, რაც პანდემიის შემდეგ ძალიან მოგვენატრება


გააზიარე სტატია

ავტორი: ჯოზეფ ლალიაშვილი

 

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი ჯერ კიდევ ჩვენთან არის და მისი სრულად დამარცხება ვერ მოვახერხეთ, ჩვენს ქვეყანაში არსებული შედარებით კარგი დინამიკა საქართველოს ხელისუფლებას საშუალებას აძლევს არსებული შეზღუდვები შეამსუბუქოს.

ეტაპობრივად დავუბრუნდებით ჩვენს სამსახურებს, სილამაზის სალონებს, ვივლით მანქანით, შეგვიძლია მეგობრებთან ერთად  თავისუფლად ქუჩაში გასეირნება და რაც მთავარია, ამიერიდან აღარც კომენდანტის საათის გამო მოგვიწევს სახლებში გამოკეტვა. 

მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა, რომ ნელ-ნელა ძველ, აქტიურ ცხოვრებას ვუბრუნდებით, უამრავი რამის ჩამოთვლა შეგვიძლია, რაც პანდემიის შემდეგ ძალიან მოგვენატრება.  

 

დაუსრულებელი ძილი

პირველი, რის ნაკლებობასაც თავიდანვე ვიგრძნობთ, დაუსრულებელი ძილი იქნება, რადგან სამსახურში წასვლამდე ამიერიდან ადრე ადგომა, წყლის გადავლება, ჩაცმა, საუზმის მომზადება და შემდეგ საცობში დგომაც მოგვიწევს.

ამ ყველაფერს კი გაცილებით მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე, უბრალოდ,  საძინებლიდან ბოლო დროს ჩვენივე სახლში მოწყობილ სამუშაო ოთახში გასვლას სჭირდებოდა. 

 

ჩვენს კომფორტის ზონაში მუშაობა 

მოგვიწევს ჩვენს კომფორტის ზონასაც გამოვემშვიდობოთ, რადგან ჩვენს სამუშაო ოთახში განთავსებული ყველაზე კომფორტული სამუშაო მაგიდა, პირადი ლეპტოპი, რბილი სავარძელი თუ ფეხების შემოსაწყობი სკამი აღარავის დასჭირდება. 

კი, ამიერიდან სამსახურის საერთო მაგიდას უნდა შემოვუსხდეთ და ფეხებიც ძირს უნდა გვედოს დაბუჟებამდე. 

 

შინაურ ცხოველთან ერთად სეირნობა

სამსახურში დაბრუნებულებს ძალიან მოგვენატრება შუადღისას ჩვენს შინაურ ცხოველთან ერთად სუფთა ჰაერზე გასეირნება და თამაში – აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ნელ-ნელა სუფთა ჰაერიც უკვალოდ გაქრება, რადგან ქალაქში აშკარად სულ უფრო მეტი მანქანა მოძრაობს.  

 

 ძალიან კომფორტული სახლის ტანსაცმლით სიარული 

აქამდე, გაღვიძების შემდეგ, ჩვენი საზრუნავი თუ მხოლოდ სახლის ყველაზე კომფორტული, რამდენიმე ზომით დიდი ტანსაცმლის ჩაცმა იყო, ახლა ჩვენს იმიჯზე გაცილებით მეტი ფიქრი მოგვიწევს. 

სილამაზის გამო კი შეიძლება ისევ მოგვიწიოს აი, იმ ფეხსაცმლის ჩაცმა, ყველას რომ გვაქვს გადანახული და ფეხსაც რომ ძალიან გვტკენს. 

 

ოჯახის წევრებთან საუბარი და შვილებთან თამაში 

ოჯახის წევრებთან მუდმივი ურთიერთობა და სხვადასხვა პრობლემის გუნდურად გადაჭრა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. 

თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო დროს ამ ადამიანების (ოჯახის წევრების) როლი ჩვენს ცხოვრებაში ჩვეულებრივზე გაცილებით მეტად იყო გაზრდილი. 

ამიერიდან ვეღარავის გავუზიარებთ ჩვენ მიერ მომზადებული პროექტის მინუსებს და ვეღარავის ვთხოვთ ყავა მოგვიმზადოს, სანამ  მნიშვნელოვან ტექსტზე ვმუშაობთ. 

ასევე მოგვენატრება შვილებთან თამაში, რომლებსაც საღამომდე ფიზიკურად ვეღარ ვნახავთ. 

 

„აქ მე ვარ ბოსი“ 

სახლში არსებული თავისუფლების შეგრძნებაც უკვალოდ გაქრება, რადგან სახლში თუ შენ ხარ საკუთარი თავის უფროსი, სამსახურში შენი რეალური ბოსი გელოდება, რომელსაც შენთვის ყოველთვის აქვს საქმე, რომელსაც სიამოვნებით დაგავალებდა. 

 

მუშაობის პარალელურად, ცალი თვალით ფილმების და სერიალების ყურება 

სამსახურში დაბრუნების შემდეგ მოგვიწევს ფილმებისა და სერიალების მოყვარული ადამიანის იმიჯსაც დავემშვიდობოთ, რომელიც ძალიან დროულად ნახულობს თითოეულ სატელევიზიო შოუს, თითოეულ ახალ სერიას. 

ამისთვის, ამიერიდან სხვა, გაცილებით მნიშვნელოვან საოჯახო საქმეებთან ერთად, უქმეებზე მოგვიწევს დროის გამოყოფა. 

 

სახლის გალამაზების დაუსრულებელი პროცესი 

საგანგებო მდგომარეობისა და შემდეგ უკვე კომენდანტის საათის გამოცხადების გამო სახლში ჯდომა თავიდან ძალიან მტკივნეული იყო, თუმცა, ადამიანები ვართ და ამ გარემოშიც საკმაოდ სწრაფად მოვახერხეთ ადაპტირება – სხვა აქტივობებთან ერთად, წამოვიწყეთ სახლის გალამაზების დაუსრულებელი პროცესი, რომელსაც დიდი შანსია, რომ ახლა უკვე დროის უქონლობის გამო, კიდევ დიდხანს ვერ დავასრულებთ.

 

სახლში მომზადებული სადილი 

უნდა გამოვემშვიდობოთ სახლში მომზადებულ გემრიელ კერძებსაც, რომელსაც მუშაობის პარალელურად, მადიანად შევექცეოდით ხოლმე დღის ნებისმიერ მონაკვეთში. 

ახლა უკვე მოგვიწევს სამსახურის სასადილოში მომზადებულ ან გამოძახებულ მშრალ საკვებს დავჯერდეთ. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.