fbpx

სამყარო, როგორც ნიშანი – ინტერვიუ ლია ბაგრატიონთან


გააზიარე სტატია


ავტორი: ანა გაბელაია

ლია ბაგრატიონი თანამედროვე  ქართველი ხელოვანია, რომელიც 2000 წლიდან აქტიურად ჩანს ქართულ სახელოვნებო სივრცეში. მისი მთავარი სამუშაო მედიუმი თიხაა და მასვე დიდი წვლილი  მიუძღვის ამ ტრადიციული მედიუმის  თანამედროვე  ქართულ ხელოვნებაში პოპულარიზაციის საქმეში. 

ექსპერიმენტები და ახალი მიდგომების ძიება ლიას შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და ალბათ სწორედ ეს არის იმ მედიუმების მრავალფეროვნების მიზეზი, რომელსაც მის ნამუშევრებში ვხვდებით.  

დამოუკიდებლად იმისაგან, თუ რა მედიუმში მუშაობს, ლია ყოველთვის ახერხებს ზუსტად გადმოსცეს თავისი სათქმელი და, ამავე დროს, დამთვალიერებელს ინტერპრეტაციისთვის განუსაზღვრელი სივრცე დაუტოვოს. 

 

ლია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ მედიუმში მუშაობ, შენთვის მთავარი  მაინც თიხაა. გარდა იმისა, რომ ის არის შენი ძირითადი სამუშაო მასალა, ბევრი შენი ნამუშევრის კონცეფციაც ხშირად თიხას და მისი თვისებებსა თუ შესაძლებლობებს  უკავშირდება. რატომ და როგორ აირჩიე თიხა, როგორც მედიუმი?

გრძელი და ფანტასმაგორიულია ის მიზეზი, რის გამოც მისაღები გამოცდების წინ შევცვალე გადაწყვეტილება და ფერწერის ფაკულტეტის ნაცვლად, კერამიკის ფაკულტეტზე შევიტანე საბუთები. ასე რომ, თიხა, როგორც მედიუმი,  მოულოდნელად ავირჩიე. თუმცა, დროთა განმავლობაში, რაც  მეტად ვეცნობოდი თიხას და ვეთამაშებოდი მის თვისებებს, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ის ამოუწურავი შესაძლებლობების მქონე მედიუმია. დღეს  მე, როგორც არტისტს, თიხის გარეშე არ წარმომიდგენია ჩემი საქმე. თიხა მეხსიერების ჭურჭელია. ის თანამედროვე ხელოვნების ტერიტორიაზე თავისი სუბსტანციის დაუსრულებელ მეხსიერებაში ჩადებული ფორმებით ოპერირებს. ჩემი ამოცანაა გავაცოცხლო მისი მეხსიერება. 

 

გამოფენებზე შენ ხშირად შემოქმედების პროცესის ნაწილსაც აჩვენებ ხოლმე, მაგალითად, ვიდეოდოკუმენტაციის სახით. რაც მახსენდება, ეს არის შენი სოლო შოუები აბრეშუმის მუზეუმში (2017) და არტარეაში (2015). ქარვასლაში, შენს პერსონალურ გამოფენაზე, ცოცხალ პროცესს მთელი ოთახი ჰქონდა დათმობილი.  რა მნიშვნელობა აქვს პროცესს შენს შემოქმედებაში?

შემოქმედებით პროცესს ახლავს სასწაული და ეს სასწაული მაბედნიერებს. პროექტის შინაარსიდან გამომდინარე, ხან მაქვს და ხან არ მაქვს ხოლმე იმის საშუალება, რომ ნამუშევრის შექმნის გზა ვაჩვენო. თუ პროექტი მაძლევს რეალურ დროში მოქმედების ან ცოცხალი პერფორმანსის დოკუმენტაციის საშუალებას, მე ამას სიამოვნებით ვაკეთებ.     

თბილისის ისტორიის მუზეუმში ჩემს ბოლო გამოფენაზე – “შეშლილი ჩაის სმა”, ვიდეოდოკუმენტაციებთან ერთად, ვაჩვენე ჩემი პირველი, ამავე სახელწოდების ორარხიანი ვიდეოინსტალაცია. ეს იყო პირველი მცდელობა ვიდეოს, როგორ მედიუმის გამოყენების და ამ მედიუმით რაღაც ისტორიის მოყოლის. ვგეგმავ ასევე კიდევ ერთი ვიდეოს გადაღებას, რომელიც დაწყებულია და იმედი მაქვს მომეცემა მისი დასრულების შესაძლებლობა. 

 

მეტამორფოზა, კადრები ვიდეოდან, გამოფენიდან ‘მარტო ნუ წახვალ, რემედიოს’, აბრეშუმის მუზეუმი, 2017

‘ტრიპტიხი’, 2014

‘შეშლილი ჩაის სმა’, გამოფენის ხედი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, 2018

 

ხშირად ხანგრძლივად მუშაობ   ნამუშევრებზე, რომლებსაც განვითარების სხვადასხვა ეტაპი აქვთ. ხანდახან საერთოდ ჩამოშორდები ხოლმე ბოლო ეტაპს და ნამუშევარი, უკვე საგამოფენო სივრცეში, თავადვე სრულდება (მაგ.: “შეშლილი ჩაის სმა”). ზოგ მიმდინარე ნამუშევარს წელიწადში ერთხელ უბრუნდები (Transformation), ზოგს კი ყოველდღიურ რეჟიმში (now). ასეთ შემთხვევებში თითქოს დროსაც მედიუმად იყენებ. ამაზე თუ შეგიძლია გვესაუბრო?

ინსტალაციები, რომლებიც საგამოფენო სივრცეში  განაგრძობენ ცვლილებას, თავადვე არიან ნამუშევრის “ავტორები” და წარმართავენ შემოქმედებით პროცესს ისე, რომ საკუთარი თავის “შემოქმედები”  ხდებიან.

დროის ფენომენი ძალიან საინტერესოა ჩემთვის და მასზე ბევრს ვფიქრობ. ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარია ამ თემაზე – now (“ახლა”) – ალუზია ონ კავარას სერიაზე „დღეს“.  თავისი ფორმით ეს ნამუშევარი აჩვენებს, რომ ხელოვნება ცხოვრებისეული პროცესია და მისი თავიდან ბოლომდე აღქმა შეუძლებელია. მისი სამუშაო მედიუმია ინსტაგრამი. 

იგი ფიზიკურ სამყაროში არ არსებობს. ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე, მობილურის ეკრანს „ვასქრინშოთებ“ და ასე ვაფიქსირებ წამლის დალევის დროს, რომელიც, ვიდრე ცოცხალი ვარ, რუტინულად უნდა მივიღო საუზმემდე ერთი საათით ადრე. ესაა ინფორმაცია, რომელსაც ვაგზავნი ყოველ დილით ციფრული პროდუქტის სახით ინსტაგრამის ციფრულ გამოფენაზე. 

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაფერი ნიშანია და ყოველი ნიშანი ინფორმაციის მატარებელია. ჩემი დილის „სქრინშოთიც“ ნიშანია. ლოგიკის თანახმად, ეს პროექტი ავტორის სიკვდილით  უნდა დასრულდეს.

2018 წლის 14 დეკემბერს დავიწყე და 2019 წლის 14 დეკემბერს დავასრულე კიდევ ერთი დროზე დამყარებული პროექტი – “15.00”. ახლა ამაზე მეტს არაფერს ვიტყვი. კიდევ მაქვს ამავე თემაზე რამდენიმე ჩანაფიქრი.

 

კონსტრუქცია/დეკონსტრუქცია, მულტიმედია ინსტალაცია, არტისტერიუმი 7, თბილისის ისტორიის მუზეუმი, 2014

შეშლილი ჩაის სმა

‘ლაქა’, გამოფენიდან ‘შეშლილი ჩაის სმა’, თბილისის ისტორიის მუზეუმი, 2018

‘ახლა’, ინსტაგრამ პროექტი, მიმდინარე

 

შენ იმ არტისტთა სიაში ხარ, ვის ნამუშევრებსაც  ხშირად ვნახულობთ სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებში. ბოლო წლებში ბევრი ახალი სივრცე და ინიციატივა დაემატა ჩვენს სცენას. რას ფიქრობ დღევანდელ ქართულ არტ სცენაზე, რა მოგწონს და რა აკლია, შენი აზრით? 

ამ შეკითხვის პასუხად გავიხსენებ  ნამუშევარს, 2018 წლის ივნისში  ჩემ მიერ დადგმულ  ჰეფენინგს, სახელწოდებით “1001-ე რაუნდი” დედიკას გალერეაში,  სადაც საგამოფენო სივრცე მთლიანად გადავაკეთე და მისგან მხოლოდ ვიწრო დერეფანი დავტოვე. 

დერეფანი აერთებდა გალერეის ქუჩიდან შესასვლელს შიდა ეზოსთან, სადაც ნამუშევრების სანახავად მოსულ დამთვალიერებელს დერეფნის გავლის შემდეგ მხოლოდ ღვინის ჭიქებით სავსე მაგიდა ხვდებოდა – ისევ 1001-ედ გამართული “არტტუსოვკა” გახსნის დღეს, რომელიც 1001-ე იმედგაცრუების მეტაფორა იყო.

ჩემი აზრით, მას შემდეგ დიდად არც არაფერი შეცვლილა,  მიუხედავად იმისა, რომ საგამოფენო სივრცეები ნამდვილად მომრავლდა. 

 

1001-ე რაუნდი

 

აუცილებლად მინდა გკითხო, რას ფიქრობ შექმნილ მდგომარეობაზე? საკმაოდ პოპულარული აზრია, რომ პოსტპანდემიის პერიოდში ბევრი რამ შეიცვლება. ცვლილებებს, როგორც წესი, ჯერ ხელოვნება გრძნობს ხოლმე. ამჯერად როგორი წარმოგიდგენია ხელოვნების რეაქცია ამ ყველაფერზე? ან, როგორს ისურვებდი, რომ იყოს?

კოვიდ-19 პანდემია  ნამდვილი შოკი იყო და მრავალმხრივი კრიზისის წინაშე დაგვაყენა. ვერ ვიტყვი რა შეიცვლება პოსტპანდემიურ ეპოქაში. ალბათ მეცნიერება დანერგავს ახალ წესებს და ახალი რეალობა დადგება. არ ვიცი ხელოვნებას როგორი რეაგირება ექნება ამ ცვლილებებზე მომავალში. 

რაც შეეხება ხელოვნების წინათგრძნობას, შარშან ეს გააკეთა 2019 წლის ვენეციის ბიენალეზე ლიტვის პავილიონმა, რომელიც ჟიურიმ ოქროს ლომით დააჯილდოვა. ნამუშევარს ჰქვია ”Sun & Sea (Marina)”, მზიანი ზღვის სანაპიროს ერთი ჩვეულებრივი დღეა, დამსვენებლები მზის აბაზანებს იღებენ და რიგრიგობით მღერიან პირად ტრივიალურ საზრუნავებზე. 

ნელ-ნელა ეს მარტივი ისტორიები  იცვლება სერიოზული თემებით და ცალკეული სიმღერები ხალხმრავალ სანაპიროზე გადაიქცევა პლანეტარული მასშტაბის პრობლემებზე მინიშნებად, რომელსაც  მომღერალთა  გუნდი მღერის. ეს იყო გაფრთხილება, რომ კატასტროფა დადგება ერთ  ჩვეულებრივ მზიან დღეს! 

 

‘Sun&Sea’ – ლიტვის პავილიონი 2019 წლის ვენეციის ბიენალეზე.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.