fbpx

როგორ იქმნებოდა პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლიკა 1918-1921 წლებში


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო ჩლაიძე

 

ნებისმიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოს თვითმყოფადობის აღმნიშვნელი და მისი იდენტიფიკაციის   მთავარი საშუალება    სახელმწიფო სიმბოლიკებია. 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ, დაიწყო საკმაოდ საინტერესო და ხანგრძლივი პროცესი, რომელიც შემოქმედებით და პოლიტიკურ  წრეებს  აერთიანებდა და ეს იყო  დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლიკების შექმნაზე მუშაობა.   

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან კარგა ხანს მიმდინარეობდა კამათი  და მსჯელობა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი. სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ  წამოაყენა წინადადება, გერბზე გამოსახული ყოფილიყო  ამირანი. ივანე ჯავახიშვილის აზრით კი,  საქართველოს გერბზე  უნდა   გამოესახათ  თეთრი გიორგი შვიდი მნათობით, რადგან იგი ისტორიულად დაკავშირებულია ქართველ ხალხთან. 

პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა ივანე  ჯავახიშვილის წინადადებამ. 1918 წლის 20 სექტემბერს მიღებულ კანონში – „საქართველოს რესპუბლიკის ღერბისა“ ვკითხულობთ: „ღერბად არის თეთრი გიორგი შვიდი მნათობით“.  12 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო გერბის ნახატის კონკურსი გამოაცხადა. ერთი უცნაურობა, რაც ამ ამბავს ახლდა, ისაა, რომ გერბის  ესკიზიდან ამოიღეს   გველეშაპის გამოსახულება, რომელსაც სიმბოლურად  თეთრი გიორგის მიერ   სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება უნდა განესახიერებინა. 

კონკურში გამარჯვებული გერბის ესკიზის ავტორი იყო ფრანგული წარმომავლობის რუსი მხატვარი ევგენი ლანსერე,  რომელიც იმხანად თბილისში მოღვაწეობდა. 

ვინაიდან გერბის შედგენისას დაირღვა ჰერალდიკის კანონები და არ იქნა გათვალისწინებული ძველი ქართული  ტრადიცია (იგულისხმება ესკიზიდან გველეშაპის გამოსახულების ამოღება) უკვე დამტკიცებული სახელმწიფო გერბი მკაცრად გააკრიტიკა  დავით კაკაბაძემ.

საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას კი გაეგზავნა საპროტესტო წერილი, რომელსაც ხელს აწერდნენ ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი შევარდნაძე და სხვები.

პარლამენტის ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი რევაზ გაბაშვილი ამბობდა: „დიდი ბრძოლის შემდეგ, როცა მენშევიკებმა კვლავ მისცეს უფლება თავის მრევლს, – ინდივიდუალურად მიეცათ ხმა, ჩვენ გავიტანეთ „თეთრი გიორგი“, მაგრამ დაგვიმახინჯეს, რასაკვირველია, და ვეშაპის დათრგუნვის მაგიერ შუბით გმირისაგან, ვიღაც ჯამბაზი გადაახტუნეს… გუმბათზე და შუბს ტარიდანაც მოხსნეს ჯვარი“.

1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო გერბზე გამოსახული იყო „თეთრი გიორგი შვიდი მნათობით“. ეს გერბი მცირეოდენი ცვლილებებით  აღადგინა 1990 წლის შემოდგომაზე არჩეულმა უზენაესმა საბჭომ და იგი შემდგომი 14 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა, როგორც სახელმწიფო გერბი.

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნი

 

პირველი ქართული რესპუბლიკის ჰიმნის მუსიკისა და სიტყვების ავტორია კომპოზიტორი კოტე ფოცხვერაშვილი. 

„ჰიმნი პირველად აჟღერდა 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს. ამის შემდეგ იგი ნაწილობრივ გადაამუშავა სპეციალურმა კომისიამ და საბოლოო სახით დიდმა გუნდმა და ორკესტრმა შეასრულა 1919 წლის 26 მაისს რესპუბლიკის შექმნის წლისთავზე. “დიდება” ოფიციალურ ჰიმნად გამოცხადდა სპეციალური კონკურსის გარეშე”, – ვკითხულობთ გულბათ ტორაძის რედაქტორობით 2005 წელს გამოცემულ მუსიკის ენციკლოპედიურ ლექსიკონში.

ცნობილია, რომ ჰიმნის ერთ-ერთ  ვერსიად განიხილებოდა ნიკო სულხანიშვილის ნაწარმოები, თუმცა, მისი მაღალი მუსიკალური ღირებულების მიუხედავად, იგი რთული აღმოჩნდა შესასრულებლად. კოტე ფოცხვერაშვილი კი ეყრდნობოდა მოსაზრებას, რომ ჰიმნი მარტივად შესასრულებელი და დასამახსოვრებელი უნდა იყოს.  „სიტყვები, ასე ვთქვათ, თარგმანი უნდა იყოს ჰიმნის მუსიკისა, ხოლო ჰიმნი უმთავრესად თავისი მუსიკით უნდა მეტყველებდეს. ჰარმონიის მხრივ არ უნდა იყოს აჭრელებული ქრომატული ნიშნებითა და რთული მოდულაციით“, – წერდა ავტორი.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სულ მალე, 2 ივნისს, კოტე ფოცხვერაშვილმა „დიდება“ შეასრულა საქართველოს სახელმწიფო თეატრში, რის შესახებაც იოსებ იმედაშვილის გაზეთი – „თეატრი და ცხოვრება“ წერდა:

„კომპოზიტორმა მოგვასმენინა ჰიმნი – „დიდება“ და ლოცვა. პირველი ნაწარმოები გმირული, მჭექარა, აღმაფრთოვანებელია, შიგადაშიგ თითქოს უცხოური მუსიკის გავლენა ემჩნევა… საზოგადოებამ ჰიმნი გაამეორებინა და დიდის ტაშით დააჯილდოვა კომპოზიტორი“.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, იოსებ ირემაშვილის  მოგონებებში ვკითხულობთ, რომ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მეტეხის ციხეში გამომწყვდეული პოლიტიკური პატიმრები  1922 წლის 26 მაისს „დიდების“ სიმღერით შეხვდნენ.  

გასული საუკუნის 90-იანი წლებში, დამოუკიდებლობის  მეორედ მოპოვების შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, 1990 წლის 14 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, „დიდება“ საქართველოს ეროვნულ ჰიმნად გამოაცხადა და  ასეთად დარჩა 2004 წლამდე, ვიდრე იგი  ახალმა ჰიმნმა – „თავისუფლებამ“ არ შეცვალა.

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა

 

პირველი რესპუბლიკის დროშის ავტორი მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეა. საქართველოს რესპუბლიკის დროშას ჰყავს კიდევ ერთი ავტორი, მხატვარი იოსებ შარლემანი. 

„რამდენადაც დროშის ალმის ფერი სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობასთან უნდა ყოფილიყო შეხამებული, ეროვნულმა საბჭომ ალმის ფონად გვიანი პერიოდის ქართლის სამეფოს დროშის მოწითალო-შინდისფერი შეარჩია, რომელსაც, ექვთიმე თაყაიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით, ტრადიციული თეთრი და შავი ფერებიც მიეხატა კუთხეში“. –

 განმარტება დავით მუსხელიშვილის რედაქციით 1990 წელს გამოცემული ბროშურისა „საქართველოს სახელმწიფო დროშები და გერბები“.

1918 წლის 9 ივლისს დროშის ესკიზი განიხილა და მოიწონა საქართველოს ეროვნული საბჭოს ხელოვნების კომისიამ. 1918 წლის 10 სექტემბერს  ოფიციალურად  მიიღეს კანონი „საქართველოს რესპუბლიკის დროშისა“. 

თუმცა ცნობილია, რომ სოციალ-დემოკრატები ამ დროშას კარგა ხანს არ აღიარებდნენ და 1920 წელს, როდესაც საქართველოში ინტერნაციონალი გაიმართა, სახელმწიფო დროშა გამოფენილი არ იყო და მხოლოდ სოციალ-დემოკრატების დროშა ფრიალებდა. მხოლოდ საზოგადოების მკაცრი ჩართულობის შედეგად მოიხსნა წითელი დროშა და სამფეროვანი დროშა აღიმართა.

მიუხედავად სოციალ-დემოკრატების ანტიპათიისა ამ დროშის მიმართ, სამფეროვანი დროშა საქართველოს ისტორიაში დარჩა როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის სიმბოლო.  სამფეროვანმა ალამმა საქართველო დატოვა პოლიტიკურ ემიგრაციასთან ერთად.

ცნობილია, რომ სწორედ ამ დროშას მოჰკიდა ხელი სიკვდილის წინ ქაქუცა ჩოლოყაშვილმა. 

სამფეროვანი დროშა საქართველოში ეროვნული მოძრაობის გააქტიურებასთან ერთად, 1990-იანი წლების ბოლოს დაბრუნდა. ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, 1990 წელს, 14 ნოემბერს, პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ხელი მოეწერა კანონს „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“, რომლის მიხედვიდაც, სამფეროვანი დროშა კვლავ ქვეყნის მთავარ სიმბოლოდ იქცა. 

ვარდების რევოლუციის და ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის მოსვლის შემდგომ მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო დროშად დამტკიცდა ხუთჯვრიანი დროშა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.