fbpx

10 რამ, რაც თვითიზოლაციამ გვასწავლა


გააზიარე სტატია

თვითიზოლაციაში ცხოვრება თითქმის დასასრულს მიუახლოვდა, თუმცა, თუ გასულ 2 თვეს გადავხედავთ, საყვარელი საქმის გარეშე, ადამიანებისგან იზოლირებულად დარჩენა სულაც არ ყოფილა მარტივი. 

არაერთი რთული მომენტისა და დღის მიუხედავად, რომელთა გადაგორებას ხან ფილმების ყურებით, ხან კი ონლაინ ვარჯიშების გამეორებით ვცდილობდით, ბევრიც ვისწავლეთ – რაც მართალია, მართალია, ახლა საჭმელსაც გაცილებით უკეთ ვამზადებთ და თუ საჭიროა, ხელოსნის გამოძახების გარეშე, კედელზე ლურსმნის მიჭედებაც გამოგვდის საკუთარი ძალებით. 

მოკლედ, მინიმუმ 10 რამეს, რაც თვითიზოლაციის პერიოდში „შემოგვესწავლა“, აქვე ჩამოგითვლით: 

 

საჭმლის კეთება

იქამდე თუ კულინარიაში საგრძნობლად მოვიკოჭლებდით და გამოძახებული საკვებით ვინებივრებდით თავს, თვითიზოლაციაში კარტოფილის შეწვაც ვისწავლეთ, კვერცხის თოხლოდ მოხარშვაც და უკვე რამდენიმე სახეობის მწვანილის გარჩევაც კარგად გამოგვდის. 

 

კედელზე ლურსმნის მიჭედება

როგორც თავში ვთქვით, სახლში გამოჩხრეკილი თითოეული წვრილმანი პრობლემის მოსაგვარებლად, აქამდე თუ ხელოსანი მოგვყავდა და გაწეული მომსახურებისთვის ბლომად თანხასაც ვუხდიდით, ახლა უკვე კედელზე ლურსმნის მიჭედებაც ვიცით და თუ საჭირო იქნება, ნიჟარასაც გამოვცვლით საკუთარი ძალებით. 

 

რა ხდება კინოსამყაროში

ვინაიდან ბოლო 2 თვის განმავლობაში უამრავი დრო გვქონდა, თითოეულმა ჩვენგანმა უკვე კარგად იცის კინოსამყაროში არსებული სიახლეების შესახებ – მინიმუმ ბოლო წლებში გამოსული რამდენიმე ათეული კარგი ფილმის ან სერიალის ყურება მაინც მოვასწარით. 

 

სმარტფონის და სხვა ჭკვიანი მოწყობილობების უკეთ გამოყენება

სმარტფონებში, კომპიუტერებსა და სხვა ჭკვიან მოწყობილობებში საკმაოდ დიდ თანხებს ვიხდით, თუმცა ამ ტექნოლოგიების ძირფესვიანად შესწავლის შესაძლებლობა აქამდე არასდროს გვქონია – ახლა კი საკმარისი დრო გვქონდა მინიმუმ ფოტოების გაგზავნის რამდენიმე ხერხი, ღამის რეჟიმი ან სხვა არაერთი გამოსადეგი ფუნქცია აგვეთვისებინა. 

 

დიდი ხნის წინ გადადებული ტანსაცმლის  გადმოლაგება და ჩაცმა 

დიდი ხნის წინ, მაშინ როცა ტანსაცმლის მაღაზიები ჯერ კიდევ ღია იყო, ვყიდულობდით შარვლებს, პერანგებსა და ფეხსაცმელებს, თუმცა მათი დიდი ნაწილი ერთი ჩაცმის მერე უკვალოდ ქრებოდა. უფრო სწორად, ჩვენივე კარადის ყველაზე მიუწვდომელ, მიჩქმალულ ნაწილში გადაინაცვლებდა ხოლმე – ბოლო დროს არსებულმა შეზღუდვამ კი მათი უკან გადმოლაგება, ჩაცმა და დაფასება გვაიძულა. 

 

ბევრი ნიჭით ვყოფილვართ დაჯილდოებული

ადამიანების უმრავლესობა თვლის, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული ინტერესი ან ნიჭი აქვს, რომელსაც შეუძლია მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნას, ნაწილი იმასაც კი ფიქრობს, რომ ნიჭი საერთოდ არ აქვს – თვითიზოლაციაში ყოფნისას კი დარწმუნებული ვარ, ბევრმა თქვენგანმა აღმოაჩინა საკუთარ თავში ახალი უნარები და შესაძლებლობები. 

 

ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა 

ოდესაღაც გაგვიგია, რომ ფიზიკურ სიჯანსაღესთან ერთად ჩვენს ფსიქიკაზე ზრუნვაც მნიშვნელოვანია, თუმცა ამაზე დიდ დროს არც არასდროს ვხარჯავდით. 

ბოლო თვეების განმავლობაში კი იმდენი სტატია შემოგვეკითხა, თუ როგორ გავუმკლავდეთ სრულიად ახალი ცხოვრების სტილს, რომ დიდი შანსია, ამ ცოდნამ არასდროს დაგვტოვოს და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სიცოცხლის ბოლომდე გავაგრძელოთ ზრუნვა. 

 

ადამიანების დაფასება

ის, რაც ნამდვილად ვისწავლეთ, ადამიანების დაფასებაა – თვითიზოლაცია ხომ სწორედ მათთან რეალურ ცხოვრებაში კომუნიკაციას გვიკრძალავდა. მოკლედ, იმედია, ამის გამო მაინც გავხდებით უფრო მომთმენი, მეგობრული და თავაზიანები, მაშინაც კი, როცა ამის საშუალებას სხვები სულაც არ გვიტოვებენ ხოლმე. 

 

ფულის დაზოგვა

სახლში ჯდომამ ფულის დაზოგვაც გვასწავლა და იმის გაცნობიერებაში დაგვეხმარა, რომ სულაც არ არის აუცილებელი ყოველ უქმეებზე ახალი ტანსაცმელი, სათვალე ან ჩანთა ვიყიდოთ – რაც  უნდა გასაკვირი იყოს, არსებულითაც კარგად გავდივართ ფონს. 

 

ყოველთვის, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ 

მთავარი გაკვეთილი კი ის იყო, რომ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, სცენარის ნებისმიერი განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად – კრიზისების მართვის ბოლო დროს დაგროვილი გამოცდილება კი შემდგომი გამოწვევების გადალახვაში აუცილებლად დაგვეხმარება. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.