fbpx

როგორ აღნიშნავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საუკუნის წინ?


გააზიარე სტატია

 

1918 წლის 26 მაისი – „საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“

102 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას  მძიმე სამხედრო და პოლიტიკური მოვლენები უძღოდა. 1918 წლის მაისში ბათუმში მიმდინარე სამშვიდობო კონფერენციას უნდა გადაეწყვიტა ამიერკავკასიისა და საქართველოს ბედი. სწორედ ამ კონფერენციაზე ამიერკავკასიის დელეგაციის ქართველმა წევრებმა მიიღეს გერმანიისგან  მხარდაჭერისა და მფარველობის პირობა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში. დამოუკიდებლობის გამოცხადების ბიძგის მიმცემად ბათუმიდან აკაკი ჩხენკელის მიერ გამოგზავნილი დაშიფრული წერილის ბოლო ფრაზა იქცა – „ურისკოთ არაფერი არ კეთდება. სახელმწიფო ვის დაუარსებია ურისკოთ. მაშ საჭიროა გამბედაობა, გამბედაობა და კიდევ ერთხელ გამბედაობა“. 

1918 წლის 26 მაისს, 17 საათსა და 10 წუთზე, ყოფილი მეფისნაცვლის სასახლეში ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ დამსწრეთა წინაშე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხა, რომლის პირველივე მუხლი აცხადებდა – „ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულუფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“. აქტის დამტკიცების შემდეგ, სასახლის აივნიდან ქუჩებში მდგომ მოზეიმე მოქალაქეებს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება ამცნო.  

 

 

დამოუკიდებლობის გამოცხადება იზეიმეს დედაქალაქსა და საქართველოს პროვინციებში. 26 მაისს სოციალ-დემოკრატმა ვლასა მგელაძემ თანამოაზრეებთან ერთად მთაწმინდაზე ილია ჭავჭავაძის საფლავთან შემდეგი სიტყვები წარმოთქვა:

„გიხაროდენ, დიდო ილიავ, შენი ოცნება აღსრულდა! აღსდგა საქართველო!“. საქართველოს რიგითი მოქალაქეები მისალოც წერილებს აქვეყნებდნენ პრესაში. დამოუკიდებლობის გამოცხადებას ეხმაურებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები და მწერლები. 

ეკატერინე გაბაშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის გამოცხადებას შემდეგი სიტყვებით ულოცავდა და დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს ერთგვარ მიზნებსაც უსახავდა: „თავისუფალ საქართველოს ჩემი სალამი და სურვილები: ძმობა, ერთობა, ჭეშმარიტების ძიება, პოვნა! აი, სიტყვები, რომელთაც გიძღვნი, ჩემო სამშობლოვ, აწ დამოუკიდებელო! თავისუფალო! თავისუფალო და მაშ ბედნიერო!“. 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა  დამოუკიდებლობის დღე ორჯერ, 1919 და 1920 წლებში, აღნიშნეს. საკანონმდებლო ორგანოს საზეიმო სხდომით აღინიშნა დამოუკიდებლობის პირველი ექვსი თვის იუბილეც 1918 წლის 1 დეკემბერს. საზეიმო სხდომაზე ნოე ჟორდანიამ 26 მაისის შესახებ განაცხადა: 

“აქტი 26 მაისისა არ ყოფილა აქტი შემთხვევითი, აქტი უცაბედითი, აქტი მოგონილი რომელიმე პირის, ჯგუფის, ან პარტიის მიერ. არა, ბატონებო, ეს აქტი იყო ისტორიულ აუცილებლობისა და ხალხის გულიდან ამოხეთქილი. ამ აქტით საქართველო გადაურჩა განადგურებას, ამ აქტის საშუალებით საქართველოში არ შემოსულა შეიარაღებული ძალა ჩვენ სამტროდ. ამ აქტით შემოვიდა ჩვენში შეიარაღებული ძალა, მაგრამ შემოვიდა ჩვენდა საშველად, და იმედი გვაქვს, და ვართ დარწმუნებული, რომ თუ კიდევ შემოვიდა შეიარაღებული ძალა ჩვენში, ძალა ევროპიული; ეს ევროპიული შეიარაღებული ძალა იქნება ჩვენ სამოყვრეთ და სამეგობროთ. მთელი ჩვენი სულის კვეთება და ლტოლვილება დაწყებული XI საუკუნიდან იყო ის რომ, რამე ნაირად მოვშორებულიყავით აზიურ კულტურას და შევსულიყავით ევროპიულ კულტურაში და ამიტომ ჩვენ არ გვქონია და არ გვექნება მტრული განწყობილება ევროპასთან  და არც ევროპას ექნება ჩვენთან.”

1919 წლის 26 მაისს დედაქალაქის ქუჩები მორთული იყო ეროვნული დროშებითა და ხალიჩებით, გაიმართა ფართომასშტაბიანი სამხედრო აღლუმი, არსენალის მთიდან გაისროლეს ზარბაზნები, ჰაეროპლანებმა დედაქალაქს რამდენჯერმე გადაუფრინეს, ჩამოყარეს საინფორმაციო ბიულეტენები და მისალოცები. სასახლიდან რუსთაველისა და წყნეთის ქუჩების (დღეს – ჭავჭავაძის გამზირი) გავლით მოეწყო მსვლელობა ვაკის მოედნისაკენ (დღეს – ვაკის პარკი). 

მსვლელობაში მონაწილეობდნენ მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრები, უცხოელი დიპლომატები, პოეტები და მწერლები, მსახიობები, ორკესტრები, ქორო, საზოგადოებრივი გაერთიანებების წევრები, მოსწავლეები, სპორტული გაერთიანება „შევარდენის“ წევრები, ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები, გლეხები ხარ-კამეჩებით, ამქრების წარმომადგენლები და სხვები. ქუჩებში მოძრაობდა მხატვრულად გაფორმებული ავტომობილები, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავდნენ „საქართველოს დამოუკიდებლობას“, „საქართველოს გაერთიანებას“, „რევოლუციას“ და სხვა.  

 ვაკის მოედანზე გამართულ ზეიმს 100 000-ზე მეტი მოქალაქე  დაესწრო. ზეიმი გაიხსნა საქართველოს ეროვნული ჰიმნით, რომელსაც დაახლოებით 500 კაცისგან შემდგარი ქორო ასრულებდა ჰიმნის ავტორის, კომპოზიტორ ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა „შევარდენის“ სავარჯიშო წარმოდგენა, ფეხბურთის მატჩი, ხევსურული ფარიკაობა.  საღამოს ყველა თეატრსა და კლუბში  სადღესასწაულო ღონისძიებები მიმდინარეობდა. 

 

 

ეროვნული დღესასწაული მასშტაბურად აღნიშნეს ყველა ქალაქში, დაბასა თუ სოფელში.  გამოფენილი იყო ეროვნული დროშები. ქალაქი თელავი საზეიმოდ გააფორმა ცნობილმა მხატვარმა ვალერიან სიდამონ-ერისთავმა.                                             

1920 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა კვლავ მასშტაბურად აღნიშნეს. წინა წლისგან განსხვავებით მცირე აღლუმი გაიმართა დედაქალაქში, რადგანაც ძირითადი სამხედრო ნაწილები წითელ არმიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ აზერბაიჯანის საზღვართან იყვნენ დისლოცირებული. დღესასწაულის აღნიშვნის გეგმა ძალზე ჰგავდა 1919 წლის სცენარს. არსენალიდან გაისროლეს ზარბაზნები, ქალაქს გადაუფრინეს აეროპლანებმა და ჩამოყარეს ფერად-ფერადი მისალოცი ბარათები, თავისუფლების მოედნიდან ვაკის მოედნამდე გაიმართა ხალხმრავალი მსვლელობა. ვაკის მოედანზე ზეიმი გახსნა გუნდმა ეროვნული ჰიმნის შესრულებით. სტადიონს გადაუფრინეს აეროპლანებმა, გაიმართა „შევარდენის“ ვარჯიში, საფეხბურთო მატჩი, ფარიკაობა, მხატვრული გუნდების დაჯილდოების ცერემონიალი. ზეიმს დაესწრნენ მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრები, უცხოური დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები. 

1920 წელსაც ფართო მასშტაბით აღინიშნა დამოუკიდებლობის დღე ქალაქებსა და სოფლებში. მთავარ საზეიმო ატრიბუტს კვლავ ეროვნული დროშა, ხალიჩები, ყვავილები, ეროვნული ჰიმნი და ხალხური სიმღერები შეადგენდა. სოფლებში ზეიმს ძირითადად, სათემო თვითმმართველობების წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები უწევდნენ ორგანიზებას. 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1028 დღის განმავლობაში შენდებოდა როგორც ევროპული სახელმწიფო. მისწრაფება ევროპულ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცესთან ინტეგრაციისას პოლიტიკური ტრიბუნიდან მუდმივად ხმამაღლა გაისმოდა. 1919 წლის სექტემბერში დამფუძნებელი კრების ტრიბუნიდან კრების ვიცე-სპიკერი ალექსანდრე ლომთათიძე აცხადებდა: 

„მას [საქართველოს] უნდა თავისი ხალხის ბედი თვითვე გამოსჭედოს და ის შეაყენოს სწორ და ნამდვილ გზაზე. ეს არის გზა ევროპის ცივილიზაციის კულტურის ჩვენში გადმონერგვის და ჩვენი პატარა საქართველოს ხალხის ევროპის ხალხთა ოჯახში შეყვანისა, – მას სურს ის კულტურა, რომელიც მიუღია მას საუკუნეთა განმავლობაში, მიუღია და დღემდე შეუნარჩუნებია, განავითაროს, გააღვივოს და მით – თავისი მცირე წვლილი – პატარა ხალხი მიუძღვნას ევროპის დემოკრატიას… …დასავლეთი და აღმოსავლეთი – აი ეს კითხვაა ჩვენს წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია, ჩვენ მუდამ ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს და თუ ბალშევიკები აღმოსავლეთს ებღაუჭებიან, ეს იმიტომ, რომ დასავლეთმა მათ უარი უთხრა კავშირზე და ცნობაზე. როგორც ხედავთ საქართველოს და რუსეთის გზები აქაც გაიყარენ, ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ, რუსეთის კი აზიისაკენ“.

1920 წლის იანვარში საქართველოს დამოუკიდებლობა დე ფაქტოდ აღიარეს ევროპის დიდმა სახელმწიფოებმა. ამ ფაქტის აღსანიშნავად თბილისში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. 1920 წლის 14 იანვარს დამფუძნებელი კრების სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ მოქალაქეებს საერთაშორისო აღიარება საზეიმოდ მიულოცა და კვლავ ხაზი გაუსვა ევროპასთან საქართველოს ბუნებრივ კავშირს: 

„მოქალაქენო! ნება მიბოძეთ მოგილოცოთ თქვენ, მივულოცო საქართველოს ხალხს საერთაშორისო ოჯახში გაშლილი დროშით შესვლა და იქ ევროპის ხალხის გვერდით საკუთარი ადგილის დაჭერა. ამიერიდან ქართველი ერი მიღებულია დიდი ერების მიერ როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და მომავალი გზა-კვალი მჭიდროთ, უშუამავლოთ გადაეჯაჭვა დასავლეთს და ამ კავშირის გაქარწყლება არ ძალუძს არავითარ ძალ-ღონეს.“

საქართველოს, როგორც ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის პროგრესულ გამოცდილებას ევროპელი პოლიტიკოსებიც უსვამდნენ ხაზს. ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და შემდგომში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მაკდონალდი ჯეიმს რამსეი 1920 წელს, საქართველოში ვიზიტის შემდეგ, აცხადებდა: 

“საქართველოს დემოკრატიულმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რაც ვერ გააკეთეს ევროპელმა სოციალ-დემოკრატებმა. მათ გაატარეს აგრარული რეფორმა; მოახდინეს ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია… შენდება სრული დემოკრატიული სახელმწიფო სოციალისტური მთავრობის ხელმძღვანელობით… თუ ერთა თავისუფლება ცარიელი სიტყვა არაა, თუ რომელიმე ერს თავისუფლება ეკუთვნის, ესაა ქართველი ერი, რომელმაც დაუმტკიცა მთელ კაცობრიობას თავისი მაღალი კულტუროსნობა და პოლიტიკური სიმწიფე“.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.