fbpx

საქართველო ჰოროსკოპით ტყუპებია – მიხო ნერგაძე 26 მაისის შესახებ


გააზიარე სტატია

 

ავტორი:  მიხო ნერგაძე

 

1918 წლის 26 მაისს საქართველომ ოფიციალურად დაასრულა 119-წლიანი რუსეთის ქვეშევრდომობა და სულ ცოტა ხნით ჩამოყალიბდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 

 

სულ ცოტა ხანი კი არასრული სამი წელია. 

ამ არასრულ სამ წელს კი მოჰყვა 70-წლიანი საბჭოთა მმართველობა და ისევ რუსეთის ზეგავლენა, რაც საერთო ჯამში 189 წელს შეადგენს. 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ კვლავ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და სიმბოლურად 26 მაისს პირველი საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩაატარა. 

ქვეყნები რომლებიც აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს, სინამდვილეში დაბადების დღეებს იხდიან. დაბადების დღე ჰოროსკოპსაც მოიცავს. ჰოროსკოპი კი მთელ რიგ თვისებებს სძენს ადამიანს, შესაბამისად – ქვეყანასაც.  საქართველო კი ამ დათვლით ტყუპები გამოდის და თუ თქვენ ჰოროსკოპის გჯერათ, შეამჩნევდით საქართველოს სტანდარტულ ტყუპობას: მარტო მისი დუალიზმი რად ღირს და ჭირვეული ხასიათი, მუდმივი ჩამოუყალიბებლობა და ნიჭიერება თავისი სიზარმაცით, მოუსვენრობა და იმპულსური გადაწყვეტილებები. 

ჩემთვის გასაგებია, რომ ამ გადაწყვეტილებებს ხან ერთი უნიათო მთავრობა იღებს და ხან მეორე მავნებელი ჩინოვნიკი, მაგრამ ხანდახან კარგიც გაუვარდებათ ხოლმე და არის პატარ-პატარა გამონათებები დასავლეთ სამყაროს მიმართულებით. 

მე მჯერა, რომ 189-წლიან წნეხს და ბატონობას გაგრძელება აღარ მოჰყვება. ისევ და ისევ საქართველოს ჰოროსკოპის ხარჯზე და  ზეციური საქართველოს ჩარევით.

რაღაც უნდა იყოს ბალანსში – მინიმალურად მაინც. ჰო, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მე ეს მომწონს. მოდი პოლიტიკას, ნუმეროლოგიას და ჰოროსკოპს შევეშვები და კვლავ დამოუკიდებლობის დღეს დავუბრუნდები.

 

26 მაისი ხან როგორ აღინიშნება საქართველოში, ხან როგორ. 

სტანდარტულად ასეთ დღეს სახელმწიფო სამხედრო აღლუმებს ატარებს და თავის თავდაცვითუნარიანობას აჩვენებს ხალხს და დანარჩენ სახელმწიფოებს, მაგრამ ამ ბოლო დროს ჩვენ მხოლოდ გამოფენებით ვკმაყოფილდებით. რაც თავისთავად არაა ცუდი, იმიტომ რომ აღლუმის ჩატარება ძვირი ჯდება. მაგრამ აღლუმის ჩაუტარებლად ქვეყნის სამხედრო თვითშეფასებაც ქვევით იწევს, რაც მგონი, უფრო ძვირი ფასია, ვიდრე ის ფული, რომელიც აღლუმისთვის არ გვაქვს. 

ექვსი ან შვიდი წლის ვიყავი, როდესაც პირველად წამიყვანეს აღლუმზე. ორი რამ მახსოვს იმ დღიდან. ეული დესანტი და ლენინგრადის პლომბირი. ქაღალდში გახვეული პლომბირი დედამ მიყიდა, მეცნიერებათა აკადემიის კიბეებზე მდგომი მუყაოსყუთიანი კაცისგან. ნაყინის ყიდვისას კი ვიღაცამ თქვა, მალე თვითმფრინავები გადაიფრენენო. მე ნაყინის სწრაფად ჭამა დავიწყე, დედამ კი ანდროპოვის ყურებისკენ სწრაფი ნაბიჯით სიარული. რაღაც მომენტში ისევ ვიღაც უცხომ ცაში თითი გაიშვირა და მოფრინავენო, თქვა. მეც ავდექი და დარჩენილი ნაყინი მთლიანად გადავსანსლე, და ჩემი პირველი მკაფიო ნაყინით გამოწვეული საფეთქლის შოკი მივიღე. 

შოკი იმდენად მძლავრი იყო, რომ ერთადერთი პარაშუტისტი სასტუმრო ივერიის სახურავს რომ მიუახლოვდა, მხოლოდ მაგ დროს შევნიშნე. ვეჭვობ, იმწუთას დაიბადა ჩემში რუსული პროდუქციის ანტიპათია – გაუაზრებელი, გულწრფელი და სამართლიანი. რამდენიმე თვე ველოდი აღლუმს და რუსულმა ნაყინმა წამართვა მომენტი. ჰო, კაი, ჩემმა მსუნაგობამ, მაგრამ მაინც რუსული პროდუქტის მეშვეობით. 

მახსოვს რამდენიმე წლის წინანდელი გამოფენაც, ჩუსტებიანი რუსი სალდაფონი დამთვალიერებლებით და ოპერის მოპირდაპირე მხარეს ასაკოვანი რუსი წყვილით, გარმონზე საბჭოთა კავშირის ჰიმნს რომ უკრავდა. მახსოვს, ჩუსტებიანი როგორ მეცოდებოდა და გარმონიანი მეზიზღებოდა. მაგრამ ცოტა დროის გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ ამ ემოციებს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ყველაფერი კარგად არის. 

იკითხავთ, ყველაფერი კარგად როგორ არის, როცა რუსეთი ყველა ძალას და რესურსს იყენებს საქართველოს გუბერნიის აღსადგენადო? ანუ პირდაპირი გაგებით ყველა რესურსს – მოფლაშულჩუსტებიანი სამხედრო მზვერავებით დაწყებული, გარმონიანი აგენტებით დამთავრებული (დედას გეფიცებით, დამოუკიდებლობის დღეს მტრულად განწყობილი ქვეყნის მოქალაქე თავისი ქვეყნის ჰიმნს რომ უკრავს, აგენტი და პროვოკატორია). ჰო, საბჭოთა კავშირის ჰიმნი და რუსეთის ჰიმნი დღემდე ერთი და იგივე რამეა.) კარგი კი იმიტომ არის, რომ ეს ჩემთვის დასავლეთის მიმართულებით გაღებული კარის კი არა, მთელი ჭიშკრის ნიშანია. საქართველო ტყუპებია და მას მოსწყინდა რუსეთთან თამაში. ხოლო ვისაც ოდნავ მაინც გჯერათ ჰოროსკოპის, გეცოდინებათ მოწყენილი ტყუპების ავანჩავანი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.