fbpx

ქართველი არქიტექტორების ნამუშევრები ნომინირებულია კონკურსზე “ახალგაზრდა ტალანტი არქიტექტურაში 2020”


გააზიარე სტატია



ქართველი არქიტექტორების – სალომე გუგუნავასა და ნოდარ კვანჭიანის სადისერტაციო ნაშრომები ნომინირებულია კონკურსზე –  “ახალგაზრდა ტალანტი არქიტექტურაში – Young Talent Architecture Award – YTAA 2020 (YTAA 2020)”, რომელიც ლუდვიგ მის ვან დერ როეს სახელობის დაჯილდოების ერთ-ერთი ნომინაციაა. 

მილანის ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნულ ჯილდოზე 6 არქიტექტურული და ქალაქგეგმარებითი პროექტით წარდგა, მათგან  ორი ქართველ არქიტექტორებს ეკუთვნით.

YTAA მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს იმ ახალგაზრდა არქიტექტორებს, რომლებიც მომავალში ჩვენი გარემოს გარდაქმნისთვის იქნებიან პასუხისმგებლები. ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს ზაფხულის ბოლოს გამოავლენს და ისინი ვენეციის მე-17 საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალეზე გამოიფინება.

სალომე და ნოდარი განათლების საერთაშორისო ცენტრის (iec) სტიპენდიანტები არიან, მათი არქიტექტურული და ქალაქგეგმარებითი პროექტები კი კონკურსში მილანის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარადგინა.

 

სალომე გუგუნავა: ,,საპროექტო ტერიტორია მდებარეობს სირიაში, ქალაქ ალეპოს დაბომბვისას განადგურებულ ისტორიულ ცენტრში. ქალაქგეგმარებითი პროექტი მიზნად ისახავს ალეპოს სოციალური, პოლიტიკური და კულტურული სივრცეების განახლებას, განვითარებას და ხელახლა ჩაწერას ქალაქის სტრუქტურაში. ნამუშევარი წინა პლანზე სწევს გამხატვრულებულ, არქიტექტონიკულ ელემენტებს და ხაზს უსვამს სივრცული კავშირების მნიშვნელობას ურბანულ კონტექსტში’’.

ნოდარ კვანჭიანი: ,,არქიტექტურული პროექტი – თეატრი და აკადემია ბერლინში, (Theatre Academy in Berlin)  ქალაქის მორფოლოგიური სტრუქტურის დეტალურ ანალიზს ეყრდნობა და ჰარმონიულად ასრულებს ბერლინის ცენტრის სივრცულ და კულტუროლოგიურ დენსიფიკაციას. შედეგი  საპროექტო ტერიტორიის მეტამორფოზაა ბერლინის ისტორიული განზომილების ხელახლა გააზრებით, ქალაქის, რომლის ურბანული სტრუქტურა წარმოადგენს მრავალი ისტორიული შრის სუპერიმპოზიციას”.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.