fbpx

ფარჯიანის “ნავის მეტამორფოზა” – ირაკლი ფარჯიანი – 70


გააზიარე სტატია

ავტორი: თათია ღვინერია

 

ცნობილ ქართველ მხატვარს – ირაკლი ფარჯიანს 2020 წლის 22 მაისს 70 წელი შეუსრულდებოდა. ამ მრგვალ თარიღთან დაკავშირებით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გუნდი გეგმავდა არტისტის მასშტაბურ გამოფენას, სოფო ფარჯიანის კურატორობით. პანდემიის გამო ირაკლი ფარჯიანის ახალი ექსპოზიციის მოწყობა მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში რამდენიმე თვით გადაიდო.

შემოქმედებითი პროცესი მაგიურ რიტუალს ჰგავს, როდესაც მხატვრის ფიზიკური განცდები, მისი ცნობიერი თუ ქვეცნობიერი ემოციები სხეულებრივ ფორმას იძენს.   სულიერი სამყაროს ელემენტები, სულიერი ძალები, მხატვარში აკუმულირდება, რომელიც განსხვავებულ ფორმად და ნამუშევრად გვევლინება.

ყოველ ქმედებას, განცდას, ფიქრსა თუ კონკრეტულ ნამუშევარს თავისი თავგადასავალი/ისტორია აქვს – თავგადასავალი მხატვრის შეგრძნებით დაწყებული, ნამუშევრის ფორმად ქმნით დამთავრებული. სწორედ ამიტომ ნამუშევრები, შინაარსის მსგავსების მიუხედავადაც კი, სრულებით განსხვავებული თავგადასავლის, დრამატურგიისა შეიძლება იყოს.

ირაკლი ფარჯიანის შემოქმედება, მისი მეტაფორული, „სინათლის ფერწერა“, კონკრეტულ დროსა და სივრცეში არის შექმნილი. სადაც ხანდახან „მონაწილეები“ არა მხოლოდ შემოქმედის სულიერი განცდები თუ ხედვები, არამედ კონკრეტული ადამიანებიც ხდებოდნენ – ძირითადად ძალიან ახლობელი ადამიანები.

„ნავის მეტამორფოზა“ 1989 წელს ბერლინის სახელოსნოში შეიქმნა. საკმაოდ დიდი ზომის, თითქმის სამმეტრიანი ტილოს მოსამზადებელი სამუშაოები ბევრ დროსა თუ ენერგიას მოითხოვდა. მხატვრის თავდაპირველი ჩანაფიქრი „გეთსიმანიის ბაღი“ იყო, რომელსაც შავი ფონი სჭირდებოდა. ირაკლიმ დახმარება მეუღლეს, ასმათს სთხოვა, რომელიც ფუნჯითა და შავი საღებავით გულდასმით შეუდგა საქმეს. 

დიდი ზომის ტილოს დაგრუნტვა არ იყო ადვილი, მით უმეტეს, როდესაც მითითებებს თავად მხატვარი იძლეოდა.  ფონი ასმათმა შექმნა, რომელსაც უდიდესი დატვირთვა აქვს არა მხოლოდ კონკრეტულ, არამედ ზოგადად მხატვრის მეტაფორულ ნამუშევრებში. დასაწყისში ჩაფიქრებულმა „გეთსიმანიის ბაღმა“ მეტამორფოზა განიცადა და „ნავის მეტამორფოზად“ გარდაისახა. მასში დღემდე მკაფიოდ იკითხება მხატვრის თავგადასავლის თანამონაწილის მიერ დახატული შავი ფონი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.