fbpx

რას ნიშნავს საგარეო და საშინაო ვალი და როგორ მოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა გაგუა

ხშირად გვესმის, ქვეყნის ვალი გაიზარდა, თუმცა რას ნიშნავს ეს, რა საფრთხეებს თუ შესაძლებლობებს მოიცავს დამატებითი ვალის აღება, დისკუსიის საგანია. მთავრობის მხრიდან სესხების აღება უნდა ეფუძნებოდეს თაობათა შორის რესურსების სამართლიანი გადანაწილების პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ მთავრობის მიერ აღებული სესხებით განხორციელებული ინვესტიციებიდან მიღებული სარგებელი შეესაბამება იმ ხარჯებს, რომლის გაღებაც მომავლ თაობას მოუწევს აღებული ვალის დასაფარად. ეკონომისტები ერთმანეთისგან განსახვავებენ საგარეო და საშინაო ვალს, ორივეს ერთად კი – მთლიანი სახელმწიფო ვალი ეწოდება.

რა არის საგარეო ვალი?

ქვეყნის საგარეო ვალი არის სახელმწიფო ვალის ის ნაწილი, რომელიც ქვეყანამ ისესხა უცხოური მსესხებლებისგან, მათ შორის, კომერციული ბანკებისგან, მთავრობებისგან ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან. როგორც წესი, ქვეყნები საგარეო ვალს მაშინ იღებენ, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურებს არ ჰყოფნით რესურსები დასახული მიზნების მისაღწევად. საგარეო ვალი თითქმის ყველა ქვეყანას აქვს, ეკონომიკის ჩვეულებრივი და ამავდროულად, მნიშვნელოვანი ნაწილია და უკან იმ ვალუტაში ბრუნდება, რომელშიც ის გაიცა.

საგარეო ვალი ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს გააფართოოს საკუთარი წარმოება და გაზარდოს ეკონომიკა, თუმცა სახელმწიფომ იმაზე მეტი ვალი არ უნდა აიღოს, რისი გადახდისუნარიანობაც არ ექნება.

რამდენად გონივრულად იღებს ქვეყანა საგარეო ვალს, ამის შესფასებლად საგარეო ვალის მშპ-სთან შესაბამისობას უყურებენ. საერთაშორისო მონეტარული ფონდი (IMF) ერთ-ერთი ის ორგანიზაციაა, რომელიც ზედამხედველობას უწევს ქვეყნების საგარეო ვალს. ასევე, მსოფლიო ბანკი ყოველკვარტლურად აქვეყნებს ანგარიშს ქვეყნების საგარეო ვალის სტატისტიკის შესახებ.

2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე დიდი საგარეო ვალი აშშ-ს აქვს. ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებს უფრო მეტი საგარეო ვალი აქვთ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთ ქვეყნების გასესხებული თანხის მოცულობაც საკმაოდ მაღალია და მათ ეკონომიკასაც მეტი ვალის დაბრუნების შესაძლებლობა აქვს.

თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, უფრო სწორი საზომია, თუ საგარეო ვალის მშპ-სთან შეფარდების სტატისტიკურ მონაცემებს შევხედავთ. 2019 წლის მონაცემებით, ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იაპონიას აქვს, რომლის საგარეო ვალიც ქვეყნის მშპ-ს 239%-ს შეადგენს. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დაწესებული სტანდარტების მიხედით, დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის რეკომენდირებულია, რომ სახელმწიფო ვალი მშპ-ის 35%-ს არ აღემატებოდეს, საშუალოშემოსავლიანი ქვეყნებისთვის ეს მაჩვენებელი 55%-ია, მაღალშემოსავლიანი და ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებისთვის კი – 70%. თუმცა, მსოფლიოში დღეს არსებული რეალური სიტუაცია ვერ მოდის თანხვედრაში ფონდის მიერ გაცემულ რეკომენდაციასთან.

უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ქვეყანა საგარეო ვალს იღებს, წინასწარ არის განსაზღვრული, თუ როგორ და რაში გამოიყენებს ამ თანხას. ასევე, ხშირად, საგარეო ვალს ე.წ. „მიბმული სესხის“(tied loan) სახე აქვს, რაც ნიშნავს, რომ სესხის მიმღები ქვეყანა ვალდებულია, საჭირო რესურსები სესხის გამცემი ქვეყნისგანვე შეიძინოს. მაგალითდ, თუ ქვეყანას ენერგეტიკის მიმართულებით სჭირდება ინფრასტრუქტურის აშენება, საგარეო ვალის შეთანხმებაში შეიძლება ჩაიწეროს, რომ ქვეყანა მშენებლობისთვის საჭირო რესურსებს შეიძენს ამ თანხით.

სესხის მიზნობრიობა ყველაზე ხშირად მაშინ არის მკაცრად განსაზღვრული, როდესაც ფინანსური დახმარებები ბუნებრივი კატასტროფისგან გამოწვეული ზიანის აღმოსაფხვრელად ან ჰუმანიტარული მიზნებით გაიცემა. მაგალითად, თუ ქვეყანაში უკიდესურესი სიღარიბეა, ადამიანები შიმშილობენ და სახელმწიფოს არ აქვს შესაძლებლობა, საკუთარი რესურსებით შეიძინოს საკმარისი საკვები, შეუძლია საგარეო ვალი აიღოს და აღნიშნული ფინანსებით საჭირო საკვები იმ ქვეყნისგან იყიდოს, ვისგანაც ვალს აიღებს.

საგარეო ვალი შეიძლება გაიზარდოს ორი მიზეზით – ერთი, თუ ქვეყანას დამატებითი რესურსები ესაჭიროება და მეორე, ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში.

რა ხდება, თუ ქვეყანა ვერ აბრუნებს საგარეო ვალს?

თუ ქვეყანა ვერ ახერხებს ან უარს ამბობს საგარეო ვალის  გადახდაზე, ამან შეიძლება კრიზისი გამოიწვიოს. საგარეო ვალის გადაუხდელობა – ქვეყნის სუვერენული ვალდებულების შეუსრულებლობად – დეფოლტად ითვლება. მსგავს სიტუაციაში საგარეო პარტნიორებს უფლება აქვთ, ქვეყნას დამატებით დახმარება აღარ გაუწევენ. ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ შეწყდება ან მნიშვნელოვნად შემცირდება უცხოური ვალუტის შემოდინება, რაც გამოიწვევს ქვეყნის ვალუტის გაუფასურებას და ეკონომიკური ზრდის შეჩერებას.

ვალდებულების შეუსრულების შემთხვევაში, ქვეყანას შეიძლება მოუწიოს არამხოლოდ ვალის დაბრუნება, არამედ დამატებითი ჯარიმების გადახდაც. აღნიშნული საკითხი ინდივიდუალური შემთხვევების საფუძველზე წყდება და სამომხარებლო ბაზრის პრინციპებს პირდაპირ არ მიყვება. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ გამონაკლის შემთხვევებში, თეორიულად არსებობს შესაძლებლობა, რომ ქვეყანა, რომელიც ვერ მოახერხებს საგარეო ვალის დაბრუნებას, განთავისუფლდეს გადახდის ვალდებულებისგან.

მთავრობის ვალის შეფასებისთვის ვალის მდგრადობის ანალიზსს იყენებენ, რაც ქვეყნებს,  შესაძლო ნეგატიური ფაქტორებიდან გამომდინარე, რისკების შეფასებასა და მართვაში ეხმარება. ანალიზის ზოგადი მეთოდოლოგია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ არის შემუშავებული და საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნების სპეციფიკის მიხედვით იცვლება.

რა არის საშინაო ვალი?

გარდა საგარეო ვალისა, სახელმწიფოს გააჩნია საშინაო ვალიც. საგარეო ვალისგან განსხვავებით, საშინაო ვალის დადებითი მახასიათებელია, რომ ვალუტის კურსის მერყეობა მასზე ნაკლებად ახდენს ზეგავლენას, რადგანაც ქვეყანა საშინაო ვალს ეროვნულ ვალუტაში იღებს. სახელმწიფო ვალში საშინაო ვალის მაღალი წილი იმ ქვეყნებს შეუძლიათ ჰქონდეთ, რომელთა შიდა საკრედიტო ბაზარიც კარგად არის განვითარებული და შესაბამისად, შიდა დანაზოგების დიდი მოცულობა აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, საშინაო ვალი უფრო უსაფრთხო ჩანს, გარკვეულ რისკებს მაინც შეიცავს. მაგალითად, როდესაც მთავრობა ფულს საკუთარი მოქალაქეებისგან სესხულობს, მათ დამატებითი გადასახადების გადახდა უწევთ, რადგანაც, თავის მხრივ, მთავრობას სესხის საპროცენტო განაკვეთი აქვს გადასახდელი. ასევე, ფულის ისედაც შეზღუდული რესურსი კერძო სექტორიდან სახელმწიფო სექტორში გადადის, არადა კერძო სექტორი უფრო მაღალი პროდუქტიულობით ხასიათდება. ამიტომაც, საშინაო ვალის შემთხვევაშიც ჩნდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდაზე უარყოფითი გავლენის რისკი.

რამდენი აქვს ვალი საქართველოს? 

საქართველოს საგარეო ვალის შესახებ ინფორმაცია ყოველკვარტალში ერთხელ ქვეყნდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი არ მოიცავს ეროვნული ბანკის მიერ აღებული ვალდებულებებს, მთავრობის საშინაო ვალი კი მოიცავს საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებული ვალს, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან აღებული ვალისა.

ეკონომისტთა შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სისუსტე სწორედ საგარეო ვალია. 2020 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი 5,69 მილიარდ დოლარს, ანუ 18,68 მილიარდ ლარს შეადგენს. არსებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის საგარეო ვალი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება და უმეტესწილად, ენერგეტიკის სექტორის, საგზაო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და ბიუჯეტის მხარდაჭერის მიზნით გამოიყენება.

რაც შეეხება მშპ-სთან მიმართებას, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  2019 წლის პირველ ნახევარში მთლიანი საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 104.7 პროცენტს შეადგენდა.

როგორც აღვნიშნეთ, ვალის გაზრდა ორი მიზეზით შეიძლება, ერთი – მეტი ვალის აღების, მეორე – ვალუტის არამდგრადობით. საქართველოს შემთხვევაში, ბოლო წლებში, ქვეყნის საგარეო ვალის გაზრდა ლარის კურსის გაუფასურებითა და პარალელურად, მშპ-ის ზრდის ტემპის დაცემით არის გამოწვეული.

რაც შეეხება ქვეყნის საშინაო ვალს, ბოლო წლებში ამ მხრივაც მზარდი ტენდენცია შეინიშნება. თუმცა, საბოლოო ჯამში, ქვეყნის სახელმწიფო ვალის უმეტეს ნაწილსს მაინც საგარეო ვალი წარმოადგენს, კერძოდ, 2019 წლის დეკემბრის მონაცემებით, სახელმწიფო ვალის 80% საგარეო ვალია, 20% კი – საშინაო.

და მაინც, კარგია თუ ცუდი ვალი?

სახელმწიფო ვალის შეფასებისას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. რაციონალური გამოყენების შემთხვევაში, სახელმწიფო ვალმა ეკონომიკის სტიმულირებაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშოს, მაგალითად, დაფინანსდეს ახალი ინვესტიციები, შემცირდეს გადასახადების ზრდა. იმისათვის, რომ სახელმწიფო ვალმა დადებითი გავლენა მოახდინოს ეკონომიკურ ზრდაზე, საჭიროა ქვეყანამ დაიცვას ლიმიტებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციები და უზრუნველყოს ფისკალური მდგრადობა.

ასევე, როგორც სტატისტიკიდანაც ჩანს, ვალის სიდიდე ქვეყნის ეკონომიკის ცუდ მდგომარეობაზე სულაც არ მიუთითებს. მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებს მაღალი  სახელმწიფო ვალი აქვთ, რადგანაც შესაბამისი გადახდისუნარიანობა გააჩნიათ და  დეფოლტიც ნაკლებად ემუქრებათ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ქვეყნებმა ვალის მდგრადობა და გადახდისუნარიანობა შეინარჩუნონ, რადგანაც, თუ ქვეყანა ვალის ისეთ მოცულობას აიღებს, რომლის უკან დაბრუნების შესაძლებლობაც არ აქვს, მაშინ კრიზისის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.