fbpx

ინსტაგრამის 3 პოპულარული არტისტი გვიხსნის, თუ რა იმალება აჟიოტაჟის მიღმა


გააზიარე სტატია

 

ავტორი:  Juule Kay

ძალიან ნაცნობი სიტუაცია: იღვიძებ, მობილურს დახედავ და საერთოდ არ გახსოვს რა დღეა, სანამ არ გაიგებ. მოდით, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს,  სახლიდან მუშაობა – ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, პროკრასტინაცია – გამოწვევებითაა სავსე. ჩვენი ყურადღება გაფანტულია, რადგან ათიდან ცხრა შემთხვევაში მობილურებისკენ მივილტვით. მუზეუმებიც კი არ არის ღია, რომ დაათვალიერო და შთაგონება მიიღო, მოგზაურობაც შეზღუდულია. 

საბედნიეროდ, ახალი არტისტები გამოჩნდნენ – არ აქვს მნიშვნელობა, მათ ინსტაგრამის არტისტებს უწოდებთ თუ DIY დედოფლებს – მთავარი ისაა, რომ ისინი თავიანთი ბრწყინვალე და აბსურდული ქმნილებებით ჩვენს “ნიუს ფიდს” ამშვენებენ: ჟელიბონები, როგორც ფეხის ფრჩხილების ლაქი, მარწყვის ვაგინა და ა.შ. ჰანე ზარუმა, თამარა ობუხოვა და ლიზა ლიტოვკა ის ადამიანები არიან, რომლებიც ამ უცნაური ქმნილებების უკან დგანან, თითოეულ მათგანს კი თავისი სპეციალობა აქვს.

ჰანე ზარუმა, უკრაინა

გახსოვთ ტკბილი დღეები Instagram-ის გამოგონებამდე? უკან დავბრუნდეთ, იმ დროში, როდესაც Solitaire-სა და Minesweeper-ის მოსაწყენი თამაშებით ვერთობოდით, ეკრანთან გატარებულ დროს კი დედა გვიკონტროლებდა. 21 წლის ჰანე ზარუმასთვის ეს მოგონებები მისი ხელოვნების მამოძრავებელი ინსპირაციაა.”როდესაც ბავშვი ვიყავი, მობილურები და კომპიუტერები მაშინ შემოდიოდა ბაზარზე. ახლა ეს ყველაფერი ძველი უსარგებლო ნივთებია, მაგრამ მახსოვს, რომ ისინი ჩემთვის ახლებურად და მაგიურად გამოიყურებოდნენ, როგორც რაღაც სრულიად ამოუხსნელი”.

ოცნებობდა, რომ საკუთარი მობილური და კომპიუტერი ჰქონოდა, მაგრამ ნებას არ რთავდნენ, მამამისი მხოლოდ იმის უფლებას აძლევდა, რომ ეთამაშა. ”ყოველთვის მინდოდა, რომ სანტას მობილური დაეტოვებინა ჩემი ბალიშის ქვეშ, მაგრამ ეს ასე არასდროს მომხდარა. ჩემ გარდა ყველა კლასელს ჰქონდა”. დღესდღეობით ჰანეს უზარმაზარი კოლექცია აქვს, რომელიც მან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებად გადააქცია. ის ხშირად ნამუშევრებში ციფრული მესიჯების  განსათავსებლად Iphone-ის ეკრანსაც იყენებს, მაგრამ სახელწოდებას არაფერს ანიჭებს, ურჩევნია, რომ მის ქმნილებებს მნახველებმა მიანიჭონ მნიშვნელობა. “მე იმას ვაკეთებ, რასაც ვგრძნობ და მინდა დამთვალიერებელი მაგიაში დავარწმუნო. მინდა, რომ ყოველდღიურ რუტინას გაექცეთ და ჩვეულებრივ რაღაცებში სილამაზე დაინახოთ”.

იგი შთაგონებას საზოგადოებისგან მიღებული უკუკავშირისგან იღებს, მისი ნამუშევრებისადმი სიყვარულისგან. ”როგორც ჩანს, ყველა კარგი იდეა არსაიდან მოდის და საკმაოდ სწრაფად  სრულდება. როდესაც იდეა ჩნდება, ვერაფერზე ვკონცენტრირდები, სანამ რეალობაში არ განვახორციელებ. ყოველთვის მეტის გაკეთება მინდა. ჩემთვის ხელოვნების კარგი ნიმუში სუფთა იდეაა, როდესაც მას ბოლომდე ვუძღვნი თავს”.

ალბათ დადგა დრო, რომ ამოიღოთ თქვენი დაბზარული ძველი ტელეფონები! გაითვალისწინეთ, რომ სავსებით ნორმალურია, თუ თავს კრეატიულად არ გრძნობთ ამ გაურკვეველ დროში, რომელშიც ამჟამად ვცხოვრობთ. 

“ვფიქრობდი, რომ თუ მეტი დრო მექნებოდა, უფრო მეტ ხელოვნების ნიმუშს შევქმნიდი, მაგრამ ახლა ცოტა დაღლილი ვარ, რადგან თითოეული დღე წინას ჰგავს. ბევრს არ ელოდოთ საკუთარი თავისგან, არაფრის კეთებაც ნორმალურია”.

 

თამარა ობუხოვა, ჩეხეთი

ყაზახეთში დაბადებული, მაგრამ ჩეხეთში გაზრდილი არტისტის, თამარა ობუხოვას ნამუშევრები ინსტაგრამზე ვირუსულად გავრცელდა: ხურდების ჩასაყრელი ბიუსტჰალტერი,  ჩაიდანი, როგორც ბიუსტჰალტერი,  დასანთლული თითები  და ა.შ. ერთხელ მაინც რომ დაათვალიეროთ მისი ინსტაგრამი  @toucheconomy, გაოცებული დარჩებით.

თამარას განცხადებით,  ყველა ნამუშევარი მრავალი მნიშვნელობით არის გამოსახული და ერთი ნივთი არასოდეს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – სამაგიეროდ, ის დროთა განმავლობაში ვითარდება. მაგალითად, ავიღოთ მისი “წვეტიანი” სერია: ჯერ ლამაზი, მაგრამ ეკლიანი ვარდის ფოტო გამოაქვეყნა, შემდეგ კი ის თმაში ჩაიწნა. თამარის მეთვალყურეობით ყველა ობიექტი ევოლუციის ციკლში შედის.

ავიღოთ მისი საყვარელი კლასიკური თეთრი ფაიფურის ჩაიდანი, რადგან მის შემოქმედებაში ამ ობიექტს მრავალმხრივი გამოყენება აქვს. შეგიძლიათ ჩაი სახელოდან, ცხვირიდან დალიოთ, ან პერსონალური ჩაის პაკეტი შექმნათ.  

“ბავშვობაში “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” მიყვარდა, განსაკუთრებით კი მარტის კურდღლისა და შეშლილი ჰატერის სიუჟეტი. ინსპირაციის პოვნა ყველგან შეიძლება, ნებისმიერ დროს. ზოგჯერ ეს პირველი ცდის იდეაა, ზოგჯერ კი ის სხვა რაღაცისგან იბადება, კონკრეტული რამის რეალიზაციის პროცესში. ჩემი ხელოვნების ერთ-ერთი პრინციპია, რაც შეიძლება მეტი იდეა შევქმნა ერთი და იგივე საგნებისა და მასალებისგან”.  მისთვის ინტერნეტი და სოციალური პლატფორმები  დიდად გავლენიანი არ არის შემოქმედების პროცესში. “ვცდილობ ნამუშევარი ისეთი მასალებისგან შევქმნა, რაც უკვე სახლში მაქვს. ყოველდღიური საგნებიც კი შეიძლება შთამაგონებელი იყოს. უბრალოდ შეხედავთ ორ ობიექტს, დააკავშირებთ და რაღაც ახალს შექმნით”.

 

ლიზა ლიტოვკა, უკრაინა

ლიზასთვის ფეხსაცმელი ჩაცმულობის მთავარი ატრიბუტია და რაც უფრო გიჟურია ის, უფრო უკეთესია. “ჯერ კიდევ ვერ გამირკვევია, იმიტომ ვამკობ და ვალამაზებ ჩემს ტერფებს, რომ ძალიან მომწონს ისინი თუ პირიქით, არ მომწონს და ამიტომ ვაკეთებ ამას. მიუხედავად ამისა, ფეხსაცმელი  სულ ჩემთანაა და ყველგან დავყავარ სამყაროში, ან გაქცევაში მეხმარება”. 

გიჟური ნამდვილად გიჟურს ნიშნავს, საუკეთესო მაგალითი კი ტუალეტის ქაღალდისგან  შექმნილი ქუსლიანებია, რომელიც ინსტაგრამზე ათასობით ადამიანმა გააზიარა, მაგრამ ეს ერთადერთი არ არის. თუ კრეპები დაგეწვათ, შეგიძლიათ ფეხსაცმლად აქციოთ, ან ფრჩხილის ლაქის მაგივრად  ჟელიბონი გამოიყენოთ. ლიზასთვის არ არსებობს წესები, გარდა ერთისა: ”ვცდილობ, დიდი ხნის განმავლობაში არ დავფიქრდე იდეაზე და ნაცვლად ამისა, აწმყოში დავრჩე”.

ხელოვნების თითოეული ნამუშევრის შექმნის პროცესი აღტაცებით იწყება. ”ზოგჯერ ვერაფერს ხედავ, ზოგჯერ კი ხედავ რაღაცას, რაც აქ მანამდე არ ყოფილა. რწმენის ამბავიცაა, უნდა გჯეროდეს, რომ იდეის მატერიალიზაცია შეგიძლია”.  

განსაკუთრებით Covid-19-ის დროს, როდესაც ადამიანების უმრავლესობა იძულებულია დარჩეს სახლში, იმაზე მუშაობა, რაც უკვე გაქვს, გაიძულებს კვლავ იპოვო შთაგონება  და ცხოვრების პატარა დეტალებით დატკბე. 

”შეზღუდული რესურსები შეიძლება იყოს მოტივაცია. ის, რაც გვაკლია, დამატებით მნიშვნელობად იქცევა. იმ სიტუაციაში, როდესაც თქვენ საკუთარი ბინით შემოიფარგლებით, საბოლოოდ შეგიძლიათ სიღრმეებში ჩახვიდეთ – არა მარტო საკუთარ შემოქმედებაში, არამედ ზოგადად ცხოვრებაშიც. საერთოდ  მიღებულია, რომ სასარგებლოა ახალ ადგილებში ყოფნა, რათა რაიმე შექმნა. ეს მარტივია. კარგია, როდესაც რაღაც სიახლეს ძველ ადგილას შეიგრძნობ. უბრალოდ ჩერდები და რაღაცებს სხვანაირად უყურებ”.

 

ორიგინალი: https://i-d.vice.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.