fbpx

რაინერ ვერნერ ფასბინდერის საგამოცდო ტესტი – არქივი


გააზიარე სტატია

“საგამოცდო ტესტი” ჰანს ჰელმუტ პრინცლერი

“რაინერ ვერნერ ფასბინდერი”

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი, 1997

 

მასალა მოამზადა ნესტან ნენე კვინკაძემ 

ჟურნალი “ანაბეჭდის” არქივი 2006 წელი

 

 

(წერითი ტურის პირველი ნაწილი)

 

გერმანიის ტელევიზიისა და კინოს აკადემია

სარეჟისორო კურსი 

დედლაინი 31 მარტი

 

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

ასაკი: 23-იდან 28-წლამდე (გამონაკლისი დაიშვება)

 

წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: 

  • საშუალო სკოლის სერტიფიკატი
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან ან უნივერსიტეტიდან
  • ორი რეკომენდაცია 
  • შემოქმედებითი ნიმუში (ფილმი, ფოტო, ნახატი, ლექსები, ნოველები, პიესა, სცენარი და ა.შ.)

 

მისაღები გამოცდები გაიმართება ორ ტურად – 23/26 მაისს

  • წერითი: ტესტი
  • პრაქტიკული: 8მმ  კამერით  გადაღებული სავარჯიშო. 8 წუთამდე მუნჯი კინოსურათი.
  • მუშაობის გამოცდილების მქონე აპლიკანტები პრაქტიკული გამოცდებიდან გათავისუფლდებიან.

საგამოცდო კომისია: გერმანიის კინოსა და ტელევიზიის აკადემიის დირექტორები – ერვინ ლაიზერი და ჰაინც რაზსაკი

პროფესორები – ულრიხ გრეგორი და პიტერ ლილიენტალი

1966 წლის თებერვალს გერმანიის კინოსა და ტელევიზიის აკადემიიდან  825 კანდიდატს უკვე გატანილი ჰქონდა აპლიკაციის ფორმები. უმრავლესობა კითხვარმა შეაშინა. სწორედ ამიტომ, 1966 წლის 31 მარტს, როდესაც დედლაინი იწურებოდა, ბერლინში მხოლოდ 245 მათგანი ჩავიდა. მისაღებ გამოცდებზე კი 74 კანდიდატი მიიწვიეს. მათ შორის იყო 20 წლის რაინერ ვერნერ ფასბინდერი, რომელსაც არც რეკომენდაციები გაუგზავნია და არც ცნობა სამუშაო ადგილიდან. სამაგიეროდ, აკადემიას მისწერა:

 

“კინოსა და ტელევიზიის აკადემიის სამდივნოს 

ძვირფასო ბატონებო, თუ ჯერ კიდევ არის დრო, რომ თქვენს აკადემიაში მისაღები გამოცდებისთვის განცხადება შემოვიტანო, დიდად მადლობელი დავრჩები  მიღების პირობების შეტყობინების შემთხვევაში. პატივისცემით, 

რაინერ ვერნერ ფასბინდერი, 1966 წელი, 3 თებერვალი”.

 

ციტატა:

“მე მსახიობი ვარ, თუმცა მხოლოდ ახლა მომეცა საშუალება, თეატრალურ ასოციაციაში დამამთავრებელი გამოცდები ჩამებარებინა. დღეს 1966 წლის 18 აპრილია და ამ დრომდე თეატრში არ დავსაქმებულვარ”.

შემოქმედებით ნიმუშად ფასბინდერმა წარადგინა “პარალელები: ჩანაწერები და ტექსტი ფილმისთვის”.

ფასბინდერის ფილმი არ შემორჩა.

 


კომისიის წევრები ფასბინდერის შესახებ:

ლილიენტალი: “20 წლის მსახიობმა თავისი ასაკისთვის გამორჩეული სცენარი წარმოადგინა.”

ლაიზერი:  “პარალელები” თავისი ძლიერი იმპულსით პერსპექტიულობას ცხადყოფს. დაშვებულ იქნას მისაღებ გამოცდებზე.” 

 

ტესტი

წერითი ტურის პირველი ნაწილი 26 კითხვისაგან შედგებოდა:   

 

შეკითხვა 1. მე-19 საუკუნის ცნობილი რომანი მოგვითხრობს რუსეთ-საფრანგეთის ომის შესახებ, რომელსაც ნაპოლეონი ედგა სათავეში. 

ა) რა არის რომანის სახელწოდება? 

ბ) ვინ არის ავტორი? 

გ) წაკითხული გაქვთ თუ არა რომანი? დადებითი პასუხის შემთხვევაში: მოგეწონათ თუ არა? 

დ) არსებობს თუ არა ამ რომანის ეკრანიზაცია? (როდის და ვის მიერ არის გადაღებული?)

ფასბინდერი:

ა) “ომი და მშვიდობა”. 

ბ) ლევ ტოლსტოი.

გ) არა. 

დ) 1956 წელს კინგ ვიდორის მიერ (აშშ); 1965 წელს – საბჭოთა კავშირში.

 

შეკითხვა 2. დაასახელეთ 30-იანი წლების რეჟისორი, რომლის შემოქმედებაც გაინტერესებთ. მოყევით რაიმე მისი ფილმის შესახებ, რომელმაც თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 

ფასბინდერი: ჟან ვიგო. ოთხი წლის წინ შანსი გამიჩნდა მენახა “ნული ყოფაქცევაში”. ფილმმა ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, თუმცა დეტალები არ მახსოვს. ვიცი ის, რომ მან ჩემში საკუთარი ფილმის გადაღების სურვილი აღძრა.

 

შეკითხვა 3. რა არის “კომედია დელ არტე”?

ფასბინდერი: “კომედია დელ არტე” არის თეატრში კარგად შერწყმული და დაბალანსებული, თუნდაც მინიმალისტური მოძრაობის ხელოვნება.

 

შეკითხვა 4. სცენარის წერის კონტექსტში რა მნიშვნელობა აქვს სიტყვა “ოვალს”? შეგიძლიათ მაგალითის მოყვანა?

ფასბინდერი: (პასუხის გარეშე) 

 

შეკითხვა 5. კანცლერ ადენაუერს ახლახან ისრაელში ჰქონდა ვიზიტი. როგორ გესახებათ გერმანია-ისრაელის ურთიერთობა ამ ვიზიტის შემდეგ?

ფასბინდერი: (პასუხის გარეშე)  

 

შეკითხვა 6. ა) რომელი რომანი წაიკითხეთ ბოლოს, როგორ შეაფასებდით მას? 

ბ) რომელი მხატვრული ან მეცნიერული წიგნი წაიკითხეთ ბოლოს? როგორ შეაფასებდით მას?

ფასბინდერი: ჯონ რეჩის “ღამის ქალაქი”. ჩემი აზრით, “ღამის ქალაქი” არის რომანი, სადაც რეალიზმი (განსაკუთრებით, დიალოგებში) უპირისპირდება უაზრო ყბედობას (მთავარი მოქმედი გმირის თვითანალიზში).

 

შეკითხვა 7. გადმოცემის რა შემოქმედებითი საშუალება გამოიყენება  რომანსა  და ფილმში? გადმოცემის რომელი საშუალება გამოიყენება მხოლოდ რომანში და რომელი – მხოლოდ ფილმში?

ფასბინდერი: ენა. ადგილითა და დროით შეუზღუდაობა. მოძრავი სურათი. ფილმში მუსიკის, შინაგანი მონოლოგის გამოყენება; ენის, როგორც თხრობის ელემენტის რომანში გამოყენება.

 

შეკითხვა 8. პიესის გადაღებას რომ აპირებდეთ, რას აირჩევდით? რა გაინტერესებთ ამ მასალაში?

ფასბინდერი: “ლანჩის დრო” ჯონ მორტიმერის მიხედვით. “ლანჩის დრო” არის პატარა და მარტივი ისტორია, რომლის გარშემო და საიდანაც შესაძლებელია, სოციალურად კრიტიკული დატვირთვის ფილმის გადაღება.

 

 

შეკითხვა 9. ბეკეტი თუ წაგიკითხავთ ან გინახავთ რაიმე მის მიხედვით?

ფასბინდერი: დიახ, “მერფი”, “მოლოი”, “კრეპის უკანასკნელი ფირი”, “The way it is”, “თამაშის დასასრული”, “მოდიან და მიდიან”.

 

შეკითხვა 10. რით არის ცნობილი დარვინი?

ფასბინდერი: მისი თეორიით ევოლუციის შესახებ – ყველაზე პრიმიტიული არსებისგან ადამიანამდე.

 

შეკითხვა 11. თქვენი აზრით, რას სთავაზობს ბრეხტი მას, ვისაც ფილმის გადაღება სურს?

ფასბინდერი: გაუცხოების ეფექტს, რომელიც ფილმში სხვადასხვანაირად გამოიყენება.

 

შეკითხვა 12. როდის გაიმართა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის უკანასკნელი პარტიული კონგრესი? შეგიძლიათ თუ არა ერთმანეთს დაუკავშიროთ ამ კონგრესის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები? რა განსაზღვრა მსოფლიო პოლიტიკაში ამ პარტიულმა კონგრესმა?

 ფასბინდერი:

 ა) 1966 წელი. 

 ბ) სტალინის რეაბილიტაციისთვის ზომები იქნა მიღებული. საბჭოთა კავშირმა მოახერხა, ჩამოეყალიბებინა ახალი მეგობრობა ჩინურ ბლოკთან კომუნისტური იდეოლოგიის კუთხით. 

გ) კონგრესმა ჩამოაყალიბა საბჭოთა ბლოკის კომუნისტური იდეოლოგიის მითითებები.

 

შეკითხვა 13. დაასახელეთ ბეკეტის ნამუშევარი, რომელსაც იცნობთ და მოკლედ შეაფასეთ იგი.

ფასბინდერი: “კრეპის უკანასკნელი ფირი”. კაცი, საკუთარ ცხოვრებაში ჩაღრმავებას ხმის ჩამწერი საშუალებით ცდილობს. გაცხადებული სიცარიელე, გმირს სიჩუმის წყვდიადში ჩააგდებს (რომელიც შესაძლოა, სამუდამოდ გაგრძელდეს). ჩემი აზრით, “კრეპის უკანასკნელი ფირი” ბეკეტის საუკეთესო პიესაა. აქ, იგი შესანიშნავად  წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების აბსურდულობასა და ამაოებას.

 

შეკითხვა 14. არსებობს თუ არა თქვენი სათაყვანებელი მწერალი, მხატვარი, თეატრის რეჟისორი ან კომპოზიტორი? 

ა) რომელი? 

ბ) რატომ?

 ფასბინდერი: დიახ,

ა) მარსელ პრუსტი.

ბ) იმიტომ, რომ “დაკარგული დროის ძიებაში” ყველაზე ნათელი და მგრძნობიარე თვითანალიზია, რაც კი ოდესმე გამიგია.

 

 შეკითხვა 15. ა) ბოლოს როდის ნახეთ ფილმი?

 ბ) რომელი?

 გ) ვინ იყო სცენარის ავტორი, რეჟისორი, ოპერატორი, პროდიუსერი, მთავარი როლის შემსრულებელი?

 დ) მოკლედ გადმოეცით შინაარსი.

 ე) მოკლედ მიმოიხილეთ ფილმი.

 ფასბინდერი: 

ა) 1966 წლის 20 მაისს.

 ბ) “გათხოვილი ქალი”.

 გ) ჟან ლუკ გოდარი/ რაულ კოტარი/ მაშა მერილი/ ფილიპ ლერუა/ ბერნარდ ნოელი.

 დ) ქალი და მისი საყვარელი ლოგინში წვანან და ერთმანეთზე საუბრობენ. კაცს უნდა, რომ ქალმა ქმარი მიატოვოს და მას გაჰყვეს ცოლად. ისინი ჩაცმას  იწყებენ, უნდა წავიდნენ. კაცს, რომელიც, ამავდროულად, მსახიობია, ქალი მანქანით მიჰყავს ქალაქში. რადგან ერთხელ ქალს ქმარი უკან გაჰყვა, საყვარლებმა ჩვეულ გზას აუარეს და ქალმა მარტო გააგრძელა გზა. მან რამდენიმე ტაქსი გამოიცვალა. ქალს ქმრის შვილი ბაღიდან გამოჰყავს და მასთან ერთად აეროპორტში მიემგზავრება, სადაც  ავიატორი მეუღლე მეგობართან ერთად ჩამოდის. ცოლ-ქმარი მეგობარს სადილად ეპატიჟება.  საუბრობენ ცხოვრებისეულ თემებზე. ამას მოჰყვება შემდეგი ჯერი ლოგინში, ამ შემთხვევაში, ქალსა და მის ქმარს შორის. შემდეგ დღეს მსახიობი-საყვარელი  წარმოდგენის გასამართად პროვინციულ თეატრში მიემგზავრება თვითმფრინავით. იგი ქალს აეროპორტის კინოში დაუთქვამს შეხვედრას. მოახლესთან საუბრისა და გამაჯანსაღებელი სალონის ვიზიტის შემდეგ ქალი საყვარელს კინოში ხვდება. უჩვენებენ რეზნაისის “ღამე და ნისლს”. ისინი კინოდან ჩვენების მსვლელობისას გამოდიან. ამას მოჰყვება მესამე ლოგინის სცენა ფილმში. აქ ქალი  მსახიობს სხვადასხვა თემასა და  მის პროფესიაზე ესაუბრება. ქალი ქმართან დაბრუნებას გადაწყვეტს. 

ე) გოდარი “გათხოვილ ქალს” “სურათის ფრაგმენტებს უწოდებს”. ლოგინის სცენები შედგება სხეულის სხვადასხვა ნაწილების ცალკეული ახლოხედებით. დანარჩენი ისტორია გამუდმებით წყდება სარეკლამო ფოტოებით, რომლებიც მთავარი გმირის – ქალის – გონების ემოციური ჩარჩოების ხაზგასმას გულისხმობს. ეს არის “სურათის ფრაგმენტების” სისუსტე. მე არ მჯერა, შესაძლებელი იყოს პერსონაჟის წარმოჩენა იმის საშუალებით, რომ მან გადაფურცლოს მოდის ჟურნალები, ეს კი გულისხმობდეს მის სურვილს –  იყოს თანამედროვე სარეკლამო ტენდენციის ადეკვატური. “გათხოვილი ქალი”  მშვენიერი ფილმია, დეტალებში გასაგები, მაგრამ ჩემთვის არასაკმარისად გააზრებული. შეიძლება, ეს შთაბეჭდილება ფილმის ფრაგმენტული ხასიათის გამო შეიქმნა. მთლიანი იდეა ნამდვილად იმაშია გამჟღავნებული, რაც გამოტოვებულია.

 

შეკითხვა 16. შეგიძლიათ თუ არა, მოკლედ ჩამოაყალიბოთ განსხვავება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის კონსტიტუციურ პოზიციასა და ყოფილი პრეზიდენტის, გერმანიის რაიხის, პოზიციას შორის?

ფასბინდერი: (პასუხის გარეშე)

 

 

შეკითხვა 17. იცით თუ არა ფილმი, სადაც არაპროფესიონალი მსახიობი მთავარ როლს თამაშობს? როგორ შეაფასებდით მის შესრულებას. ზოგადად, რას ფიქრობთ არაპროფესიონალისთვის მთავარი როლის მინდობაზე? 

ფასბინდერი: ერმანო ოლმის “ილ პოსტო”. ვფიქრობ, რომ მსახიობი, რომელმაც ილ პოსტოს როლი ითამაშა, შესანიშნავია. მისი თამაში ერთ-ერთი საუკეთესოა კინოში. ცხოვრების მთელ ტრაგედიას   მის თვალებში ხედავ. ალბათ იმიტომ, რომ ის უფრო მეტად თავის თავს გამოხატავდა, ვიდრე თამაშობდა. ზოგიერთ შემთხვევაში არაპროფესიონალები ამართლებენ. მაგრამ მე, ზოგადად, პროფესიონალ მსახიობებს ვარჩევ. უმრავლეს შემთხვევაში, არაპროფესიონალ მსახიობს უჭირს საკუთარი თავიდან გამოსვლა, შესაბამისად, კამერის წინ კარგავს იმ სახეს, რის გამოც  აიყვანეს. მასზეა დამოკიდებული, რომ  ეს გამომეტყველება დაიბრუნოს. სწორი გამომეტყველების პოვნა მსახიობის საქმეა, რაც ძნელია და  მხოლოდ ვარჯიშის შედეგად მიიღწევა.

 

შეკითხვა 18. ფილმის გარდა არის თუ არა რაიმე სხვა შემოქმედებითი მედიუმი, რისი გამოყენების სურვილიც გაქვთ? დადებითი პასუხის შემთხვევაში: რომელი და რატომ?

ფასბინდერი: წერა, რადგან მე მოხიბლული ვარ ენის გამოყენებით,   ნებისმიერი ფორმით.

 

შეკითხვა 19. რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს ფერის გამოყენებას ფილმში? 

ფასბინდერი: შესაძლებელია, რომ ფერის გამოყენებით ფილმის პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას გაესვას ხაზი. მე ვიცი მხოლოდ ერთი შემთხვევა, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას მიაღწია რეჟისორმა, – ანტონიონის “წითელი უდაბნო”.

 

  1. გამოტოვებულია.
  2. გამოტოვებულია.

     

შეკითხვა 22. ბოლოს რა წაიკითხეთ პოეზიიდან?

ფასბინდერი: უოლტ უიტმენის “ბალახის ფოთლები”.

  1. გამოტოვებულია.
  2. გამოტოვებულია.

 

შეკითხვა 25. დაასახელეთ ფილმი, რომელშიც ხმას  ძლიერი შემოქმედებითი ეფექტი აქვს. ახსენით, რატომ.

ფასბინდერი: ანტონიონის “წითელი უდაბნო”. მექანიზმის თითქმის უწყვეტი ხმა მთავარი მოქმედი გმირის მარტოობის ხაზგასმაა. ასევე, ელექტრონული მუსიკა, ამ შემთხვევაში, თითქმის იგივეა, რაც ხმოვანი ეკრანი. ეს აშკარად გამოიყენება მთავარი მოქმედი გმირის ავადმყოფობის ასაღწერად.

 

შეკითხვა 26. რა იცით ეიზენშტეინის შესახებ?

ფასბინდერი: ეიზენშტეინი ერთ-ერთი უდიდესი კინოთეორეტიკოსია. მის მიერ ჩამოყალიბებული და თეორიულად ფორმულირებული იყო მონტაჟის, მუსიკის, ფერისა და მსახიობის გამოყენება ფილმში.

 

(წერითი ტურის მეორე ნაწილში ფასბინდერს სეპტიმუს დეილის მოთხრობის, “პატარა გოგონების მჭამელის” კინოადაპტირება უნდა გაეკეთებინა. ასევე, მოემზადებინა 25 სცენის მონახაზი).

 

1966 წლის 17 სექტემბერს ბერლინში გერმანიის კინოსა და ტელევიზიის აკადემია გაიხსნა. ამ დროისთვის 32-მა ბიჭმა და 3-მა გოგონამ სწავლა დაიწყო. რაინერ ვერნერ ფასბინდერი მათ შორის არ იყო, რადგან მისაღებ გამოცდებზე ჩაიჭრა. 

 

პარალელის გასაკეთებლად ჩვენ არ მოგვეპოვება სხვა კანდიდატთა აპლიკაციები.

წლების შემდეგ, როდესაც ფასბინდერი პირველი აკადემიური წლის დამთავრებულთა შორის ყველაზე ცნობილი გახდა, მისი წარუმატებლობა  გამომცდელებს დაჰბრალდათ. ჩაიჭრა კომისია და არა კანდიდატი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.