fbpx

კვირის აფიშა


გააზიარე სტატია

ავტორი: ქეთო ჯულუხაძე

 

ქვეყანაში არსებულმა კრიზისმა თითქმის გადაიარა, მაგრამ სოციალური ცხოვრება აქტიურის სტატუსისგან ჯერ კიდევ შორსაა. სწორედ ამიტომ, AT.ge კვლავ გთავაზობთ დისტანციური ღონისძიებების აფიშას. სოციალურად აქტიურ ცხოვრებასთან ადაპტაციის დროა. ვირტუალური ღონისძიებები კი საუკეთესო გზაა ამ პროცესის დასაწყებად.

ჩვენ გადავწყვიტეთ გაგაცნოთ მომავალი კვირის ყველაზე საინტერესო მოვლენები.

 

30-31 მაისი

მათთვის, ვისთვისაც წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წლის საუკეთესო მოვლენაა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ საჩუქარი მოამზადა –  წიგნის ვირტუალური ფესტივალი.

მართალია, არსებულ პირობებში საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ფესტივალი შემოდგომამდე გადაიდო, მაგრამ, მიუხედავად ამისა,  ფესტივალის ტრადიციული თარიღებისას  ქართველი თუ უცხოელი მწერლები, გამომცემლები და მკითხველები ამჯერად ონლაინ სივრცეში შეიკრიბებიან.

ვირტუალური ფესტივალი მაინც ინარჩუნებს მის ორ ძირითად მიმდინარეობას: ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამასა და წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვას. ასევე ის განაგრძობს ტრადიციულ კონცეფციას.  ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება: ახალი წიგნების ონლაინ პრეზენტაციები, გაიმართება შეხვედრები ქართველ მწერლებთან, რუბრიკა ბავშვებისთვის, ფოკუს-ქვეყნის პროგრამა სხვა უცხოელ მწერლებთან ერთად, ასევე პროექტი “მსახიობები ლიტერატურისთვის”. 2020 წლის ფესტივალზე ფოკუს-ქვეყანა თურქეთია. ასე რომ, ონლაინ ღონისძიების ფარგლებში, თურქი მწერლები საზოგადოებას წარუდგენენ პროექტებს, რომელთა მასშტაბური განხორციელება შემოდგომაზე იგეგმება. მეტიც, 31 მაისს  ჩატარდება ონლაინ სესია ბრიტანელი, თურქი, უკრაინელი და ქართველი მწერლების მონაწილეობით. ამ სესიის მიზანია გაამყაროს ბრიტანეთისა და მზარდი საგამომცემლო სექტორის მქონე ქვეყნების პროფესიონალ გამომცემელთა კავშირი.

თბილისის წიგნის ვირტუალურ ფესტივალში 20-მდე გამომცემელი  მონაწილეობს და ისინი საგანგებო ბაზრობის ონლაინ სივრცეში წიგნის მოყვარულებს ექსკლუზიურ ფასდაკლებებს შესთავაზებენ.

პროექტის მხარდამჭერია თიბისი ბანკი და მისი ინიციატივით ფესტივალის ფარგლებში, 2 დღის განმავლობაში, საბას ონლაინ წიგნებზეც იქნება ფასდაკლება.

ვირტუალური ფესტივალი 31 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის Facebook-გვერდზე დაიწყება.

როგორც ჩანს, ლიტერატურული სამყარო საკმაოდ ბევრ სიახლეს გვპირდება.

 

1 ივნისი

თუ გიყვართ კინო და გსურთ, რომ მეტი გაიგოთ ქართული და მსოფლიო კინემატოგრაფიის შესახებ, თქვენ აუცილებლად უნდა დაესწროთ რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ლექციას.

ლექციის თემაა “შექსპირი ქართველი რეჟისორების შემოქმედებაში”. ღონისძიებას მაკა ვასაძე გაუძღვება. ის ასოცირებული პროფესორი, თეატრმცოდნე და კინოკრიტიკოსია. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს მანანა ანთაძეც, ფილოლოგი და მთარგმნელი. ისინი ჩაატარებენ ასევე მასტერკლასებს კინომანებისთვის.

თუ კინოსთან ერთად შექსპირიც გიყვართ, ეს საუკეთესო შანსია დროის სასიამოვნოდ გასატარებად. ლექცია დაიწყება 18:00 საათზე. ღონისძიების დეტალურ განრიგს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე, მასზე დასასწრებად კი უნივერსიტეტის ოფიციალურ Facebook-გვერდს უნდა ესტუმროთ. 

 

2 ივნისი

Leno Records კვლავ აგრძელებს დისტანციური ღონისძიებების სერიას. ამჟამად LenoSessions-ს ქართველი მუსიკოსი და პროდიუსერი სანდრო ჩინჩალაძე, იგივე TeTe Noise სტუმრობს. 

სანდრო ჩინჩალაძე წლების განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფში სხვადასხვა მუსიკას ქმნიდა. მათგან ყველაზე გამორჩეული პროექტი Me & My Monkey იყო. მისი შემდეგი ნაბიჯი  კი ამბიენტ-მუსიკა აღმოჩნდა. ის ყოველთვის ასოცირდება ექსპერიმენულ მუსიკასთან, 2017 წელს გამოვიდა მისი ამბიენტ-ალბომი – Artificial Frequencies For Daydreamers. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი აშკარაა, რომ ძალიან საინტერესო Livestream გელოდებათ.

ღონისძიება დაიწყება 21:00 საათზე, Leno Records-ის ოფიციალურ Facebook-გვერდზე და კონცერტის დასასრულს თქვენ შესაძლებლობა გექნებათ Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით არტისტს შეკითხვები დაუსვათ. 

 

3 ივნისი

ყველაფერს აქვს დადებითი მხარე – დღევანდელ ვითარებას თუ ოპტიმისტურად შეხედავთ, მიხვდებით, რომ საკმაოდ ბევრი დრო გაქვთ თუნდაც ვარჯიშისა და ფორმაში ჩადგომისთვის. Oktopus Fitness Club გთავაზობთ პილატესის ონლაინ  გაკვეთილებს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის.

დაიცავით ბალანსი. განწყობის ამაღლებასა და ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში ანკა დონდუა დაგეხმარებათ. ის პილატესის სერტიფიცირებული მწვრთნელი, ქოუჩი და healthy lifestyle-ის ბლოგერია.

ვარჯიში დაიწყება 13:00 საათზე. მისი ნახვა შეგიძლიათ Oktopus Fitness Club-ის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

ახლა ნამდვილად კარგი დროა, რომ 2-თვიანი სახლში ჯდომის კვალი თქვენი სხეულიდან გააქროთ.

5 ივნისი

სანდრო ჩინჩალაძის გარდა, ივნისის პირველ კვირაში Leno Records  ქართულ ჯგუფ New one-ს უმასპინძლებს. 

მათი შემოქმედება ქართულ ბაზარზე რამდენიმე წელია გამოჩნდა და საკმაოდ აქტიურად განაგრძობენ მოღვაწეობას. მათ 2016 წელს გამოუშვეს ცნობილი სიმღერის,  Artificial love-ის ქავერი, რომელიც ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული. ჯგუფის ცნობადობა, გარკვეულწილად, ვოკალისტმა თიკა ბალანჩინმა გამოიწვია, რომელიც პირველად საზოგადოების წინაშე მუსიკალური კონკურსის საშუალებით წარდგა და  ხალხის  სიმპათია მოიპოვა. ამჯერად ისინი LenoSesions-ში  მონაწილეობენ.

კონცერტი დაიწყება 18:00 საათზე და ისევე, როგორც სხვა ღონისძიებებზე, Zoom-ის აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ურთიერთობა დაამყაროთ მუსიკოსებთან.

Livestream-ს თვალი ადევნეთ LenoRecords-ის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

მცირე დოზით გემოვნებიან მუსიკასაც კი შეუძლია ერთი უბრალო საღამო განსხვავებული გახადოს.

 

7 ივნისი

ახალგაზრდა მკვლევარი ხარ და ბოლო 3 თვის განმავლობაში ბევრი სათქმელი დაგიგროვდა? ევროპულ-ქართული ინსტიტუტი გაძლევს საშუალებას ჩაატარო ლექცია და ისაუბრო თემაზე, რომელზეც გგონია, რომ სხვებიც უნდა ფიქრობდნენ.

7 ივნისს ზურაბ ოქროპირიძე ჩაატარებს ლექციას უაღრესად საინტერესო თემაზე –  “ენა, როგორც ყოფიერების სახლი”. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის სტუდენტი და ამავდროულად, თსუ-ს სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომელია.

ღონისძიება დაიწყება 15:00 საათზე, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ოფიციალურ Facebook-გვედზე.

თქვენ კი შეგიძლიათ დაესწროთ ზურაბ ოქროპირიძის ლექციას და თუ გადაწყვეტთ, რომ შემდეგი თქვენ უნდა იყოთ, მისწერეთ ევროპულ-ქართულ ინსტიტუტს. ახლა იდეალური დროა სიახლეებისთვის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.