Spirits Connect by WiFi – ინტერვიუ ანნა ჯიბლაძესთან
ავტორი: ანასტასია ახვლედიანი
ანნა ჯიბლაძე ახალგაზრდა ქართველი ხელოვანია, რომელიც ძირითადად ფერწერასა და ციფრულ ხელოვნებაში მუშაობს. ანნას ნამუშევრები ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ წლების განმავლობაში ერთ სახელოსნოში ერთად ვმუშაობდით.
ჩემთვის მისი ნამუშევრები განსაკუთრებით პირადულია და ვაღიარებ, სუბიექტური დამოკიდებულებაც მაქვს მათ მიმართ. მაგრამ ხშირად ისინი მაშინებენ, უფრო სწორად, მაშინებს ის გულწრფელობა, რაც მათშია, რომელიც ყველანაირი სიყალბის დაკარგვისა და რეალობის მკაფიოდ დანახვისკენ მიბიძგებს.
ამიტომ წარმოგიდგენთ ინტერვიუს ანნა ჯიბლაძესთან, მინდა იცნობდეთ მას და მის ნამუშევრებს ისე, როგორც მე ვიცნობ მათ.
ანნა, როდის დაინტერესდი ვიზუალური ხელოვნებით, როგორ გაიაზრე, რომ არტისტი ხარ? რა მოგწონს ყველაზე მეტად ამ პროფესიაში?
ყოველთვის მიყვარდა ხატვა და წერა, არასდროს მიფიქრია სხვა პროფესიაზე, ვერც წარმომედგინა, სხვა რა შეიძლებოდა მეკეთებინა. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ნამუშევრების კეთება ჩემგან მოითხოვს გულწრფელობას და საკუთარი თავის ანალიზს, ფიქრსაც, ამის ფასად კი ამ ყველაფრის ვიზუალიზაციის შესაძლებლობას მაძლევს.
როცა ნამუშევარს ასრულებ, შენი ცხოვრების რაღაც ეტაპიც სრულდება და თუ შემდეგზე არ გადახვედი, მაშინ ცუდადაა შენი საქმე. ზოგჯერ პანიკაში მაგდებს ეგ პროცესი, მაგრამ ამ პანიკის გადალახვა ალბათ ყველაზე ნაყოფიერია ხოლმე. კიდევ ის მომწონს, რომ ნამუშევრების მეშვეობით რაღაც ხელშესახებს ტოვებ შენ უკან, შენი თავის ნაწილებს ტოვებ, ავრცელებ, ყიდი, რაღაც ძალიან ეგოცენტრულიც არის ამაში.
რა არის შენი შთაგონება ყოველდღიურ ცხოვრებაში?
ბოლო დროს მივხვდი, რომ შთაგონება არასწორად მესმოდა. მეგონა, რომ რაღაცაა, რის გარეშეც შეუძლებელია მუშაობა და როცა არ მქონდა, უბრალოდ ველოდებოდი, როდის გაჩნდებოდა. მაგრამ სინამდვილეში შთაგონება ფიქრის ნაწილია და მუშაობის პროცესში ჩნდება. ის შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს, თუ შენი თავი სწორად განაწყვე.
შენი ბოლო ნამუშევრების სერიას ჰქვია Wifi Telepathy . როგორც ვიცი, ამ სერიას ახლაც აგრძელებ, მომიყევი ამ ნამუშევრების შესახებ? საიდან გაგიჩნდა მათი შექმნის იდეა?
ამ სერიის მთავარი პერსონაჟი ძაღლის სხეულის და ქალის სახის მქონე არსებაა. ამ ფიგურის შთაგონება ალბათ ჩემი საყვარელი მეგობრის – ლავას, ჩემი ძაღლის სახეა. ძირითადად ჩემი ინსპირაცია ყოველთვის პირადი ძლიერი ემოციებიდან, სასიყვარულო ურთიერთობებიდან, სიყვარულიდან ან სიძულვილიდან მოდის ხოლმე, მაგრამ ბოლო ერთ წელი უცნაური მქონდა – ის ძლიერი შეგრძნებები, რომლებსაც მიჩვეული ვიყავი და რომლებიც მკვებავდნენ, არ მქონია.
ჩემს ცხოვრებაში ლავას გაჩენაც ამ პერიოდს დაემთხვა, მასთან ურთიერთობამაც დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ საგრძნობლად ნაკლებად დრამატული ადამიანი გავხდი. რაღაც პერიოდი საერთოდ ვერ ვაკეთებდი ნამუშევრებს და იმას ვაბრალებდი, რომ ზედმეტად მშვიდად ვგრძნობდი თავს, შემდეგ დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ ზუსტად ამ აუტანელ სიმშვიდეზე მემუშავა. ამ პერიოდს დაემთხვა ისიც, რომ ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი აღმოსავლური სპირიტუალიზმით დაინტერესდა, უცნაური იყო იმის ყურება, როგორ ცდილობენ ადამიანები მიაღწიონ სიმშვიდის მდგომარეობას, რომელიც ჩემთვის ასეთი აუტანელი გახდა.
ამაში კი უკვე იყო რაღაც დრამატული. ჩემს ტვინში სპირიტუალიზმი, სული, ტელეპათია ინტერნეტთან დაკავშირდა, რადგან ეს სივრცე რაღაც უხილავი ძალაა, რომელშიც მხოლოდ ჩვენი ფიქრები და გრძნობებია და არა ჩვენ მთლიანად, ასე გაჩნდა პირველი ნამუშევარიც , რომელსაც მოჰყვა მეორე დიდი ნამუშევარი, სადაც ადამიანური დრამა და განყენებული სიმშვიდე ერთმანეთს უკავშირდება. შემდეგ კი wifi telepathy, რომელშიც ამ მშვიდ არსებას მაღვიძარა უჭირავს კუდით. ამჟამადაც ამაზე ვმუშაობ. ეს ნამუშევარი დიდ ტილოზე გადამაქვს, მერე არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ეს სერია ძალიან დამეხმარა იმის გააზრებაში, რომ ყველაფერი შეიძლება ხატო და აუცილებელი არ არის რეალური გამოცდილება გქონდეს იმის, რასაც ხატავ, ფიქრი და დაკვირვებაც არანაკლებ მამოძრავებელია ემოციებზე.
Blind owl, What are we Building, Some shadows are spies, Spirits connect by Wifi, In Search of lost time – შენი ეს ფერწერული ნამუშევრები ჩემში მაგიური რეალიზმის განცდას აღძრავს, გიფიქრია თუ არა ამ კუთხით საკუთარ შემოქმედებაზე? მომიყევი მათზე და ფერწერის შექმნის შენეულ პროცესზე.
არ მიფიქრია მაგაზე, მაგრამ ალბათ მაგიურ რეალიზმადაც შეიძლება ჩაითვალოს ნახატების დიდი ნაწილი. ძალიან რთულია ხატვის პროცესის აღწერა, მაგრამ ერთი რამ, რაც ყოველთვის მინდა რომ ჩანდეს ნახატში, არის ისტორია და ეს მგონია, რომ ყოველთვის ფიგურებს შორის კონტრასტული კავშირით მიიღწევა, ოღონდ ყოველთვის, როცა ასეთ კავშირს ვხატავ, ჩემი თავისთვის გასაგები უნდა იყოს, არ ვიცი როგორ ვთქვა, უნდა მჯეროდეს და ვგრძნობდე იმას, რაც ხდება ნახატში, და ჩემთვის ეს ყოველთვის რაღაც მეტაფორაა.
რა გაძლევს მუშაობის ყველაზე დიდ სტიმულს?
როცა სხვას მოსწონს, რასაც ვაკეთებ, ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს, მაგრამ პირველ რიგში, მე უნდა მომწონდეს, რასაც ვაკეთებ, თორემ არაფერს აზრი აღარ აქვს. ნამუშევარს რომ ვასრულებ და მომწონს, ეგ არის ყველაზე დიდი სტიმული.
In search of lost time შენი ბოლო პერიოდის ფერწერაა, თითქოს ამ ნამუშევრით ახალი თემა გაჩნდა შენს შემოქმედებაში, მომიყევი ამის შესახებ.
ისე მოხდა, რომ დიდი ხანი არ მიმუშავია. დიდხანს როცა არ ვხატავ, მიჭირს მუშაობის დაწყება, დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ დაკარგული დრო ამოავსო და ისევ ჩადგე კალაპოტში. ეს ნახატი ერთ-ერთი პირველი იყო ამ პაუზის შემდეგ, ძალიან სპონტანურად დავხატე პეიზაჟი და არ ვიცოდი რა დამეხატა წინა პლანზე, ძალიან ცარიელად ვგრძნობდი თავს. ბოლოს ეს გამოვიდა და მგონი, ზუსტად იმ დაკარგულ დროზეა, რომელმაც გამომფიტა.
ანნა შენს ნამუშევრებში ხშირად ფიგურირებს ტექსტები, როგორ მუშაობ მათზე? რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ტექსტის გამოყენებას ფერწერაში?
ტექსტი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია მაშინაც, როცა არაფერს ვწერ ნამუშევარში, ყოველთვის ვცდილობ, რომ ნახატიც ისეთი იყოს, რომ მისი წაკითხვა შეიძლებოდეს, ცხადია, არა ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ რაღაცა პოეზიას ან ამბავს უნდა შეიცავდეს.
ტექსტი ჩემთვის არის გრძნობა, რომელიც ყოველთვის მინდა ხოლმე, რომ მაქსიმალურად შევკუმშო და ჩავატიო რამდენიმე სიტყვაში. სიტყვებს უდიდესი ძალა აქვთ, განსაკუთრებით კი ისეთ სიტყვებს, რომლებიც მრავალშრიანია, ბევრ შინაარსს მოიცავს და აზრთა კონტრასტს წარმოშობს ტვინში.
მაგალითად, შემიძლია მოვიყვანო ჩემი ნამუშევარი, რომელიც კიევის რეზიდენციაში გავაკეთე. რეზიდენციას Kavaleridze RE:VISION ერქვა, ვმუშაობდით ივანე კავალერიძის, მოქანდაკის, სახლ-მუზეუმში მოპოვებული მასალით. ამ კაცის ისტორიაში ქექვით აღმოვაჩინე, რომ ბევრი ცოლი ჰყავდა და ძალიან მექალთანე იყო, ბოლო ცოლს კი ნადეჟდა ერქვა, ეს ჩემთვის ძალიან შთამაგონებელი აღმოჩნდა და ბოლოს გავაკეთე ნამუშევარი Feed Me Nadejda, სადაც ქალის სახელი და იმედი ერთ კიჩურ ფრაზაშია გაერთიანებული „მაჭამე, ქალო“ და თვითონ ივანესთან ან მის ცოლთან საერთო აღარაფერი აქვს.
ზოგ შემთხვევაში ტექსტი ნამუშევრის მნიშვნელობას უფრო გამოკვეთილს და მძაფრს ხდის, მაგალითად, ჩემი ციფრული ნამუშევარი Meat and bones between us ზუსტად ამ ტექსტის გამო მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ სხეულის ნაცვლად ისედაც ხორცის ნაგლეჯები ხატია, მგონი, ტექსტის ზუსტად ასეთი ფორმულირება აძლევს ძალას.
რა როლს თამაშობს ყოველდღიური სოციალური თუ პოლიტიკური მოვლენები შენს ნამუშევრებს, ახდენენ თუ არა ისინი გავლენას შენზე?
კი, რა თქმა უნდა, ახდენენ, თუმცა ყველაზე ხშირად ქალების თემაზე ვაკეთებ ნამუშევრებს ან გენდერულ უთანასწორობაზე, ალბათ იმიტომ, რომ მძაფრ კავშირს ვგრძნობ სხვა ქალებთან, რადგან ყველას ერთი და იგივე პრობლემები გვაერთიანებს. ვიღაცების ცხოვრებაზე ეს მთელი სისასტიკით აისახება, ვიღაცებზე კი – პასიურად და მალულად, მაგრამ მაინც შესამჩნევად. ამ ფარულ დისბალანსზეა მაგალითად სერია I hate you but you still touch me.
ნამუშევრების სერია I Hate You, But You Can Still Touch Me
ფოტო: გურამ კაპანაძე
როდის გაჩნდა შენს შემოქმედებაში ციფრული ხელოვნება? როგორია შენთვის მუშაობის პროცესი ამ მედიუმში? რა უპირატესობები გააჩნია დიგიტალურ ხელოვნებას, შენი აზრით, დღეს?
ციფრული ნამუშევრების კეთება 2017 წელს დავიწყე, ჩემმა მეგობარმა მასწავლა ფოტოშოპი, ციფრული პადი ვიყიდე და ვხატავდი რაღაცებს. მერე დავშორდით და პირველი კოლაჟების სერიაც მაგ თემაზე გავაკეთე. ჩემ მიერ გადაღებულ ფოტოებზე ვხატავდი და ტექსტებს ვაწერდი. შემდეგ მივხვდი, რომ გადაღება არ მჭირდებოდა, რადგან ინტერნეტში ყველაფერია, რაც შეიძლება წარმოიდგინო და ნაპოვნ გამოსახულებებზე დავიწყე ხატვა.
ციფრული ხელოვნების უპირატესობა ჩემთვის ისაა, რომ სწრაფია. დიდ ტილოზე ხატვა ძალიან რთულია, ციფრული ნამუშევარი კი იმ ზომაზე შეგიძლია დაბეჭდო, რა ზომისაც გინდა რომ იყოს. კიდევ ისაა ძალიან კარგი, რომ როცა ctrl + Z-ს აჭერ, უკან ბრუნდები. უკვე 2 წელია, რაც ილუსტრაციების კეთება დავიწყე მედიისთვის და რაც ციფრული ხატვა ჩემთვის შემოსავლის წყაროდ იქცა, მას მერე ჩემს ნამუშევრებს თითქმის სულ ტილოზე ვაკეთებ. ერთადერთი, რაც ძალიან ხშირად მინდა ხოლმე, ისაა, რომ ტილოზე დახატული ფიგურების გადაადგილება შემეძლოს ისე, როგორც კომპიუტერში. მაგრამ ჯამში, ჩემთვის არ მგონია, რამე განსაკუთრებული უპირატესობა ჰქონდეს.
ანნა, როგორი იყო შენთვის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი, თვლი თუ არა, რომ ეს გზა ყველამ უნდა გაიაროს სასწავლო დაწესებულების მეშვეობით?
პირადად ჩემთვის ძალიან ბევრის მომცემი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შევიძინე, ადამიანებია და იმის საშუალება, რომ ამ ადამიანებისგან ცოდნა შემეძინა, რომელსაც ახლაც ვიძენ მათგან, პირდაპირი კავშირით თუ უბრალოდ მათი დაკვირვებით.
ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო სივრცის გარეშეც შეიძლება, მაგრამ ჩემთვის ეს სივრცე ყველაზე მარტივი და სწრაფი საშუალება აღმოჩნდა იმ გზის გასავლელად, რომელიც მომცემდა ძალიან მნიშვნელოვან საფუძველს, ცოდნას და თავდაჯერებულობას. ვერ ვიტყვი, რომ აუცილებელია ყველამ ეს გზა გაიაროს, ყველა ხელოვანს თავისი გზა აქვს და არ მგონია, ვინმესთვის საზიანო გამოცდილება იყოს.
არის თუ არა რაიმე თემა ან იდეა, რომელიც ყველა შენს ნამუშევარში საერთოა?
იდეები ძირითადად სხვადასხვაა, მაგრამ მგონია, საერთო ისაა, რომ ყველაფერს რაღაცნაირ რომანტიკულ კონტექსტში ვაქცევ ხოლმე, რომელიც სევდიანი და დრამატულია, და ვნებიანიც. ადამიანური ვნებები ისაა, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს – იქნება ეს სასიყვარულო, პოლიტიკური თუ რელიგიური ვნება. ჩემი აზრით, ნებისმიერს ერთი სტრუქტურა აქვს, და ყველა მათგანი, ერთად აღებული, ერთდროულად კაცობრიობის მამოძრავებელი ძალაც არის და მისი ყველაზე დიდი სისუსტეც. და მგონია, რომ ჩემს ნამუშევრებს ეს თემა აერთიანებს.
ანნა, მომიყევი შენი ციფრული ავტოპორტრეტების სერიასა და meme-ების შესახებ. ჩემი აზრით, ისინი ერთმანეთს ებმის, რატომ გაგიჩნდა მათი გაკეთების სურვილი, რას წარმოადგენენ ისინი შენთვის?
არ ვიცი რატომ, მაგრამ როცა რაღაც მძაფრ ემოციას განვიცდი ან ცუდად ვარ, მინდა, რომ ეს ლამაზად შევფუთო და ყველას გავაგებინო, ამის საუკეთესო საშუალება კი სოციალური ქსელებია. როცა ციფრული ხატვა ვისწავლე, მაშინვე დავიწყე ავტოპორტრეტების კეთება. მგონი, თითქმის ყველა ავტოპორტრეტი facebook-ის პროფილის სურათად მქონია დაყენებული.
მერე მიმების კეთება დავიწყე, რომლებშიც ყველანაირი სევდა შეგიძლია ჩატენო და სასაცილოდ წარმოაჩინო, რომ ყველასთვის საინტერესო იყოს. ზოგადად, საუკეთესო მიმები ისინია, რომლებიც არის მარტივი, ლაკონიური და ზუსტი, და თან შეიცავს მეტაფორას (დაახლოებით ისე, როგორც ანდაზები იყო ადრე, ასეა ახლა მიმები, მგონი). ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს, ამიტომ ვაკეთებ ხოლმე და ასე ვერთობი.
რას ელოდები ნამუშევრებისგან? გაქვს თუ არა კონკრეტული მიზანი მუშაობის დროს?
მიზანი ალბათ იმ ნამუშევრის დასრულებაა ხოლმე, რაზეც ვმუშაობ. ზოგი ნამუშევარი ერთი ამოსუნთქვით კეთდება, მაგრამ ზოგი ძალიან რთულია, ასეთი რთული ნამუშევრებიდან ყოველთვის რაღაც მნიშვნელოვანს ვსწავლობ, რაღაცას, რაც აქამდე არ ვიცოდი და ეს ცოდნა, რაც შეიძლება მიიღო პროცესიდან, ამოუწურავია, ამიტომ არ ვიცი, რა შეიძლება იყოს მიზანი.
ინტერვიუს ბოლოს მინდა გაჩვენოთ ანნას სახელოსნო და ის ნამუშევრები, რომლებზეც საუბარი ვერ მოვახერხეთ.