fbpx

ფეხბურთი გერმანულად


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

თუკი უკანასკნელი პერიოდის მანძილზე ფეხბურთს მხოლოდ ბელარუსში, ნიკარაგუასა და კოსტა რიკაში თამაშობდნენ, ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ფეხბურთის ენაზე უკვე დიდ საფეხბურთო ქვეყანაშიც ამეტყველდნენ. 

გასულ კვირას ევროპის ზოგიერთი ჩემპიონატის განახლების მიუხედავად, ბუნდესლიგა მთელი მსოფლიოს საფეხბურთო წრეების ყურადღების ცენტრშია და პრემიერლიგას, ლა ლიგას თუ სერია A-ს აწი მისგან მოუწევთ უმაყურებლო ფეხბურთის ტენდენციების შესწავლა და გერმანულ ფეხბურთთან ჩამორჩენის აღმოფხვრა, რაც სულ რაღაც ორიოდე თვეში ევროტურნირების განახლების გათვალისწინებით, საკმაოდ უნდა გაუჭირდეთ.

უკვე ახლავე შეიძლება ითქვას, რომ გერმანელებმა თავიანთი მიზანდასახულობით და გააზრებული ქმედებებით დანარჩენ წამყვან ევროპულ საფეხბურთო სამყაროსთან არა მარტო სპორტული, არამედ ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვეს. 

ამ კოზირს კი ისინი, როგორც წესი, იყენებენ ხოლმე და გარკვეული პერიოდით მაინც ინარჩუნებენ ჰეგემონიას როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე.

ზუსტად ასე მოხდა 2013 წელს, როდესაც მიუნხენის „ბაიერნმა“ და „დორტმუნდმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშეს, მომდევნო ზაფხულში კი ბუნდესნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონობა ნახევარფინალში ბრაზილიის ნაკრების და ფინალში არგენტინელთა დამარცხებით იზეიმა.  

პარალელების გავლება სამომავლოდაც იქნება შესაძლებელი, გასულ კვირას კი „დორტმუნდმა“ „ბაიერნს“ ბუნდესლიგის გათამაშების 28-ე ტურში უმასპინძლა. მატჩისადმი ინტერესს სატურნირო ცხრილში არსებული მდგომარეობაც ამძაფრებდა, რადგან მასპინძელთა გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონატი დაძაბულობას არ დაკარგავდა…

„ბაიერნის“ გამარჯვების შემდეგ კი ალბათ ეჭვი აღარავის ეპარება ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდის მორიგ ჩემპიონობაში. მეტიც, ვინ გაუწევს „რეკორდმაისტერს“ წინააღმდეგობას ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე, სადაც წლეულს მას პანდემიით გამოწვეულ კრიზისამდეც ვერვინ შეედრებოდა?

ერთი მხრივ, ევროპის წამყვანი ჩემპიონატები, წინასწარი გათვლებით, ბუნდესლიგის დაწყებიდან დახლოებით ერთ თვეში განახლდება, მეორე მხრივ კი, ინგლისის პრემიერლიგის კლუბებში ბოლო ხანს კორონავირუსით დაავადების ახალი შემთხვევებია დაფიქსირებული.

ამგვარად, ინგლისში დღესდღეობით არავის ეფეხბურთება და რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, ალბათ ჩემპიონის ტიტულის მაძიებელი „ლივერპულისგან“ განსხვავებით, პრემიერლიგის მრავალი კლუბი უარს იტყოდა ჩემპიონატის განახლებაზე. 

ეს  ფეხბურთელების ინტერვიუებიდანაც იგრძნობა, რომლებიც ესპანელებთან და იტალიელებთან შედარებით, მოედანზე დაბრუნებასთან დაკავშირებით ნაკლებ ენთუზიაზმს ავლენენ. 

მაგრამ ინგლისი საფრანგეთის მსგავსად, სეზონს ვერ გააჩერებს, რადგან ასეთი ნაბიჯი სხვა თუ არაფერი, ფეხბურთის სამშობლოდ წოდებული ქვეყნის გერმანელებთან კაპიტულაციის ტოლფასი იქნებოდა. 

ეს კი დაუშვებელია, რადგან ისედაც საკმარისია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ტოტენჰემის“ კრახი „ლაიპციგთან“ და „სტემფორდ ბრიჯზე“ პირველ მატჩში „ჩელსის“ 0:3 მარცხი „ბაიერნთან“…

სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ სეზონი 17 ივნისს „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ მატჩით განახლდება. პეპ გვარდიოლას გუნდი ხომ ინგლისის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში წარმატებით ასპარეზობს.

აი „დორტმუნდის“ ამ ტურნირიდან გამოვარდნის მიზეზები კი კიდევ ერთხელ გამოაჩინა „ბაიერნთან“ ნაჩვენებმა თამაშის ხარისხმა და სტრატეგიამ. რა თქმა უნდა, მასპინძლებს განსაკუთრებით დააკლდათ მგზნებარე გულშემატკივრების მხარდაჭერა, თუმცა მატჩის დაწყებიდან ერთი წუთიც არ ყოფილა გასული, როდესაც სტუმართა ცენტრალურ მცველ ბოატენგს, ცარიელი კარის ხაზიდან მოუწია ბურთის გამოტანა.

თავდაპირველად „დორტმუნდი“ უტევდა, ერლინგ ჰალანდიც აწუხებდა სტუმართა მცველებს, მაგრამ პირველი ტაიმის შუახანს „რეკორდმაისტერმა“ წელში გატეხა მოწინააღმდეგე და ბოატენგის მსგავსად, უკვე პიშჩეკს მოუწია მასპინძელთა კარის გადარჩენა. 

მატჩის ერთადერთი გოლი კი „ბაიერნმა“ მეტოქისთვის ყველაზე უხერხულ დროს, პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა. კიმიხმა შენიშნა საკუთარი კარიდან ოდნავ წინ გამოწეული მეკარე ბურკე და დამცინავად გადაუგდო თავზე ბურთი… 

ბურკე ბურთს შეწვდა, მაგრამ ის ნოიერი ხომ არაა, მისი კუთხურზე გადაგდება რომ მოეხერხებინა. მეორე ტაიმში კი „ბაიერნმა“ ჰალანდის ჩათვლით, მასპინძელთა მთელი შემტევი პოტენციალი აღმოფხვრა. 

მწვრთნელთა დუელში აშკარად დამარცხებულმა ლუსიენ ფავრიმ მინდორზე მარიო გიოტცე შეუშვა, მაგრამ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გმირი დღესდღეობით „ბაიერნთან“ თავს რომ ვერაფრით გამოიჩენდა, ალბათ მას წინასწარ უნდა სცოდნოდა.

„დორტმუნდმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური დიდწილად „ინტერის“ უნიათობით მოიპოვა. გადამწყვეტ სიტუაციაში კი გუნდს უკვე ტრადიციულად ძალა აკლდება მიზნის მისაღწევად.

„დორტმუნდის“ წინააღმდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა „ბაიერნის“ მარცხენა გარემარბმა ალფონსო დევისმა, რომელმაც ერთ-ერთ მწვავე ეპიზოდში თვით ჰალანდსაც დაასწრო და საკუთარ კართან საგოლე საშიშროება აღკვეთა. „რეკორდმაისტერის“ კანადელმა ლეგიონერმა ამისთვის 35 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. მთელი მატჩის მანძილზე კი მან 42(!) სპრინტერული გარბენი განახორციელა.

„დორტმუნდის“ დამარცხების შემდეგ „ბაიერნმა“ საკუთარ კედლებში დიუსელდორფის „ფორტუნა“ ანგარიშით 5:0 გაანადგურა და ჩემპიონატის განახლებიდან ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო. 

„ბაიერნის“ საპირისპიროდ გელზენკირხენის „შალკემ“ ოთხივე მატჩი წააგო და სატურნირო ცხრილში გაიუარესა მდგომარეობა. საგრძნობლად უმატა ბრემენის „ვერდერმა“, რომელმაც გასვლაზე ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და ბოლო ადგილს თავი დააღწია. 

სხვა ქვეყნებში მოასპარეზე გერმანელები კი თავ-თავიანთი საქმეების მოგვარებას მოედნის ფარგლებს მიღმა ცდილობენ. მაგალითად, გოლკიპერი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი „ბარსელონასგან“ წელიწადში 10 მილიონ ევროს ითხოვს, კლუბი კი 6,3 მილიონზეა თანახმა. მხარეთა შორის მოლაპარაკება ამ კვირაშია დაგეგმილი. 

ტერ შტეგენისგან განსხვავებით კოუტინიო „ბარსელონას“ არ სჭირდება. იჯარით გასხვისებული ბრაზილიელი ამ ზაფხულს „ბაიერნიდან“კატალონიურ კლუბს დაუბრუნდება. „ბარსელონას“ მიზანი მისი 80 მილიონ ევროდ გაყიდვა იქნება, მაგრამ კრიზისის პერიოდში კოუტინიოში ასეთ თანხას, სავარაუდოდ, არავინ გადაიხდის. ამიტომ, კოუტინიოს ეტყობა დემბელეს მსგავსად, რომელიმე კლუბში კვლავ იჯარით გაუშვებენ. 

მილანის „ინტერი“ კი, ლაუტარო მარტინესის შემდეგ, მაურო იკარდისაც შეელევა. ფორვარდში „პარი სენ-ჟერმენი“ 50 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. ფეხბურთელის შეძენით აქამდე „იუვენტუსი“ და „ნაპოლიც“ იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ „ინტერის“ ხელმძღვანელობას არ სურს მისი სერია A-ს კონკურენტ კლუბში ხილვა. 

სწორედ ამიტომ, მოლაპარაკების ფორმატში „ნერაძურიმ“ შეიტანა პუნქტი, რომლის თანახმადაც „პარი სენ-ჟერმენის“ მიერ იკარდის რომელიმე იტალიური კლუბისთვის გადაცემის შემთხვევაში, საფრანგეთის ჩემპიონს „ინტერისთვის“ დამატებით 15 მილიონი ევრო ექნება გადასახდელი. 

ბილბაოს „ატლეტიკის“ 21-ე საუკუნის საუკეთესო ფორვარდმა არიც ადურისმა კი კარიერა 39 წლის ასაკში დაასრულა. 172 გოლის ავტორს  სურდა, რომ ბოლო მატჩი „სოსიედადის“ წინააღმდეგ თასის ფინალში  ჩაეტარებინა, მაგრამ კლუბის ინფორმაციით, პანდემიის გამო გადატანილ ბასკურ დერბის ის აღარ დაელოდება და ისე დაემშვიდობება დიდ ფეხბურთს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.