fbpx

მონუმენტური ხელოვნების ნიმუშების შემქმნელი ქრისტო 84 წლის ასაკში გარდაიცვალა


გააზიარე სტატია

ავტორი: ალექს გრინბერგერი

 

ქრისტო, რომელიც თავის პარტნიორ ჯინ-კლოდთან ერთად სკულპტურას იყენებდა, როგორც ადამიანების ხედვების დრამატულად ცვლილების გზას,  მისი ოფისის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად,  31 მაისს  84 წლის ასაკში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. 

”ქრისტომ სავსე ცხოვრებით იცხოვრა, არა მხოლოდ ოცნებობდა იმაზე, რაც შეუძლებელი ჩანდა, არამედ ახორციელებდა კიდეც. ქრისტოსა და ჯინ-კლოდის ნამუშევრებმა მსოფლიოს მასშტაბით ის ადამიანები გააერთიანა, რომლებსაც საერთო გამოცდილებები ჰქონდათ და ეს ნამუშევრები ჩვენს გულებსა და მოგონებებში დღემდე ცოცხლობს”,  – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბების მიხედვით, ქრისტო ამბიციური პროექტის განხორციელების პროცესში იყო და სურდა, რომ პარიზის ტრიუმფალური თაღი 269,097 კვადრატული ფუტის ქსოვილით დაეფარა. ეს იდეა პირველად მან და ჯინ-კლოდმა 1962 წელს მოიფიქრეს და მას L’Arc de Triomphe, Wrapped ეწოდებოდა. მისი გარდაცვალების განცხადებაში ქრისტოს ოფისმა აღნიშნა, რომ პროექტი, სავარაუდოდ, 2021 წლის სექტემბერში განხორციელდება.

ჯინ-კლოდთან ერთად, რომელიც 2009 წელს გარდაიცვალა, ქრისტომ გასული ნახევარი საუკუნის ყველაზე ხატოვანი სკულპტურები შექმნა. ისინი ძალიან ცნობილ შენობებს დროებით გარკვეული მასალით, მაგალითად, ნაჭრის ქსოვილებით ფარავდნენ. ხელოვანთა ჩანაფიქრით ხდებოდა ადამიანების აღქმის დეკონსტრუქცია და შემდგომ რეკონსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს სტრუქტურები. ამ ნაგებობებს შორისაა პარიზის “ახალი ხიდი”, ბისკაინის ყურის კუნძულები მაიამიში და რაიხსტაგი ბერლინში.

თავად ეს შეხვეული ნაგებობები თითოეული პროექტის მხოლოდ ერთი სახეს წარმოადგენს, რადგან ქრისტოსა და ჯინ-კლოდს ამის მისაღწევად იმ ბიუროკრატიულ პროცესებთან დაპირისპირება მოუწიათ, რომელიც ამგვარი სამუშაოების განხორციელებისთვისაა საჭირო – დოკუმენტაციები და გარემოზე ზემოქმედების მოხსენებები, ნახაზები, დიაგრამები – ეს ყველაფერი საჭირო იყო. მონუმენტური სკულპტურა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ განხორციელებული ობიექტი, ქრისტომ და ჯინ-კლოდმა კი შეცვალეს ადამიანების აღქმა საზოგადოებრივი ხელოვნების ნიმუშების შექმნის შესახებ.

ორიგინალი: https://www.artnews.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.