fbpx

შვეიცარიის ძველ რუკებში კარტოგრაფების ჩამალული საიდუმლო ილუსტრაციები


გააზიარე სტატია

ავტორი: Emma Taggart

 

კარტოგრაფების საქმიანობაში შემოქმედებითობის ადგილი თითქმის არ რჩება, ამიტომ რუკებისგან მხოლოდ ადგილმდებარეობის შესახებ ზუსტი წარმოდგენის შექმნას ველით. თუმცა, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში  შვეიცარიის ტოპოგრაფიის ფედერალური ოფისისთვის მომუშავე კარტოგრაფები ოსტატურად “ღალატობდნენ” საკუთარ მოწოდებას და ოფიციალურ რუკებზე ფარულ ილუსტრაციებს ათავსებდნენ.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ამდენი წლის განმავლობაში ილუსტრაციები ყველასთვის შეუმჩნეველი იყო. შვეიცარიის ალპების კონტურულ ხაზებს შორის ვირზაზუნა, ბუნების ნაკრძალის ღარებში კი თევზის ფორმები იკვეთება. უფრო მეტიც,  თითქმის 60 წლის განმავლობაში შვეიცარიის ჩრდილოეთში მდებარე ეგის მუნიციპალიტეტში შიშველი ქალის გამოსახულება მწვანე ჭაობისა და მდინარის ლურჯი ხაზებისგან იყო შექმნილი. ქალის გამოსახულება 2012 წლამდე ვერ აღმოაჩინეს, ვირზაზუნა კი შეუმჩნეველი ხუთი წლის განმავლობაში დარჩა. მოკლე, პარალელური ხაზები, რომლებიც მთიან ფერდობებზე მიუთითებს, ცხოველის ბეწვის იმიტაციას ქმნის, მისი სახე, კუდი და თათები კი ოსტატურად ინიღბება რელიეფური ჩრდილით.

გაუგებარია, რატომ გადაწყვიტეს კარტოგრაფებმა რუკებში ამ ილუსტრაციების მოთავსება. შესაძლოა ფარული კარიკატურები ზღვის არსებებსა და სხვა მითიურ ცხოველებს ეძღვნება, ან იქნებ რუკების შემქმნელებს უბრალოდ გართობა სურდათ. თუმცა, ერთი ასეთი ნახატის პოვნაც კი იმას ნიშნავს, რომ კარტოგრაფმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რუკის შემქმნელი დაწესებულება “გააცურა” –  Swisstopo-ს თითოეული რუკა ხომ უმკაცრესი შემოწმების პროცესს გადის.


ილუსტრაციებს რუკების შემდეგი გამოცემიდან ამოიღებენ და ტირაჟიდან გააქრობენ. “ამ რუკებზე კრეატიულობის ადგილი არ არის“, – განუცხადა Swisstopo-ს წარმომადგენელმა Eye Design-ს.  მიუხედავად ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საიდუმლო ილუსტრაციები რუკების ნამდვილი საგანძურია. 

 

ორიგინალი:https://mymodernmet.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.