fbpx

ფოტოებში ასახული საავიაციო კრიზისი – COVID-19-ის გავლენა მოგზაურობაზე


გააზიარე სტატია



ავტორი: Jessica Stewart 

 

სამოგზაურო  ბლოგერი ენდი ლუტენი საკუთარ თავგადასავალს აღწერს და სხვა მოგზაურებს მნიშვნელოვან რჩევებს აძლევს. მაგრამ ახლა მისი ცხოვრება, დანარჩენი ჩვენგანის მსგავსად, აბსოლუტურად შეიცვალა. COVID-19-ის დაწყებისთანავე ლუტენი სახლში ჩაიკეტა, მაგრამ ამან მისი შემოქმედებითობა ვერ შეაფერხა. ბლოგერს აინტერესებდა, რა გავლენა მოახდინა პანდემიამ საავიაციო ინდუსტრიაზე,  ამიტომ გადაიღო ფოტოსერია, სახელწოდებით “ისევ აფრინდებიან”.

ლუტენი აშშ-ში ექვს აეროპორტს ეწვია, რათა ენახა  გარემო, სადაც  თვითმფრინავები “უსაქმოდ” დგანან.  რეისების უმეტესი ნაწილი გაუქმებულია, ცა მშვიდად, ერთ დროს დატვირთული აეროდრომი კი სულ სხვაგვარად – უჩვეულოდ გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავთა რიგი განსაცვიფრებელ სილამაზეს წარმოადგენს, ეს სანახაობა ამავე დროს  სევდის მომგვრელიცაა. 

საავიაციო ინდუსტრია ერთ-ერთია, რომელიც კორონავირუსის მიერ გამოწვეული ცვლილებების გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა. იმის გამო, რომ ქვეყნებმა თავიანთი საზღვრები ჩაკეტეს და ადამიანებმა მოგზაურობები გააუქმეს, ავიაკომპანიები კრიზისთან გამკლავების გზებს ეძებენ. ლუტენი, რომელმაც ქვეყნის აეროპორტები მოიარა, ფოტოგრაფიას ამ უნიკალური მომენტის ისტორიაში უკვდავსაყოფად იყენებს.

ლუტენთან კოროვირუსული პერიოდის განმავლობაში მოგზაურობის ამ უნიკალურ პერსპექტივასა და საავიაციო ინდუსტრიის აღდგენის შესახებ მის მოლოდინებზე ვისაუბრეთ. წაიკითხეთ ლუტენის ექსკლუზიური ინტერვიუ My Modern Met-თან.


რამ გამოიწვია თქვენი სიყვარული მოგზაურობის მიმართ?

მახსოვს, როდესაც 15 წლის ვიყავი, მთელი ოჯახი ევროპაში სამოგზაუროდ წავედით. ამ ყველაფერმა თვალსაწიერი გამიფართოვა, შევიტყვე სხვადასხვა კულტურის შესახებ და ახალი გამოცდილება მივიღე, რამაც უდიდესი სიხარული მომანიჭა. როდესაც  ლონდონის გეტვიკის აეროპორტიდან პირველად გავედი, ვიგრძენი, რომ უკვე “მახეში ვიყავი გაბმული”.


როგორ შეცვალა COVID-19-მა თქვენი ყოველდღიური ყოფა და სამუშაო ცხოვრება?

ჩემთვის ეს ყველაფერი უფრო ფსიქიკური სტრესია, ვიდრე ეკონომიკური, რადგან დღემდე სრული დატვირთვით ვმუშაობ. ფინანსური პროგრამული უზრუნველყოფის კონსულტანტი ვარ და წლების განმავლობაში დისტანციურად ვმუშაობდი. ვცდილობ, ხშირი ურთიერთობა მქონდეს ჩემს მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ ისინი კარგად გრძნობენ თავს.

 


როგორ გაჩნდა  ფოტოსერიის იდეა?

მიწაზე დაშვებული თვითმფრინავების უამრავი ფოტო შემხვდა, თუმცა მათში ხელოვნება არ დამინახავს. გამოცდილი საჰაერო ფოტოგრაფი ვარ და ვგრძნობდი, რომ ამ სიტუაციიდან მშვენიერი კადრები გამოვიდოდა. როდესაც შევიტყვე, რომ ჩემთან ახლოს მდებარე აეროპორტში რამდენიმე თვითმფრინავი იყო გაჩერებული, ჩემს საყვარელ კომპანიას დავურეკე და თვითმფრინავების სანახავად მივედი. იქ გადაღებული სურათების ნახვის შემდეგ გადავწყვიტე, რომ კიდევ მეტი იყო საჭირო და ქვეყნის სხვა აეროპორტებისაკენ წავედი.


რით არის მიმზიდველი  თვითმფრინავები ფოტოგრაფებისთვის?

კარგად ვაცნობიერებთ, თუ რამდენად დიდები არიან თვითმფრინავები ჩვენთან შედარებით, ამიტომ ჩვენთვის მათთან სიახლოვე საინტერესოა. ჰაერიდან მათი გადაღება ჩემთვის უცხო და უცნაური გამოცდილება იყო. მე ვიყავი ცაში – იქ, სადაც თვითმფრინავები უნდა ყოფილიყვნენ, თვითმფრინავები კი მიწაზე, ადამიანების ადგილას იმყოფებოდნენ.

 


რა იყო პროექტის ყველაზე რთული ნაწილი?

ჩემთვის ყველაზე რთული პროექტის იდეაზე კონცენტრირება და დისციპლინა იყო, მაგრამ საბოლოოდ კარგი შედეგი მივიღე. 

 

რა იყო ყველაზე საოცარი თვითმფრინავების ნახვისას?

თითქმის 8 წლის განმავლობაში სამოგზაურო ბლოგერი ვიყავი და საავიაციო ინდუსტრიის შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, თუმცა ჩემთვის ძალიან ემოციური იყო თვითმფრინავების ჰაერიდან ყურება. ვუყურებდი თვითმფრინავებს და ვხედავდი ჩემს მეგობრებს, რომლებიც სამსახურზე ნერვიულობდნენ, მფრინავებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობას განიცდიდნენ და ამავე ბედში მყოფ ავიაკომპანიებს.

 


როგორ ფიქრობთ, სამოგზურო ინდუსტრია რამდენად წარმატებულად დააღწევს თავს პანდემიის გავლენას?

ჩემი აზრით, უფრო მჭიდრო კავშირი მომხმარებლებთან სასიკეთო გავლენას იქონიებს ავიაკომპანიებზე. მოგზაურობა ყოველთვის აძლიერებს კავშირს და ვგრძნობ, რომ ზოგიერთმა კომპანიამ ეს კავშირი თავის მომხმარებლებთან წარმატებით შეინარჩუნა. გავიგე ისტორიები, თუ როგორ ყიდულობდნენ მომხმარებლები კერძებს რომელიმე სარეზერვო მაგიდასთან მთავარ ავიაკომპანიაში, რათა თავიანთი განწყობა აემაღლებინათ, ასევე სხვა ისტორიებიც, რომლებიც აჩვენებენ, თუ რამდენად ზრუნავენ მომხმარებლები თავიანთ საყვარელ კომპანიებზე. იმედი მაქვს, რომ მომხმარებლებიც ასეთივე ზრუნვას იგრძნობენ,  როდესაც საჰაერო ცხოვრება ისევ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. 

 

 



ორიგინალი:https://mymodernmet.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.