fbpx

როგორი უნდა იყოს ჯანსაღი საუზმე: “მასტერშეფის” გამარჯვებულის, ნუცა სურგულაძის რჩევები


გააზიარე სტატია


საუზმეს ხშირად “დღის ყველაზე მნიშვნელოვან კერძს” უწოდებენ და ეს ტყუილად არ ხდება. ბიოლოგიური ახსნა მარტივია: მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი ორგანიზმი საკვებს ვერ იღებს, ღვიძლში  გლიკოგენი ინახება და ის სისხლში გლუკოზად გარდაიქმნება, რათა შაქრის დონე სტაბილურად შენარჩუნდეს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ტვინისთვის, რადგან მისთვის ერთადერთ საკვებს გლუკოზა წარმოადგენს. დილით თქვენი გლიკოგენის მარაგი ცოტაა, ორგანიზმი კი ცხიმოვანი მჟავების დაშლას იწყებს, მაგრამ ნახშირწყლების გარეშე ცხიმოვანი მჟავები მხოლოდ ნაწილობრივ იჟანგება, რამაც შესაძლოა თქვენი ენერგიის დონე შეამციროს, ამის შესაჩერებლად კი საუზმის მიღებაა საჭირო. 

დილით საკვების მიღების აუცილებლობაზე AT.ge “მასტერშეფის” გამარჯვებულს, ნუცა სურგულაძეს ესაუბრა, რომელმაც სასარგებლო რჩევები გაგვიზიარა. მან სულ ახლახან ფეისბუქზე პირადი გვერდიც შექმნა, სადაც გემრიელი რეცეპტების ვიდეოებს გვთავაზობს.

 

როგორ უნდა დავიწყოთ დილა იმ შემთხვევაში, თუ ჯანსაღად ცხოვრება გვსურს და თავად თუ გაქვს ოქროს წესები დღის ამ მონაკვეთში?

ჩემთვის დილა აუცილებლად  ჭიქა წყლით იწყება, 30 წუთში კი ვსაუზმობ.  საუზმისას სითხეს  არ ვიღებ, მხოლოდ ერთი საათის შემდეგ ვსვამ. 

 

რატომ არის საუზმე მნიშვნელოვანი და რა სახის საკვები უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ მთელი დღე ენერგიულად ვიყოთ?

საუზმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ორგანიზმი იღვიძებს და მეტაბოლური სისტემა ამუშავდება, შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რით ვიწყებთ დღეს. დილას შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ და ნახშირწყლები და ხილი  მივიღოთ, რომელიც ფრუქტოზას, იგივე შაქარს შეიცავს, რადგან დღის განმავლობაში ამ მიღებულ კალორიებს  თავისუფლად დავწვავთ. არ უნდა დაგვავიწყდეს ცილების და ბოსტნეულის მიღება, რათა ორგანიზმი სასარგებლო ნივთიერებებით დაიტვირთოს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დაბალანსება ძალიან მნიშვნელოვანია,  ამიტომ ჩემს თავს თავისუფლად ვაძლევ უფლებას, რომ დილას პური ან საყვარელი ხილი მივირთვა.  

 

როგორია შენი საყვარელი საუზმე?

მაქვს ორი სახის საყვარელი საუზმე, გააჩნია როგორ ხასიათზე ვიღვიძებ: თუ მარილიანი მინდა, აუცილებლად ომლეტსა და ბოსტნეულის სალათას ვიმზადებ, ხოლო თუ ტკბილი საუზმის ხასიათზე ვარ, ჩიას პუდინგს ვაკეთებ, რომელიც ხილითა და ქოქოსის ფანტელებითაა დატვირთული.

 

რა არ უნდა მივირთვათ საუზმეზე და რატომ?

გაგიკვირდებათ და დილით არ უნდა მივირთვათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საუზმე “ბურბუშელა და რძე”,  რადგან ის გადამუშავებულ ინგრედიენტებსა და ძალიან ბევრ შაქარს შეიცავს, სასარგებლო დატვირთვა კი თითქმის არ აქვს. საუზმეზე ცუდია მზა “ხილის წვენები”, ყოველთვის ჯობია ცოცხლად დაწურული წვენი მივირთვათ, ასევე არასასურველია მაფინები, რომელიც საბოლოო ჯამში უფრო გვაშიებს, ვიდრე გვანაყრებს.

 

ადამიანმა უმეტესობა დილას ჭიქა ყავით იწყებს, არის თუ არა ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო?

ყავის მომხმარებელი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი კარგი თვისება აქვს. მე პირადად ვერიდები ყავას, რადგან თავად ის ფაქტი, რომ კოფეინზეა დამოკიდებული შენი სხეულის გამოფხიზლება თუ ენერგიულობა, არ მომწონს. ერთ რჩევას მივცემდი ყავის მოყვარულებს – დილით 1 ჭიქა წყალი დალიონ, რათა კუჭი დატენიანდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ კოფეინი. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.