fbpx

I Hate Circus. It’s So Much Fun – ინტერვიუ ანასტასია ახვლედიანთან


გააზიარე სტატია

ავტორი: ანნა ჯიბლაძე

ფოტოები: გურამ კაპანაძე

 

ანასტასია ახვლედიანი ახალგაზრდა ხელოვანია, ის 1996 წელს დაიბადა, 2015 წელს კი თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების დიზაინის და არქიტექტურის სკოლაში (ვაადსში) გავიცანით ერთმანეთი. სწორედ იმ წელს სამხატვრო აკადემიიდან ვაადსში გადავედი და ეგრევე მეორე კურსზე აღმოვჩნდი.

მაშინ ეს ახლად დაარსებული სკოლის ისტორიაში პირველი მეორე კურსი იყო და იქაურობა სულ რაღაც ოცამდე სტუდენტს გვაერთიანებდა. ფერწერის განხრა კი მხოლოდ მე და ტასამ ავირჩიეთ და მომდევნო სამი წელიც ერთად, ერთ სახელოსნოში გავატარეთ. 

ამ 3 წლის განმავლობაში პერიოდულად იცვლებოდნენ ჩვენი ლექტორები, სახელოსნო ოთახები და ჩვენც. უცვლელი მხოლოდ ის იყო, რომ ერთ სივრცეში ყოველთვის ორნი ვიყავით. ამ სამწლიანმა „თანაცხოვრებამ“ უდიდესი გამოცდილება მომცა და ამ გამოცდილების უდიდესი ნაწილი სწორედ ტასას  მუშაობის პროცესზე დაკვირვებისგან მივიღე.  

დღეს მინდა, რომ თქვენც გაგაცნოთ ამ, ჩემი აზრით, ძალიან გამორჩეული არტისტის ნამუშევრები.

 

პირველ რიგში, შენს ბოლო ნამუშევრებზე მინდა გკითხო -I Found Magnolia, Turns Out It’s Someone’s, I Hate Circus, It’s So Much Fun, My Lover Killed a Tiger For Me და უსათაურო ფერწერა –  მე მგონია, რომ ეს ნამუშევრები სტილისტურად ახლოსაა შენს ნამუშევრებთან, მაგრამ ჩემთვის ისინი იმით გამოირჩევა , რომ თითქოს სრულიად ახალი ენერგიითაა შესრულებული, ამიტომ შენი შემოქმედების ახალ პერიოდად აღვიქვამ. მომიყევი ცოტა რამ მათზე მუშაობის პროცესზე.

 მგონია, რომ ეს ნამუშევრები, მეტწილად, ახალი სახელოსნოს დამსახურებაა, ახალ. დიდ სივრცეში გადასვლამ მიკარნახა დავბრუნებოდი დიდი ზომის ფერწერას. პროცესი როგორია იცი, რაც უფრო მეტს  აკეთებ, უფრო მეტ ენერგიას გრძნობ საკუთარ თავში და არ გინდა, რომ გაჩერდე.  პანდემიის დროს მომიწია დაუსრულებელი ნამუშევრის დატოვება და რომ დავბრუნდი, ძალიან გამიჭირდა იგივე მუხტით დამესრულებინა, როგორც დავიწყე. ვფიქრობ, კონკრეტულად ამ ნამუშევრებში იდენტურად გამოვხატავ იმ თემებს, რაზეც ხშირად ვფიქრობ. ეს ჩემთვის ამბებია, რომლებსაც ათასნაირი დასასრული აქვს და არასდროს მთავრდება.

 

არსებობს რაიმე თემები, რომლებიც განსაკუთრებით გაინტერესებს და შთაგაგონებს? ზოგადად, როგორ ირჩევ ხოლმე თემას, რომელზეც გინდა რომ იმუშაო, თუ სპონტანურად ხდება და, ასე ვთქვათ, თვითონ გირჩევს თემა?

 მგონია, რომ ყოველთვის მე თვითონ ვირჩევ, რაზე ვიმუშავებ. ასე კონკრეტულ თემებს ვერ ვიტყოდი, ალბათ უფრო განწყობები და ისტორიები მოქმედებს ჩემზე, თუნდაც წარწერა ქუჩაში, რომელზეც შეიძლება კვირები ვიფიქრო, რაც ირიბად აუცილებლად აისახება ნამუშევრებზე. ან უბრალოდ ისტორია მოვყვე.

ამაზე სულ ჩემი უნივერსიტეტში გაკეთებული ერთ-ერთი ნამუშევარი მახსენდება, სადაც სათაური გვიყვება ნამუშევრის მთელ ისტორიას “ვენერა ბალიშებში ჩაეფლო და ალბათ აღარასოდეს ადგება”. სულ მიჭირს ნამუშევრებისთვის სათაურის დარქმევა, ბოლო პერიოდია ვხვდები, რომ ისეთი სათაურები უნდა დავარქვა, რასაც კავშირი ექნება იმ თემებთან, რაც მოქმედებს ჩემზე და ასევე ნამუშევარს იქით, პარალელურ ისტორიებს და დეტალებს ავითარებს მნახველში. 

ახლა რა ფერწერებზეც ვმუშაობ, სწორედ ამ მიდგომით ვაკეთებ – ერთი შეხედვით შეიძლება მარტივად, უბრალოდ ნახატად აღვიქვათ ნამუშევარი, მაგრამ სათაური ჩემთვის სხვა დამატებით გარემოს და პერსონაჟებს აჩენს მათში.

 

რა მოგწონს ყველაზე ძალიან ამ პროფესიაში და რა არ მოგწონს?

 ყველაზე მეტად მომწონს, რომ სრული კონტროლი მაქვს საკუთარ ნამუშევრებზე და მუშაობის პროცესზე. ძალიან მალე მბეზრდება ყველაფერი, არტისტობა ყოველდღიურად მაძლევს საშუალებას ახალი მხრიდან  დავინახო საკუთარი თავი და ახალი თვისებები აღმოვაჩინო ჩემში. არ მომწონს, რომ ბევრისთვის მიწევს იმის ახსნა, თუ რატომაა ის, რასაც  მე  ვაკეთებ, ხელოვნება და რატომაა, ზოგადად, თანამედროვე ხელოვნება ხელოვნება.

 

სერია Wanna play game with me?, პირველად 2016 წელს გააკეთე არტარეა გალერეაში ჩატარებული ჯგუფური გამოფენისთვის, შემდეგ კი 2018 წელს გააგრძელე  და შექმენი ახალი ნამუშევრები ამ თემაზე, ოღონდ უკვე ქართული ტრადიციული თუ ურბანული ხატები აქციე ციფრული თამაშის სიმბოლოებად. საიდან გაგიჩნდა გამოსახულებების ციფრული თამაშის სიმბოლოებად და შემდეგ ისევ ობიექტებად ქცევის იდეა? და რატომ აარჩიე ეს კონკრეტული ფიგურები: ქვევრები, ქართლის დედა და ა.შ.

 

თავიდან, 2016 წელს, ტელეფონის სხვადასხვა თამაშები იყო ჩემი შთაგონება,  მინდოდა  ისინი მექცია რეალურ ობიექტებად, რომელიც ირიბად გაიმეორებდა ციფრულის ვიზუალს. სადიპლომო თემის არჩევის დროს მომინდა უფრო ჩავღრმავებოდი ამ საკითხს.  მგონია, ბევრი კითხვა დამრჩა პასუხგაუცემელი, შემეძლო ბევრად მეტი/დიდი ინტერპრეტაცია გამეკეთებინა ამ საკითხისთვის, ამიტომ გავაკეთე მხოლოდ ვირტუალურად არსებული თამაშების ჩემეული ვერსიები – collapse, snake, slot games. 

 გამოვიყენე ქართული სიმბოლოები, ქვევრი, ქართლის დედა. მინდოდა მათი ინტერპრეტაცია და იმ მნიშვნელობის დაკარგვა, რაც ჩაბეჭდილია ჩვენს გონებაში, ამიტომ, მაგალითად, ქვევრებს ვუკეთებდი სიმბოლოებს, რომელიც მიანიშნებდა სხვადასხვა ინტერნაციონალურ ვიზუალზე, მაგალითად, “ადიდასის” ლოგო ან ემოჯი. მინდოდა ისინი უბრალოდ ფორმა ყოფილიყო და არა ქვეყნის იდენტობის მატარებელი სიმბოლო. 

არ მინდოდა რეალობაში გადმომეტანა თამაშების კომპიუტერიზებული ესთეტიკა; პირიქით, მინდოდა ყველასთვის კარგად ნაცნობი თამაშების ჩემი ინტუიციური თარგმანი გამეკეთებინა, რომელშიც არ იქნება იდეალურად გავლებული ხაზები და ასევე არ იქნება იდენტურად ერთნაირი ფორმები. 

ჩემი საყვარელი ასპექტი ნამუშევრების ამ სერიასთან დაკავშირებით არის ის, რომ ყველა თამაში წაგებულია, რაც ერთი მხრივ, ძალიან სევდიანია და ჩვენს ყოველდღიურობასთან ასოცირდება, მეორე მხრივ კი,  ამ თამაშებში მხოლოდ წაგების შემთხვევაში ვიღებთ საინტერესო შედეგს, ვიზუალს, როგორც მაგალითად, “სნეიკის” თამაშის დროს ვიღებთ განსხვავებულ გეომეტრიულ ფორმებს.

 

ბევრი ადამიანი ვიზუალურ ხელოვნებას ძალიან მარტივ საქმედ აღიქვამს. რას ფიქრობ ამაზე? შენთვის რას მოითხოვს ვიზუალურ არტისტად ყოფნა, სჭირდება თუ არა ამ საქმეს დისციპლინა, გრაფიკი, ყოველდღიური მუშაობა?

 დისციპლინა, ყოველდღიური მუშაობა ყველასთვის ძალიან საჭიროა, განსაკუთრებით, არტისტისთვის. ვინაიდან არტისტობა უწყვეტი პროცესია, შესვენებების გარეშე, მგონია, ამ პროფესიისთვის ყოველი წუთი მუშაობაა, რაც ძალიან დამღლელია, ხშირად ამას ვერც მე აღვიქვამ და დროის ფლანგვის განცდა მაქვს, თითქოს საკმარისად არ ვმუშაობ. ალბათ ვისაც ეს საქმიანობა მარტივი ჰგონია, უბრალოდ არ იცის, რამხელა შრომა და ინვესტიცია სჭირდება მას თვითგანვითარებისთვის.

 

რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ტექნიკური ცოდნა, ან მაგალითად, ანატომიის ან საგნის აგებულების რაღაც დონეზე ფლობა?

ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ უნარების ცოდნა, მათი დახმარებით რაღაცებს უფრო მარტივად და სწრაფად აკეთებ, პირადად მე ის ცოდნა, რაც  ამ კუთხით მაქვს მიღებული, ძალიან მეხმარება. როდესაც აკადემიაში ჩასაბარებლად ვემზადებოდი, მაშინ ვისწავლე საგნების აგება და ფანქრით დამუშავება, ვისურვებდი ანატომიაც უფრო მაღალ დონეზე ვიცოდე. ახლაც ხანდახან ვცდილობ ხოლმე აგებასა და დამუშავებაში ვარჯიშს.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ფერწერაზე მუშაობ, საღებავების გარდა მრავალფეროვან მასალას იყენებ ფერწერაში, მაგალითად, თაბაშირს, სხვადასხვაგვარ ტექსტილს და რელიეფს. მათ შორისაა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სერია Series of Gold Relief, რომელიც ძალიან მისტიკური და ამავდროულად, მიმზიდველია. მეორე მხრივ, ეს ნამუშევრები, ჩემთვის ინტერაქციულიცაა. თავისი მინიმალიზმის გამო ისინი ძალიან მარტივ საშუალებას გაძლევენ შენით წარმოიდგინო, ვინ არიან მათში დამალული პერსონაჟები და ამის გამო ნამუშევრის მკითხველიც და მთხრობელიც ერთდროულად შეგიძლია იყო, რაც ძალიან მომწონს. მოგვიყევი ამ სერიაზე, საიდან გაჩნდა მისი გაკეთების იდეა?

ეს ნამუშევრები ჩემი ერთგვარი პასუხია ლარისა ბეითსის, ამერიკელი არტისტის, ნამუშევრებზე. უნივერსიტეტში იყო გამოფენა, სადაც ისიც მონაწილეობდა. მაშინ პირველად გავიგე მის შესახებ და ისე მომეწონა, მომინდა მისი ფერწერული ტილოების  საპასუხო ნამუშევრები გამეკეთებინა. მარტივად რომ ვთქვათ, მისი ნახატებიდან უამრავი დეტალი წავშალე და რელიეფებად  ვაქციე, მისტიკურობა დავუტოვე მგონი.  

საბოლოოდ, საერთოდ არაფრით ჰგავს ლარისა ბეითსის ნამუშევრებს. მე ძალიან მიყვარს ეს ნამუშევრები, ახალ მედიუმში  კომფორტულად ვიგრძენი თავი და რელიეფური ნამუშევრების კეთება დავიწყე, რომელზეც სხვადასხვა ქართული სიტყვები და სახელებია გამოსახული, მაგ.,  ჯეი ლო, შაკოი და სხვა  რელიეფური ნამუშევრების გაგრძელებაა.

 

ამ უსათაურო თაბაშირების სერიაზეც მაინტერესებს, როგორც შევამჩნიე სულ ორმარცვლიანი მარტივი სიტყვებია, რატომ გადაწყვიტე მათი გაკეთება და რა შინაარსს ატარებს შენთვის?

მაგას არასდროს დავკვირვებივარ, ეს ნამუშევრები ჩემთვის ყველაზე რთულ პერიოდში გავაკეთე, როდესაც ფეხი მქონდა მოტეხილი და ორი თვის განმავლობაში სახლიდან არ გავსულვარ. ეს ტექსტილიანი რელიეფები, რომლებზეც სხვადასხვა სახელებია გამოსახული,  ქუჩაში მიწერილი ქართული სახელების შთაგონებით  შევქმენი. ახლა რომ ვუფიქრდები, ყველაზე მეტად ასეთი მოულოდნელობების აღმოჩენა მენატრებოდა – უბრალოდ მიწერილი სახელების, სიტყვების და წინადადებების, რაც  ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს ხშირად.

 

არის თუ არა რამე, რაც გაცლის სტიმულს და მუშაობის სურვილს? და რას აკეთებ იმ დროს, როცა მსგავს მდგომარეობაში ხარ?

 საკუთარი თავით უკმაყოფილება, თითქოს სულ ერთი და იგივეს ვაკეთებ, ძალიან ვსტრესავ ხოლმე ჩემს თავს, როცა არ ვიცი, რაზე მინდა ვიმუშაო ან არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო,  ყველაზე მეტად ეს მიკარგავს მუშაობის სურვილს. ასეთ შემთხვევაში ვცდილობ, საკუთარ  თავს ვაიძულო სახელოსნოში მისვლა და რამის კეთება, თუნდაც უბრალოდ იქ ჯდომა.

 

ძალიან მიყვარს ციფრული სერია „საქართველო“. ამ შემთხვევაში ნათლად ჩანს თემატიკა და შინაარსი, მაგრამ მაინც მომიყევი, როგორ დაიწყე მისი კეთება?

 ერთი ჟურნალისთვის, რომლის ნომერიც საქართველოს ეძღვნებოდა, უნდა გამეკეთებინა გარეკანი/ყდა. ძალიან მინდოდა ზღვაში მოცურავე ხეები დამეხატა, ვიცოდი, მაინც არ დაბეჭდავდნენ. საბოლოოდ,  მე მაინც არ ამირჩიეს, სამაგიეროდ, დავიწყე ამ სერიის კეთება, რომელიც ერთგვარი პოსტქარდებია იმ საქართველოსი, როგორსაც მე მას ვხედავ. 

ჩემთვის ეს რაღაც მცდელობასავით გამოვიდა  რეალობა მეჩვენებინა ტურისტულ პოსტქარდებში, სადაც სულ პოზიტივია.  ამ სერიის შთაგონება  ძირითადად უჩვეულო ისტორიები და ტრადიციებია, რომელიც მე ძალიან მაფიქრებს. ამ სერიამ შემდეგ მეორე სერია წარმოშვა, რომელიც პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებას ასახავს. 

მგონი, ჩემთვის საქართველოში მომხდარი მოვლენები, სულერთია უარყოფითი თუ დადებითი, არის მთავარი საფიქრალი, რაც ძალიან აისახება იმ ისტორიებში, რომლებსაც ჩემი ნამუშევრებით ვყვები. მგონია, რომ ერთადერთი სერიაა ჩემი ნამუშევრებიდან, რომელიც არასდროს მომბეზრდება და მასალაც არ ამოიწურება.

 

მომიყევი შენს ნამუშევარზე STUDIO – LIBERATION, რომელიც 2017 წელს არტარეა გალერეის ჯგუფური გამოფენის ნაწილი იყო. რა პროცესი გაიარე ამ ნამუშევრის კეთებისას?

STUDIO – LIBERATION გავაკეთე მაშინ, როდესაც ჩემი ლექტორი იყო ლევან მინდიაშვილი, მაშინ მთელი სემესტრის განმავლობაში ვმუშაობდით სახელოსნოზე და მის მნიშვნელობაზე არტისტისთვის. ეს ნამუშევარი იმ პერიოდს ეხმიანება, როდესაც ცარიელ უნივერსიტეტში, თეთრ, ზედმეტად სუფთა სახელოსნოებში შევედი და როგორ მიჭირდა ამ სივრცის მორგება და ჩემს სამუშაო სივრცედ გარდაქმნა.

ეს ობიექტები ალბათ წარმოადგენს ამ აგრესიული თეთრი სივრციდან გამოსვლასა და განთავისუფლებას. ჩემთვის რთული იყო ამ ნამუშევრის კეთების პროცესი, ვინაიდან მაშინ სრულიად დავტოვე ჩემთვის კომფორტული “გარემო” – ფერწერა, და დავიწყე სხვადასხვა მასალებით ექსპერიმენტების კეთება. მოვზილე მეორადი ქაღალდებისგან ცომივით მასალა, რომელსაც კვირების განმავლობაში ვაშრობდი. ეს ალბათ ყველაზე ხანგრძლივი პროცესი იყო ჩემთვის ერთ ნამუშევარზე მუშაობისას და ყველაზე ექსპერიმენტულიც, ძალიან კარგად ვისწავლე ამ პერიოდში, თუ როგორ უნდა შემექმნა გამოწვევები საკუთარი თავისთვის, რაც  მნიშვნელოვანი მგონია,  მუშაობის პროცესის და საკუთარი თავის განვითარებისთვის.

როგორ ფიქრობ, რას აძლევს სახელოვნებო განათლება არტისტს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს?

მგონია, რომ ყველასთვის აუცილებელი არ არის უნივერსიტეტში სწავლა. ჩემ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვაადსში ჩაბარება, ძალიან ბევრი რამ მომცა და დიდი გამოცდილება მივიღე, რაც საკუთარი თავის და ხედვის პოვნაში დამეხმარა. რაც მთვარია ვისწავლე, როგორ ვიმუშაო და ვიარსებო ამ სამყაროში, როგორც არტისტმა.  ვერც წარმომიდგენია, სხვაგან რომ ჩამებარებინა დღეს ვინ ვიქნებოდი. 

რამე წესრიგის დაცვა თუ გჭირდება იმისთვის, რომ კომფორტულად იმუშაო, ანუ რას ნიშნავს შენთვის კომფორტი ამ დროს. თან გვაჩვენე  შენი სამუშაო სივრცე და მოგვიყევი მასზე ცოტა.

 აღფრთოვანებული ვარ ჩვენი ახალი სახელოსნოთი, რომელიც წერეთელზე, ძველი მაუდის ქარხნის შენობაშია, ძალიან ვიწვალეთ ამ სივრცის დასაქირავებლად და  მიხარია, რომ საბოლოოდ გამოგვივიდა. განსაკუთრებით ის მიხარია, რომ MAUDI-ს მეზობლები ვართ. ჩვენი სახელოსნო ყოფილი სარეკლამო სტამბის ოფისია, რომელსაც ექვსნი ვინაწილებთ.

ჩემი მთავარი რიტუალი, სანამ მუშაობას დავიწყებ, სახელოსნოს დალაგებაა. პირველ რიგში, ყველაფერი უნდა დავალაგო, რაც სასიამოვნო პროცესია ჩემთვის, ვინაიდან დალაგება ძალიან მეხმარება ფიქრში. მას მერე, რაც ყველაფერი ასე თუ ისე თავის ადგილზე დევს, შემიძლია მშვიდად დავიწყო მუშაობა.

და ბოლო კითხვა, შენი რომელი ნამუშევარი ან ნამუშევრები გიყვარს გამორჩეულად და რატომ?

 ალბათ ყველაზე მეტად ის ნამუშევრები მიყვარს, რომლებზეც ბევრი ვიმუშავე და ვიწვალე. რაღაც პერიოდის მერე საერთოდ მავიწყდება,  რომ არსებობენ, ახლა მგონია,  მარტო რაც ახალ სახელონოსნოში გავაკეთე, ის ნამუშევრები მაქვს და ისინი  მიყვარს, ყველაზე ძალიან კი –  Hate Circus. It’s So Much Fun –  დიდი დრო გავატარეთ ერთად და ძალიან მივეჩვიე.

ინტერვიუს დასასრულს მინდა, რომ წარმოგიდგინოთ ტასას ნამუშევრების სერია – Georgian animals (2017), რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეულია. ეს არის ტექსტილზე შესრულებული 45 ფერწერული ნამუშევარი, რომლებიც შთაგონებულია საქართველოში აღმოჩენილი ბრინჯაოს ჭვირულ ბალთებზე გამოსახული ცხოველებითა და ორნამენტებით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.