fbpx

დროის პორტალები: ტატიშჩევის სახლი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: დათო კოროშინაძე
ილუსტრაცია: მარიამ საშა

საკმარისია მეიდნიდან თუმანიანის ქუჩაზე გადაუხვიოთ და იგრძნობთ იმ ინტიმურობას, რომელიც სოლოლაკის ვიწრო და მზით გაჯერებულ ქუჩებში მიგიძღვებათ. კარგად დაგეგმარებული ქუჩა თავად ხდება ადამიანის ნავიგატორი, ისე რომ, კონკრეტული მიმართულების გარეშეც აუცილებლად გაივლით რაღაც ნარატივს – ისტორიას. ეს ისტორია არა მხოლოდ არქიტექტურის სტილი, არამედ ამ სტილს შეფარდებული შეხვედრები, მოვლენები, თავგადასავლები, სხავადასხვა სოციალური ურთიერთობებია. 

არქიტექტურული ნიმუშები ისტორიას ქუჩის თითოეულ უჯრედში ამჟღავნებენ. მათში არსებულ ინფორმაციას სინათლის და მოძრაობის რიტმში განფენენ. სწორედ ამიტომ, თითოეული ისტორიული ქუჩა მეხსიერების კაფსულაა, რომელსაც თავისი კოდები  და დროის პორტალები გააჩნია. მაღალი ხარისხის ქუჩა ერწყმის ჩვენს ყოველდღიურ რიტმს – სეირნობას, კაფეებს, ბარებს, პარკებს და ა.შ. ახალი არქიტექტურა ძველს ეკონტაქტება – ერწყმის მას, აირეკლავს ან განცალკევდება და ქმნის კუნძულს. სოლოლაკის დიდი ნაწილიც ასეთი კუნძულებით და ანარეკლებით მჟღავნდება.

ასათიანზე ასვლისთანავე უამრავ უცხო და ამავდროულად, ნაცნობ დეტალს ვაწყდებით: თბილისურ აივნებს, ბაროკოს და როკოკოს, კლასიციზმს და მოდერნს. სოლოლაკი ქართული ბურჟუაზიული ხელოვნების გაჩენის ადგილია. ეს მონაკვეთი იმდენად მდიდარია სხვადასხვა სტილით, რომ გეგონებათ, აზიური მოტივებით გაწყობილი რამდენიმე ევროპული ქალაქი გააერთიანეს. ეს ქალაქები თბილისისთვის დამახასიათებელი ინტიმურობით, კრისტალურობით და მოკაშკაშე დეტალებით არის შეკრული.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი სახლი ძლიერი დაზიანებების გამო ეთიშება ამ მშვენიერ სურათს. ისინი ჩრდილში ინაცვლებენ, რაც ურბანულ მთლიანობას აქრობს. ერთ-ერთი მათგანი  ტატიშჩევის სახლია, რომელიც ასათიანის 18 ნომერში დგას.  

რუსი არქიტექტორი კორნელი ტატიშჩევი მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა, სწორედ იმ პერიოდში, რომელშიც ეროვნულმა მოძრაობამ – მეცენატობის და განმანათლებლობის გავლით – საკუთარი იდეების რეალიზაცია გადაწყვიტა. ბურჟუაზიული არქიტექტურის მრავალფეროვნება, რომელიც თან ერთვის თბილისის ეკონომიკურ გაძლიერებას, კოსმოპოლიტური კლიმატის დამადასტურებელიცაა.

კორნელი ტატიშჩევი თანამშრომლობდა ისეთ არქიტექტორებთან და საზოგადო მოღვაწებთან, როგორებიც იყვნენ შიმკევიჩი და სარაჯიშვილი, ის მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიისა და რუსთაველის თეატრის შენობებზეც, დაახლოებული იყო წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან, რომელსაც საჩუქრად გადასცა მუზეუმის პროექტი. ტატიშჩევისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი სტილი ფსევდომავრულია და ხაზს უსვამს თბილისური ბურჟუაზიის კოსმოპოლიტურ ხასიათს.

მავრული, ან მავრიტანული სტილი XI-XVI საუკუნეებში არაბულ-ესპანური ხელოვნების სინთეზის შედეგად გაჩნდა. ის გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკის და ესპანეთის სამხრეთ ნაწილში. ამ სტილს ეკუთვნის ისეთი ძეგლები, როგორებიცაა კორდოვას დიდი მეჩეთი და ალჰამბრას სასახლე გრანადაში. ისინი ისლამური ხელოვნების სრულყოფილ ნიმუშებს წარმოადგენენ.


თბილისში ისლამური ხელოვნების გავრცელება არაბების და სპარსების მრავალსაუკუნიანი შემოსევების შედეგია. მე-19 საუკუნის საქართველოში შემცირდა ომიანობა. ამ გარემოებამ ქალაქი ექსპერიმენტის და სოციალური ძიებების სივრცედ აქცია. ტატიშჩევის სახლი მავრულის გარდა, კლასიკურ სტილსაც აერთიანებს და სინქრონულ-ეკლექტიკურ შენობას წარმოადგენს. ფსევდორომაული სვეტები შერწყმულია ისლამური ტიპის ორნამენტებთან, რომლებსაც კერამიკისგან ამზადებდნენ. 

ფანჯრები გამოყვანილია ნალისებური თაღებით, რომლებშიც ვარსკვლავებია მოთავსებული. შენობის წინ გაშენებული იყო ბაღი, რომელიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია. საგულისხმოა, რომ ასათიანის ქუჩას თავდაპირველად ბაღის ქუჩა ეწოდებოდა, რადგან სოლოლაკი სულულაჰის ბაღების ადგილას იყო გაშენებული. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისური ბურჟუაზიის ეკოლოგიურ-კულტურულ ინტერესებს. 

შენობა სამსართულიანია. მისი ფასადიც სამ ნაწილად არის დაყოფილი. ბაღის გარშემო შეხვდებით სვეტებს, რომლებზეც შენობის დეტალები ისეა გამოყვანილი, როგორც ბეჭდები ან ლოგოები,  ეს იმაზე მიუთითებს, რომ არქიტექტორს ფორმის წარმოდგენა კრისტალური სახით შეეძლო. ორნამენტს ამ პერიოდის ხელოვნებაში დიდი ადგილი უკავია. განსაკუთრებით, აზიური ტიპის ორნამენტებს, რომლებიც შერწყმულები არიან ქართულ ან ევროპულ სტილთან.


ტატიშჩვევის სახლი თბილისური ბურჟუაზიული არქიტექტურის ის იშვიათი ნიმუშია, რომელიც არათუ სხვადასხვა დროში, არამედ სხვადასხვა სივრცეებშიც გვამოგზაურებს. ის სოლოლაკის რუკის მცირე, თუმცა გადამწყვეტი დეტალია, რომელსაც სოლოლაკიდან არაბეთში და არაბეთიდან ესპანეთში გადავყავართ. ეს იყო კიდეც მოდერნული ხელოვნების გამაერთიანებელი პათოსი: სამყაროს ერთ მცირე დეტალში გლობალურობის აღმოჩენა და ერთი მცირე დეტალის მოგზაურობა გლობალურ სამყაროში. ამ პათოსით არის გაჯერებული თბილისური მოდერნისტული არქიტექტურაც. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.