fbpx

4 რჩევა ბაღის მცენარეების მოსავლელად – ფლორისტი ირინა ღარიბაშვილი


გააზიარე სტატია


ავტორი: მარიამ კერესელიძე 

 ბაღის გაშენება გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ მცენარეების დარგვა. როგორც მებაღემ, დარგვის შემდგომ თქვენს მცენარეებზე უნდა იზრუნოთ, ეს კი სათანადო მორწყვასა და კვებას გულისხმობს, ამასთან, საჭიროა დარწმუნდეთ, რომ ისინი კონკურენციის პირობებში არ იზრდებიან. 

ბაღზე ზრუნვა ინდივიდუალური მიდგომით იწყება – რაც ერთი მცენარისთვის სასარგებლოა, მეორესთვის შეიძლება საზიანო იყოს. AT.ge ამ საკითხზე ფლორისტ ირინა ღარიბაშვილს ესაუბრა, რომელმაც სასარგებლო რჩევები გაგვიზიარა.

 

  • როგორ შევარჩიოთ მცენარეები ბაღისთვის 

პირველ რიგში, მცენარეთა ზრდასა და განვითარებისთვის უნდა დაადგინოთ ბაღში ნიადაგის ხარისხი და შემადგენლობა, ასევე განათება – ასე უკეთ განსაზღვრავთ რომელი მცენარე გაიხარებს არსებულ პირობებში. უმჯობესია ისეთი მცენარეები დარგოთ (მაგალითად – სეზონური), რომ ბაღი ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდეს.

 

  • “ადვილი” და “რთული” მცენარეები

წელიწადის დროების ცვალებადობის მიხედვით ბაღიც იცვლება. ძალიან ლამაზ ელფერს ქმნიან ერთწლიანი მცენარეები, თან განსაკუთრებულ მოვლასაც არ მოითხოვენ; ესენია: პეტუნია, ტუხტი, ფუტკარა, უკადრისა, ღიღილო, ხავერდა, რუდბეკია, კოსმია, კვირისტავა. აგვისტოს ბოლოს, როდესაც ჭკნობას დაიწყებენ, თესლი უნდა შეინახოთ  ქაღალდის კონტეინერებში, მშრალ და ბნელ ადგილას. 

შედარებით რთული მოსავლელია ბაღის მრავალწლიანი მცენარეები – აუცილებელია მათთვის ნიადაგის  განოყიერება, მულჩირება, გარევა, შეწამვლა, საყრდენების შეყენება; ასეთი მცენარეებია: ვარდი, კანა, კატაბარდა, დეკორატიული შინდი, გეორგინა, ჰოსტა, ლავანდა, შროშანი.

 

  • მცენარეების მორწყვის სპეციფიკა

მორწყვის ნორმების და ვადების დადგენა დაკავშირებულია ნიადაგის ტიპის, კლიმატური პირობებისა და მცენარეთა განვითარების თავისებურებებთან. ახალდარგული მცენარე, სანამ ახალ ადგილს შეეგუება, უხვად უნდა მოირწყას, შემდგომში კი ნაკლებად. ზაფხულში მორწყვა დილით ან საღამოს ჯობს, როცა შედარებით გრილა და წყალი ნაკლებად ორთქლდება. წყალს მცენარეებს ნუ მიასხურებთ, შლანგი ან სარწყავი მცენარის ძირთან დაიჭირეთ და ნიადაგი კარგად დაასველეთ. 

 

  • როგორ “გამოვკვებოთ” მცენარეები

მცენარეებს ზრდისა და განვითარებისთვის კვება სჭირდებათ. კვების ნაკლებობის ნიშნებია გაყვითლებული და უფერული ფოთლები, ნელი ზრდა… სასუქის სახით ნიადაგში შეაქვთ სამი ძირითადი ელემენტი: აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, რომელთა ზემოქმედება მცენარის ზრდა-განვითარებაზე სხვადასხვაგვარია. 

ძალიან კარგ სასუქია ნეშომპალა, რომელიც ფოთლებისა და სხვა ორგანული მასალისგან წარმოიქმნება. ასევე საუკეთესო სასუქს წარმოადგენს კომპოსტი, რომელიც მარტივად მზადდება სახლის პირობებში ადგილობრივი მასალით: საკვები ნარჩენები, სარეველები, ნაკელი, ნახერხი, ქაღალდის ნარჩენები, ნაცარი, ტორფი, ხის ქერქი.

მცენარეების სიჯანსაღისთვის ორგანული სასუქებიდან უმთავრესია ნაკელი, რომლის შემადგენლობაში შედის სამივე ელემენტი, იგი აძლიერებს ბიოქიმიურ პროცესებს და აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას. როდესაც მცენარე არ ყვავილობს, ძირითადი მიზეზი აზოტის ან კალიუმის დეფიციტია. სასუქი გამოიყენეთ ზრდის სეზონზე, ზაფხულის ბოლომდე, თუმცა სიცხეში მის მოხმარებას ერიდეთ. 

გასანოყიერებლად საუკეთესო დრო მაშინაა, როცა მიწა ნესტიანია. ზამთარში კი სასუქი არ არის საჭირო.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.