fbpx

ქართული კინო კანში — ინტერვიუ დეა კულუმბეგაშვილთან


გააზიარე სტატია

ავტორი: ბექა მაისურაძე


გასულ კვირას კანის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორმა ტიერი ფრემომ და მისმა კოლეგებმა კორონავირუსის გამო გაუქმებული ფესტივალის საკონკურსო პროგრამა გამოაქვეყნეს და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებულ თუ დამწყებ რეჟისორებთან ერთად  სიაში ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ფილმი – “დასაწყისიც” შეიტანეს.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალზე ხვდება. 2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი – “უხილავი სივრცეები” წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში; 2016 წელს კი დეა კულუმბეგაშვილის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი – “ლეთა” აჩვენეს სექციაში “რეჟისორთა ორკვირეული”.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპისთვის,  კორონავირუსის პანდემიის გამო, ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები გადანაწილდებიან ტორონტოს, სან-სებასტიანის, ნიუ-იორკის, ვენეციის, ბუსანისა და ლუმიერის კინოფესტივალებზე. ჯერჯერობით უცნობია,  რომელი კინოფესტივალის ფარგლებში შედგება ფილმ “დასაწყისის” მსოფლიო პრემიერა. მთელ ამ პროცესს კი კანის კინოფესტივალის დირექტორი ტიერი ფრემო ასე უწოდებს – “კანი კედლებს მიღმა”.

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც  პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება. იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება  მას შემდეგ იზრდება, რაც იგი საკუთარის სურვილების გაანალიზებას იწყებს.

 

კინოსურათში მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი, რატი ონელი და საბა გოგიჩაიშვილი ასრულებენ. ამ არაჩვეულებრივი სამსახიობო ანსამბლის შეკრებაზე კი ქასტინგის  მენეჯერმა ლელი მიმინოშვილმა იზრუნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ “დასაწყისის” აღმასრულებელი პროდიუსერი მექსიკელი რეჟისორი კარლოს რეიგადასია. 

 

AT.ge რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილს მექსიკაში დაუკავშირდა და ფილმის შესახებ საინტერესო დეტალებზე ესაუბრა.  

“ფილმზე 5, მგონი, უკვე 6 წლის წინ დავიწყე მუშაობა. თავდაპირველი იდეა საბოლოოდ განსხვავდებოდა  იმ ფილმისგან, რომელიც გადავიღე. 2018 წლის ზაფხულში მივხვდი, რომ სცენარი, რომელსაც ვწერდი და რომელზეც ასე დიდხანს ვმუშაობდი, აღარ მაინტერესებდა იმ ფორმით, როგორც დავწერე. 

საერთოდ სცენარზე მუშაობის პროცესი ერთგვარი მაზოხიზმია. თუ სცენარი მომწონს, როგორც დრამატურგიული ნამუშევარი,  ფილმის გადაღება აღარ მინდა… სივრცე აღარ რჩება არც მსახიობებისთვის, არც ცხოვრებისთვის და რაც მთავარია – ფილმისთვის. ამიტომ 2018 წლის ზაფხულში სცენარი დავშალე და დავწერე ფილმი. 

ალბათ ასე თქმა  უფრო სწორია.  

პროდიუსერებისთვის რთული პროცესი იყო, რადგან როდესაც ამდენი მუშაობის დროს რაღაცას ასე რადიკალურად ცვლი,  პროცესის თავიდან აწყობა არ არის ადვილი. იდეა გაჩნდა ალბათ იქიდან, თუ როგორ ვგრძნობდი  მე თვითონ თავს. ფილმი არ არის ავტობიოგრაფიული, მაგრამ  ძალიან პირადულია ჩემთვის. არც ერთი ის მოვლენა, რომელიც ფილმში ხდება, რეალურ ცხოვრებაში არ მომხდარა. ყველა გმირი ფიქტიურია, მაგრამ მთავარი გმირის შინაგანი მდგომარეობა  ჩემთვის ნაცნობია. 

მთავარი გმირი 36 წლის ქალია. ის ბედნიერია პირად ცხოვრებაში, მაგრამ რას ნიშნავს იყო ბედნიერი? რას ნიშნავს ვერ ერგებოდე იმ ცხოვრებას, რომელიც ამ მომენტამდე შენი ცხოვრება გეგონა? და რას ნიშნავს გინდოდეს ის, რაც არ იცი? ფილმი ამ ქალის შინაგან კონფლიქტს მიჰყვება, რომელიც გარე კონფლიქტის პარალელურად ღრმავდება და ისეთ წერტილს აღწევს, საიდანაც უკან დაბრუნება ალბათ არ შეიძლება. ჯერ ისევ არ ვიცი ზუსტად პასუხი. ია სუხიტაშვილი და მე ასე ვმუშაობდით ფილმზე, ვსაუბრობდით, რაღაც დასკვნებამდე მივდიოდით და მერე ისევ იმას ვხვდებოდით, რომ ლოგიკა უნდა დაგვევიწყებინა და გმირის ემოციურ მდგომარეობას გავყოლოდით”, – ამბობს AT.ge-სთან საუბრისას დეა კულუმბეგაშვილი.

 

 

რეჟისორი ჩვენთან საუბრის დროს შეეხო მსახიობების შერჩევის პროცესს, ასევე იმას, იცოდა თუ არა სცენარის წერის დროს რომელი მსახიობი სურდა ამა თუ იმ პერსონაჟის როლზე.

“ფილმზე მუშაობა ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესია.  მაშინაც კი, როდესაც ვიცი, რომ რადიკალური გადაწყვეტილება უნდა მივიღო და შეიძლება ამის შედეგად ვინმე ნაწყენი დარჩეს, და რაც მთავარია,  ეს პროცესი  ჩემთვისაც ძალიან რთული იყოს… არ მაქვს უფლება, რომ საჭირო გადაწყვეტილება არ მივიღო. რადგან ეს  ფილმის საჭიროებიდან გამომდინარეობს. 

ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ქასთინგის დამტკიცების, რეპეტიციების და ერთად მუშაობის შემდეგ … მინდა მადლობა გადავუხადო იმ მსახიობებს,   რომლებიც საბოლოოდ ფილმში  სხვადასხვა მიზეზის გამო არ თამაშობენ. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში მექნება საშუალება მათთან ერთად  ვიმუშაო. ბევრს ვერ ვისაუბრებ ამ საკითხზე. საბოლოოდ, ფილმში ის მსახიობები და არამსახიობები თამაშობენ, რომელთა  გარეშეც ეს ფილმი ვერ იარსებებდა”, – ამბობს რეჟისორი.

 

დეა კულუმბეგაშვილმა AT.ge-ის ისიც გაუმხილა, რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ მისი ფილმი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.


“პირველი ემოცია?..  დიდი ხნის წინ  საკუთარი თავი ისე განვაწყვე,  რომ მშვიდად უნდა შევხვდე ყველა წარმატებას და წარუმატებლობას. ორივე ერთნაირად სტრესია. ჩემთვის კი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდე, რუტინა და ის, რომ ყოველ დილით ავდგე და ვაკეთო ის, რაც მინდა და რაც შემიძლია. 

არის ბევრი რამ, რაც არ შემიძლია. მას მერე, რაც ფილმი სრულდება, ის მე აღარ მეკუთვნის. ფილმისთვის მნიშვნელოვანია ფესტივალი. ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი ენერგია  დახარჯა ამ ფილმის შექმნის პროცესში, მინდა მადლობა გადავუხადო. მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ ფესტივალზე მოხვედრა მადლობის ერთგვარი ფორმაა ამ ხალხის მიმართ.

რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ფილმი კანის კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაშია. ეს ფაქტი, ვფიქრობ, ზოგადად, მნიშვნელოვანია ქართული კინოსთვის.  მაგრამ საბოლოოდ ისევ დრო გვაჩვენებს, როგორ გაუძლებს ფილმი  დროს. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. 

როგორ გავიგე ეს ამბავი?  ჩემმა პროდიუსერმა დამირეკა და მითხრა. მას ვინ დაურეკა,  ჯერ არ ვიცი. ბევრი საუბრის საშუალება არ გვქონია, რადგან ამ მომენტში ისიც დაკავებულია საქმით და მეც. ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს წინ – ფილმის ტრეილერს, პოსტერს და სხვა მასალას ვამზადებთ”, – ამბობს დეა კულუმბეგაშვილი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.