fbpx

დღეს მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი 91 წლის გახდებოდა


გააზიარე სტატია



“მუზა” ფილარმონიის წინ, „კიდევაც დაიზრდებიან…“ მარნეულში, “მედეა” ბიჭვინთაში”, “დიდგორის მემორიალი” – ამ ყველასთვის ნაცნობი ძეგლების ავტორს, მერაბ ბერძენიშვილს 10 ივნისს 91 წელი შეუსრულდებოდა. 


ქართველი მოქანდაკის, ფერმწერისა და გრაფიკოსის ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი დავით გურამიშვილის ძეგლია, რომელიც თბილისში, ი. ჭავჭავაძის პროსპექტზე დგას. ნატურალისტური დეტალებისგან თავისუფალ და მაღალი პროპორციების მქონე ძეგლში ბერძენიშვილმა საუკეთესოდ შეძლო პოეტის განცდებისა და სულიერი სამყაროს გაცოცხლება.

ბერძენიშვილის მოგონებებში ნათლად ჩანს მისი დამოკიდებულება ქანდაკებაზე მუშაობის პროცესთან: “მე გავაკეთე არა მეომარი, მებრძოლი დიდებული, რომლის მსგავსნი მრავალნი იყვნენ მის გვერდით და უკვალოდ გაქრნენ, არამედ სულის ადამიანი, რომლის პოეზია დღესაც აღაფრთოვანებს და უმაღლეს სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს. გურამიშვილი მისი პოეზიაა. მე სწორედ ეს ავიღე და პლასტიურ ენაზე გადავთარგმნე მისი წამება, ტანჯვა, გოდება საკუთარი ბედისწერისა და სამშობლოს ხვედრის გამო. 

მისი პოეზია ღრმა ფესვებით უკავშირდება ძველ ქართულ ქრისტიანულ პოეზიას, სიწმინდეს, ღმერთის ძიებას, სიკეთისა და სიყვარულის მუდმივ თემას. არც ერთ ქართველ პოეტში არ იგრძნობა ასეთი სიღრმე, რომელსაც ქმნის უსამშობლობა და, ამიტომაც იგი მზიან, ხალისიან ქართულ პოეზიაში ისე განცალკევებით დგას, როგორც სხვა ნიადაგში გადარგული ვაზი. მისი მარტოობა, ოცნება საქართველოზე, იმედები, ტანჯვა პლასტიკის ენით მინდოდა გამომეხატა. თითქოს სული ქცეულა სახილველად, მყარად” – მერაბ ბერძენიშვილის მოგონებებიდან, „საბჭოთა საქართველო,” 1979 წელი

გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მერაბ ბერძენიშვილის ერთ-ერთი ნამუშევარი – 46 მეტრი სიმაღლის “დიდების მემორიალი” მოექცა. მემორიალი ქუთაისში 1982 წელს საბჭოთა კავშირის ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად დაიდგა, თუმცა მონუმენტის დემონტაჟი აფეთქებით განხორციელდა 2009 წელს ახალი პარლამენტის მშენებლობისთვის. 

დემონტაჟი მოქანდაკესთან შეუთანხმებლად მოხდა, რის შესახებაც ბერძენიშვილი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში დანანებით აღნიშნავდა: “ვგრძნობდი, “დიდების მემორიალის” დროც დადგებოდა: მანამდე რა მოხდა, იცით? დაარბიეს, გული ამოაჭრეს და თითქმის ორი წელიწადი იყო ეგრე ამოჭრილი. ვწერდი გაზეთში, მივმართე ქუთაისის საზოგადოებას, იქაურ მთავრობას – არავითარი ყურადღება.” 

თავად ბერძენიშვილი “დიდების მემორიალს” პაციფისტურ ძეგლს უწოდებდა, რომელიც ომში დაღუპული გმირების გარდა ყველა იმ ადამიანს ეძღვნებოდა, ვინც ომის წინააღმდეგ გამოდიოდა. მერაბ ბერძენიშვილს გული წყდებოდა დავით აღმაშენებლის ძეგლის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის გამო, რის შესახებაც თავის დროზე მისთვის არაფერი უკითხავთ. 

მერაბ ბერძენიშვილის ნამუშევრები მისი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში მონუმენტები:


სკულპტურული პორტრეტები: 

 

მერაბ ბერძენიშვილს მიღებული აქვს სახელმწიფო და საერთაშორისო ჯილდოები, მათ შორის, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1975), თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (1983), საქართველოს სახელმწიფო პრემია (1995), ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის, ფრიტიოფ ნანსენის სამახსოვრო მედალი (2001), საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის ჯილდო „XX საუკუნის მიღწევებისათვის“ (2002), ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“ (2014).

მერაბ ბერძენიშვილი 2016 წელს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, საკუთარი სახლის ეზოში. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.