fbpx

„ლოგიკური ქაოსის ძიებაში“ – ინტერვიუ ნიკა ჯაფარიძესთან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: რეზი ხუნწელია
ფოტო: Nakanimamasakhlisi Photo LAB

 

ერთი ყველასთვის კარგად ცნობილი გამოთქმა გვეუბნება, რომ მუსიკაზე წერა იგივეა, რაც არქიტექტურაზე ცეკვა. ზემოთ ხსენებულ აზრს (რომელსაც მანამდე არასდროს ვეთანხმებოდი) გემო პირველად ნიკა ჯაფარიძესთან საუბრის დროს გავუგე.

როდესაც მთხოვეს, რომ მასთან ინტერვიუ უნდა ჩამეწერა, პირველი კითხვა, რაც ჩემს თავს დავუსვი, იყო ის, რომ “რაზე უნდა ვესაუბრო არქიტექტორს, რომელიც ამავდროულად,  მუსიკას წერს და ბატკნის ბეჭის ძვლისგან პორტრეტებს აკეთებს?”. ერთი შეხედვით სასაუბრო თემა საკმარისზე მეტია, მაგრამ საუბრის დაწყება და ისე გაგრძელება, რომ პროცესში არ დაიკარგო, არც ისე ადვილი საქმე გამოდგა.  


არქიტექტურაზე ცეკვა

ინტერვიუს დროს შვეიცარიაში იმყოფებოდა ოჯახთან ერთად – „კორონას გავურბივართ, ამიტომ მთელი ზაფხული აქ ვაპირებთ ყოფნას, მთაში და ტყეში.“ გამიმხილა, რომ უსაფრთხოების გარდა, მთაში გახიზვნა ნაწილობრივ ნოსტალგიასაც უკავშირდება, რადგან საქართველოს შესახებ მისი მოგონებები მნიშვნელოვნად მთებს უკავშირდება. 

ნოსტალგიის განცდა ნიკასთვის უცხო არ არის, რადგან ის უკვე დიდი ხანია ლონდონში მოღვაწეობს. სწორედ იქიდან ხელმძღვანელობს არქიტექტორთა ბიუროს Architects of Invention, რომელსაც ეკუთვნის თბილისის პროკურატურის შენობა, იუსტიციის სახლი ოზურგეთში, ლაზიკის მთავარი შენობის პროექტი და ბევრი სხვა საინტერესო ნაგებობა. ნიკა აღნიშნავს, რომ როგორც არქიტექტორს, ხელოვნების მიმართ მას ალგორითმული, ანუ მეთოდური მიდგომა იტაცებს: „მინდა შევქმნა ლოგიკური ქაოსი, შემთხვევითობაზე აგებული არქიტექტურა“. 

ტრადიციული არქიტექტურული ჩარჩოებისგან მის გათავისუფლებაში კი მთავარი „დამნაშავე“ მუსიკაა, რომელმაც ნიკას ბიძგი მისცა ეძებნა ახალი ფორმები და მეთოდები, რის დახმარებითაც სივრცეში საკუთარ კვალს დატოვებდა. თუმცა ის მიიჩნევს, რომ სივრცეს არა არქიტექტორი, არამედ ადამიანთა აღქმა აყალიბებს – სივრცის ყველაზე საინტერესო ნიუანსები სწორედ  ადამიანის წარმოსახვაში იქმნება. რაც შეეხება არქიტექტურის კავშირს ეკოლოგიურ ცნობიერებასთან, ნიკა აღნიშნავს, რომ ხელოვნების ეს ფორმა აუცილებლად ჰარმონიული უნდა იყოს. 

„არქიტექტურა არის ბუნების ნაწილი და ამდენად, ის არ ერევა ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაში. პირიქით, არქიტექტურა “აკოპირებს” ბუნებას, ბუნების წესებს, ოღონდ ამ ყველაფერს ადამიანის პრიზმიდან აკეთებს. 

“არქიტექტურა ყოველთვის ადამიანებს შორის ურთიერთობის ფორმაა”. – ნიკა ხაზს უსვამს, რომ ბუნებასთან ბრძოლა ან მისი ფუნქციონირების ლოგიკაში უხეში ინტერვენცია ყოველთვის ადამიანების მარცხით დასრულდება. 

ამის ერთ-ერთ გამოვლინებად კი იმ პროცესებს მიიჩნევს, რომელიც Covid-19-ით გამოწვეულ პანდემიას მოჰყვა: „ადამიანმა  იმდენად დაკარგა საკუთარ ქმედებებზე კონტროლი, რომ ბუნებამ ბოლოს ყველანი ციხეში ჩაგვსვა. ბუნების მხრიდან ეს არის გაფრთხილებაც და სასჯელიც“. 

სწორედ ამიტომ, მუსიკისგან განსხვავებით, არქიტექტურაში არსებობს აბსოლუტური პასუხისმგებლობა, რომელსაც ის ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობას ადარებს. მისი აზრით, არქიტექტურით იქმნება გარდაუვალი სივრცეები და გარდაუვალი ყოფა, და ეს ადამიანის მიერ საკუთარი თავის გამოხატვის ყველანაირ ასპექტს ასახავს. 

ეს გარდაუვალობა აყალიბებს ადამიანის ხედვას და ამ პროცესზე პასუხისმგებელი თავად არქიტექტორია. იმდენად, რამდენადაც ხელოვნების სტატიკურობის არ სჯერა, ნიკას სწამს, რომ სამგანზომილებიან სივრცეში შენობებიც მოძრაობენ, ერთგვარად ცეკვავენ კიდეც. სწორედ ამიტომ შეიძლება არქიტექტურაზე ცეკვა და სწორედ ამიტომ არ უნდა იყოს არქიტექტურა გაყინული მუსიკა.

 

დიჯითალია

მიუხედავად იმისა, რომ სივრცის ორგანიზების წესზე საუბრისას   რამდენიმე საინტერესო თეორეტიკოსს შევეხეთ, ნიკა პარალელებისთვის ყოველთვის მუსიკის სამყაროს მიმართავდა. ის მიმტკიცებდა, რომ მუსიკაში არ არსებობს პასუხისმგებლობა და სწორედ ეს აძლევს მას ამდენად უსაზღვრო შესაძლებლობებს. 

„მიმაჩნია, რომ მუსიკა ყველაზე მაღალია ხელოვნებათაგან.  – მუსიკაზე საუბარი ამ ფრაზით დაიწყო.  – მუსიკა აბსოლუტურად ხელშეუხებელია, არამატერიალურია, მაგრამ, ამავდროულად,  ძალიან მეთოდური და მათემატიკურია. მუსიკამ მასწავლა, თუ როგორ შევქმნა არქიტექტურა. ორივე ხელოვნება თითქმის ერთი და იგივე პრინციპზეა აგებული, განსხვავება მარტო მასალაშია – მუსიკაში ხმებით აპელირებ, ხოლო არქიტექტურაში მასალებით. რიტმი – კონსტრუქცია, კომპოზიცია – სივრცეთა ურთიერთობა, მელოდია – იდეა და ბალანსი – ყველაფერი  თანხვედრაშია“. 

როგორც იხსენებს, იმ ოჯახში, სადაც გაიზარდა, მუსიკა იმდენად ბუნებრივი მოვლენა იყო, რომ არც კი ახსოვს როგორი იყო ბავშვობაში მიღებული პირველი მუსიკალური გამოცდილება. როდესაც გაიზარდა, ფრენკ ზაპათი მოიხიბლა – ამბობს, რომ ამ ხელოვანმა (ან მუსიკოსმა) მისი ყურადღების მიპყრობა სატირის და ირონიის ოსტატურად გამოყენებით მოახერხა. 

სწორედ ზაპას გავლენით, მეგობარ დათო ტოგონიძესთან ერთად მე-20 საუკუნის მიწურულს პროექტი Digitalia შექმნა, რამაც მათ საშუალება მისცა სხვადასხვა კლუბსა და სახელოვნებო სივრცეში საკუთარი კომპოზიციები დაეკრათ. „ეს პროექტი იყო ჩვენი მუსიკალური დიალოგი, სადაც არ იყო მოცემულობა და მუსიკა მიჰყვებოდა წუთიერ განცდას იმ მიმართულებით, საითაც “ქარი” დაუბერავდა.“  როგორც იხსენებს, დათოს ამ პროექტში მეცნიერული მიდგომა შემოჰქონდა, მას კი მხატვრული ქაოსი. 

ქაოსთან ურთიერთობა გაგრძელდა მის შემდეგ ექსპერიმენტულ პროექტში AMC (architecture, music, cinematography), რომელიც არქიტექტურის, მუსიკის და კინემატოგრაფიის სინთეზს გულისხმობდა. აქ ერთიანდებოდა არქიტექტურა, როგორც სივრცე, მუსიკა, როგორც ხმა და მელოდია და კინო, როგორც ნარატიული ფორმატი. 

მოძრავი ნახატებით და ინტერაქტიული მუსიკალური ვიდეოინსტალაციების ექსპერიმენტით AMC რამდენიმე ათეული პროექტის ინიციატორი გახდა. შემდეგ კი ნიკა სამუშაოდ ლონდონში გადავიდა და საკმაოდ ცნობილ კომპანიებთან – KPF და OMA – დაიწყო მუშაობა.

თუმცა მას არასდროს დავიწყებია, რომ ხელოვნება არსებობს მომენტისთვის, სიხარულისთვის. და იმისთვის, რომ გააცნობიერო შენ ხარ ცოცხალი და ამისთვის ბუნებას მადლობას ეუბნები. „ხელოვნებით ბუნებიდან გაქცევა შეუძლებელია, პირიქით, როგორც ზღვაში ხტები თავით, ისე უნდა გადახტე და მთლიანად მისცე შენი თავი. თუ ამის შეგეშინდება, მაშინ შენ ხელოვანი აღარ ხარ“.

 

ზორგი

“ძალიან მაღალი ადამიანი ვიყავი, რის გამოც ზურგის ქრონიკული ტკივილი განმივითარდა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ექიმებთან სიარულს საკუთარი მეთოდით მკურნალობა ვარჩიე: ყველაფერი ფენტალინის მიკროდოზებით დაიწყო, რომელიც წლების განმავლობაში ნელ-ნელა იზრდებოდა. ერთხელ, როდესაც Our Planet-ს ვუყურებდი, სიგარეტით ხელში ჩამეძინა. ჩემს საწოლს ცეცხლი გაუჩნდა და სახლი მთლიანად დაიწვა. ახლა კი აქ ვარ, ფერფლიდან აღმდგარი – ჩემი ბოროტი თვალი არასდროს დაიხამხამებს, მეორე თვალში კი ვერაფერს ვხედავ. უკვე ტკივილსაც აღარ ვგრძნობ. არც ფენტალინი მჭირდება. არც არაფერს ვნანობ. ჩემი სახელია ზორგი”.

 

ნიკას ინსტაგრამის გვერდზე ბატკნის ბეჭის ძვლებზე შექმნილ პორტრეტებს შეხვდებით, რომლებიც საკუთარ ისტორიას გვიყვებიან. ადრე თბილისში, როდესაც სუფრაზე  ხელოვანები, არქიტექტორები ან მუსიკოსები იკრიბებოდნენ, ძვლებზე ხატვა სუფრის ერთგვარი კულმინაციური მომენტი იყო. ან ხატავდნენ, ან აგროვებდნენ ხელმოწერებს  და ერთგვარ სამახსოვრო ნივთად იტოვებდნენ. ლონდონში ცხოვრებისას მეც გამახსენდა ეს. აქ ძალიან უყვართ ბატკანი, მე კი არ მიყვარს და სუფრაში რამენაირად მონაწილეობა რომ მიმეღო, ძვალს ვიღებდი, ვხატავდი და სახლში ვუტოვებდი. თითქოს არსება ერთგვარად ცოცხლდება და რეინკარნაციის მომენტი დგება“. 

მთებთან ერთად საქართველოს შესახებ მოგონებების შექმნის და შენახვის ერთ-ერთი ფორმა სწორედ ეს პორტრეტებია. ისინი ნიკას იმ ისტორიებს ეჩურჩულებიან, რომლითაც მან 27 წლის წინ თბილისი დატოვა. დატოვა იმისთვის, რომ იპოვოს ის, რასაც ამდენი ხანია ეძებს… ლოგიკური ქაოსი. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.