ალექსანდრე კორძაიამ (KORDZ) სამი ახალი კომპოზიცია გამოუშვა
ქართველი მუსიკოსებისგან ხარისხიანი მუსიკით ხშირად განებივრებულები არ ვყოფილვართ და მით უმეტეს, ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში უფრო მეტად განვიცდით სასიამოვნო სიახლეების ნაკლებობას ამ მიმართულებით.
თუმცა, კარგი ამბებიც ხდება და სიამოვნებით მოგიყვებით ალექსანდრე კორძაიას სამ ახალ კომპოზიციაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ლეიბლზე, Prrrrrrr Records-ზე გამოვიდა.
სამიდან ერთი ორიგინალია, ხოლო მეორე და მესამე ორიგინალი კომპოზიციის ორკესტრირებული და რემიქს-ვერსიებია.
აღსანიშნავია ისიც, რომ „Secondhand Happiness“-ის ორკესტრირებული ვერსია, სადაც ცენტრში მაინც ფორტეპიანო რჩება, ალექსანდრე კორძაიასა და გიორგი ცაგარელის კოლაბორაციაა, რომელსაც ამ უკანასკნელის სიმებიანი ორკესტრი ასრულებს.
მესამე კომპოზიცია კი Cobert-მა გამიქსა, რომელიც კონკურსით შეირჩა – „ეს პროექტი ისე შევფუთეთ, რომ მისი ორიგინალი, ორკესტრირებული და რემიქს ვერსია ყოფილიყო. ჩემი იდეა იყო, რომ კონკურსი ჩაგვეტარებინა. ორიგინალი ვერსიის მონაკვეთები ონლაინ ავტვირთე, მუსიკოსებს შეეძლოთ მათი ჩამოტვირთვა და საკუთარი ინტერპრეტაციით რემიქსის გაკეთება. სულ 20 კონკურსანტი შეირჩა, თითოეული მათგანი საინტერესო იყო, თუმცა ყველაზე მეტად ოთხი მათგანი მომეწონა.
კონკურსანტებს შორის იყვნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არტისტები. ამ ოთხიდან კი გერმანულმა ლეიბლმა Prrrrrrr Records-მა, რომელთანაც დიდი ხანია ვთანამშრომლობ, არჩევანი საუკეთესოზე, Cobert-ზე გააკეთა“, – ამბობს ალექსანდრე AT.ge-სთან საუბრისას.
რამდენი ხანი მუშაობდი ამ კომპოზიციების შექმნაზე?
იდეა საკმაოდ სწრაფად განვახორციელე, მაგრამ შემდეგ უნდა გადამეწყვიტა, რა კონტექსტში გამომეყენებინა. ჯერ ორკესტრირებული ვერსია შევქმენით, შემდეგ კი ელექტრონულ ვერსიაზე დავიწყეთ მუშაობა. ვცდილობ გამოხატვის საინტერესო ფორმა შევარჩიო ხოლმე და ამისთვის ყოველთვის სხვადასხვა გზებს ვეძებ.
ინსპირაცია რა იყო?
ინსპირაცია ადვილი, მაგრამ საინტერესო თემის ძიება იყო – როიალზე არპეჯიოების ჰარმონიის პარალელურად, საინტერესო, ბინძური ან რომანტიკული კონტრასტის შექმნა.
პანდემიამ რამდენად იმოქმედა შენს შემოქმედებაზე?
პოზიტიური ის იყო, რომ კონცერტები გაუქმდა და გამიჩნდა ბევრი თავისუფალი დრო ახალი პროექტების მოსაფიქრებლად და მათზე სამუშაოდ მომავალში.
ამ პერიოდში მაქვს იმის საშუალება, რომ ვიფიქრო რა მიმართულებით მინდა წავიდე, რომელ ქვეყნებში, რა პროექტები განვახორციელო. ეს ახალი კომპოზიციებიც ამიტომ შეიქმნა, რომ საკმარისი დრო მქონდა მათზე სამუშაოდ.
ნეგატიური ის იყო, რომ ბევრი დაგეგმილი პროექტი, მათ შორის, ბერლინის ფილარმონიაში, ვერ განხორციელდა. მგონი, ეს პრობლემა მხოლოდ მე არ მაქვს. ყველანი, ვინც რაღაცას ვაკეთებდით, ასე ვართ.
ახალ ბალეტს ვწერ – ეს იქნება გედების ტბის ახალი ვერსია. ძალიან საინტერესო და სახალისო გამოდის. იმედია შემოდგომაზე განხორციელების საშუალება გვექნება და ხალხიც მოვა.
პარალელურად კი სხვა ნაწარმოებებზე ვმუშაობ და ველოდები მომენტს, როცა სხვებთან თანამშრომლობა და ჩაწერა შესაძლებელი იქნება. მნიშვნელოვანია ყველა მუსიკოსმა მოვძებნოთ გზა საკუთარი შემოქმედების გასაცოცხლებლად, თუნდაც ონლაინ. ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა და ვნახოთ.