fbpx

ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციის პროგრამა თელავიდან დაიწყო


გააზიარე სტატია

 

ავტორი:  ნინო ჩლაიძე  

ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია რომ ცხოველთა პოპულაციის მართვის ერთადერთი ჰუმანური გზაა, ამაზე ცივილიზებულ სამყაროში დიდი ხანია შეთანხმდნენ. ამ მიმართულების უფრო მეტად განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რადგან ჩვენთან მიუსაფარი ცხოველების პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას –  მათი რიცხვი ყოველდღიურად იმატებს,  რაც უამრავ მშიერ, ავადმყოფ თუ ადამიანის მხრიდან სასტიკი მოპყრობის შედეგად დაზარალებულ ცხოველს ნიშნავს. 

თუკი დედაქალაქში კასტრაცია-სტერილიზაციის პროგრამა ეფექტიანად მუშაობს, რეგიონებში ამ მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა. სხვადასხვა რაიონში კასტრაცია-სტერილიზაციის პროგრამები  გამოცხადებული ტენდერების საშუალებით ხორციელდება, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ისინი პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად  საკმარისი ან ეფექტიანია. პრობლემას აღრმავებს ისიც, რომ მოსახლეობის ის ნაწილიც კი, რომელსაც ცხოველი ეზოში ჰყავს, ვერ აცნობიერებს, რომ მათ გამრავლებას წინ უნდა აღუდგეს. 

სწორედ ქუჩის ცხოველების პოპულაციის მართვისა და მოსახლეობაში ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისათვის “უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოებამ“ (დაფუძნდა  2008 წელს ვეტერინარების მიერ, რომლებიც  საქართველოში ძაღლებისა და კატების სტერილიზაცია-კასტრაცია, ვაქცინაციისა და მარკირების ავტორები არიან)  დაიწყო ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც რეგიონებში ცხოველთა კასტრაცია-სტერილიზაციას გულისხმობს.

ვესაუბრებით ექიმ-ვეტერინარს, „უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოების“ დამფუძნებელს და თავმჯდომარეს,  “ვეტექსის” მთავარ ექიმს, მარიამ ჩხიკვიშვილს:

 

როგორ ჩაეყარა ამ პროგრამას საფუძველი?

პროგრამა კერძო ინიციატივით ამოქმედდა. ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი პაციენტის პატრონი მთლიანად იზიარებს ჩვენს მიდგომას ქუჩის ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის მიმართ. ცნობილია, რომ პანდემიის დაწყებისთანავე ცხოველები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ჩვენ დავიწყეთ მათთვის საკვების განაწილების აქცია. სწორედ ამ ადამიანმა გამოყო საკმაოდ სოლიდური თანხა და მისი დაფინანსებით მოხერხდა ძალიან ბევრი ცხოველის გამოკვება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. თუმცა, ცხოველთა დაცვა არ გულისხმობს მხოლოდ მათ გამოკვებას. ამ აქციის ამოქმედებიდან მალევე ამ ადამიანმა კვლავ მომმართა და მკითხა, თუ რა შეიძლება გაკეთებულიყო ცხოველების ყოფის უფრო მეტად შესამსუბუქებლად. სწორედ მაშინ ვუთხარი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა რეგიონებში სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამის ამოქმედება, რასაც იგი დათანხმდა და კიდევ უფრო სოლიდური თანხა გამოყო ამ ინიციატივის განსახორციელებლად.

 ეს აქცია თელავიდან დაიწყო. რატომ მაინცდამაინც კახეთი?

ცოტა ხნით ადრე  ჩვენ დავითვალეთ თელავში, ბორჯომსა და წყალტუბოში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა, რაც მეტად ამარტივებს საქმეს. ძალიან სასიხარულოა ის, რომ თელავის მერს კარგად აქვს გააზრებული პრობლემის სიმძაფრე. მან მზადყოფნა გამოთქვა პროექტში ჩასართავად და გამოგვიყო ძალიან კარგი შენობა, რომელიც საოპერაციო სივრცედ გადაკეთდა.

 

 რამდენჯერ იყავით ჩასული თელავში და რა რაოდენობის ცხოველის  სტერილიზება მოხერხდა?

ბოლოს  8 ივნისს ვიყავით ჩასულები და 32 ცხოველი გავასტერილეთ. პირველ ჯერზე 15 ცხოველს ჩაუტარდა ოპერაცია,  ხოლო მეორედ – 35-ს. ყოველ ჯერზე  30 ცხოველის ოპერაცია თუ მოხერხდა, კახეთის რეგიონს მეტ-ნაკლებად დავფარავთ. ჩვენ არ ვასხვავებთ პატრონიან და მიუსაფარ  ცხოველს,  რადგან რაიონებში პატრონიანი ცხოველების მეტი წილი ეზოებში ცხოვრობს და ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ ჯერზე გაცილებით ნაკლები პატრონიანი ცხოველი გვყავდა, ხოლო ბოლოს ცხოველის გასტერილების მოთხოვნით 90-ზე მეტმა ადამიანმა მოგვმართა. რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კუთხითაც ეფექტიანად ვმუშაობთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის წმინდად ალტრუისტული აქცია და არცერთი ვეტერინარი ამ ოპერაციებში თანხას არ იღებს.

პროგრამის გაგრძელების შემთხვევაში, კახეთის შემდეგ  ალბათ  იმ რეგიონებში გადაინაცვლებთ, სადაც  ცხოველების სავარაუდო რაოდენობა თქვენთვის უკვე ცნობილია.

ცხადია, ლოგიკური იქნება, თუკი სწორედ იმ ადგილებში გადავინაცვლებთ, სადაც მეტ-ნაკლებად ვიცით რამდენი მიუსაფარი ცხოველია. სასურველია საქართველოს ყველა ქალაქში მოხდეს ცხოველების აღრიცხვა.

 

 რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ პროგრამა გაგრძელდეს?

სწორედ იმიტომ ვავრცელებთ ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშს, რომ საზოგადოება ჩაერთოს ამ კამპანიაში. ცხადია, ერთი ადამიანის კისერზე ეს ამბავი ვერ გადავა. ალბათ ყველა ადამიანი, რომელიც ქალაქგარეთ გადის, ხედავს, თუ რა რთულ მდგომარეობაში არიან ცხოველები და ამ აქციაში თუნდაც მინიმალური ჩართულობით ისინი ხელს შეუწყობენ ცხოველების პოპულაციის ყველაზე სწორ და ჰუმანურ გზას.

პროგრამის ხელშეწყობის მსურველებისთვის: GE52TB7223736080100001 ა.ა.ი.პ. უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.