Twitter-ის ახალი ფუნქციის მიხედვით სტატია მის გაზიარებამდე უნდა წაიკითხოთ
ავტორი: ჩარლოტე ჯი
Twitter ანდროიდის მობილურებში ახალ ფუნქციას ტესტავს, რომელიც ხალხს სტატიის გაზიარებამდე მის წაკითხვას სთხოვს. თუ ადამიანი Twitter-ზე ისეთ ლინკს გააზიარებს, რომელიც არც კი გაუხსნია, ე.წ. pop-up მესიჯი ამოუვარდება – “გინდა წაიკითხო, სანამ გააზიარებ?”
Twitter-ში აცხადებენ, რომ ეს იდეა ინფორმირებულ დისკუსიას შეუწყობს ხელს და დეზინფორმაციის ვირუსულად გავრცელებას შეანელებს. “Twitter-ზე ლინკები/სტატიები მარტივად ხდება ვირუსული. ეს ზოგჯერ საშიშია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანებს წაკითხული არ აქვთ ის კონტენტი, რომელსაც აზიარებენ”, – განაცხადა Twitter-ის პროდუქტის ხელმძღვანელმა კივონ ბეიკპურმა.
დიდი ხნის განმავლობაში Twitter საიტზე განთავსებული კონტენტის მოდერაციას საკმაოდ ფრთხილად ეკიდებოდა. როგორც ჩანს, ეს იცვლება. პლატფორმამ ყალბი და შეცდომაში შემყვანი ტვიტების მონიშვნა დაიწყო, მათ შორის – დონალდ ტრამპის შემთხვევაშიც. ამასთან, უქმდება ის ანგარიშები, რომლებიც სახელმწიფოებმა არჩევნებისა და საზოგადოებრივ დებატებზე გავლენის მოხდენისთვის შეიძლება გამოიყენონ.
ორიგინალი: https://www.technologyreview.com/