fbpx

დღეს: 102 წლის წინ პირველი ქართული ოპერა “ქრისტინე” დაიდგა


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი ქისტაური

1918 წლის 17 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პირველი ქართული ოპერა – „ქრისტინე“ დაიდგა. “პირველი მერცხალი” – ასე უწოდებდნენ რევაზ გოგნიაშვილს, რომელიც პირველი ქართული ორიგინალური ოპერის – “ქრისტინეს” ავტორი იყო. 

 

გოგნიაშვილმა უმაღლესი მუსიკალური განათლება საფრანგეთში მიიღო. 1913 წელს, პარიზის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ გოგნიაშვილს ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის, ”ქრისტინეს” მიხედვით ოპერის შექმნა შესთავაზა. ოპერის შექმნაზე კომპოზიტორი სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. იმ დროს ყველა ევროპული ოპერა რუსულ ენაზე სრულდებოდა, რის გამოც გოგნიაშვილმა ოპერის ლიბრეტო რუსულად დაწერა. 1918 წელს “ქრისტინე” ქართულად ვალერიან გუნიამ თარგმნა.

მუსიკოს შიო აბრახამიას კვლევაში ვკითხულობთ, რომ იმ პერიოდში ქართული ოპერის არსებობის იდეას სკეპტიკოსები გამოუჩდნენ, რამდენადაც წარმოუდგენელი ჩანდა, ახლად დამოუკიდებლობამოპოვებულ ქვეყანას ეროვნული ოპერა შეექმნა.

 

 

1920 წელს ჟურნალ “თეატრი და ცხოვრების” ივნისის ნომერში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი,  მომღერალი სვიმონ წერეთელი იხსენებს:ქართული ოპერა – ამ ორ სიტყვას უკვე მიჩვეულია ქართული საზოგადოების სმენა. აგრე არ იყო ამ სამი წლის წინად… ჩვენი სკეპტიკები ამბობდნენ: თვით რუსეთი დიდ ხანს იყო ევროპული ოპერის გავლენის ქვეშ, ქართველები კი ეხლა იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას და უკვე დამოუკიდებელი ოპერის შექმნა უნდათო”…



წესით, პრემიერა 1918 წლის მარტში უნდა გამართულიყო, თუმცა გოგნიაშვილს მხარს არ უჭერდა საქართველოს ფილარმონიული საზოგადოება, რის გამოც სახელმწიფო თეატრის დარბაზი “ქრისტინეს” პრემიერას არ დაეთმო. ამის შემდეგ დაარსდა ქართველ მომღერალ-მუსიკოსთა კავშირი, რომლის მიზანსაც “მონოპოლისტი ფილარმონიული საზოგადოებისაგან ჩაგრული ახალგაზრდა მუსიკოსების” დახმარება წარმოადგენდა. კავშირის დაარსების პარალელურად ჟურნალმა “თეატრმა და ცხოვრებამ” კრიტიკული სტატიების გამოქვეყნება დაიწყო, სადაც ზაქარია ფალიაშვილს არაეროვნულ საქმიანობასა და დამწყები მუსიკოსების შემოქმედებითი მოღვაწეობის დაბრკოლებაში ედებოდა ბრალი. 


ქართველ მომღერალ-მუსიკოსთა კავშირის ძალისხმევით 1918 წლის 21 მაისს
“ქრისტინეს” პრემიერა ქართული კლუბის სცენაზე გაიმართა. საზოგადოებამ ოპერა აღტაცებით მიიღო. ოპერას მაღალი შეფასება მისცეს მუსიკოსებმა იაკობ კარგარეთელმა და სვიმონ წერეთელმა. თუმცა კრიტიკოსები ეროვნული ოპერის მუსიკის ნაკლად ეროვნული ხასიათის ნაკლებობას ასახელებდნენ.

ქართულ კლუბში სამი წარმატებული დადგმის შემდეგ “ქრისტინეს” საოპერო თეატრის სცენაზე შესრულების შესახებ დაიწყო მსჯელობა.  ქართულმა საზოგადოებამ “ქრისტინეს” დადგმა ქართული ოპერისა და ბალეტის სცენაზე მოითხოვა. ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქტორი, იოსებ იმედაშვილი იხსენებდა, თუ როგორ უნდოდა გიორგი ლეონიძეს დარბაზში შეღწევა ოპერაზე დასასწრებად – „თუნდაც უბილეთოდ, ფეხზე დგომით“.  მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენის წინა დღეს რამდენიმე მსახიობმა უარი თქვა მონაწილეობაზე, ორკესტრმა ანაზღაურების გაზრდა მოითხოვა, ვანო სარაჯიშვილი კი ავად გახდა, იოსებ იმედაშვილის დახმარებით 1918 წლის 17 ივნისს ოპერის სცენაზე “ქრისტინეს” მაინც დაიდგა. 

“ქრისტინე” 1918 წელს რამდენჯერმე წარმოადგინეს, სამი წლის შემდეგ კი საბოლოოდ მოიხსნა რეპერტუარიდან.

მიუხედავად იმისა, რომ გოგნიაშვილის “ქრისტინე” ეროვნული ოპერის სცენაზე შესრულებული პირველი ქართული ოპერა იყო, ჟანრის პირველ კლასიკურ ნიმუშებად სხვა ნამუშევრები მიიჩნევა (დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“, ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“).

ამის შემდეგ გოგნიაშვილმა  თანამშრომლობა დაიწყო თბილისის და ასევე რეგიონულ თეატრებთან. მან   200-ზე მეტი სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმა, მოგვიანებით კი ორი ოპერა: “ქურუმი” და “ჯადოსანი” შექმნა. 

მომზადებულია შიო აბრახამიას კვლევის მიხედვით. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.